საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

რა დანამატები გაიცემა მთაში მუდმივად მცხოვრებ პირებზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:23 - 17 ივნისი 2016 hits 16627

2016 წლის 1 სექტემბრიდან მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეებზე და ზოგიერთ დაწესებულებაში დასაქმებულ პირებზე სპეციალური დანამატები გაიცემა. ამ დანამატების გაცემა საქართველოს მთავრობის სხვადასხვა დადგენილებებით დამტკიცებული სპეციალური წესით ხორციელდება.

გთავაზობთ ამ წესების ძირითად დებულებებს კითხვა-პასუხის ფორმით.

- ვინ არიან დანამატის მიმღები პირები და რამდენს შეადგენს დანამატის ოდენობა?

- დანამატის მიღების უფლება აქვთ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ სახელმწიფო პენსიის მიმღები პირებს (დანიშნული პენსიის 20 %-ის ოდენობით) და სოციალური პაკეტის მიმღებ პირებს (დანიშნული სოციალური შემწეობის 20 %-ის ოდენობით). დანამატი არ დაენიშნებათ პირებს, რომლებიც იღებენ სახელმწიფო კომპენსაციას (ყოფილი პოლიციელები, პროკურორები, მოსამართლეები, პარლამენტის წევრები და ა.შ.).

- რა მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს დანამატის მაძიებელი პირი?

- იმისათვის, რომ პირს დაენიშნოს დანამატი, მას აუცილებლად მინიჭებული ჰქონდეს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი და აღრიცხული იყოს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარმოებულ რეესტრში.

- ვის უნდა მივმართოთ დანამატის დანიშვნის თაობაზე და რა ფორმით, როგორი წესით ხდება დანამატის დანიშვნა?

- მაღალმთიანი დასახლებებში მცხოვრებ პირებისთვის დანამატის მისაღებად ადმინისტრაციული ორგანოსთვის სპეციალური განცხადებით მიმართვა აუცილებელი არ არის. სახელმწიფო პენსიაზე და სოციალურ პაკეტზე გათვალისწინებული 20 %-ანი დანამატები ინიშნება გამარტივებული წესით. კერძოდ, დანამატების დანიშვნა ხდება ავტომატურ რეჟიმში - სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ წარმოებული მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრის მონაცემების მიხედვით. ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემები მიეწოდება სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომელიც ამ ინფორმაციის საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებებს დანამატების დანიშვნის, გაცემის, შეჩერების და შეწყვეტის თაობაზე.  დანამატის დანიშვნა და გაცემა განხორციელდება რეესტრში შესაბამისი ინფორმაციის ასახვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. დანამატის მიღება ხორციელდება პენსიასთან/სოციალურ პაკეტთან ერთად.

- რა შემთხვევაში შეიძლება დანამატის გაცემის შეჩერება ან შეწყვეტა?

- პირს დანამატი ავტომატურად შეუჩერდება ან შეუწყდება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის შეჩერების ან შეწყვეტის, აგრეთვე პენსიის ან სოციალური პაკეტის შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევებში.

- რა კატეგორიის სამედიცინო პერსონალზე გავრცელდება დანამატები?

ა) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ და მის მართვაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულ სამედიცინო პერსონალზე (ექიმი, ექთანი), რომლის შრომა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურდება;

ბ) მაღალმთიან დასახლებებში „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის – „პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“ კომპონენტის ფარგლებში,  შესაბამისი მიმწოდებლები (სოფლის ექიმი, სოფლის ექთანი);

გ) სსიპ – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში მაღალმთიან დასახლებაში მომუშავე სამედიცინო პერსონალზე (ექიმი, ექთანი).

- რამდენს შეადგენს სამედიცინო პერსონალის დანამატის ოდენობა?

- მაღალმთიან დასახლებებში დასაქმებული ექიმის/სოფლის ექიმის დანამატის ოდენობა შეადგენს თვეში 360 ლარს, ექთნის/სოფლის ექთნის - თვეში 180 ლარს.

- თუ ექიმი ან ექთანი ერთდროულად მუშაობს ორ ან მეტ ადგილზე, მიეცემა მას თუ არა გაზრდილი დანამატი?

- არა. სამედიცინო პერსონალზე (ექიმი/ექთანი) გაიცემა ერთი დანამატი, მიუხედავად მაღალმთიან დასახლებაში მდებარე რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში ან რამდენიმე საშტატო ერთეულზე მისი დასაქმებისა.

- თუ ექიმი/ექთანი იმავდროულად არის პენსიონერი ან სოციალური პაკეტის მიმღები, მიეცემა თუ არა მას ორივე სახის დანამატი?

- არა. ასეთ შემთხვევაში გაიცემა მხოლოდ მაღალმთიან დასახლებაში მომუშავე ექიმის/ექთნისათვის განსაზღვრული დანამატი.  

- რა შეღავათებია გათვალისწინებული საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგებისთვის?

- 2016 წლის 1 სექტემბრიდან მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო სკოლის მასწავლებელს მიეცემა დანამატი საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 35 %-ის ოდენობით; ასევე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელს დანამატის სახით მიეცემა შრომის ანაზღაურების არანაკლებ 35 %.

- რა სახის ფინანსური დახმარება ენიშნებათ სპორტის სფეროში დასაქმებულ მწვრთნელებს?

მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელებს დაენიშნებათ ფინანსური დახმარება თვეში 50 ლარის ოდენობით, ხოლო მწვრთნელის კვალიფიკაციის ანდა მისი აღსაზრდელების სპორტული მიღწევების შესაბამისად, ფინანსური დახმარების ოდენობა კიდევ გაიზრდება 10 ან 20 ლარით. ამასთან, ფინანსური დახმარება დაენიშნებათ იმ პირებს, რომლებიც მაღალმთიან დასახლებაში სამწვრთნელო საქმიანობას ეწევიან არანაკლებ ბოლო 3 წლის განმავლობაში.

- როდიდან ამოქმედდება ელექტროენერგიის ხარჯებთან დაკავშირებული შეღავათები და  კერძოდ რას მოიცავს იგი?

- 2017 წლის 1 იანვრიდან მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრების სტატუსის მქონე ფიზიკური პირების აბონენტებად იდენტიფიცირება სსიპ სახელმწიფო სერვესების განვითარების სააგენტოს სპეციალურ რეესტრში მითითებული გვარებისა და პირადი ნომრების საფუძველზე მოხდება. აბონენტებს, რომლებიც თვეში მოიხმარენ 100 კვტ.სთ ან უფრო ნაკლებ ელექტროენერგიას, მისი საფასურის 50 % სახელმწიფო ბიუჯეტიდან აუნაზღაურდებათ.

- რა სახის საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს კანონი და როდიდან?

2016 წლის 1 იანვრიდან მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირები და მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმე სუბიექტები ისარგებლებენ საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი შეღავათებით. კერძოდ,

ა) საშემოსავლო გადასახადისაგან თავისუფლდება:

- მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები მრავალშვილიანი პირის (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის სამი ან სამზე მეტი შვილი) მიერ აღნიშნულ მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან კალენდარული წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ ერთ ან ორშვილიან პირს (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის ერთი ან ორი შვილი) აღნიშნულ მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან კალენდარული წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებულ 3000 ლარამდე დასაბეგრ შემოსავალზე გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი 50 პროცენტით უმცირდება;

- ამავე მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული 6000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი, გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციიდან ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა;

- მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ ამავე საწარმოს სტატუსის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობით მიღებული შემოსავალი - შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში (სტატუსის მინიჭების კალენდარული წლის ჩათვლით).

ბ) მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება:

მაღალმთიანი დასახლების საწარმოს მიერ ამავე მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით მიღებული მოგება - შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში (სტატუსის მინიჭების კალენდარული წლის ჩათვლით).

გ) ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება:

- მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის საკუთრებაში არსებული, ამავე მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთი;
- მაღალმთიანი დასახლების საწარმოს საკუთრებაში არსებული, ამავე მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე ქონება - შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში (სტატუსის მინიჭების კალენდარული წლის ჩათვლით).

გელა შაშიაშვილი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის ანალიტიკოსი, საჯარო მმართველობის მონიტორინგისა და ადამიანის უფლებების მიმართულების ხელმძღვანელი. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში