საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მოხევეებმა მთავრობას ვადა 30 მარტამდე მისცეს - რეპორტაჟი ყაზბეგიდან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

23:05 - 18 მარტი 2019 hits 40861

2018 წლის ბოლოს ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორია თითქმის 9-ჯერ გაიზარდა. ყაზბეგის რაიონის 70 %-ზე მეტი დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში მოექცა. მოხევეები შიშობენ, რომ ხევის მართვაში ადგილობრივი თემის კიდევ უფრო დასუსტება, დაცული ტერიტორიების სააგენტოს გაზრდილი უფლებამოსილება და ეროვნული პარკისთვის დადგენილი რეგულაციები, ყაზბეგის მოსახლეობას საარსებო სივრცის გარეშე დატოვებს და მიგრაციას ხელს შეუწყობს. ათასამდე ადგილობრივმა ხელი მოაწერა პეტიციას, რომლითაც „დაცული ტერიტორიების შესახებ“ კანონში შესული ცვლილების მოქმედების შეჩერებას ითხოვენ.

საქართველოს პარლამენტმა „დაცული ტერიტორიების შესახებ“ კანონში ცვლილება 2018 წლის 27 დეკემბერს შეიტანა. საკანონმდებლო ცვლილებამდე ყაზბეგის ეროვნული პარკის ფართობი 9 030 ჰექტარი იყო. ცვლილების შემდეგ კი მისი ფართობი 69 174 ჰექტარით გაიზარდა და 78 204 ჰექტარი შეადგინა. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მთლიანი ფართობი 108 ათასი ჰექტარია.

მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში 3 795 ადამიანი ცხოვრობს, აქედან 1 345 დაბა სტეფანწმინდაში, დანარჩენი კი 24 სოფელში. ყაზბეგის 21 სოფელში არცერთი მცხოვრები აღარაა.

მოსახლეობის შემოსავლის მთავარი წყარო მესაქონლეობა და ტურიზმია. 2018 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 974 827 ვიზიტორი ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ყაზბეგის ეროვნული პარკი მესამე ადგილზეა.

დაცულ ტერიტორიაზე რეგულირებას ექვემდებარება: ვიზიტორთა დაშვება განსაზღვრულ ადგილებში; ნადირობა, თევზაობა, დაბანაკება, სავაჭრო და კომერციული საქმიანობა; შენობების, გზებისა და ნაგებობების მშენებლობა; ფიქლის ქვის მოგროვება და ა.შ. კონტროლდება ყველა სახის დაშვებული სამეურნეო და ტურისტულ-რეკრეაციული საქმიანობა.

15 მარტს, დაბა სტეფანწმინდაში შეკრებილი მოხევეები პროტესტს გამოთქვამდნენ, რომ მოსახლეობის ტრადიციულ სარგებლობაში არსებული მიწების (70%-ზე მეტი), დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის გადაცემის გამო, ისედაც მცირემიწიანი მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობა, შესაძლოა, საარსებო სივრცის გარეშე დარჩეს.

როგორ შეიძლება ეროვნული პარკის გაფართოებამ მოსახლეობის სოციალურ ეკონომიკური პირობები გააუარესოს? შეხვედრაზე ორი მთავარი საკითხი გამოიკვეთა: სააგენტოს მხრიდან ტურისტული სერვისების მონოპოლიზება და მიწის გასხვისების რისკები ისე, რომ არც თემს ჰკითხონ და არც მუნიციპალიტეტს.

„სააგენტოს უფლება აქვს დაცულ ტერიტორიებზე მოაწყოს ქოხები, კოტეჯები, აღჭურვილობა გააქირავოს, ტურისტებს ცხენებით და მანქანებით მომსახურება შესთავაზოს. კანონით აქვთ ამის უფლება. კერძო პირი ვერაფრით გაუწევს კონკურენციას სააგენტოს, რომელიც ამ ყველაფერს ან საბიუჯეტო თანხებით შეიძენს ან რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაცია გადასცემს“, - უთხრა „მთის ამბებს“ მოხევეთა საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ილია კაზალიკაშვილმა.

მიწის გასხვისების საფრთხეებს რაც შეეხება, ილია კაზალიკაშვილი 2018 წლის ბოლოს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ აუქციონს იხსენებს:

ხალხის ზურგს უკან აუქციონზე გაიტანეს ყაზბეგის ეროვნული პარკის 12 000 კვ.მ-ზე მეტი ტყის (ელიის ტყის) ფართი. 45 წლის ვადით ასხვისებდნენ და თემმა ამის შესახებ არაფერი ვიცოდით. მძაფრი პროტესტი რომ არა, დღეს ეს ტერიტორია კერძო პირისთვის იქნებოდა გადაცემული.

ყველამ გავიაზრეთ რა საფრთხეების წინაშეც ვდგავართ. მათ არ უნდა ჰქონდეთ უფლება, როცა მოუნდებათ, მიწა გაასხვისონ. ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის ინტერესები კანონში უნდა იყოს ასახული.

ხელისუფლება აღიარებს დაცული ტერიტორიების მმართველობის მხოლოდ ერთ ფორმას - მმართველობა სახელმწიფო მოხელის მიერ. დაცული ტერიტორიების მართვის საერთაშორისოდ აღიარებული, ყველაზე ძველი და დემოკრატიული ფორმა, რომელიც ზედმიწევნით შეესაბამება საქართველოს მთიან რეგიონებს და მათ შორის ხევს - მმართველობა მკვიდრი მოსახლეობისა და ადგილობრივი თემების მიერ - მთლიანად უგულვებელყოფილია. საუკეთესო შემთხვევაში მოსახლეობას უკვე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ მოგვეწოდება ინფორმაცია“.

ყაზბეგის ეროვნული პარკის განვითარების პროექტი, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) დაფინანსებით, რამდენიმე წლის განმავლობაში მზადდებოდა. სამოქალაქო აქტივისტი შოთა ბუჩუკური ამბობს, რომ მოხევეების დიდი სურვილის მიუხედავად, მთავრობამ არ გაითვალისწინა თემის ინტერესები - დაცული ტერიტორიების მართვაში მოსახლეობის მეტი ჩართულობა ყოფილიყო უზრუნველყოფილი:

პროექტის ინიციატორებს ეროვნული პარკის გაფართოების ძირითად მიზნად ორი არგუმენტი მოჰყავდათ: პირველი, რომ ეროვნული პარკი დაიცავდა ხევის უნიკალურ ბუნებას მავნე ინფრასტრუქტურული პროექტებისგან და მეორე, აღარ მოხდებოდა საზოგადო საკუთრებაში არსებული მიწის გასხვისება.

მთავარი, რისგანაც უნდა დავიცვათ ჩვენი ბუნება, ეს არის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ყაზბეგის მუნიციპალიტეტში 2011 წლიდან ხორციელდება. ვგულისხმობ ჰესებსა და მაღალი ძაბვის ხაზებს. ჰიდროენერგეტიკული ნაგებობები უშუალოდ ეროვნული პარკის ტერიტორიაზეც აშენდა, რამაც დაამახინჯა და გაანადგურა უნიკალური ლანდშაფტი. ვერცერთისგან ვერ დაგვიცვა დაცულმა ტერიტორიამ.

ბოლო წლებში ბევრი შემოტევა გვაქვს. არ გვინდა, კიდევ ერთი სახელმწიფო უწყება დაგვემატოს აქ, რომელიც გაატარებს ისეთ პოლიტიკას, რაც მომგებიანი და საინტერესო იქნება მხოლოდ მათთვის და არა ადგილობრივი მოსახლეობისთვის“.

„დაცული ტერიტორიების შესახებ კანონი ნაკლოვანია ძალიან. ნაკლებადაა მოწოდებული თავისი სტრუქტურითა და შინაარსით გარემოს დაცვისთვის. უფრო მეტად იქ ჩანს ასეთი რამ - ტურიზმის შეფარული განვითარება და ხელის წავლება, ტურიზმის მონოპოლიზაციაზეა მორგებული. თუ გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმაც ისე უპატრონონ ამ არემარეს, როგორც ჩვენი მამები და პაპეპი პატრონობდნენ, უნდა დავიბრუნოთ ეს უფლება, რომელიც ამ კანონით წაგვართვეს“, - მიმართა შეხვედრის მონაწილეებს ზაზა წიკლაურმა.

მანვე მოხევეებს ის რუკა აჩვენა, საიდანაც ჩანს, როგორ გაფართოვდა ყაზბეგის ეროვნული პარკი:

დაცული ტერიტორიების გარეთ მხოლოდ მდინარე თერგის რიყეა დატოვებული. ეგეც რისთვის? იმისთვის, რომ როგორც ვიცით, მანდ კიდევ ახალი ჰესების მშენებლობაა გადაწყვეტილი. მოსახლეობას რიყეც არ დაუტოვეს. თერგის და ყველა შენაკადის რიყე ენერგომაფიას აქვს წაღებული თავისი პროექტებისთვის.

დანარჩენი, რაც ენერგომაფიას გადაურჩა, ხევის თითქმის 80 % განკარგვაში გადაეცა ერთ-ერთ სახელმწიფო კანტორას. სხვა სიტყვას ვერ დავარქმევ დაცული ტერიტორიების სააგენტოს, რომელიც იმის ნაცვლად, რომ გარემოს იცავდეს, იქით გვიშლიდა ხელს და გვეწინააღმდეგებოდა, როცა, ჩვენ, მოხევეები ვცდილობდით გარემოს დაცვას. ეს იგივე ინტერესთა ჯგუფია, რომელიც ამ უწყებას არის ამოფარებული“.

მოხევეები გარემოს დაცვას საშურ საქმედ მიიჩნევენ. ზაზა წიკლაური საძოვრების ადგილმონაცვლეობაზე, ნადირობის დამზოგავ წესებზე, სხვა ტრადიციებსა და „ხატის ტყეებზე“ მიგვითითებს, რაც მისი თქმით, ადგილობრივ თემებში გარემოსადმი ადამიანის გონივრული დამოკიდებულებისა და ბუნებრივი რესურსების მომჭირნედ მოხმარების გამოცდილებაზე მეტყველებს.

შეხვედრაზე დისკუსია გასცდა დაცული ტერიტორიების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებას. მოხევეებმა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში თემის მეტი მონაწილეობა მოითხოვეს.

„მთელი მიწები ეკონომიკის სამინისტროს ჰქონდა წაღებული. ახლა გადაეცა გარემოს დაცვას. დანარჩენ მიწებსაც, ეკონომიკის სამინისტროს რა დროსაც დასჭირდება, ეგრევე ასხვისებს. არც თქვენ, ადგილობრივ ხელისუფლებას გეკითხებათ, არც ჩვენ. ვითხოვთ, რომ ყველაფერი იყოს ადგილობრივ მუნიციპალიტეტზე, ადგილობრივ ხალხთან შეთანხმებით მოხდეს. დარიალის ხეობიდან რომ შემოვიდეთ, მაქედან იწყება ჩვენი მიწის გასხვისება. გადაცემული აქვს 1 ლარად „ფერს“ (ჰესების მეპატრონე კომპანია), ეკლესიასაც კარგად აქვს წაღებული ჩვენი ტერიტორიები. ჩვენ გვინდა ხელშეუხებელი ბუნება, ეს არის თემის საერთო საკუთრება, რომელიც გვინდა, რომ თემის საკუთრებაში დარჩეს. თემმა უნდა გადავწყვიტოთ, ეს ტერიტორიები როგორ მოვიხმაროთ“, - აღნიშნა ლევან ალიბეგაშვილმა.

„ჩვენ, თემი თამაშგარე ვართ დარჩენილი, ვერცერთი გადაწყვეტილების მიღებაში ვერ ვმონაწილეობთ“;

„ყოველთვის ვიღაც, ვინმე სახელმწიფო მოხელე იღებს გადაწყვეტილებებს ჩვენი საარსებო სივრცისა და საარსებო პირობების შესახებ, ჩვენგან დაუკითხავად“.

მოხევეებმა ხელისუფლებას ვადა 30 მარტამდე მისცეს. „ვითხოვთ პარლამენტის თავმჯდომარესთან და პრეზიდენტთან ან მათ წარმომადგენლებთან შეხვედრას. კითხვებზე გაგვცენ პასუხი და შეაჩერონ ამ ცვლილების მოქმედება და მოსახლეობასთან ითანამშრომლონ“.

ამ თემაზე:

რას პასუხობს მოხევეებს დაცული ტერიტორიების სააგენტო - კონკურენციაში არ შევდივართ

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში