საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

თუშეთის გზა 25 ივნისს გაიხსნება და მოძრაობაზე რეჟიმი დაწესდება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

11:53 - 11 ივნისი 2017 hits 6780

საავტომობილო გზების დეპარტამენტის გათვლებით, თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა 25 ივნისს გაიხსნება. მეწყერისგან გაწყვეტილი გზის შესაერთებლად კლდის ქიმებს აფეთქებენ, რის შემდეგაც დაგუბებულ მდინარეში, ნახევრადმოწყვეტილი მთის ძირში, გზა ხელოვნური ყრილებით გაჰყავთ. თუშეთის გზა წელს იმაზე საშიში იქნება, ვიდრე გასულ წლებში. საფრთხის თავიდან ასაცილებლად გზების დეპარტამენტი მეწყრულ მონაკვეთზე სპეციალური რეჟიმის დაწესებას გეგმავს. ინტენსიური წვიმების დრო თუშეთის გზას დაკეტავენ.

ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზა, რომელიც აბანოს უღელტეხილზე დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო 6 თვე ჩაკეტილია, 15–20 მაისისთვის იხსნებოდა. 2016 წლის სტატისტიკური მონაცემებით, ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით, თუშეთს 13 558 ვიზიტორი ეწვია.

წელს თუშეთის გზა ჯერ არ გახსნილა. გზის 56-ე კილომეტრზე, უღელტეხილს იქით, სოფელ ხისომდე, ზამთარში დაახლოებით 300 000 კუბური მეტრი სიდიდის კლდოვანი მასა მოწყდა, რომელმაც 8–10 მეტრის სიმაღლეზე, გზის სავალი ნაწილი დაფარა, მდინარე ალაზნის დინება გადაკეტა და დიდი რაოდენობით წყალი დაგუბდა.

თუშეთში მდებარე საოჯახო სასტუმროების მეპატრონეების თქმით, წელს თუშეთი ტურისტული სეზონის ჩავარდნის საფრთხის წინაშე დგას.

სოსო ბაბულაიძეს სასტუმრო ქვემო ომალოში აქვს. სოსო ამბობს, რომ მაისის ბოლოს უცხოელი ტურისტების ორი ჯგუფი უნდა მიეღო, მაგრამ უგზოობის გამო შეკვეთები გააუქმა. ინფორმაციის არქონის გამო კი, რადგან არ იცის გზა ზუსტად როდის გაიხსნება, წინასწარ შეკვეთებს ვერც ახლა იღებს.

„ოჯახური ბიზნესი, რომლითაც თუში არსებობს და დაახლოებით 3 თვეა დატვირთვა, ფაქტობრივად ვარდება და მოსახლეობა ძალიან უკმაყოფილოა. მაისის ბოლოს მიღებული შეკვეთები გავაუქმე, ივნისში რა იქნება, ვერ გეტყვით. სრულ გაურკვევლობაში ვართ იმიტომ, რომ კონკრეტულ პასუხს ვერ გვეუბნებიან, გზა რომელ რიცხვში გაიხსნება“, – ამბობს სოსო ბაბულაიძე.

პრემიერ–მინისტრის გადაწყვეტილებით, მარტის ბოლოდან ავიარეისები თუშეთის მიმართულებით ყოველ ხუთშაბათს სრულდება, თუმცა შვეულმფრენს მხოლოდ ის პირები გადაჰყავს, ვინც თუშეთში ცხოვრობს, ფერმერულ საქმიანობას ეწევა ან დროებით სამუშაოებზეა დასაქმებული.

„ტურისტები ვერ გადავლენ და ვერც პროდუქტებს წავიღებთ, რადგან ბარგის წონაც შეზღუდულია. მადლობელი ვართ ეს რომ დაინიშნა და ჩვენ ვახერხებთ გადასვლასაც და გადმოსვლასაც, მაგრამ ტურიზმის მიმართულებით ეს არაფერ შეღავათს არ გვაძლევს“, – აღნიშნავს სოსო ბაბულაიძე.

თუშეთში სასტუმრო „ნაბადის“ მშენებლობა გასულ წელს დაიწყო ლევან სულაკაურმა. მისი სასტუმრო 80–90 ადამიანზეა გათვლილი. ლევანი სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილის დასრულებას წელს გეგმავდა, მაგრამ ამას ვეღარ შეძლებს.

„გასულ წელს, ამ დროს უკვე სამშენებლო მასალებიც ატანილი გვქონდა და მშენებლობაც დაწყებული. ახლა უგზოობის გამო გაჩერებულები ვართ. ისედაც სამთვიანი პერიოდი გვაქვს იმისთვის, რომ მშენებლობა ვაწარმოოთ, ან ტურისტები მივიღოთ. ამ დროის შემცირება სერიოზულ პრობლემებს გვიქმნის. ორი ჯავშანი უკვე გავაუქმე. ჩემს გარდა თუშეთში 35–მდე საოჯახო სასტუმროა. ერთმანეთთან ხშირი კომუნიკაცია გვაქვს და ყველა გასაჭირშია. ვერაფერს ვახერხებთ. ფეხითაც კი შეუძლებელია გადასვლა იმ ადგილზე, სადაც მეწყერი ჩამოვიდა“, – ამბობს ლევანი.

„ბევრი შეკვეთაა თუშეთში წასვლაზე, მაგრამ გზა არ არის და უარს ვეუბნებით. ეს ძალიან დიდ პრობლემებს გვიქმნის თუშებს, რადგან 150 ადამიანი მაინც ვართ დასაქმებული მაღალი გამავლობის მანქანებით ტურისტების გადაყვანის პროცესში. ჩვენს უკან ოჯახები დგანან და ბევრისთვის ეს შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ამ სეზონს ველოდებით ხოლმე რომ ვიმუშაოთ“, – აღნიშნავს ირაკლი ელანიძე, მძღოლი.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიორგი სეთურიძის თქმით, სამუშაო ჯგუფის გათვლებით, თუშეთის გზა 25 ივნისისთვის უნდა გაიხსნას.

„პირველი დაგუბება სადაც იყო, იქ წყლის დონე დაახლოებით 3.5 მეტრზე დავწიეთ. ორივე მხრიდან მისულები ვართ კლდის ქიმებამდე, სადაც წყლის სიღრმე დაახლოებით 4–5 მეტრია. გზას ხელოვნური ყრილებით ვაკეთებთ. დღეიდან ტრაქტორი უკვე ანგრევს კლდეს, რომ გზა რაც შეიძლება მალე შევაერთოთ. იქვე არიან ამფეთქებლებიც და მუშაობენ, რომ წყლის სიღრმე მაქსიმალურად დაწიონ.

- ბატონო გიორგი, ფოტოებიდან, რომელიც „მთის ამბების“ ფოტორეპორტიორმა შვეულმფრენიდან გადაიღო, ჩანს, რომ მოწყვეტილ მთაზე ლოდები ყრია, მთის წვერზე კი ტყის ნაწილი მოწყვეტილია და შუაშია გაჩერებული. ხელოვნური ყრილებით გზა ძირში რომ გაგყავთ, ისედაც სახითაფო გზაზე, მდგომარეობა უფრო საშიში არ გახდება?

- მთას ლოდებისგან მაქსიმალურად გავასუფთავებთ ალპინისტების მეშვეობით. ამ მთაზე პრობლემა გამოიწვია იმან, რომ დაახლოებით 10 მეტრის სიღრმეზე წყალი შეუდგა და იმიტომ მოწყდა. გამოშრება თუ არა წყლისგან, არ იქნება სახიფათო.

საფრთხე მაღალია ინტენსიური წვიმების დროს, ძირითადად ქვათაცვენის სახით, რის გამოც გზის ამ მონაკვეთზე რეჟიმს დავაწესებთ. კომპანიის წარმომადგენლები იქ იქნებიან და წვიმების დროს გზას დავკეტავთ.

- როდის ვარაუდობთ თუშეთის გზის გახსნას?

- ჩვენი გათვლებით ამინდმა თუ ხელი შეგვიწყო, სამუშაოები 16 დღეში უნდა დავასრულოთ და გზა გაიხსნას. ახლაც არ არის კარგი ამინდი, მაგრამ მაინც ვმუშაობთ. დღეს გავაგზავნეთ უფრო ძლიერი ტექნიკა, რომელიც გზის გახსნისთანავე სავალ ნაწილს გააფართოებს.

თუშეთის გზა ერთ-ერთი ყველაზე რთული სატრანსპორტო მონაკვეთია საქართველოში. BBC–მ 2013 წელს ეს გზა ევროპის ყველაზე ექსტრემალური გზების ჩამონათვალში შეიყვანა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში