საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

როგორ მივიღოთ მაღალმთიანი საწარმოს სტატუსი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

11:13 - 05 იანვარი 2017 hits 16399

რას ნიშნავს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი და ვის შეიძლება მიენიჭოს? ვის უნდა მიმართოს მეწარმემ სტატუსის მისაღებად და როგორი ფორმით? რა სახის საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონი და როდიდან? გთავაზობთ საკანონმდებლო სიახლეების მიმოხილვას.

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი და „მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების, შეჩერებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბრის №633 დადგენილება ითვალისწინებს მაღალმთიან დასახლების საწარმოს სპეციალურ სტატუსს, რომლის საფუძველზეც ამ სტატუსის მქონე სამეწარმეო სუბიექტები თავისუფლდებიან საშემოსავლო, მოგების და ქონების გადასახადით დაბეგვრისაგან.

რას ნიშნავს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი?

ეს სტატუსი არის სამეწარმეო იურიდიული პირის ან მეწარმე ფიზიკური პირის სამართლებრივი მდგომარეობა, რომლის გამოც იგი ექვემდებარება კანონმდებლობით განსაზღვრულ სპეციალურ სამართლებრივ რეჟიმს და მასზე ვრცელდება საგადასახადო კოდექსით დადგენილი შეღავათები.

ვის შეიძლება მიენიჭოს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი?

სტატუსი ენიჭება მეწარმე სუბიექტს, რომელიც სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებს მხოლოდ შესაბამისი მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე. ეს ვალდებულება ძალაში რჩება სტატუსის მინიჭების შემდეგაც.

ვის უნდა მიმართოს მეწარმემ სტატუსის მისაღებად და როგორი ფორმით?

სტატუსის მისაღებად დაინტერესებული  პირი განცხადებით (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით) მიმართავს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს (წერილობით ან ელექტრონული ფორმით).

განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) პირის სარეგისტრაციო მონაცემებს (საიდენტიფიკაციო  ნომერი, სახელწოდება, მისამართი);

ბ) საქმიანობის მოკლე აღწერას (მათ შორის, საქმიანობის სახე და განხორციელების ადგილი).

საჭიროების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია.

რამდენ ხანში ხდება განცხადების განხილვა და რა სახის გადაწყვეტილება შეიძლება იქნეს მიღებული შემოსავლების სამსახურის მიერ?

შემოსავლების სამსახური ვალდებულია, განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 60 დღის ვადაში:

ა) განცხადება თანდართულ მასალებთან ერთად წარუდგინოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილვის მიზნით;

ბ) უარი თქვას განცხადების ფინანსთა სამინისტროსათვის წარდგენაზე, რის შესახებაც წერილობით აცნობებს განმცხადებელს.

თუ განცხადება წარდგენილია არასრულყოფილი სახით, შემოსავლების სამსახური ამის შესახებ წერილობით მიუთითებს მეწარმეს და აძლევს გონივრულ ვადას ხარვეზის შევსებისთვის.

შემოსავლების სამსახური ფინანსთა სამინისტროს არ წარუდგენს განცხადებას, თუ:

ა) მეწარმე სუბიექტი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

ბ) მეწარმე სუბიექტის განცხადება არ აკმაყოფილებს საჭირო მოთხოვნებს და ხარვეზი არ იქნა აღმოფხვრილი დადგენილ ვადაში.

რომელი სახელმწიფო ორგანო ანიჭებს მაღალმთიანი საწარმოს სტატუსს და რა ფორმით?

მეწარმე სუბიექტს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსს ანიჭებს საქართველოს მთავრობა, ფინანსთა სამინისტროს წარდგინებით.

სტატუსის მინიჭების შესახებ მთავრობა გამოსცემს განკარგულებას. სტატუსი მინიჭებულად ჩაითვლება სტატუსის მინიჭების შესახებ განკარგულების გამოცემის კალენდარული წლის დასაწყისიდან.

საქართველოს მთავრობის განკარგულება ეგზავნება შესაბამის მეწარმე სუბიექტსა და შემოსავლების სამსახურს.

ვის არ შეიძლება მიენიჭოს სტატუსი?

მეწარმე სუბიექტს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი არ მიენიჭება ან ეს სტატუსი შეიძლება შეუწყდეს, თუ იგი ახორციელებს:

ა) ლიცენზიის ან ნებართვის გაცემისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობას;

ბ) მომსახურების (გარდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მომსახურებისა) გაწევას;

გ) საქონლით ვაჭრობას, გარდა მთავრობის მიერ დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა, აგრეთვე იმ შემთხვევისა, როდესაც ხორციელდება საქონლის გადამუშავება და მიწოდება.

მთავრობა უფლებამოსილია განსაზღვროს აღნიშნული სახის ეკონომიკური საქმიანობის ის ფორმები, რომლებზედაც გავრცელდება საგადასახადო შეღავათი. საქმიანობის სახეების განსაზღვრა უნდა მოხდეს მთის განვითარების ეროვნული საბჭოს წარდგინების საფუძველზე, რომელიც არის მთავრობის სათათბირო ორგანო.

რა შემთხვევებში ხდება სტატუსის შეჩერება?

სტატუსის შეჩერების მოთხოვნით შემოსავლების სამსახურს შესაბამისი განცხადებით (წერილობით ან ელექტრონული ფორმით) მიმართავს მეწარმე სუბიექტი, თუ იგი გეგმავს შეაჩეროს ან დროებით შეჩერებული აქვს ეკონომიკური საქმიანობა.

შემოსავლების სამსახური განცხადებას წარუდგენს ფინანსთა სამინისტროს, მთავრობის სხდომაზე განხილვის მიზნით.

სტატუსის შეჩერება ხდება საქართველოს მთავრობის მიერ, რომელიც გამოსცემს განკარგულებას. სტატუსი შეჩერებულად ითვლება აღნიშნული განკარგულების გამოცემის კალენდარული წლის დასაწყისიდან.

საქართველოს მთავრობის განკარგულება ეგზავნებათ შესაბამის მეწარმე სუბიექტსა და შემოსავლების სამსახურს.

ეკონომიკური საქმიანობის განახლების შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტი, სტატუსის აღდგენის მიზნით, უფლებამოსილია მიმართოს შემოსავლების სამსახურს შესაბამისი განცხადებით. შეჩერებული სტატუსის აღდგენა ხორციელდება ასეთი სტატუსის მინიჭებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.

რა შემთხვევაში ხდება სტატუსის შეწყვეტა?

მეწარმე სუბიექტს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი უწყდება:           

ა) შემოსავლების სამსახურის ინიციატივით, - მეწარმე სუბიექტის მიერ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით და მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბრის №633 დადგენილებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში. ასეთ დროს შემოსავლების სამსახური არა უგვიანეს 60 დღის ვადაში შესაბამის მასალებს წარუდგენს სამინისტროს, საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილვის მიზნით.  

ბ) მეწარმე სუბიექტის  ინიციატივით, - თუ მას აღარ სურს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს  სტატუსით სარგებლობა ან შეიცვალა ის ფაქტობრივი გარემოება, რის საფუძველზეც მინიჭებული ჰქონდა ეს სტატუსი.

სტატუსის შეწყვეტა ხორციელდება საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფინანსთა სამინისტროს წარდგინების საფუძველზე. სტატუსი შეწყვეტილად ითვლება შეწყვეტის  საფუძვლის წარმოშობის კალენდარული წლის დასაწყისიდან.

საქართველოს მთავრობის განკარგულება ეგზავნება  შესაბამის მეწარმე სუბიექტსა და  შემოსავლების სამსახურს.

რა სახის საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს კანონი და როდიდან?

2016 წლის 1 იანვრიდან მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმე სუბიექტები სარგებლობენ საგადასახადო კოდექსით დადგენილი შემდეგი სახის შეღავათებით:

ა) საშემოსავლო გადასახადისაგან თავისუფლდება:

- სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ ამავე საწარმოს სტატუსის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობით მიღებული შემოსავალი - სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში (სტატუსის მინიჭების კალენდარული წლის ჩათვლით).

ბ) მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება:

საწარმოს (იურიდიული პირის) მიერ ამავე მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით მიღებული მოგება - შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში (სტატუსის მინიჭების კალენდარული წლის ჩათვლით).

გ) ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება:

მაღალმთიანი დასახლების საწარმოს საკუთრებაში არსებული, ამავე მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე ქონება - შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში (სტატუსის მინიჭების კალენდარული წლის ჩათვლით).

ამასთან, ეს შეღავათი არ ვრცელდება საწარმოს მიერ იჯარით, უზუფრუქტით, ქირავნობით ან სხვა ამგვარი ფორმით სხვისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთზე (ამ მიწის ნაკვეთის სარგებლობაში გადაცემულ ნაწილზე).

ამ თემაზე:

როგორ მივიღოთ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი

რა დანამატები გაიცემა მთაში მუდმივად მცხოვრებ პირებზე

გელა შაშიაშვილი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის ანალიტიკოსი, საჯარო მმართველობის მონიტორინგისა და ადამიანის უფლებების მიმართულების ხელმძღვანელი. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში