საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მთაში ცხოვრება დღეს არის უკეთესი, ვიდრე იყო მთის კანონის ამოქმედებამდე - მაია ცქიტიშვილი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:59 - 06 მარტი 2019 hits 9953

„ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ მთის კანონმა მაღალმთიან რეგიონებში კარდინალურად შეცვალა ვითარება, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაღალ მთაში ცხოვრება დღეს არის უკეთესი, ვიდრე იყო ამ კანონის ამოქმედებამდე. რამდენად დადებითი შედეგი ჰქონდა ამ კანონს, ვნახავთ მოსახლეობის შემდეგი აღწერის დროს“, - აცხადებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი „მთის ამბებთან“ ინტერვიუში.

კითხვაზე - მთის კანონმა, რომელიც მთელ რიგ დანამატებსა და შეღავათებს ითვალისწინებს მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებებში მცხოვრებთათვის, იქ რეგისტრირებული საწარმოებისთვის, რომლის საფუძველზეც 100 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა ბიუჯეტიდან, რა შეცვალა მაგალითად პირიქითა ხევსურეთში, თუშეთში, უკანაფშავში, არხოტში, გუდამაყრის ხეობასა და ზემო რაჭაში? მინისტრი პასუხობს:

„მთის კანონმა შეცვალა პირველ რიგში იმ ადამიანების ყოფა, რომლებიც მთაში ცხოვრობენ. ძალიან ბევრი ადამიანისთვის ეს სოციალური შეღავათი გახდა მიზეზი, რატომაც ამ ხალხმა მთა არ მიატოვა და ბარში არ გადმოსახლდა.

თქვენ იცით, რომ მთის კანონით დადგენილია დახმარება ახალშობილი ბავშვებისთვის.

ჩვენ გვყავს 7000-ზე მეტი ბავშვი, რომლებიც დაიბადნენ მაღალმთიან რეგიონებში მთის კანონის ამოქმედების შემდეგ. აღწერიდან აღწერამდე ზოგიერთი მთიანი რეგიონი დაახლოებით 39 %-ით რომ დაიცალა, იმიტომ ხდებოდა, რომ მათ არ ჰქონდათ არც ცხოვრების პირობები, არც არავინ უკომპესირებდა იმ დამატებით სირთულეებს, რაც რთული კლიმატური პირობების გამო ჰქონდათ.

მთის კანონის სოციალური შეღავათები პირველ რიგში ორიენტირებული იყო იმაზე, რომ ამ ადამიანების საცხოვრებელი პირობები, შემოსავლები ისეთ დონეზე მაინც ყოფილიყო უზრუნველყოფილი, რომ ეს საბაზისო საჭიროებები დაეკმაყოფილებინათ და რთულ პირობებში მათ ჰქონოდათ სტიმული, მთაში დარჩენილიყვნენ.

ჩვენ ასევე გვაქვს სტატისტიკა, მაგალითად დუშეთი მახსენდება. 900-ზე მეტმა ადამიანმა შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი და დარეგისტრირდა დუშეთში. ცოტა ხნის წინ ვიყავი შატილში, სადაც რამდენიმე ოჯახია, რომლებიც დაბრუნდნენ, ზამთარს იქ ატარებენ, ზოგი სახლსაც იშენებს.

კანონით გათვალისწინებულია დანამატები მასწავლებლებისთვისაც. ამ დანამატებმაც ასევე გამოიწვია ის, რომ ბევრი მასწავლებელი სხვა რეგიონიდან ბავშვებს ასწავლის მაღალ მთაში. ასეთი ტიპის დანამატები გაიცემა ექიმებზეც. ყველაფერმა ამან ერთიანობაში მოგვცა ის სურათი, რომ მთაში კვალიფიციური მასწავლებლის დამაგრება უფრო მარტივია. მეტიც, შესაძლებელი გახდა მისი ჩამოყვანა სხვადასხვა რეგიონიდან, ისევე როგორც ექიმის, სპორტის მასწავლებლის და ა.შ. ეს საშუალებას გვაძლევს, რომ იმ ადამიანებს, განსაკუთრებით ბავშვებს, რომლებიც მთაში იბადებიან ან იქ ცხოვრობენ, ის მინიმალური მაინც ჰქონდეთ, მაგრამ აუცილებელი პირობები, რომელიც მათ მანამდე შეიძლება არ ჰქონდათ“, - აღნიშნავს მაია ცქიტიშვილი.

მინისტრის განცხადებით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის განვითარებისთვის შემუშავდა ონის, ჭრებალოს, შოვისა და ამბროლაურის სივრცითი მოწყობის გეგმები, 2019-2020 წლებში იგეგმება მაღალმთიანი რეგიონების ინტერნეტიზაციაც:

„2018 წელს მთის გზების პროგრამა ვერ შევასრულეთ. ამის მიზეზი არის ის, რომ 2017 წლის დეკემბერში, მას შემდეგ რაც სამინისტროს ბიუჯეტი იქნა მიღებული 2018 წლისთვის, სამწუხაროდ, საპროექტო კომპანიისთვის მოხდა პროექტირების ვადის გადაწევა 2018 წლის ივლისისთვის. შესაბამისად, 2018 წელს ჩვენ ფიზიკურად ვერ შევასრულებდით სამუშაოებს, მაშინ როდესაც საპროექტო კომპანიას დოკუმენტაცია ივლისში უნდა ჩაებარებინა, რის საფუძველზეც გავაკეთებდით მერე გზას. საჩხერე-რაჭის გზის გარკვეულ მონაკვეთებზე, დაახლოებით 10-15 კილომეტრ მონაკვეთებზე სამუშაოები მიმდინარეობს. წელს უკვე გამოცხადებულია ტენდერები და ზოგან გამარჯვებულიც არის გამოვლენილი. მთლიანობაში 51 კილომეტრიანი გზაა. სამუშაოები ეტაპობრივად, სეზონის დადგომასთან ერთად დაიწყება და თუ არ ვცდები 2021 წელს ეს გზა დასრულდება“.

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონი საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის 16 ივლისს მიიღო, რომელიც ძალაში ეტაპობრივად შევიდა. მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლებში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეებისთვის გაიზარდა პენსიისა და საარსებო შემწეობის ოდენობა, სახელფასო დანამატები დაუწესდათ ექიმებს, ექთნებს და საჯარო სკოლების მასწავლებლებს, ახალდაბადებულ ბავშვზე 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურად გაიცემა ფულადი დახმარება არანაკლებ 100 ლარის ოდენობით, ხოლო მესამე და ყოველ შემდგომ ბავშვზე - 2 წლის განმავლობაში არანაკლებ 200 ლარი.

საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრაზე შეღავათები იქნა შემოღებული საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებული პირებისთვის, რომლებსაც ჰყავთ არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილები.

მაღალმთიანი საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები 10 წლით გათავისუფლდნენ საშემოსავლო გადასახადის, იურიდიული პირები კი მოგების გადასახადისგან.

ამ თემაზე:

როგორ მივიღოთ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუს

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში