საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ჰესების ციებ-ცხელება [ჟურნალისტური გამოძიება]

20:15 - 11 ივლისი 2025 hits 1167

ორასამდე ახალი ჰესის განკარგულება „ქართული ოცნების“ მთავრობისგან. რას ემსახურება მცირე და საშუალო ჰესების ციებ-ცხელება, ემსახურება თუ არა ის ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას. რა ტარიფს ვუხდით ახალ ჰესებს და რა ტარიფს ვიხდით იმპორტირებულ ელექტროენერგიაში. ჰესების უმრავლესობის უკან მინისტრები და მათი ოჯახები, ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები დგანან.

განადგურებული ხეობები, შეცვლილი მიკროკლიმატი, დამშრალი კალაპოტები, ჭები და წყაროები - რა გავლენა აქვს მცირე ჰესებს ადამიანების საცხოვრებელ პირობებზე - ნახეთ „მთის ამბების“ ჟურნალისტური გამოძიება.

სონღულაშვილები და ენუქიძე

„ქართული ოცნების“ მთავრობის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის ოჯახი და ივანიშვილის პარლამენტის წევრი გოჩა ენუქიძე ქვემო სვანეთში 5 ჰესს ააშენებენ. ხუთივეს ცხენისწყალზე. მდინარის მნიშვნელოვან ნაწილს, კილომეტრებზე, 3 მეტრის სიმაღლის რკინის მილებსა და ბეტონის გვირაბებში მოაქცევენ. გვირაბების მშენებლობისთვის ერთი ხეობიდან მეორე ხეობამდე მთებს გახვრეტენ.

ხუთივე ჰესი „ქართული ოცნების“ მთავრობას სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტად აქვს შერაცხილი. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას გარანტირებულ ფასად შევისყიდით, მაშინაც კი, თუ ის არ გვჭირდება და იმაზე ბევრად ძვირად, ვიდრე დანაკლისის დროს ელექტროენერგია უცხო ქვეყნებიდან შემოგვაქვს.

ხუთი ჰესიდან ოთხი, ე.წ. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტად „ქართული ოცნების“ მთავრობას გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აქვს დამტკიცებული. ამ პერიოდში, 2024 წლის 25 ნოემბრიდან, ივანიშვილის მთავრობის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი უკვე დავით სონღულაშვილია.

სონღულაშვილი თავად ლობირებს საკუთარ ძმას და მამას, რომ მათი პროდუქტი სახელმწიფომ მრავალი წლის განმავლობაში გარანტირებულად შეისყიდოს და ამისათვის მისი ოჯახის პროექტებს სახელმწიფო მნიშვნელობის სტატუსი ჰქონდეს.

ჰესების მშენებლობაზე ნებართვებსაც სწორედ დავით სონღულაშვილის უწყება გასცემს. თავადვეა მაკონტროლებელიც, რომ ჰესების მეპატრონეებმა გარემოს ზიანი არ მიაყენონ.

სონღულაშვილებისა და ენუქიძის ჰესების პროექტები მდინარე ცხენისწყალზე, ჯერ-ჯერობით სოფელ მელედან იწყება, იქ, სადაც მდინარეები ცხენისწყალი და ღობიშური ერთმანეთს ერთვის.

„მელე ჰესის“  განკარგულება 2025 წლის 4 მარტს გამოიცა. პროექტის კონცეფცია და სხვა მასალები ივანიშვილის მთავრობის ადმინისტრაციიდან ჩვენ წერილობით გამოვითხოვეთ, მაგრამ არ მოგვცეს, არც საჩივარი განიხილეს.

„როდესაც სასწორზე დებ რაღაცას, უნდა განსაზღვრო, მოგება მეტი იქნება თუ ზიანი. რამდენად დააზიანებს ადგილობრივ ეკოსისტემას ცხენისწყლის ვიწრო ხეობაში? - ჩემი აზრით, ამ ხეობისთვის ზიანი მეტი იქნება, ვიდრე სარგებელი“, - ამბობს იმედა ონიანი, სოფელ „მელეს“ მკვიდრი.

ზიანი და სარგებელი არავის აუწონავს, ისე გამოცხადდა „მელე ჰესის“ განკარგულებიდან ზუსტად ერთ კვირაში ახალი სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტი - „ლუჯი ჰესი“ ლენტეხის სოფელ ლუჯში. ქვემო სვანეთის სოფლებში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა არაფერი იციან, არც „მელე ჰესის“, არც „ლუჯი ჰესის“ და არც იმის შესახებ, ვინ ეპატრონება ცხენისწყალს.

ორივე ჰესს ერთი კომპანია აშენებს.

შპს „ცხენისწყალი 1“ გასული წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაარეგისტრირეს გოჩა ენუქიძემ და „ოცნების“ მინისტრის ძმამ, იოსებ სონღულაშვილმა.

ბიზნესშია მინისტრის მამაც, ბიძინა სონღულაშვილი. ის შპს „ცხენისწყალი 1“-ის დამფუძნებელი კომპანიის პრეზიდენტია.

„ქართული ოცნების“ მოხელეებისა და მათი ოჯახობის გეგმები აქ არ მთავრდება. სონღულაშვილებისა და ენუქიძის შპს, ცხენისწყალზე კიდევ სამი, უფრო მოზრდილი ჰესის აშენებასაც აპირებს.

შემდეგი -  25 მგვტ „ცხენისწყალი 2“- ია. მშენებლობა  სოფელ საყდარსა და ბაბილს შორის იგეგმება. გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა, რომელსაც თანამდებობაზე გარემოს დაცვის მინისტრი ნიშნავს, ამ მინისტრის ოჯახი ჰესის ასაშენებელ შემდეგ ეტაპზე უკვე გადაიყვანა. „ცხენისწყალი 2 ჰესისთვის“ 5 მეტრის სიმაღლის კაშხალს მოაწყობენ და მდინარეს თითქმის ხუთ კილომეტრზე, რკინის მილებში შეაგდებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არცერთ სახელმწიფო უწყებას არ გაუცია გარემოსდაცვითი ან მშენებლობის ნებართვა, ადგილზე ჩასულმა „მთის ამბების“ ჯგუფმა ნახა, რომ ივანიშვილის მთავრობის მინისტრი და ივანიშვილის პარლამენტის წევრი უკვე მუშაობენ - ანგრევენ კლდეს და ჩეხავენ ტყეს იმისთვის, რომ გამათანაბრებელ რეზერვუარამდე გზა მიიყვანონ.

წყალს „ცხენისწყალი 2“-დან „ცხენისწყალი 3“-თვის ისევ 3 მეტრიანი დიამეტრის გვირაბით წაიღებენ, ამჯერად ხუთ კილომეტრზე მეტ მანძილზე. გვირაბისთვის სოფელ ბაბილიდან ლამანაშურამდე მთას გახვრეტენ. „ცხენისწყალი 3 ჰესის“ სიმძლავრე 31 მგვტ-ია. კიდევ უფრო დიდია შემდეგი ჰესი - „ცხენისწყალი 4“.

მხოლოდ ამ სამი ჰესისთვის მდინარის დიდ ნაწილს 15 კილომეტრიან გვირაბში მოაქცევენ.

სოფელ ლამანაშურში ჯერ კიდევ 1989 წელს შედგენილი დასკვნა გამოგვიტანეს, რომლის თანახმადაც მეწყრული პროცესების გამო უკლებლივ ყველა მაცხოვრებელი გასახლებას ექვემდებარება.

სოფელმა  საქართველოს მთავრობას 2025 წელს საერთო მიმართვა გაუგზავნა, სადაც მკაფიოდ ხსნიან, რატომ ეწინააღმდეგებიან ჰესების მშენებლობას.

ხათუნა ქავთარაძე, სოფელ ლამანაშურის მკვიდრი: „დიდი მანქანა რომ გაივლის, ბზარები ჩნდება. ბურღვა რას გამოიწვევს?! მთები შლადია, არამდგრადია. ზამთარში ყოველ წვიმაზე მთებიდან ხეები ცვივა.

რატომ, რისი გულისთვის უნდა შევწირო მთავრობის ჯიბის ფულს ჩვენი ცხოვრება?! - არანაირად!

აქ ხომ უნდა მოვიდეს ვიღაცა და ჩვენ ხომ უნდა მივუშვათ ის ხალხი?! - არ მივუშვებთ! როგორც მოვლენ, ისე წავლენ!“

ამ გადაწყვეტილებების მიმღები პირები მე-13 წელია, არსად წასვლას არ აპირებენ და თანამდებობებს პირადი სარგებლისთვის სულ უფრო მეტად იყენებენ.

„თუ გავითვალისწინებთ მოქმედ კანონმდებლობას, რომლის თანახმადაც საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს საჯარო მოხელის მიერ ფინანსური ან სხვა ნებისმიერი პირადი დაინტერესება და  სახელმწიფო სამსახურისათვის ზიანის მიყენება, ნათელია, რომ ამ შემთხვევაში მინისტრი ვერ იქნება მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი, როდესაც გადაწყვეტილების მიღებისას საკითხი ეხება მის მამასა და ძმას. შესაბამისად, ერთმნიშვნელოვნად იკვეთება ინტერესთა შეუთავსებლობა საჯარო სამსახურში, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ და დავუშვებთ იმასაც, რომ ამ ჰესებიდან გამომდინარე შეიძლება ის გარკვეულ ფინანსურ სარგებელსაც იღებდეს პირდაპირ, ან არაპირდაპირ, მაშინ უკვე არსებობს კორუფციის ნიშნებიც“, - განმარტავს ვლადიმერ ქუთათელაძე, „სამოქალაქო ადვოკატირების ცენტრის“ იურისტი.

ინტერესთა კონფლიქტთან და კორუფციასთან დაკავშირებული კითხვებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს მივმართეთ. მინისტრმა წერილობით არ გვიპასუხა. 10 დღის განმავლობაში ამაოდ ვრეკავდით მის პრესსამსახურთანაც.

„მე, როგორც ენერგეტიკის სექტორში გაზრდილი და ნამუშევარი ადამიანი, გეუბნებით, რომ ცოტა სხვა რაღაცაა მნიშვნელოვანი ენერგეტიკულად, ვიდრე გარემოზე ზემოქმედების შეფასება“, - მინისტრის ძმა, იოსებ სონღულაშვილი შეეცადა, დავერწმუნებინეთ, რომ ის საბუთები, რომლებსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გასცემს და ჰესის ასაშენებლად აუცილებელია, სინამდვილეში მეათეხარისხოვანი ნებართვებია.

„მთის ამბები“: თქვენი ძმა რომ არის მინისტრი, რომელიც ჰესის ასაშენებლად ერთ-ერთ მთავარ ნებართვას გასცემს, პრობლემად არ მიგაჩნიათ? ინტერესთა კონფლიქტის ან კორუფციის ნიშნებს ვერ ხედავთ?

იოსებ სონღულაშვილი: ჩემი ოჯახის სახელს და კორუფციას ერთად ნუ მოიხსენიებთ, მფოთლავს ეგეთ რაღაცებზე“.

იოსებ სონღულაშვილს ალერგიული რეაქცია არ აღმოაჩნდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ათასგზის გამეორებულ ტექსტებზე ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის შესახებ და ვრცელი ლექცია დაასრულა დასკვნით, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი თუ გვინდა, როგორმე ენერგოდამოუკიდებლები უნდა გავხდეთ. ჰესების ციებ-ცხელების ამოხსნა ჩვენც ამ საკითხით დავიწყეთ - პირველი, ემსახურება თუ არა ჰესების ბუმი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას.

2024 წელს საქართველომ სულ 13.8528 მლრდ კვტ·სთ მოიხმარა. ამაში შედის იმპორტიც. 1.2275 კვტ·სთ რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან შემოვიტანეთ, რაც საერთო მოხმარების 10%-ც არ არის. მაგრამ არის კიდევ ერთი დეტალი. ჩვენ მიერ დახარჯულ ელექტროენერგიაში შედის მონაცემები, რომელიც მოიხმარა ოკუპირებულმა აფხაზეთმა და რაშიც ჩვენ ფული არ დაგვიხარჯავს.

დავით ჭიპაშვილი, „მწვანე ალტერნატივის“ წევრი, ეკონომისტი: „ინვარში, რომელიც ყველაზე ცუდი თვეა, რუსეთიდან იმპორტი იყო 145.097 მლნ კვტ·სთ, მთელი ეს 145.097 მლნ კვტ·სთ წავიდა აფხაზეთში, ანუ საქართველოში 0! საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსული დენი არ მოგვიხმარია. ანალოგიური მოხდა თებერვალსა და მარტში. მთელი წლის ჭრილში რომ ავიღოთ, 968.8 მლნ კვტ·სთ შემოვიდა რუსეთიდან, იმპორტი, ოღონდ აქედან 659.3 მლნ წავიდა პირდაპირ აფხაზეთში, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ამაში ფული არ გადაუხდია. როდესაც აიღებენ ხოლმე ამ რიცხვებს და ამბობენ, 2024 წელს საქართველოში შემოვიდა 1.2275 კვტ·სთ იმპორტი და ამიტომ უნდა ავაშენოთ ჰესები, აბსოლუტურად არაფერ კავშირში არ არის იმიტომ, რომ აქედან საქართველოს საჭიროებისთვის ნახევარიც კი არ დახარჯულა“.

თუ აფხაზეთის  მოხმარებულ თანხას გამოვაკლებთ, გამოდის, რომ საქართველოს 2024 წელს 4%-ის იმპორტი დასჭირდა, რისი შევსებაც სავსებით შესაძლებელია ენერგოეფექტურობის დაცვით და სახურავების მზის სადგურების განვითარებით. თუ ენერგოდამოუკიდებლობის საჭიროება, მითია, რატომ იგეგმება ახალი ჰესების მშენებლობა ასეთი აგრესიული ტემპითა და ინტენსივობით. პასუხი ამ ჰესების მეპატრონეების ჩამონათვალში უნდა ვეძებოთ.

 

ენუქიძე და ჯაფარიძე

გოჩა ენუქიძე 17 წელია პარლამენტის წევრია. „ნაციონალური მოძრაობიდან“ „ქართულ ოცნებაში“ პორტირებული მარადიული დეპუტატი ჩვენ მიერ მოძიებული დოკუმენტების თანახმად, ჰესების აშენებას ქვემო სვანეთის გარდა ზემო სვანეთში, რაჭასა და გუდამაყრის ხეობაშიც აპირებს.

მესტიაში, „კასლეთი 1 ჰესის“ პროექტში მისი მეწილე „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრი და პრორუსული პროპაგანდისტული მედიის „პოსტივის“ მეპატრონე, ვიქტორ ჯაფარიძეა.

ენუქიძე 8 ჰესიდან 2-ში წილს არავის უყოფს. „გუდამაყარი ჰესი“ მთლიანად მისი საკუთრებაა. კომპანიის მოგებას არავის გაუყოფს რაჭაშიც. მისი მერვე ჰიდროელექტროსადგური მდინარე საკაურაზე, ონის სოფელ საკაოში უნდა აშენდეს.

საერთოდაც, რაჭა, ენერგეტიკული ბიზნესით გატაცებული ყოფილი და მოქმედი მოხელეებისა და მთავრობასთან დაახლოებული პირებისთვის, განსაკუთრებით მიმზიდველი რეგიონია. თითო-ოროლა კომლიან სოფლებში, ხალხისგან დაცლილ მხარეში ხელუხლებელ ხეობას აღარ ტოვებენ. „ქართულმა ოცნებამ“ ყველა მდინარე მისთვის ერთგულ ადამიანებზე გაანაწილა.

„აქ სიცოცხლე უნდა დუღდეს. დაცლილ რაჭაში წინააღმდეგობის გამწევიც აღარ დარჩა. როცა რაიმე საჭირბოროტო საკითხი დგება, ძალიან ადვილია, მოსახლეობისგან დაცლილ რეგიონში სადაც ბევრი სოციალურად დაუცველი ან პენსიონერია, შავ-ბნელი გზებით შენს მიზნებს მიაღწიო. ეს ვერ იქნება ეკონომიკური აყვავების და იმის გარანტი, რომ აქ მომავალში სიცოცხლე ჩქეფდეს“, - რაც 7 წლის წინ რაჭაში დაბრუნდა და ხელი მეღვინეობას მოჰკიდა, ლევან კერვალიშვილი სულ იმის ფიქრშია, რატომ იცლება მისი მშობლიური მხარე. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება - გზების დაგება, სკვერების მოვლა-პატრონობა, ამან ხალხი ვერ დაამაგრა და გარშემო ის ერთი-ორი მეზობელიც შემოეცალა. მას რომ საწნახელის დამზადება დასჭირდეს, რუსეთიდან ჩამოტანილი ხის მასალა უნდა იყიდოს. არადა, მისი მამაპაპისეული საუკუნოვანი სახლი თავის დროზე იქვე, ტყეში გაზრდილი ხით ააშენეს. დღეს რატომ ხდება, რომ უბრალო ადამიანებს ბუნებრივ რესურსებზე ხელი აღარ მიუწვდებათ, შეშად რომ ერგებათ, იმ ხესაც კი ვერ მოიხმარენ, ეგრეთწოდებულ საფეჩე სიგრძეზე თუ არ გადაჭრეს. არადა, მთელი რაჭის და მთელი საქართველოს მდინარეები ერთეულ, პრივილეგირებულ ადამიანებს მიაქვთ. ლევანს ვერ გაუგია, როგორ შეიძლება ქვეყანას გრძელვადიანი ხედვა არ გააჩნდეს, რა უნდა -  უნდა ღვინის და ტურიზმის ქვეყანა იყოს თუ იყოს ჰესების ქვეყანა:

„თუ ჰესების მშენებლობა იმაზე მეტ სიკეთეს მოიტანს, ვიდრე ზიანს  გარემოსთან, ადამიანებთან დაკავშირებით ან ეკონომიკური თვალსაზრისით, მხოლოდ მაგ შემთხვევაში იქნებოდა გამართლებული. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც სამართალი არ არსებობს. გარემოს ზედამხედველობის კვლევები ხშირად გაყალბებულია, არის კლანური ბიზნესები, რომლებიც სათავისოდ ამბობენ ყველაფერს. ჩვენ არ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ადამიანებს თანაბარი უფლებები აქვთ. თუ ოდესმე იქნება თანაბარი ბიზნეს-გარემო და სამართლიანობა, მაშინ შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, იქნება თუ არა გამართლებული, რომ რაჭა ვაქციოთ ერთ მთლიან ჰესად. ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ მივაღწიეთ ისეთ სახელმწიფოს, სადაც ადამიანი თავის სიმართლეს იპოვის“.

 

ჭიკაიძეები - ყოფილი მინისტრი და ცირკის დირექტორი რუსეთიდან

ჭიდოლა ჰესს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ალექსანდრე ჭიკაიძე და მისი სეხნია, კრასნოდარის ცირკის დირექტორი, ასევე ალექსანდრე ჭიკაიძე ააშენებენ.

საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე ალექსანდრ მამუკოვიჩ ჭიკაიძე კრასნოდარის სახელმწიფო ცირკის დირექტორად იმავე ოლქის კულტურის სამინისტრომ 2024 წელს დანიშნა. მის საცირკო-საესტრადო კარიერაში მალე კიდევ უფრო მოულოდნელი ამბავი მოხდა.

ივანიშვილის მთავრობამ მას და ამ მთავრობის ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს ხელშეკრულება ჰესის მშენებლობაზე სულ ახლახან, 2025 წლის 12 მარტს გაუფორმა. იქნებ ამ ენერგეტიკულ აბდაუბდაზე ხედეშლებშიც ბევრი ეცინათ, მაგრამ სოფელში სახლების უმრავლესობაზე ბოქლომები დაგვხვდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში არამხოლოდ მინისტრები, არამედ მათი მოადგილეებიც არ რჩებიან ჰესების გარეშე. რაჭაში, „ჭალისწყლის“ და „ქვედრულა“ ჰესებს მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის, კახა საბანაძის დედა, ეთერ საბანაძე ააშენებს. ხოლო ჰიდროელექტროსადგურების, „სორგითი 1“-ისა და „სორგითი 2“-ის უკან კახა საბანაძის და, მაკა საბანაძე დგას. საბანაძეების ოჯახის ოთხივე ჰესი მცირე ჰესად მიიჩნევა, მაგრამ რამდენად სწორად მიიჩნევა რომ მცირე ჰესები უვნებელია:

მამუკა გვილავა, გარემოსდაცვის შეფასების ექსპერტი: „ეს შეცდომაა, რა თქმა უნდა. მცირე ჰესებს აქვს კუმულაციური ზემოქმედება. თუ ერთ მდინარეზე რამდენიმე ჰესს გავაკეთებთ, მდინარის საკმაოდ დიდი მონაკვეთი - 5კმ, 5კმ, 5კმ - 15 კმ იქნება ამოვარდნილი და თუ ერთი ჰესის შემთხვევაში თევზს ექნებოდა გასასვლელი, 15 კმ-ის შემთხვევაში წყლის ბინადრების ჰაბიტატი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს და ზემოქმედება არის უძლიერესი“.

დავით ჭიპაშვილი, „მწვანე ალტერნატივის“ წევრი, ეკონომისტი: „5 კვტ-იანი ჰესი მტკვარში არის მცირე ჰესი, მაგრამ 5 კვტ-იანი ჰესი მდინარე ვერეზე ან ნებისმიერ მცირეჩამონადენიან მდინარეზე იმ ეკოსისტემისთვის არის დიდი და დამანგრეველი ჰესი. აი, რატომ -

ჩვენთან დამკვიდრებული პრაქტიკით, მდინარიდან ხდება საშუალო მრავალწლიური ხარჯის 90%-ის აღება. მდინარე, პრაქტიკულად, კალაპოტში აღარ რჩება. კილომეტრების მანძილზე გვრჩება მშრალი კალაპოტი.

არათუ უარყოფით გავლენას ახდენს მდინარის ეკოსისტემაზე, მთლიანად ანადგურებს ამ ეკოსისტემას“.

ნინო ჩხობაძე, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი: „ევროპამ დიდი ხანია, უარი თქვა მცირე ჰესების მშენებლობაზე. თავის დროზე საბჭოთა კავშირმაც თქვა მცირე ჰესებზე უარი. არ იყო ეს მომგებიანი. გოელროს გეგმის დროს, როცა ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები იდგმებოდა, ბევრი მცირე ჰესი აშენდა. ბევრი ასეთი მიტოვებული შენობა გვაქვს შემორჩენილი. ეს 1-3 მგვტ-იანი ჰესები იყო. არცერთი არ მუშაობს. ეს ჰესები ვერ აძლევდა სტაბილიზაციას ენერგეტიკულ ბალანსს. დღეს რატომ დაიწყო ციებ-ცხელება ამასთან დაკავშირებით, ვერაფრით ვერ ვხვდები“.

მცირე ჰესების წილი საქართველოს ენერგომომარაგებაში, შესაბამისად მათი როლი ჩვენს ენერგოდამოუკიდებლობაში არამხოლოდ  მინიმალურია, არამედ საზიანოც. ამას თავად სახელმწიფოც აღიარებს, რასაც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა სეზონური ადეკვატურობის შეფასებაში აქვეყნებს:

„ამ ეტაპზე მარეგულირებელ ჰესებში გვაქვს დაბალი დონეები, რაც საშუალებას გვაძლევს მოდინების ჰესებს მივცეთ ელექტროენერგიის გამომუშავების საშუალება, თუმცა მეორე მხრივ აღარ გვაქვს მანევრირების საშუალება. შესაბამისად, სისტემის მოქნილობა იზღუდება და საფრთხე ექმნება მთლიანი ქსელის უსაფრთხოებას“.

 

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, ხოჯევანიშვილი

კახა საბანაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გუნდიდან ერთადერთი არაა, რომელმაც „ქართულ ოცნებასთან“ ურთიერთობები დაალაგა. ქობულეთში, მდინარე აჭისწყალზე, რომლის ხეობაც სარეკრეაციო ზონაა და უამრავ დამსვენებელს იზიდავს, „აჭი 1 ჰესს“ ააშენებს სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის კომპანია - „მცირე ჰიდრო“. აჭისწყალზე ერთი მცირე ჰესი უკვე არსებობს. რამდენიმე კილომეტრზე მდინარის წყალი უკვე მილებშია მოქცეული და ზაფხულობით ხეობა ისედაც უწყლოდ რჩება. ახალი ჰესისთვის, სოფელ აჭის ზემოთ, ახალი, რამდენიმეკილომეტრიანი სადაწნეო მილსადენის მშენებლობაა დაგეგმილი.

მთავრობამ „აჭი 1 ჰესის“ მშენებლობაზე ხელშეკრულება 2024 წლის 8 აპრილს მოიწონა. ხოჯევანიშვილი „მცირე ჰიდროს“ 33%-იან წილს ამ განკარგულებიდან ერთ თვეში დაეპატრონა. წილი მან ასევე ყოფილი მაღალჩინოსნისგან, ყოფილი ძალოვნისგან, ნუგზარ ჭეიშვილისგან, სიმბოლურ ფასად - 99 ლარად იყიდა.

საინტერესოა, ჩვენ რამდენად ვყიდულობთ ელექტროენერგიას ახალი ჰესებისგან და როგორია ამ ფასის თანაფარდობა იმპორტირებულ დენთან.

დავით ჭიპაშვილი, „მწვანე ალტერნატივის“ წევრი: „რა თანხად ვყიდით და რა თანხად ვყიდულობთ ელექტროენერგიას, ეს ინფორმაცია საქართველოში არის კონფიდენციალური. ამიტომ მხოლოდ შემოვლითი გზებით შეგვიძლია ამის გარკვევა, მათ შორის ყოფილი მაღალჩინოსნებისგან. ბატონი ნოღაიდელი კომპანია „ელგრინს“  წარმოადგენს, მას ოფიციალურად შემოაქვს ელექტროენერგია აზერბაიჯანიდან. ნოღაიდელის ინტერვიუდან ირკვევა, რომ რუსული და აზერბაიჯანული ენერგიის ფასი 3.9 ცენტიდან, 4.9 ცენტამდე მერყეობს“.

სახელმწიფო ასევე ასაიდუმლოებს, რა ფასად ვყიდულობთ დენს ახალი კერძო ჰესებისგან.

დავით ჭიპაშვილი: „ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ენერგია 1.2 თეთრი ღირს, თეთრი და არა ცენტი. ახალაშენებულ ჰიდროელექტროსადგურებს სახელმწიფო უფორმებს გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებას და მის ენერგიას ყიდულობს 6.5-დან 8.5 ამერიკულ ცენტამდე ფასად“.

მინისტრის ძმებს, დედებს და მამებს, დეპუტატებს, ყოფილ მაღალჩინოსნებსა და მათ ნათესავებს ჩვენ ენერგიაში იმაზე მეტს ვუხდით, ვიდრე ვუხდით სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს, ვიდრე იმპორტირებული ენერგია გვიჯდება.

არის კიდევ ერთი პრობლემა - როდის ვუხდით ამ მაღალ ტარიფს:

დავით ჭიპაშვილი: „ეს პრობლემა არის დენის საჭიროება. საქართველოს ენერგეტიკული სისტემა ენგურჰესზე დგას. როცა ყველაზე მეტად გვჭირდება ენერგია, მაგალითად, იანვარში, ენგურჰესი ამ დროს იაფ დენს აწვდის სისტემას. მოდინებაზე მომუშავე ჰესები, რომლებიც დღეს შენდება, ისინი დენს იანვარში ან გამოიმუშავებენ, ან - ვერა და თუ გამოიმუშავებენ, სისტემას აწვდიან მაღალ ფასად“.

ამიტომაცაა, რომ საქართველოს ელექტროსისტემის სეზონური ადეკვატურობის შეფასებაში მითითებულია, რომ „საბოლოოდ ექსპორტის გაკეთება რჩება ერთადერთ გზად, გაზრდილი მოდინების ჰესების გამომუშავების პირობებში.“

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო აღიარებს პრობლემას, რომელსაც უკვე უქმნის ჰესები, გაჩერებას არ აპირებენ.

ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი: „ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა. გვინდა, 10 000 მგვტ-ს გადავაჭარბოთ 2030 წლისთვის. ამ პროექტების განხორციელების გარეშე ეს მიზანი ვერ იქნება მიღწეული. ჩვენი ამბიციური ამოცანაა, რომ 2030 წელს მოხმარებას გადააჭარბოს გამომუშავებამ“.

სად უნდა წაიღოს სახელმწიფომ ჭარბი ელექტროენერგია, რომელშიც იმპორტირებულ ენერგიაზე ძვირი ფასი აქვს გადახდილი. ჰყავს თუ არა ასეთ ექსპორტს მყიდველი.

დავით ჭიპაშვილი: „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა გარანტირებულად ყიდულობს ვიღაცებისგან ენერგიას 7 ცენტად და იმის გამო, რომ მას ეს ძვირიანი დენი სისტემაში ვერ შეაქვს, გააქვს ექსპორტზე და 1 კვტ.სთ-ში იღებს 3 ცენტს, ანუ 1 კვტ.სთ-ში საქართველო სუფთად აგებს სხვაობას. სხვა გზა არ აქვს, მაგაზე მაღალ ფასად არავინ ყიდულობს“.

 

ზუმბურიძე და პაპუაშვილი

„ქართული ოცნების“ მთავრობამ გასული წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 3 დღით ადრე, ერთი განკარგულებით მიანიჭა ე.წ. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების სტატუსი „ბასრა ჰესების“ კასკადს. ოთხივე ჰიდროელექტროსადგურის საკონტროლო პაკეტის  მფლობელი „პარვუს ჯგუფია“. ეს კომპანია სულხან ზუმბურიძეს და მამუკა პაპუაშვილს ეკუთვნით. სულხან ზუმბურიძე 2007-2018 წლებში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის პირველი პირი იყო, პაპუაშვილი კი ამავე კომპანიის მრჩეველთა საბჭოს წევრი.

ოთხივე ჰესი მდინარე ბჟუჟის ხეობაშია, გომისმთის ძირში. თავდაპირველად ოთხივე ჰესი 2 მგვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის იყო და გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით დადგენილი პროცედურებიც არ გაუვლია. 9 კილომეტრზე მდინარის წყალი სადაწნეო მილსადენებში მოაქციეს. როცა ოთხივე ჰესის მოწყობითი სამუშაოები უკვე დასრულებული იყო, კომპანიამ ჰესების სიმძლავრე 30 მგვტ-მდე გაზარდა.

სიმძლავრის გაზრდა „პარვუს ჯგუფმა“ ე.წ. ახალი გარემოებით ახსნა, თითქოს ადრე რეგიონში მხოლოდ 35 კილოვატიანი ელექტროგადამცემი ხაზი იყო, ახლა კი სამჯერ უფრო მაღალი ძაბვის ხაზის მშენებლობა დაიწყო.

„პარვუს ჯგუფის“ მეპატრონეებმა წინასწარ იცოდნენ, რომ სახელმწიფო „ოზურგეთი ზოტიჰესის“ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას გეგმავდა. 2018 წლის 29 ივნისს გამოქვეყნებულ ვიდეოში ამაზე თავად ზუმბურიძე საუბრობს.

რატომ გახდა საჭირო პროექტის გადაკეთება - ანუ, ჯერ 2 მგვტ-მდე სიმძლავრის ჰესების აშენება და სიმძლავრის მერე გაზრდა, თუკი მათ მეპატრონეებს თანამდებობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სრული ინფორმაცია ჰქონდათ არსებული და დაგეგმილი ხაზების შესახებ. 

ოზურგეთიდან გომისმთისკენ ჰესების ასაშენებლად მდინარე ბჟუჟის ხეობაში მრავალკილომეტრიანი გზა არის გაჭრილი და ტყე გაჩეხილი. ეს გზები ისე გაჭრეს, რომ გარემოზე მოსალოდნელი უარყოფითი ზემოქმედება არ შეუფასებიათ, არც გეოლოგიური კუთხით. ჰესების მესაკუთრეს შესასვლელი შლაგბაუმით აქვს გადაკეტილი და დარაჯები დგანან. ხეობაში უნებართვოდ არავის უშვებენ.

2022 წელს, „მთის ამბებმა“ „პარვუს ჯგუფის“ კუთვნილ როშკის ჰესების კასკადზე კრიპტოვალუტის მსხვილი ფერმები აღმოაჩინა. ჩვენ მიერ „პარვუს ჯგუფის“ მხილებას კრიპტოფერმების უკანონო საქმიანობაში ხელისუფლების მხრიდან ფორმალური რეაგირება მოჰყვა - მოგების არაპროპორციული ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით. სამაგიეროდ, 2025 წელს მხილებულ კომპანიას გზა კიდევ 5 პროექტისთვის გაუხსნა.  მარტვილში „ბჟალა ჰესების კასკადი“ ხუთ ჰესს მოიცავს. მთავრობის განკარგულებით უკვე დადგენილია, რომ „ბჟალა ჰესის“ მიერ გენერირებულ 1 კვტ ენერგიას იმპორტირებულზე ბევრად მეტად - 7.5 ცენტად შევისყიდით.

ირმა გორდელაძე, ლიხაურის მცხოვრები, გარემოსდამცველი აქტვისტი: „მე სკოპინგზე მათ ვუთხარი, მცირე ჰესებით შემოიპარეთ და ახლა სიმძლავრეს ზრდით. 35 მგვტ-მდე რომ ზრდით სიმძლავრეს, შესწავლილი გაქვთ, რომ ამ მდინარეს მაგის პოტენციალი აქვს? არაფერი შესწავლილი არ ჰქონდათ. სააგენტომ მოსთხოვა დამატებითი კვლევები და ათ დღეში, ათ დღეში მოიტანეს დასკვნები, როდესაც მდინარეს მთელი წლის განმავლობაში, ყველა სეზონზე უნდა დააკვირდე. როგორ გამომიკვლიეს 10 დღეში ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედება, ჰიდროლოგია და ყველაფერი დანარჩენი?“

რა  ეკონომიკური სარგებელი მოაქვს, რა თანხა შედის ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტში ჰიდროელექტროსადგურებიდან, რომელთაგან ჩვენ ელექტროენერგიას ძალიან ძვირად ვყიდულობთ - ამ კითხვით ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებს მივმართეთ. პასუხი არ მიგვიღია.

მამუკა გვილავა, გარემოსდაცვის შეფასების ექსპერტი: „მოვითმენდით ამ ზემოქმედებებს, თუკი ეს იქნებოდა საქართველოს ბიუჯეტში მიმართული. მაგალითად, კვებეკში 10% ბიუჯეტის შემოსავალი არის ჰიდროელექტროსადგურებიდან. კვებეკის ჰიდროენერგეტიკული გიგანტი არის სახელმწიფო. 1946 წელს ექსპროპრიაცია გააკეთეს. ჰესები გადაიყვანეს სახელმწიფო სარგებლობაში, რომ ბიუჯეტში შესულიყო თანხა. კანადელ სპეციალისტებთან დისკუსია მქონდა. მკითხეს, რა არ მოგწონთ ჰესებში? მე ვუპასუხე, თქვენ რა მოგწონთ? აღმოჩნდა, რომ ნიუ ინგლანდში, კანადაში 30% შედის ბიუჯეტში. ასეთი ჰესების წინააღმდეგი მეც არ ვარ. ვინმემ გვითხრა რიცხვი, რამდენი არის შემოსავლები ჩვენს ბიუჯეტში? ეს გასაიდუმლოებულია. ჩემი ჰიპოთეზაა, რომ ჰესებიდან არანაირი შემოსავლები არ არის ბიუჯეტში“.

კონკრეტულ თანხაში იმის მონეტიზაცია, რა ზიანს აყენებს ჰიდროელექტროწარმოება გარემოს და ადამიანებს, შესაძლებელია, მაგრამ ესეც მრავალწლიანი კვლევის საგანია და ჰესების ბუმის დროში არც ასეთი აღრიცხვა წარმოებს.

ნინო ჩხობაძე, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი: „მილში გატარებული მდინარე პრობლემურია სოფლებისთვის. ჩვენი წყალმომარაგება დამოკიდებულია ფილტრატზე. ფილტრატს ქმნის მდინარე.

შენ თუ მდინარე მთლიანად მილში მოაქციე, აღარც წყარო გექნება, აღარც - ჭა. სოფელი შეიძლება სრულიად უწყლოდ დარჩეს“.

ენერგეტიკული აბსურდის ნაწილია, რომ არ იზომება არამხოლოდ ის, რამდენი წყალი დარჩება სოფელს, არ იზომება, რამდენი წყალი ექნება ჰესს. უკეთეს შემთხვევაში სხვა მდინარის ანალოგიებით ან 80-იანი წლების კვლევებით სარგებლობენ. მას შემდეგ კი კლიმატის ცვლილებამ მყინვარები დაადნო და დაადნო ძველი საბჭოთა მითი იმის შესახებ, რომ საქართველო წყალს მიაქვს.

დავით ჭიპაშვილი, „მწვანე ალტერნატივის“ წევრი, ეკონომისტი: „მთელ რიგ მდინარეებში ზამთარში წყალი საერთოდ აღარ არის. ინვესტორს „გაანგარიშებული“ წყალიც არ ხვდება. ამიტომ მისი გამომუშავება რომ არ შემცირდეს, 10%-საც არ ტოვებენ და მთელ წყალს იღებენ მდინარიდან“.

 

სუს-ის ყოფილი უფროსის ნათლიმამა - სულორის ჰესების კასკადი

სუსის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათლიმამა, „ქართული ოცნებიდან“ ვანის საკრებულოს წევრი, ბიჭიკო პაიკიძე „სულორი 1“ და „სულორი 2“ ჰესების კასკადის მშენებლობას აპირებს. პაიკიძეს კომპანია „ბ.პ. ჰესი“ დედაზე, ინგა ადეიშვილზე აქვს რეგისტრირებული.

პაიკიძემ ჰესების ასაშენებლად მძიმე ტექნიკა სოფელს მანამდე მიაყენა, ვიდრე შესაბამის ნებართვებს და მოსახლეობისგან თანხმობას მოიპოვებდა. კერძო მესაკუთრეთა მამაპაპისეულ ნაკვეთებში უნებართვოდ შეიჭრნენ და იქაურობა გადათხარეს. მძიმე ტექნიკამ, ეგრეთწოდებული კვლევის არეალში ავთო დვალიშვილს ხილის ბაღი გადაუთხარა და ისე დაუტოვა.  

სულორს სახელი მისმა კლიმატურ-ბალნეოლოგიურმა კურორტმა გაუთქვა. მისი მდებარეობისა და მინერალური წყაროების გამო წარსულში საკმაოდ პოპულარული იყო. სოფელი თავის მომავალს მიტოვებული სანატორიუმების გაცოცხლებაში, ტურიზმში ხედავს. ამიტომაც ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ მოსახლეობა ერთიანად გამოვიდა. ჰესები მათთვის იმ წყაროების დაკარგვისა და მეწყრული პროცესების გააქტიურების საფრთხეს შეიცავს. 70-იანებში დამეწყრილი სულორიდან 12 ოჯახი გაასახლეს.

პროექტი ჰესების კასკადისთვის მცირე ზომის, 16 და 18 მ. კაშხლების მშენებლობას ითვალისწინებს. მდინარის წყალს 7 კმ. ფოლადის მილსადენში მოაქცევენ. გამომუშავებული ენერგიის ქსელისთვის მისაწოდებლად  17 კმ. მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი  დასახლებულ პუნქტზე გაივლის.

ამირან დვალიშვილი, სოფელ სულორის მკვიდრი: „არ დავთმობთ, არ მივცემთ უფლებას ჰესი აშენდეს სულორში. უნდა გავწყვიტოთ ჩვენი შვილები და მომავლები?! ბარემ გადაგვასახლონ, გადათხარონ სახლები და ყველაფერი“.

 

უჩა მამაცაშვილის ცოლისძმის 32 ჰესი

ძალა აღმართს ხნავს - „ქართული ოცნების“ მთავრობამ გასული წლის საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღეში, 4 ნოემბერს, შპს „იმერ-ენერჯი კაპიტალის“ კუთვნილი 8 ჰესის პროექტი სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტებად გამოაცხადა. ყველა 2 მეგავატამდე სიმძლავრისაა, შესაბამისად, გარემოზე ზემოქმედების შეფასება არ მოხდება.

„ბოსლევი ჰესების კასკადის“ მშენებლობა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, მდინარე ყვირილაზე იგეგმება. მდინარე დაახლოებით 6 ჰექტარზე დაიტბორება და წყალსაცავი მოეწყობა, საიდანაც ჰესებს წყალს რკინისა და ბეტონის მრავალკილომეტრიანი მილსადენით მიაწვდიან.

შპს „იმერ-ენერჯი კაპიტალის“ ერთადერთი მესაკუთრე კოკა კოკილაშვილია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ცოლის ძმაა.

„ქართული ოცნების“ მთავრობამ შპს „იმერ-ენერჯი კაპიტალთან“ დადებული ხელშეკრულებები სასამართლო დავის დაწყების შემდეგაც არ გადმოგვცა.

უჩა მამაცაშვილის ცოლისძმის ბიზნესზე არათუ მოსახლეობამ, ზესტაფონის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა გიგა გურულმაც არაფერი იცოდა: „ძალიან საფრთხილო საქმეა სოფლის მოსახლეობისთვის, ქალაქის გეოლოკაციური მდებარეობიდან გამომდინარე. ამას სპეციალისტობაც არ სჭირდება. 4 ჰესი ერთ მდინარეზე, ერთ სოფელში, რომელსაც ძლიერი ნაკადით წაუღია არაერთხელ ჯებირი, ცხოველის ბინა, მიწა მოუწყვეტია. ეს დიდ საფრთხეებთან არის დაკავშირებული“.

„ქართულ ოცნებას“, ფაქტობრივად, სრულად აქვს გასაიდუმლოებული 2020 წლის 26 სექტემბრიდან 2024 წლის 12 თებერვლამდე პერიოდში გამოცემული განკარგულებები. ამის მიუხედავად, მთავრობის ათობით სხდომის დღის წესრიგის შესწავლით, დავადგინეთ, რომ კოკა კოკოლაშვილის კუთვნილ კომპანიებზე, კიდევ 19 ჰესის, ჯამში 32 მშენებლობაზეა განკარგულებები გამოცემული.

როგორც ექსპერტები ამბობენ და როგორც ამბობს თავად სახელმწიფოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა თუ დასკვნები, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. მცირე და საშუალო ჰესები ვერ ემსახურება ქვეყნის ენერგომომარაგებას. მათ მიერ გამომუშავებულ ენერგიაში გაცილებით მეტს ვიხდით, ვიდრე ვიხდით იმპორტირებულ დენში. მათი ენერგიის ექსპორტზე გატანაში ვაგებთ უამრავ ფულს. ჰესებს ეკონომიკური სარგებელი ქვეყნის ბიუჯეტისთვის მინიმალურია, საზიანო და დამანგრეველია მდინარის ხეობებისა და ადამიანების საცხოვრებელი პირობებისთვის. მაშინ, რით ავხსნათ ეს ენერგეტიკული აბსურდი - ახალ-ახალი ჰესების ციებ-ცხელება, რომელთა დიდი უმრავლესობის უკან, ყოფილი და მოქმედი მინისტრები, მაღალი თანამდებობის პირები და მათი ოჯახები დგას.

დავით ჭიპაშვილი, „მწვანე ალტერნატივის“ წევრი, ეკონომისტი: „ერთი მხრივ ხომ მდინარის ეკოსისტემებს ვანადგურებთ, გარემოს შეუქცევად ზიანს ვაყენებთ, ზემოქმედებას ვახდენთ ადგილობრივ მოსახლეობაზე, ექმნებათ სასმელ წყალთან ხელმისაწვდომობის პრობლემა. მეორე მხრივ ენერგეტიკულადაც, სისტემას უქმნიან არასტაბილურობას, მოქნილობას ექმნება საფრთხე და საბოლოო ჯამში, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას“.

 

ზარქუას სიძე

„წისქვილარა ჰესი“ წალენჯიხაში უნდა აეშენებინა შპს „ბლოქსი ენერჯის“, თუმცა ხელშეკრულება შეწყდა. 2024 წლის აპრილში კომპანიის 10 % წილი ყოფილ ფეხბურთელს, კახა კალაძის მეგობარსა და ივანიშვილის პარლამენტის წევრის, ირაკლი ზარქუას სიძეს, ალექსანდრე ამისულაშვილს აჩუქეს. მალევე, „წისქვილარა ჰესის“ პროექტს „ქართული ოცნების“ მთავრობამ სახელმწიფო მნიშვნელობის სტატუსი მიანიჭა.

 

ანტონ ობოლაშვილის სიძე

2024 წლის 23 აპრილიდან იგივე სტატუსი აქვს კონსტანტინე ხიდირბეგიშვილის შპს „ჰიდროკომპანის“ პროექტს, რომელიც სამცხე-ჯავახეთში 1.88 მგვტ „ფოცხოვი ჰესს“ ააშენებს. ხიდირბეგიშვილი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს ყოფილი უფროსია, მაგრამ მთავარი აქ ეს არ არის. ის „ქართული ოცნების“ პარლამენტის მილიონერი დეპუტატის, ანტონ ობოლაშვილის სიძეა, შვილის ქმარი. სიძეს თავის კომპანიის იურიდიულ მისამართადაც კი სიმამრის საწარმოს ადგილსამყოფელი აქვს მითითებული.

                                           

თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი

2025 წლის 12 მარტით თარიღდება „ქართული ოცნების“ მთავრობის კიდევ ერთი განკარგულება, რომლითაც „კაბალი 1 ჰესი“ სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტად გამოცხადდა. ეს ჰიდროელექტროსადგურიც ივანიშვილის პარტიიდან ყოფილ მაღალჩინოსნებს ეკუთვნით. გივი კუბლაშვილი თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი უფროსია. 3,2 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰესის მშენებლობას შპს „ენერჯი კაბალი“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მდინარე კაბალზე გეგმავს. სოფელ ხეჩილს ზემოთ მდინარის წყალს 2.4 კილომეტრზე ლითონის მილებში მოაქცევენ.

ღარიბაშვილის ცოლისძმა

2024 წლის 23 აპრილს საქართველოს მთავრობამ ზედიზედ სამი განკარგულება გამოსცა, რომლითაც შპს „მომავლის ენერგიას“ მაშავერა ჰესების კასკადის ასაშენებლად, 49 წლით, დმანისის მუნიციპალიტეტში 15 მიწის ნაკვეთი გადასცა (11 ჰექტარზე მეტი).

ამ განკარგულებებიდან მეორე დღესვე კომპანიის ყველაზე მსხვილმა მეწილემ, გიორგი ლაბაძემ 13.33% ალექსანდრე თამაზაშვილზე გადააფორმა. დოკუმენტის თანახმად, თამაზაშვილს მისთვის 30 ათასი დოლარი უნდა გადაეხადა. „მაშავერა ჰესები“, რომელიც 2 მგვტ-მდე სიმძლავრის 3 მცირე ჰესს მოიცავს, მთავრობამ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტად ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს გამოაცხადა. იმ პერიოდის განკარგულებებს „ქართული ოცნება“ ახლაც არ ასაჯაროებს.  

არჩევნების წინ და არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც პროტესტში გახვეულ ქვეყანაში ამისთვის არავის ეცალა, მთავრობამ განკარგულებები ათობით ახალი ჰესის შესახებ გამოსცა. ამ პროექტების განხორციელების შემთხვევაში, საქართველოში, განსაკუთრებით დასავლეთ რეგიონებში, მდინარე აღარ რჩება დამბების, კაშხლების, კილომეტრიან მილებში მოქცეული კალაპოტების, დამშრალი და განადგურებული ხეობების გარეშე. 

ავტორები

მაია ლომიძე

გელა მთივლიშვილი

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში