საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

რას პასუხობს მოხევეებს დაცული ტერიტორიების სააგენტო - კონკურენციაში არ შევდივართ

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

02:35 - 20 მარტი 2019 hits 17049

„სააგენტოს მიზანი და ინტერესი არ არის ტურისტების უზრუნველყოფა საკუთარი მანქანებით, სასტუმროებით ან სხვა სერვისებით, არც ყაზბეგში და არც სხვა დაცულ ტერიტორიებზე. ჩვენი მიზანია დავიცვათ ბიომრავალფეროვნება და განვავითაროთ ტურისტული ქსელი. სერვისის მიმწოდებლები არიან ადგილობრივი მცხოვრებლები. ჩვენ მათთან კონკურენციაში არანაირად არ შევდივართ და ამას არც მომავალში ვაპირებთ“, - აცხადებს საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თომა დეკანოიძე „მთის ამბებთან“ ინტერვიუში.

- რა არის ყაზბეგის ეროვნული პარკის გაფართოების მიზანი? როგორც ვიცით, 2018 წლის 27 დეკემბერს „დაცული ტერიტორიების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილების საფუძველზე, ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორია თითქმის 9-ჯერ გაიზარდა და 9 030 ჰა-დან 78 204 ჰექტარი გახდა. ყაზბეგის რაიონის 70 %-ზე მეტი დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში მოექცა.

- ყაზბეგის ეროვნული პარკის გაფართოება გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების მიზნით, გერმანიის მთავრობის მიერ გამოყოფილი იყო გრანტი, 8 250 000 ევროს ოდენობით. საგრანტო თანხა გამოყენებულია კინტრიშის, ყაზბეგის, ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიებისა და ალგეთის ეროვნული პარკის შესწავლისთვის, ადმინისტრაციებისთვის აღჭურვილობის შესაძენად, ტურისტული და ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურის შექმნისთვის. აღნიშნული თანხიდან 1 854 000 ევრო მოხმარდება ყაზბეგის დაცული ტერიტორიების განვითარებას.

თავდაპირველად როცა პროექტი დაიწყო, ყაზბეგის მთლიან ტერიტორიაზე მოხდა საბაზისო შეფასება, სად შეიძლებოდა დაარსებულიყო/გაფართოებულიყო დაცული ტერიტორიები.

2018 წლამდე ყაზბეგის ეროვნული პარკის ფართობი 8700 ჰექტარს შეადგენდა. ეს ტერიტორიები ფრაგმენტულად იყო გაბნეული მთელი ყაზბეგის ტერიტორიაზე. მნიშვნელოვანი სახეობების, მაგალითად, ჯიხვის, დათვის, არჩვის, როჭოს და წითელ ნუსხაში შეყვანილი ფრინველებისა და ცხოველების საბინადრო გარემო დარჩენილი იყო დაცული ტერიტორიების გარეთ.

როდესაც მოხდა საბაზისო კვლევების ჩატარება, გამოჩნდა ის ტერიტორიები, სადაც მნიშვნელოვანია ბიომრავალფეროვნების დაცვა და შენარჩუნება.

გარდა იმისა, რომ დაცული ტერიტორიების ფარგლებში სახეობათა დაცვის რეჟიმი უმჯობესდება, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები მზაობას გამოხატავენ, რომ უზრუნველყონ ამ ტერიტორიებზე შესაძლებლობების გაძლიერება, მათ შორის ფინანსური დახმარება, ადგილობრივი თემებისთვის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად.

როდესაც ვიზიტორი მოდის ქვეყანაში, ის ინტერნეტის მეშვეობით იძიებს, სად არის დაცული ტერიტორიები, სად არის ეკოტურისტული სერვისების ქსელი განვითარებული. დაცული ტერიტორიების არსებობა ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას. ეს არის მსოფლიოში საუკეთესო პრაქტიკა.

ამასთან, დაცულ ტერიტორიებს მხოლოდ დაცვის ფუნქცია არ აქვს, ასე ვთქვათ, თოფიანი კაცები არ იცავენ. ეს არის ადამიანებისთვის გარემოს შესახებ ცნობიერების ამაღლება. ჩვენ გვაქვს ეკოსაგანმანათლებლო პროგრამები, რომლის მეშვეობითაც კომუნიკაცია გვაქვს როგორც სკოლის მოსწავლეებთან, ასევე ადგილობრივ მოსახლეობასთან, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ამ ტერიტორიების დაცვა და განვითარება.

რაც შეეხება დაცული ტერიტორიების მართვაში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობას, მინდა აღვნიშნო, რომ ყაზბეგის ეროვნული პარკის გაფართოების პროცესში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს მუდმივად ჰქონდა კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან.

2014 წლიდან, მათთან ჩატარდა არაერთი შეხვედრა, რომელშიც ჩართულნი იყვნენ მუნიციპალიტეტში შემავალი თითოეული თემის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 20 სოფელში. თითოეულ სოფელთან შეხვედრის დროს მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია რომ იქმნებოდა რეგიონული მრჩეველთა საბჭო - ყაზბეგი, რომლის მეშვეობითაც თემის წარმომადგენლები უშუალოდ იქნებოდნენ ჩართულები გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 2016 წლის 18 მარტს გამართულ „რეგიონული მრჩეველთა საბჭო – ყაზბეგის“ შეხვედრაზე, საბჭომ მიიღო ყაზბეგის ეროვნული პარკის გაფართოებული საზღვრები.

აქვე გვსურს განვმარტოთ, რომ დემარკაციის პროცესი ვერ დაიწყებოდა მანამდე, სანამ არ მოხდებოდა ყაზბეგის ეროვნული პარკის გაფართოების შესახებ კანონის მიღება. ამ ეტაპზე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს შერჩეული ჰყავს კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს დემარკაცია-დელიმიტაციის სამუშაოების ჩატარებას. სადელიმიტაციო სამუშაოების პროცესში ზუსტდება ეროვნული პარკის საზღვრები და მოსახლეობასთან შეხვედრა თითოეულ სოფელში გაიმართება. ჩვენ კი არ დავუძახებთ მათ მაგალითად სტეფანწმინდაში, თითოეულ სოფელში მივალთ, გავივლით და შევჯერდებით, სად უნდა იყოს დაცული ტერიტორიის საზღვარი.

- პეტიციაში მოხევეები მიუთითებენ, რომ ყაზბეგის ეროვნული პარკის ასეთი გაფართოებით, შესაძლოა, ისედაც მცირემიწიანი მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობა საარსებო სივრცის გარეშე დარჩეს, ამ ცვლილებამ ყაზბეგის მუნიციპალიტეტს მოუსპოს განვითარების შესაძლებლობა და ხელი შეუწყოს მიგრაციას. რა შეზღუდვები გავრცელდება მოსახლეობაზე, რამაც მათი საცხოვრებელი და სოციალურ-ეკონომიკური პირობები შეიძლება გააუარესოს?

- რეგიონში დაცული ტერიტორიების გაფართოება ხელს არ უშლის მოსახლეობას ისარგებლონ ბუნებრივი რესურსებით. პირიქით, კვლევების მიხედვით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს არსებობით რეგიონში უმჯობესდება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა არ იკრძალება, არამედ, ხდება მისი ლოგიკური, მდგრადი გამოყენება, რაც ერთი მხრივ, სარგებელს მოუტანს მოსახლეობას და მეორე მხრივ, არ დააზიანებს უნიკალურ ბუნებას, რომლის გამოც საინტერესოა ჩვენი ქვეყანა უცხოელებისთვის და ყოველწლიურად იზრდება ტურისტების რაოდენობა.

რაც შეეხება, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესს - ეროვნული პარკის ტერიტორიაზე დაშვებული და აკრძალული საქმიანობები განისაზღვრება ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმით განსაზღვრული ზონირების და ამ ზონებში დაშვებული საქმიანობის მიხედვით, რომელიც ამჟამად მომზადების პროცესშია. მენეჯმენტის გეგმის მომზადების პროცესში ჩართული იქნება ყველა დაინტერესებული მხარე, როგორც მუნიციპალიტეტის ორგანოები და მოსახლეობა, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები.

- მოხევეები რამდენიმე მიზეზს ასახელებენ, რის გამოც „დაცული ტერიტორიების შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების შეჩერებას ითხოვენ. ერთ-ერთი არის ის, რომ სააგენტო ცდილობდა 12 ათასი კვმ. ტყის ფართის, ე.წ. ელიის ტყის გასხვისებას 45 წლით ისე, რომ ამის შესახებ არც ადგილობრივებმა და არც მუნიციპალიტეტმა არაფერი იცოდნენ. მათ მიაჩნიათ, რომ მომავალშიც არ არიან დაცული ასეთი ფაქტებისგან.

- დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული სერვისების გაუმჯობესების გამო, რამდენიმე ტერიტორიაზე ერთდროულად იყო გამოცხადებული აუქციონი 12 873 კვ.მ იჯარით გაცემის თაობაზე. აუქციონი ითვალისწინებდა საბავშვო მოედნის, ეკოსაგანმანათლებლო სივრცისა და კოტეჯის მოწყობას, რაც მოგვიანებით გაუქმდა ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე.

სამართლებრივად არ არის გაწერილი, რომ სააგენტოს აუქციონის გამოცხადებისთვის ადგილობრივი თემის ან მუნიციპალიტეტის თანხმობა სჭირდება. ასეთ შემთხვევაში მხოლოდ ეკონომიკის სამინისტროს თანხმობაა საჭირო, თუმცა, ვფიქრობთ, მენეჯმენტის გეგმაში, რომელიც ყაზბეგის ეროვნული პარკისთვის შეიქმნება, იყოს ჩანაწერი, რომ შეთანხმება მოხდეს თემთან, მუნიციპალიტეტთანაც.

მენეჯმენტის გეგმა მტკიცდება მთავრობის განკარგულებით და მისი შესრულება სავალდებულოა როგორც სააგენტოსთვის, ასევე, ყველა ადამიანისა და უწყებისთვის. ვაპირებთ, რომ ეს საკანონმდებლო ხარვეზი მენეჯმენტის გეგმით მოვაგვაროთ.

რაც შეეხება სათიბ-საძოვრების გაიჯარებას, დღეს სათიბ-საძოვრების იჯარით გაცემა ხდება აუქციონის წესით და ვინც მეტს გადაიხდის, მასთან იდებოდა კონტრაქტი. მუნიციპალიტეტი არ მართავდა ამ მიწებს, სახელმწიფო მიწაა და ეკონომიკის სამინისტრო განკარგავდა. მას შემდეგ, რაც დაცული ტერიტორიების სტატუსი მიენიჭა, ამ ტერიტორიების იჯარით გაცემა ხდება სააგენტოს მიერ, მუნიციპალიტეტის მერიის მომართვის საფუძველზე, მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეზე. ჩვენ ვალდებული ვართ, რომ მუნიციპალიტეტი ვისზეც მოგვმართავს, გავუფორმოთ მას იჯარის ხელშეკრულება.

ის ტერიტორიები, რომლებიც ტრადიციულად გამოიყენებოდა საძოვრად და სათიბად, ეროვნული პარკი ამას არ კრძალავს, პირიქით - შესაძლებლობებს იძლევა, რომ ხევის მოსახლეობას პრიორიტეტი ჰქონდეს.

- სააგენტოს მიმართ უნდობლობის კიდევ ერთ მიზეზად ადგილობრივები იმას ასახელებენ, რომ თქვენ არ დაიცავით ხევის ბუნება „მავნე ინფრასტრუქტურული პროექტებისგან“, მათ შორის ერთ-ერთი ჰიდროელექტროსადგური ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზეც კი აშენდა.

- ყაზბეგის ეროვნული პარკის ფართობი შეიცვალა ერთხელ, 2011 წელს, როდესაც დარიალი ჰესი შენდებოდა. ყაზბეგის დაცული ტერიტორიებიდან ამოირიცხა 20,36 ჰა და მის ნაცვლად დაემატა 339.94 ჰექტარი. ეს საკითხი სააგენტოში საერთოდ არ ყოფილა განხილული. კანონში ცვლილება პარლამენტმა შეიტანა, რადგან დაცულ ტერიტორიების სტატუსის მინიჭება პარლამენტის მიერ ხდება და ცვლილებასაც ის ახორციელებს.

- ბატონო თომა, 15 მარტს, ყაზბეგში გამართულ შეხვედრაზე საუბარი იყო სააგენტოს მიერ ტურიზმის მონოპოლიზების საფრთხეებზეც. მოხევეები შიშობენ, რომ სააგენტო თვითონ შეიძლება გახდეს ტურისტული სერვისების მიმწოდებელი, რაც ადგილობრივების სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს გააუარესებს.

- საქართველოში გვაქვს რამდენიმე კარგად განვითარებული დაცული ტერიტორია. განვიხილოთ თუშეთი, რომლის შემთხვევაშიც დაცული ტერიტორიების სააგენტოს სარგებელი შემოსავლების კუთხით მინიმალურია. პირველ რიგში ჩვენი პრიორიტეტი გარემოს დაცვაა და იმ მნიშვნელოვანი სახეობების შენარჩუნება, რაც ამ ტერიტორიაზეა. იმისათვის, რომ ადამიანებმა ამ სახეობებზე ზეწოლა არ განახორციელონ, ჩვენ ვქმნით ალტერნატიული შემოსავლების წყაროს, ეს არის ტურიზმის განვითარება. სააგენტოს მიდგომა ასეთია, რომ განვავითაროთ ტურისტული ქსელი, მარშრუტები, შევქმნათ ინფორმაცია; სერვისის დაჯავშნიდან დაწყებული ტურის განხორციელებამდე, უზრუნველვყოთ კომუნიკაცია ვიზიტორსა და სერვისის მიმწოდებელს შორის.

მეტი სიცხადისთვის ვამბობ, რომ სერვისის მიმწოდებლები ჩვენ შემთხვევაში არიან ადგილობრივი მცხოვრებლები. ჩვენ მათთან კონკურენციაში არანაირად არ შევდივართ და ამას არც მომავალში ვგეგმავთ.

პირიქით, ჩვენი მიზანია, თუ დღეს ტურისტი ერთი დღით ჩადის ყაზბეგში, იქ შევქმნათ ბევრი სანახაობრივი ადგილი, ტურისტული მარშრუტები მოვაწყოთ სხვადასხვა ხეობაში, რომ დაყოვნების დრო გავზარდოთ. დღეს როგორ არის? ტურისტი მიდის დარიალში, ადის გერგეტის სამებაში, სნოს ხეობაში და შესაძლებელია თრუსოს ხეობაში. ეს არის ერთდღიანი ტური. შეიძლება გავზარდოთ და იყოს ორდღიანი ტურები, რაც გაზრდის მოთხოვნას ტრანსპორტირებაზე, კვების ობიექტებზე, ღამის გასათევ ადგილებზე. ყველა ეს სერვისი არის ადგილობრივი მოსახლეობის. სააგენტოს მიზანი და ინტერესი არ არის ტურისტების უზრუნველყოფა საკუთარი სასტუმროებით ან სერვისებით, არც ყაზბეგში და არც სხვა დაცულ ტერიტორიებზე. ტრანსპორტით მომსახურების ერთადერთი პრეცედენტი მცირე ხნით გვქონდა ვაშლოვანში, ისიც იქიდან გამომდინარე, რომ კერძო პირების მიერ დაინტერესება არ იყო. ამ ეტაპზე ესეც აღარ არის.

 

ამ თემაზე:

მოხევეებმა მთავრობას ვადა 30 მარტამდე მისცეს - რეპორტაჟი ყაზბეგიდან

გელა მთივლიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. პროფესიით იურისტია. აშუქებს ადამიანის უფლებებთან, ეთნიკურ უმცირესობებთან, კონფლიქტის ზონებთან და ტერორიზმთან დაკავშირებულ თემებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში