ჯუმბერ ცუცქირიძე სამსახურიდან 2024 წლის 19 ივნისს დაითხოვეს. ამ კომპანიაში ის 2022 წლის მარტიდან, ექსკავატორის ოპერატორად მუშაობდა. ბრძანებაში მითითებულია, რომ ცუცქირიძემ ხელშეკრულებითა და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებები დაარღვია. მას სამსახურიდან 4 საათით ადრე წასვლას ედავებოდნენ.
„სასამართლომ დაადგინა, რომ ცუცქირიძე სამსახურიდან პროტესტში მონაწილეობის გამო იყო გათავისუფლებული, რაც ეწინააღმდეგება კანონმდებლობას. ამჟამად მისი შტატი გაუქმებულია. ამიტომ, კომპანიას დაევალა იძულებით განაცდური ხელფასის სრულად ანაზღაურება უკანონოდ გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდზე. ასევე, კომპენსაციის გადახდა“, - უთხრა „მთის ამბებს“ სამოქალაქო ადვოკატირების ცენტრის ადვოკატმა ვლადიმერ ქუთათელაძემ. იგი შუქრუთის პროტესტში მონაწილეობის გამო „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანიებიდან უკანონოდ გათავისუფლებულ კიდევ 5 პირს იცავს. მათი საქმეების განხილვა სასამართლომ დღეს დაასრულა და გადაწყვეტილებას მაისში გამოაცხადებს.
„ჯორჯიან მანგანეზმა“ აქციის მონაწილეები მხოლოდ სამსახურიდან დათხოვნით არ დასაჯა.
კომპანიამ დაზარალებულ ადამიანებს სასამართლოში იქით უჩივლა და ითხოვს ზიანის ანაზღაურებას 5.5 მილიონი ლარის ოდენობით, ასევე, პირველივე მოთხოვნისთანავე, სახლების დანგრევას, ნაკვეთების გასუფთავებას და 4 წლით სარგებლობაში გადაცემას.
სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები, ჭიათურაში, კოროხნალის და შუქრუთის მაღაროებთან უწყვეტ საპროტესტო აქციას, გასული წლის 13 მარტიდან მართავენ. მიწისქვეშა მოპოვების გამო მათი საცხოვრებელი სახლები ინგრევა, „ჯორჯიან მანგანეზი“ კი, რომელიც ლიცენზიას ფლობს, დაზარალებული მოსახლეობის უმეტეს ნაწილს კომპენსაციას არ უხდის.
ჭიათურაში სამთო მოპოვება რამდენიმე თვეა შეჩერებულია. კომპანიამ მარტის დასაწყისში თქვა, რომ მაღაროებში მანგანუმის მოპოვება წამგებიანია და საწარმო გადახდისუუნაროა. სამსახურიდან დაითხოვეს 3500 მაღაროელი, რომლებსაც გასული წლის ნოემბრიდან აღარ ამუშავებდნენ, თუმცა ხელფასის 70%-ს დეკემბრის ჩათვლით უნარჩუნებდნენ. თითქმის 2 თვეა ჭიათურაში მაღაროელები აქციებს მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნებია ხელფასების ჩარიცხვა; საწარმოს ნაციონალიზაცია და წარმოების განახლება წესების დაცვით; ადგილობრივების მიერ ფონდის შექმნა და საწარმოს აქციების 5%-ის გადაცემა ამ ფონდისთვის, რომელიც მიღებულ თანხას ჭიათურის განვითრებას მოახმარს.
22 აპრილს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“, რომელიც „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით ოპერირებს, განაცხადა, რომ კომპანია რეორგანიზაციას იწყებს და წარმოების განახლების პროცესს მიხეილ სოცკი უხელმძღვანელებს. რუსეთის მოქალაქე სოცკი „საქნახშირის“ (ტყიბულში ქვანახშირის მომპოვებელი კომპანია) მმართველია. 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მან 38 მეშახტე, სამსახურიდან განსხვავებული აზრის გამო დაითხოვა.