საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

სასამართლომ მოშიმშილე შუქრუთელებს პარლამენტთან კარვის განთავსებაზე უარი უთხრა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:31 - 20 სექტემბერი 2024 hits 4256

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა არ დააკმაყოფილა მოშიმშილე შუქრუთელების მოთხოვნა, პარლამენტის შენობის წინ კარავი განეთავსებინათ. აქციის მონაწილეები ითხოვდნენ, სასამართლოს, დროებითი განჩინებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დაევალებინა, პოლიციას ხელი არ შეეშალა და კარვის გაშლის შესაძლებლობა მისცემოდათ.

აქციის ხუთი მონაწილე 1-ელი სექტემბრიდან შიმშილობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, სისხლში გლუკოზის შემცველობა კრიტიკულად აქვთ დაქვეითებული. უჩივიან თავბრუსხვევას, სისუსტეს, თავის ტკივილს. 17 სექტემბერს, 28 წლის ჯამბულ მაჭარაშვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. პირველივე გადასხმის შემდეგ, როგორც კი მოშიმშილემ ფეხზე დადგომა შეძლო, უკან, პარლამენტთან დაბრუნდა.

აქციის მონაწილე შუქრუთელები პარლამენტის შენობის წინ კარვის განთავსებას 11 სექტემბრიდან ითხოვენ, მას შემდეგ, რაც უწყვეტი პროტესტის 183-ე დღეს, ჭიათურიდან თბილისში გადმოინაცვლეს, რომ ცენტრალური ხელისუფლების, პოლიტიკოსების, უფლებადაცვითი ორგანიზაციებისა და მედიის ყურადღება მიექციათ.

პოლიციამ პარლამენტის შენობის წინ მათ კარვის განთავსების შესაძლებლობა არ მისცა.

„ვერ შემოგატანინებ. არ არის ეს სასტუმრო, რომ წამოწვე. ვერ დაგადგმევინებ ვერც კარავს და ვერც ვერაფერს პარლამენტის შენობის წინ. გაასაჩივრეთ, არის სხვადასხვა ინსტანციები“

ასე განუმარტა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა ლაშა ჯოხაძემ აქციის მონაწილეებს კარვის გაშლაზე უარი.

თავდაპირველად, აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობის წინ თბილი ტანსაცმლისა და ძირსაგების შეტანის უფლებაც კი არ მისცეს, რომ მოშიმშილეებს ბეტონზე დაეფინათ და ღამე ისე გაეთენებინათ.

17 სექტემბერს, გვიან საღამოს, თბილისში ძლიერი წვიმა იყო. პოლიციის ოცამდე ეკიპაჟი მაშინაც საგულდაგულოდ დარაჯობდა, რომ მოშიმშილეებს კარავი არ გაეშალათ. წვიმა ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. პროტესტის მონაწილეები დასველდნენ. ექიმების თქმით,

კლიმატური პირობების გაუარესებამ, კერძოდ, დაბალმა ტემპერატურამ შეიძლება დაამძიმოს მოშიმშილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა, განსაკუთრებით სასუნთქი სისტემის მიმართულებით.

18 სექტემბერს, გიორგი ბიწაძემ, ჯუმბერ ცუცქირიძემ, ჯამბულ მაჭარაშვილმა, ამირან შეყილაძემ, ზვიად პაპიძემ, ჯანიკო ლაბაძემ, ბექარ ნეფარიძემ და აქციის სხვა მონაწილეებმა, სამოქალაქო ადვოკატირების ცენტრის დახმარებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს ორი მოთხოვნით:

  • უკანონოდ იქნეს აღიარებული შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2024 წლის 11, 12, 13, 14, 15, 16 და 17 სექტემბერს განხორციელებული ქმედებები, რომლითაც მოსარჩელეებს არ მიეცათ (აეკრძალათ) ქალაქ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ კარვის განთავსების საშუალება/უფლება, რითაც შეეზღუდათ შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების სათანადოდ/სრულყოფილად რეალიზაცია;
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალოს ქმედების განხორციელებისგან თავის შეკავება, კერძოდ, მოსარჩელეებს ხელი არ შეუშალოს და მისცეს პარლამენტის შენობის წინ კარვის განთავსების შესაძლებლობა, რითაც არ მოხდება კონსტიტუციით დაცულ უფლებაში ჩარევა და სრულყოფილად იქნება რეალიზებული მოსარჩელეთა შეკრებისა და გამოხატვის უფლება.

ამავე სარჩელით მოსარჩელეები შუამდგომლობდნენ სასამართლოს დროებითი განჩინება მიეღო და შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დაევალებინა ქმედების განხორციელებისგან თავის შეკავება, კერძოდ, პოლიციას მათთვის ხელი არ შეეშალა და პარლამენტის შენობის წინ კარვის განთავსების შესაძლებლობა მიეცა.

სასამართლომ სარჩელი იმავე დღეს მიიღო წარმოებაში, დროებითი განჩინების გამოცემის თაობაზე შუამდგომლობა კი არ დაამყოფილა.

მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილი განჩინებაში მიუთითებს: „მოსარჩელე მხარის შუამდგომლობაში არ არის მითითებული, რომ კარვის განთავსებისათვის საჭირო კონსტრუქცია უსაფრთხოა და მისი იქ არსებობა საფრთხეს არ შეუქმნის სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ვითარების შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში“.

პროტესტის მონაწილეთა ადვოკატი, სამოქალაქო ადვოკატირების ცენტრის იურისტი ვლადიმერ ქუთათელაძე განმარტავს, რომ მოსამართლე ფილიშვილმა ამ განჩინებით არ გაითვალისწინა სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა.

კარვის განთავსება რომ შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლებების ნაწილია, ამაზე რამდენჯერმე აქვს ნამსჯელი საქალაქო, სააპელაციო და უზენაეს სასამარლოსაც კი.

2016 წლის 31 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, დადგინდა, რომ წინასწარი თანხმობის გარეშე კარვის დადგმის განთავსება თავსდება მშვიდობიანი შეკრების უფლებაში. სასამართლომ განმარტა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლება მოიცავს შეკრების გამართვის ადგილის, დროის, ფორმისა და შინაარსის არჩევის უფლებას, რაც მოიცავს დროებითი კონსტრუქციების განთავსების შესაძლებლობას.

უზენაესი სასამართლო, რომელიც ქვეყანაში ერთგვაროვან პრაქტიკას ადგენს, 2018 წლის გადაწყვეტილებაში განმარტავს: „საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმ გარემოების შესახებ, რომ კარავს არა აქვს შინაარსობრივი დატვირთვა და ამასთან, კარვის განთავსება არ წარმოადგენს შეკრების უფლების განხორციელებისთვის აუცილებელ საშუალებას, რადგან კონსტიტუციის 25-ე მუხლით დაცულია  უფლება, რომელიც შესაძლებლობას აძლევს პირს, მისი შეხედულებისამებრ აირჩიოს გამოხატვის ფორმა, საშუალება და ადგილი. კერძოდ, მას კანონით გარანტირებული აქვს უფლება, საჯაროდ და მშვიდობიანად გამოხატოს საკუთარი აზრი ქუჩის იმ ნაწილში და იმ ფორმით, რომელსაც თავად ჩათვლის მიზანშეწონილად. აზრის გამოხატვა არა მხოლოდ საუბრით, განცხადებებით, არამედ მდუმარე ფორმით ან დროებითი კონსტრუქციების აგებით, შესაძლებელია თუ ეს არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას“.

შეკრებისა და მანიფესტაციებისას დროებითი კონსტრუქციების მოწყობის შესაძლებლობაზე ყურადღება არაერთ გადაწყვეტილებაში აქვს გამახვილებული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. 2011 წელს მიღებულ გადაწყვეტილებაში, საკონსტიტუციო სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეთა მიერ დროებითი კონსტრუქციების განთავსების აკრძალვის შესაძლებლობა, მხოლოდ გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის კონტექსტში, სხვათა უფლებების დაცვის ლეგიტიმურ მიზანთან მიმართებით არის დასაშვები. სასამართლოს განმარტებით „შეკრებაში მონაწილენი თავად განსაზღვრავენ იმ ფორმას, რომელიც შეკრების მიზანს საუკეთესოდ გამოხატავს“.

ადვოკატის თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში