საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

რატომ იზიდავს და აფრთხობს ტურისტებს თუშეთის გზა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:11 - 19 ივლისი 2017 hits 14886

თუშეთის გზა თავისი სილამაზითა და ხედებით მთაში ტურისტებსაც იზიდავს და აფრთხობს კიდეც რთული და საშიში მონაკვეთების გამო.

თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა თელავის რაიონის სოფელ ფშაველიდან იწყება. ომალომდე, რომელიც თუშეთის ადმინისტრაციული ცენტრია, 72 კილომეტრია, თუმცა ამ გზის უსაფრთხოდ გავლას მაღალი გამავლობის მანქანით, დაახლოებით 4 საათი სჭირდება.

ფშაველიდან მდინარე სტორის ხეობამდე გზა მოასფალტებულია. სტორის ხეობიდან აბანოს უღელტეხილამდე საავტომობილო გზის დიდი ნაწილი კლდეებზე და მთებზეა გაჭრილი. რამდენიმე ადგილას გზას მთიდან ჩამოსული წყალი კვეთს. გზის პირას თოვლის კედლებს ივლისშიც შეხვდებით. გზა იმდენად ვიწროა, რომ ბევრგან ერთდროულად ორი ავტომობილის გასვლა შეუძლებელი ან სახიფათოა.

საავტომობილო გზა აბანოს უღელტეხილზე გადის, ზღვის დონიდან 2950 მეტრზე. როცა ბარში ჰაერის ტემპერატურა +30 ან +35 გრადუსია, უღელტეხილზე დღისით სითბო +5 ან 8 გრადუსს არ აღემატება, ღამით კი ყინავს.

აბანოს უღელტეხილი ღია მაისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის ბოლომდეა. ზამთარში თოვლის საფარი 3 მეტრს აღწევს. დიდთოვლობის გამო უღელტეხილი თითქმის 7 თვის განმავლობაში ჩაკეტილია და თუშეთში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი.

თუშეთის გზა ერთ-ერთი ყველაზე რთული სატრანსპორტო მონაკვეთია საქართველოში. ტელეკომპანია BBC–მ 2013 წელს ეს გზა ევროპის ყველაზე ექსტრემალური გზების ჩამონათვალშიც შეიყვანა, რამაც თუშეთი კიდევ უფრო პოპულარული გახადა.

თუმცა ეს გზა თითქმის ყოველწლიურად ტურიზმის განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს. წელს, ზამთარში უღელტეხილს იქით, სოფელ ხისომდე, დიდი რაოდენობით კლდოვანი მასა მოწყდა, რომელმაც 8–10 მეტრის სიმაღლეზე, გზის სავალი ნაწილი დაფარა, მდინარე ალაზნის დინება გადაკეტა, წყალი დაგუბდა და ტბა გაკეთდა. თუშეთის გზის გახსნა ერთი თვით დაგვიანდა. მანამდე თუშები დატბორილ მდინარეში ნავებით გადაადგილდებოდნენ.

თუშეთის გზაზე რამდენიმე ათეული ადამიანია გარდაცვლილი. ხშირ შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო შემთხვევის მიზეზი გზის კარგად არცოდნა, მძღოლის ნასვამ მდგომარეობაში ყოფნა ან უამინდობაა, რის გამოც რამდენიმე მანქანა ხრამშია გადავარდნილი, ზოგიერთი მგზავრი კი ზვავის ქვეშ მოჰყვა და ისე დაიღუპა. ამიტომ თუშეთის გზაზე ბევრ ადგილას ნახავთ გარდაცვლილთა ხსოვნის დაფებს, რომელსაც თუშები „დოგს“ უწოდებენ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი თუშეთის გზის მოვლა–შენახვისთვის ყოველწლიურად დაახლოებით 400 ათას ლარს ხარჯავს.

გზების დეპარტამენტი თუშეთთან დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო გზის მშენებლობას პანკისის ხეობის და ხადორის უღელტეხილის გავლით 2020 წლამდე გეგმავს. დეპარტამენტის თავმჯდომარის გიორგი სეთურიძის განცხადებით, აბანოს უღელტეხილთან შედარებით, ხადორის უღელტეხილი ზღვის დონიდან 2600 მეტრზეა, ამ გზის მოვლა ზამთარშიც იქნება შესაძლებელი და თუშეთთან საავტომობილო მიმოსვლა აღარ შეწყდება. პანკისის გავლით თუშეთის გზის მშენებლობა სნო – ჯუთა – როშკა – შატილი – ომალო – ფშაველის დამაკავშირებელი გზის პროექტის ნაწილია, რომელსაც ხორვატიული კომპანია აპროექტებს.

 

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში