საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

შვილების პროტესტის გამო მშობლებს სჯიან - საბჭოთა მეთოდებით ანგარიშსწორება შუქრუთში

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

19:18 - 03 ოქტომბერი 2024 hits 24013

პროტესტში მონაწილე ყველა პირის სამსახურიდან გათავისუფლების, ბრალდების წარდგენის, მაღაროსთან მანიფესტაციის აკრძალვის, პარლამენტის შენობის წინ შეკრებისა და გამოხატვის უფლების უკანონოდ შეზღუდვის, ივანიშვილის სახლებთან მშვიდობიანი საპროტესტო მსვლელობის ორჯერ ჩაშლის, სამთავრობო არხებით კამპანიური დისკრედიტაციის შემდეგ, შუქრუთელების აქციის მონაწილეთა მშობლებს, ოჯახის სხვა წევრებსა და ახლო ნათესავებს სახლები და მიწის ნაკვეთები დაუყადაღეს.

„ჯორჯიან მანგანეზს“ შუქრუთის მცხოვრებლების წინააღმდეგ საჩხერის სასამართლოში 2 სარჩელი აქვს შეტანილი.

პირველი სარჩელით კომპანია ითხოვს:

  1. 14 პირს აეკრძალოს, თავისივე საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, ხელი შეუშალონ კომპანიას მანგანუმის მოპოვებაში.
  2. მიწის ნაკვეთები (რაზედაც მოპასუხედ მითითებული პირების საცხოვრებელი სახლები ჯერ კიდევ დგას) გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს 4 წლის ვადით, პირველივე მოთხოვნისთანავე, რომ მადნის მოპოვების სამუშაოები შეუფერხებლად აწარმოონ.

მეორე სარჩელში „ჯორჯიან მანგანეზმა“ 30 მოპასუხე მიუთითა. სარჩელში წერია, რომ „მოპასუხედ დასახელებული პირები დგანან კოროხნალის და შუქრუთის მაღაროების შესასვლელებთან და ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევენ კომპანიის თანამშრომლებს, რათა მათ ვერ მოახერხონ უბნებზე შესვლა და მადნის მოპოვებითი სამუშაოების წარმოება. აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ჯგუფური და დანაშაულებრივი ქმედებით ხდება მუშაობის შეფერხება, რითაც შპს „ჯორჯიან მანგანეზს“ და სახელმწიფოს ადგება განსაკუთრებით დიდი ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი. მოპასუხედ დასახელებული პირების მიერ სარჩელის წარდგენის თარიღისთვის მიყენებული ფაქტობრივი ზიანი შეადგენს 5 563 481 ლარს, რომელიც სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს“.

კომპანიის მოთხოვნით, სასამართლომ 30-ვე პირის კუთვნილ სახლებს, ნაკვეთებს, მათ შორის, არა მხოლოდ შუქრუთში, არამედ სხვაგანაც, ყადაღა დაადო და მესაკუთრეებს გასხვისება ან იპოთეკით დატვირთვა აუკრძალა.

„ჯორჯიან მანგანეზის“ სარჩელს ერთადერთ მტკიცებულებად თან ერთვის აქციის მონაწილეების მიერ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული რამდენიმე ფოტო. კომპანიას ფოტოზე ასახული პირებისთვის მიწერილი აქვს გვარი-სახელები, რამდენიმე შემთხვევაში არასწორად. ერთ-ერთი ფოტოზე გამოსახულ პირს აწერია სოსო ტაბატაძე. სინამდვილეში, ფოტოზე მამამისია, ამირან ტაბატაძე. სოსო ტაბატაძე შუქრუთში არ ცხოვრობს და მაღაროებთან აქციაშიც არასდროს მიუღია მონაწილეობა, მაგრამ კომპანიამ ის მაინც აქცია მოპასუხედ. სოსო გამონაკლისი არაა.

სარჩელში მოპასუხედ მითითებული 30 პირიდან, 13 მაღაროებთან მიმდინარე აქციის მონაწილე არ არის, მაგრამ მოსამართლე ივანე ყიფიანმა მაინც ყველას ქონება დააყადაღა.

„საერთოდ არ გაუვლია ამ ტერიტორიაზე. 22 წელია ემსახურება თავდაცვას, სამხედროა. მას კანონი ისედაც უკრძალავს აქციებში მონაწილეობას. ჩემს გასამწარებლად გააკეთეს ეგ, რომ ჩემზე უარყოფითად ემოქმედა“, - გვეუბნება შუქრუთელების აქციის მონაწილე, გოჩა კუპატაძე. ის და მისი შვილის ოჯახი დიდი ხანია ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მაგრამ მამის პროტესტის გამო შვილსაც სჯიან.

საპროტესტო აქციებში არც მელანო ნეფარიძე მონაწილეობს, მაგრამ „ჯორჯიან მანგანეზის“ მოთხოვნით, სასამართლომ, შუქრუთში მდებარე მისი ერთადერთი საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთიც დააყადაღა. მელანომ ამის შესახებ მაშინ გაიგო, როცა სასამართლოს განჩინება ჩაბარდა. აქციის აქტიური მონაწილეა მისი შვილი გიორგი ბიწაძე. ის 1-ელი სექტემბრიდან შიმშილობს და ახლაც პარლამენტის შენობის წინ, უწყვეტ აქციას მართავს. მელანო ნეფარიძეს, რომლის სახლიც საცხოვრებლად საშიშია და ინგრევა, „ჯორჯიან მანგანეზისგან“ კომპენსაციის სახით არცერთი თეთრი არ აქვს მიღებული:

„უსაფრთხოდ ვერ შემოვსულვარ ვერც აბაზანაში, ვერც ტუალეტში, კედლებიდან ქვები ცვივა. საძინებლიდან ერთ მეტრში, ფანჯარასთან ქვესკნელია, მიწა ჩავარდა. კრამიტებითა და ქვა-ღორღით ამოვავსეთ. როცა გაწვიმდება, ჩემ სოფელს მთელი ღამე არ სძინავს, რომ არ მოვსრიალდეთ.

მართალია, ბომბები ზევიდან არ ცვივა, ბატონო ბიძინა, მაგრამ სახლის საძირკველშია. როდემდე შეიძლება სიკვდილის შიშით ვიცხოვროთ? ამის გამკეთებელი კომპანია აქეთ გვიჩივის“.

„გაუდის და მედავება. ჩალითაა ეს ქვეყანა დახურული. ყადაღა რომ დამადო მოსამართლემ, რამე საბუთი ხომ უნდა წარედგინათ? თურმე, რადიკალი ვყოფილვარ და მონაწილეობა მიმიღია შუქრუთის მაღაროს ძალადობრივ გადაკეტვაში და ფიზიკურად შემიშლია ხელი. შუქრუთი ჩემი სოფელია, მაგრამ 21 წელია იქ არ გამივლია, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. მინდოდა იქ ყოფნა, იქაც მინდა, ჩემს შვილთან რომ ვიყო პარლამენტთან, მაგრამ მაგ მუხლით თუ გასამართლებენ ახლა, უნდოდაო და ამიტომ უნდა დავიჭიროთო, ეგ სხვა საქმეა“, - გვეუბნება ნანა კოპაძე.

მაღაროებთან აქციაში მასაც არასდროს მიუღია მონაწილეობა. მაგრამ, პარლამენტის შენობის წინ შიმშილობს მისი შვილი, ჯუმბერ ცუცქირიძე, რომელიც 10 წელზე მეტია, ცოლ-შვილთან ერთად, ცალკე ცხოვრობს და ერთი ოჯახის წევრებიც აღარ არიან.

სახლი და მიწის ნაკვეთი დაუყადაღეს თამაზ დარბაიძესაც. მაღაროებთან მიმდინარე აქციის მონაწილე არც ის არის, მაგრამ მისი შვილი თორნიკე დარბაიძე პროტესტის აქტიური მონაწილეა:

„ძველი დრო თუ არის, მშობლებს და ცოლ-შვილს რომ უპატიმრებდნენ, იყო ეს ერთი პერიოდი, ასე თუ არის, რომ მამა აგებს პასუხს სრულწლოვანი შვილის საქციელზე, არვიცი.

მარტო მე კი არა, ჩემი ქალიშვილი რამდენიმე წელია გათხოვილია ქუთაისში. ჩვენთან აღარ ცხოვრობს. მასაც მიუვიდა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ მისი ქონებაც დაყადაღებულია. ან მე ან ის რა შუაში ვართ?“

ნანა კოპაძე და მოპასუხედ მითითებული სხვა პირებიც დარწმუნებული არიან, რომ მათ წინააღმდეგ სარჩელის შეტანისა და ქონების დაყადაღების მიზანი პროტესტის მონაწილეთა დაშინებაა. „ჯუბო რომ გატეხონ რამენაირად. დედას და დას რომ შეუწუხებ, შვილები პატარები ჰყავს, თორემ მათაც არ დაინდობდნენ, საციხედ გაგიხდიან საქმეს, ბრძოლისუნარიანობა რომ აღარ გქონდეს, ამას იმიტომ აკეთებენ“.

შუქრუთელების აქციის მონაწილეთა ადვოკატი, სამოქალაქო ადვოკატირების ცენტრის იურისტი ვლადიმერ ქუთათელაძე მიიჩნევს, რომ საჩხერის სასამართლოს განჩინება ქონების დაყადაღების შესახებ უკანონოა და სასამართლოს „ჯორჯიან მანგანეზის“ არცერთი სარჩელი წარმოებაშიც არ უნდა მიეღო.

„იმისათვის, რომ ვინმემ მოითხოვოს მიწის ნაკვეთით სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთა, აუცილებელია, რომ ის ნაკვეთი იყოს მისი საკუთრება ან გააჩნდეს მართლზომიერ მფლობელობაში. მოცემულ შემთხვევაში, მითითებული მიწის ნაკვეთები წარმოადგენს მოპასუხეთა კერძო საკუთრებას/თანასაკუთრებას. მათ კონსტიტუციით აქვთ მინიჭებული  უფლება, არ შეუშვან სხვა პირები თავიანთ საკუთრებაზე, დაიცვან ის და არ დაუშვან მათი ხელყოფა.

იმისათვის, რომ პიროვნებამ რაიმე ნივთის გადაცემა მოითხოვოს, აუცილებელია არსებობდეს სათანადო ხელშეკრულება ან შეთანხმება. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც მოპასუხეებს რაიმე ფორმით დაავალდებულებდა აღნიშნული მიწის ნაკვეთების მოსარჩელისთვის რაიმე ვადით, მითუფრო, 4 წლით გადაცემას.

რადგან მოპასუხეთაგან 13 პირი მაღაროსთან არ ყოფილა და შესაბამისად, ბლოკირებაც არ მოუხდენიათ, ისინი თეორიულადაც ვერ მიაყენებდნენ რაიმე ზიანს კომპანიას, შესაბამისად, არანაირი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მათ არ გააჩნიათ“, - აღნიშნავს ადვოკატი.

პარლამენტთან შუქრუთელების აქციის 16 მონაწილე შიმშილობს, მათ შორის, 8 ქალი. პოლიცია მათ საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ კარვის განთავსების საშუალებას არ აძლევს. პროტესტის მონაწილეები წვიმის დროს რომ არ დასველდნენ, ბრეზენტს იფარებენ.

შუქრუთელებს ერთადერთი მოთხოვნა აქვთ - „ჯორჯიან მანგანეზმა“, რომელიც მანგანუმის მოპოვების შედეგად მათ სახლებს ანგრევს, ზიანი სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს შეაფასებინოს და სამართლიანი კომპენსაცია გასცეს. თბილისში ჩამოსვლამდე 6 თვის განმავლობაში შუქრუთის მცხოვრებლები აქციას ჭიათურაში მართავდნენ, მაგრამ ხელისუფლების ყურადღება ვერ მიიქციეს.

აქციის მონაწილეებიდან 18 ოჯახს ზიანის საკომპენსაციოდ არცერთი თეთრი არ აქვს მიღებული. რამდენიმე ოჯახისთვის მიზერული თანხა აქვთ ჩარიცხული. „ჯორჯია მანგანეზს“ მხოლოდ 6 ადამიანისთვის აქვს გადახდილი შედარებით სოლიდური ანაზღაურება, ისიც, ზოგიერთ შემთხვევაში ავანსის სახით.

პარლამენტის შენობის წინ აქციაში მონაწილეობს ტარიელ ნეფარიძეც. შუქრუთში, მის სახლში აღარ იცხოვრება, სიცოცხლისთვის საშიშია, მაგრამ „ჯორჯიან მანგანეზმა“ კომპენსაცია ამ დრომდე არ მისცა.

„როდესაც იქ ვიძინებ, მაგიდის ქვეშ ვშლი სავარძელს, გვერდებზე ორ-ორ სკამს ვალაგებ და თავს მაგიდის ქვეშ ვყოფ, რომ რამე თუ მოხდა, იქნებ, ცოცხალი გადავრჩე.

ყოველ წუთს შეიძლება ეს სახლი ჩამოინგრეს. ზედა სართულზე რომ ავიდე, თავზე ჩაფხუტს ვიფარებ. გავლაზეც კი აგურები ცვივა. ფაქტობრივად, ეკოლტოლვილი ვარ. მე თავშესაფარი მაინც მაქვს თბილისში, თორემ უპატრონოდ, უსახლკაროდ ვიქნებოდი“.

„ჯორჯიან მანგანეზის“ საჩივრის საფუძველზე, აქციის სამი მონაწილე სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული, მათ გირაო აქვთ შეფარდებული. კომპანიამ აქციაში მონაწილეობის გამო სამსახურიდან გაათავისუფლა 5 ადამიანი.

 

ამ თემაზე:

როგორ ცდილობენ შუქრუთელების პროტესტის ჩახშობას - ინტერვიუ ადვოკატთან დავის დეტალებზე

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში