46 წლის გია ხაიკაშვილი 20 აპრილს, აღდგომის დღეს სოფელ გველეთში მოკლეს. დანით სასიკვდილო ჭრილობები მას მუცლის, გულ-მკერდის, თავის, კისრის, თხემისა და კეფის არეში მიაყენეს. მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ბრალდებულები მკვლელობის შემდეგ დანაშაულის ადგილიდან მიიმალნენ. დაჭრილმა ახლობელთან დარეკვა შეძლო, ის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ორივე დაკავებული წარსულში არაერთხელ არის ნასამართლევი სხვადასხვა დანაშაულისთვის.
მცხეთის სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მკვლელობაში ბრალდებულის გვარის წარმომადგენლებმა მოკლულის ოჯახსა და სანათესაოს ტრადიციული წესით ბოდიში მოუხადეს და სისხლის პატიება სთხოვეს.
„აქ მთავარი გადაწყვეტილებაა მიღებული დამნაშავეთა ოჯახების გასახლებასთან დაკავშირებით. საგამოძიებო ორგანოს ვთხოვთ, გაასაჯაროვოს მკვლელობის ადგილზე არსებული ვიდეოჩანაწერები, სადაც ნათლად ჩანს ყველა დამნაშავე. ეს იქნება მტკიცებულება იმისა, რომ ჩვენ მათი ოჯახების გასახლების გადაწყვეტილება უსამართლოდ არ მიგვიღია! ჩვენი ძმის სისხლი არავის ეპატიება!
ქუშაშვილების გვარიც და ზოგადად მოხევეებიც ყოველთვის ვამაყობდით ჩვენი წინაპრებით და ტრადიციებით. არაკაცების ადგილი ხევში არასოდეს ყოფილა.
თავის დროზე ყველა სათანადოდ ისჯებოდა. დღეს კი, ეს სამწუხარო რეალობა დაგვიდგა. ჩემი ძმის გიას უბედურებამ დაგვანახა როგორ უკან უკან მიდის ჩვენი ხევი იმიტომ, რომ განუკითხაობაა და სათანადოდ არ დასჯილან ის ადამიანები, ვინც ხევის სახელს არცხვენდნენ. ამიტომ ახლა დუმილის დრო აღარ არის.
ეს ფაქტი მხოლოდ ჩვენი გვარის უბედურება არ არის, ეს მთლიანად ხევის ტრაგედია და სირცხვილია. იმ დღეს გიას მაგივრად შეიძლებოდა ნებისმიერი სხვა ოჯახის შვილი აღმოჩენილიყო.
ამიტომ, გვარმა მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. თუ ვინმე არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას, არც მათი ადგილი იქნება ხევსა. არ აქვს მნიშვნელობა რომელი გვარის წარმომადგენელი იქნება“, - წერს პაატა ქუშაშვილი, რომელმაც სისხლის პატიების ამსახველი ვიდეოც გაავრცელა.
სისხლის პატიება და მკვლელის ოჯახის გასახლება იმ კუთხიდან, სადაც დაზარალებული ცხოვრობს, კავკასიის მთიან რეგიონებში გავრცელებული ჩვეულებაა. მოკლულის ოჯახს ბოდიშს უხდიან და სისხლის პატიებას დამნაშავეთა გვარის უფროსები, უხუცესები სთხოვენ. სისხლის პატიების შემთხვევაშიც, მკვლელი და მისი ახლო ნათესავები სრულად მაინც არ თავისუფლდებიან ჩადენილი დანაშაულისგან. ისინი მოკლულის ახლობლებთან მორიდებულად უნდა იყვნენ. სისხლის პატიება თუ არ მოხდებოდა, მაშინ სისხლს იღებდნენ - სამაგიეროს უზღავდნენ მკვლელობისათვის ან დაჭრისათვის. სისხლის აღება შურისძიების ერთ-ერთი სახეობა იყო. ჩვეულებითი სამართლის თანახმად, უპირველესად დამნაშავე უნდა დაესაჯათ, მოეკლათ, დაეჭრათ. მკვლელის ნაცვლად, მისი ახლობლის - შვილის, მამის, ძმის, ბიძაშვილის, ზოგან მოგვარის მოკვლაც შეიძლებოდა, რადგან მოსისხლედ მკვლელის მთელი გვარი მიიჩნეოდა. მოსისხლეობა ხანდახან მოქიშპე მხარეებს შორის მოკლულთა ან დაჭრილთა რაოდენობის გათანაბრებამდე გრძელდებოდა. მოგვიანებით სისხლის აღების სანაცვლოდ დამნაშავეს განსაზღვრულ თანხას ახდევინებდნენ დაზარალებულის სასარგებლოდ და მოსისხლეთა შერიგებას აღწევდნენ.