საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, უშბის მთაზე ქვეითად 4 პირი გადაადგილდებოდა, რა დროსაც ნიკოლოზ ფალიანი სიმაღლიდან გადავარდა.
„უმოკლეს დროში, მეხანძრე-მაშველების მიერ მოხდა ძებნა-შველის ღონისძიების დაგეგმვა და თბილისიდან გაფრინდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების ჯგუფთან ერთად. მეხანძრე-მაშველებმა, 3600 მეტრის სიმაღლეზე, სამაშველო ღონისძიების ფარგლებში 3 პირი ვერტმფრენში უვნებლად აიყვანეს და გარდაცვლილის ცხედარიც ნახეს, რომელიც მესტიაშია გადასვენებული“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
ნიკოს ძირითადი საქმიანობა იყო თხილამურებით გაუკვალავ თოვლში დაშვება, ჰელისკი და სკიტური. ის აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტურიზმის განვითარებაში.
გასული წლის აგვისტოში სვანეთში დაიღუპა ცნობილი ქართველი მთამსვლელი არჩილ ბადრიაშვილი.
„მთის ამბები“ მწუხარებას გამოთქვამს ნიკოლოზ ფალიანის დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, მეგობრებს, მთამსვლელთა საზოგადოებას, გულშემატკივრებს.