საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

რატომ ითხოვენ პანკისი - თუშეთის გზის მშენებლობას

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:37 - 02 მარტი 2019 hits 16859

რა სარგებელს მისცემდა თუშეთთან დამაკავშირებელი ახალი გზა პანკისის ხეობას, თუშეთის წოვათის ხეობას, რომლის 7 სოფლიდან არცერთი აღარ არის დასახლებული და მთლიანად თუშეთს? რას ფიქრობენ პროექტის ჩავარდნის შესახებ, გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე თუშეთის და პანკისის სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რას ითხოვენ ისინი ხელისუფლებისგან?

პანკისი-თუშეთის გზის მშენებლობის პროექტი იყო პანკისის სათემო რადიო WAY-ს გადაცემა „მე და სახელმწიფოს“ თემა. გადაცემაში პანკისის უხუცესთა კავშირის და თუშების სათემო საბჭოს ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.

ირაკლი უჯირაული, თუშების სათემო საბჭოს წევრი: პანკისი-თუშეთის გზის მშენებლობის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო თუშეთისთვის და მეტსაც ვიტყვი, მთელი საქარველოსთვის. თუშეთი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეროვნული პარკია და მასთან წვდომის გაიოლება და იქ მოხვედრის პერიოდის გაზრდა, მთლიანად საქართველოს წაადგებოდა.

ტურისტები ამბობენ, რომ ერთი გზით ასვლის შემდეგ, უკან დაბრუნებისას აღარ არის იგივე გზა საინტერესო. მათთვის საინტერესოა ახალი სანახაობით დატვირთული გზით დაბრუნდნენ უკან.

წოვათის ხეობაზე როცა ვსაუბრობთ, იქ მოსახლეობა ვერ მკვიდრდება, ჯერ კიდევ ვერ ადის იმის გამო, რომ პრაქტიკულად 80-იანი წლებიდან, როცა თუშეთში გზა შევიდა, წოვათის ხეობა რატომღაც გზის გარეშე დარჩა და ახლაც არ არის გზა.

მოგვიანებით რაც გაჭრეს, ისეთ მდგომარეობაშია, რომ შეუძლებელს ხდის რაიმე პროექტის განხორციელებას, ასვლას, დაბინავებას, დამკვიდრებას. ხაზგასმა წოვათის ხეობაზე არასწორია. ეს გზა პანკის-ხადორის ხეობებიდან ადის თუშეთის გომეწრის ხეობაში. წოვათის სოფლებს კიდევ სხვა გზა სჭირდება, რომ ეს სიკეთე იქამდე მივიდეს.

თუშეთის მომავალი არის არამხოლოდ ტურიზმში, არის აგრეთვე სოფლის მეურნეობაშიც, ტრადიციული სოფლის მეურნეობაში, მეცხვარეობაში, მომთაბარე მესაქონლეობაში, რომელიც დღეს საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. საძოვრების სიმცირის გამო, ხშირად ხდება ხოლმე ძოვება სოფლებში, ნასოფლარებში, სოფლების მიმდებარე ტერიტორიაზე, რაც აზიანებს, ეროზიულ კერებს აჩენს და ძალიან ცუდ მდგომარეობაში აყენებს იმ ადგილებს, ისტორიულ ძეგლებს.

დღეს თუ ხვალ აუცილებლად დადგება საკითხი, რომ მეცხვარეები გავიდნენ სოფლებიდან, ახლომდებარე ტერიტორიიდან. ტრადიციულად თუშეთში სოფლის ახლომახლო არ უნდა ყოფილიყო მესაქონლეობის ფერმა.

წოვათის ხეობაში, ალაზნისთავში საუკეთესო პირობები გვაქვს, სადაც ზაფხულობით ათი ათასობით ცხვარი იყო. ეს სივრცე დღეს ასათვისებელია მარტივი მიზეზის გამო: მესაქონლე, მეძროხე ან მეცხვარე იქ რომ ავიდეს, ვერ მოახერხებს დაგროვილი დოვლათის კახეთში ჩამოტანას, რადგან სამანქანო გზა არ არის.

პანკისი-თუშეთის გზის პროექტი, რომლის განხორციელებაც იყო დაგეგმილი, ძალიან მნიშვნელოვანია - ავიდოდა ალაზნის თავში და შემდეგ გადავიდოდა ნასოფლარ შავწყალასთან, რაც მოგვცემდა საშუალებას, რომ განგვეტვირთა თუშეთის სოფლები, ტურისტულად უფრო მიმზიდველი გაგვეხადა ეს ადგილები. ახალი გზა რამდენიმე თვით მაინც გაზრდიდა თუშეთში ყოფნის ხანგრძლივობას. ამით ყველა იხეირებდა.

არა მგონია, რომ ბატონ გიორგი კვირიკაშვილს, როდესაც ეს იდეა გააჟღერა, მიახლოებით მაინც არ ჰქონოდა გათვლილი, რა ხარჯებთან იქნებოდა ამ გზის მშენებლობა დაკავშირებული და როგორ უნდა განხორციელებულიყო ეს პროექტი. დღეს, ახალი პრემიერის პირობებში, გამოდის გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე და გვეუბნება, თურმე ტექნიკურ გადაწყვეტას ვერ პოულობენ, რომ ეს გზა გავიდეს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ასეთი პოზიცია, რომ ეს პროექტი ჩავარდა, იმპერატიულ ტონში, გარკვეულწილად ხურავს დიალოგის ფანჯარას. თუმცა, ჩვენ ჩამოვყალიბდებით მოქმედების სტრატეგიაზე. ჩვენი თემი ამ გზით სისხლხორცეულად არის დაინტერესებული და მიგვაჩნია, რომ ეს გზა მთელი თუშეთისთვის არის აუცილებელი. არასწორია რაიმე ტაშფანდური ამ გზის ჩავარდნასთან დაკავშირებით.

ლევან დურმიშხანიძე, თუშების სათემო საბჭოს თავმჯდომარე: ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ, სადაც გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ პანკისი-თუშეთის გზის მშენებლობის პროექტის განხორციელება ტექნიკურად შეუძლებელია, ჩვენ ვესაუბრეთ იმ კომპანიის მთავარ ინჟინერს, მიხეილ კეჭაყმაძეს, რომელმაც ეს გზა დააპროექტა. მან გვითხრა, რომ რამდენიმე თვის წინ, გზების დეპარტამენტმა დაიწუნა ეს პროექტი, დააბრუნეს უკან გარკვეული შენიშვნებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იქ ტექნიკური გადაწყვეტა ვერ ხერხდება. შესწორებული პროექტი ახლა ჩაბარებულია. კეჭაყმაძემ განგვიმარტა, რომ პროექტის ჩაბარების შემდეგ, წესით, დამკვეთი და შემსრულებელი უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს და განეხილათ შესწორებული პროექტი, რაც არ მომხდარა. შემსრულებელ კომპანიასაც არ მიეცა შესაძლებლობა თავისი პროექტი დაეცვა. გაოცებულები არიან, რატომ მოხდა ასე და რატომ ამბობს დეპარტამენტი უარს ამ პროექტზე. მათ გვითხრეს, რომ ის სტანდარტები, რომლებიც იყო მოთხოვნილი გზების დეპარტამენტის მხრიდან, დაკმაყოფილებულია. გზის სიგანეს რაც შეეხება, რაზეც ინტერვიუში ბატონი ქარსელაძე აპელირებს, პროექტით შეთავაზებული ყოფილა 6 მეტრის სიგანის გზა და ეს სრულიად საკმარისია. გაურკვეველი და ჩვენთვის ძალიან გაუგებარი სიტუაციაა. ვწუხვართ, რომ თუშებს შორის მოხდა დაპირისპირება ამ პროექტის გამო, რომელსაც საბოლოო ჯამში თურმე არ ეწერა განხორციელება. ასევე, ვწუხვართ იმის გამოც, რომ თითქმის ტრადიციად იქცა, ხელისუფალი დაგეგმავს, დააანონსებს ან დაიწყებს რაიმეს, ქვეყნისთვის სასარგებლო პროექტს და შემდეგი ხელისუფალი ამაზე უარს ამბობს.

ხასო ხანგოშვილი, პანკისის უხუცესთა კავშირის წევრი: გასული წლის ნოემბერში, როცა უხუცესთა კავშირის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს შევხვდით, ჩვენ დავაყენეთ ეს საკითხი და ვთქვით, რომ პანკისის გავლით ეს გზა ხეობას ჩიხური სიტუაციიდან გამოიყვანდა. პრემიერთან საუბარშიც გამოიკვეთა, რომ ჩიხური სიტუაციიდან პანკისის გამოყვანის გამოსავალი სწორედ ეს გზა იყო. ბატონი ბახტაძისგან ჩვენ დადებითი პასუხი მივიღეთ.

რამდენადაც ყოფილი მონადირე ვარ, კარგად ვიცნობ იმ ადგილებს, სადაც ამ გზას უნდა გაევლო, მეცხვარეებიც გამოვკითხეთ. არ გამოიკვეთა ისეთი პრობლემური ადგილი, რომ გზის გაყვანა შეუძლებელი იყოს.

ჩვენ არანაირი სურვილი არ გვაქვს, რომ თუშეთის არსებული გზის ფუნქციონირება რამენაირად შეიზღუდოს. ჩვენს მიზანს ამ გზისთვის პრობლემების შექმნა არ წარმოადგენს. ჩვენ გვაინტერესებს ის, რაც დაგეგმილი იყო პანკისის ხეობის გავლით, ყველაზე მოკლე გზა თუშეთისკენ, რაც წაადგებოდა პანკისსაც და თუშეთსაც. ტურისტი ერთი გზით ავიდოდა და მეორე გზით ჩამოვიდოდა.

ჩემი ღრმა რწმენით, ეს გზა აუცილებელია იმისათვისაც, რომ ჩვენი საზღვარი დავიცვათ, ჩვენს ჩრდილოეთ საზღვარს მივუახლოვდეთ. ღმერთმა დაგვიფაროს ამის საჭიროება დადგეს, მაგრამ ზურგით ხომ ვერ გადაიტან ტექნიკას? ესეც უნდა გაითვალისწინოს, ვინც ხელმძღვანელობს ამ საკითხებს.

უხუცესთა კავშირმა წერილობით მივმართეთ პრემიერ-მინისტრს, ასევე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ეთნიკური ნიშნით ხომ არ ხდება, რომ ეს პროექტი ჩააგდეს. ქისტებზე ბევრი არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს, ვინც წინააღმდეგია პანკისის ხეობის გავლით ამ გზის გაყვანისა. ამ ცნობებმა ზეგავლენა ხომ არ მოახდინა და ამიტომაც ხომ არ შეაჩერეს?

ზაურ გუმაშვილი, პანკისის უხუცესთა კავშირის თავმჯდომარე: არსებული გზით, სოფელ ფშაველიდან ომალომდე მანძილი 72 კილომეტრია. რაც შეეხება პანკისის ხეობაზე გასაყვან გზას, ხადორიდან ომალომდე დაახლოებით 34 კილომეტრია. 2-ჯერ ნაკლები იქნებოდა გზის სიგრძე.

ჩვენ მას პანკისის სიცოცხლის გზა დავარქვით, რადგანაც ეს იქნებოდა პანკისისთვის ახალი სიცოცხლის გახსნა. ჩიხურ მდგომარეობაში მყოფი ხეობისთვის, რომელზეც უკანასკნელ პერიოდში ძალიან ბევრს საუბრობენ, რომ უამრავი პრობლემაა.

როდესაც სახელმწიფო დაინტერესებულია პანკისის პრობლემის მოგვარების გზების ძიებით, ამ პრობლემის გადაწყვეტის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო საშუალება იქნებოდა ამ გზის გაყვანა, რომელიც უდიდეს პერსპექტივას შეუქმნიდა პანკისის ხეობის მცხოვრებლებსაც.

ამ პროექტის ჩავარდნა არის უდიდესი დარტყმა პანკისის ხეობის მოსახლეობისთვის, რადგანაც განვითარების, პროგრესის ყველანაირი პერსპექტივა შეჩერებულ იქნა. პროექტის ჩავარდნის მესვეურებს მინდა ვუთხრა, რომ მათ ფაქტობრივად გაწირეს ეს მოსახლეობა.

არანაირი წინაღობა გზების გაყვანის თვალსაზრისით არ არსებობს. ნებაა საჭირო იმისთვის, რომ ეს გზა გაიჭრას.

რაც შეეხება გარემოსდაცვითი ორგანიზაციების პროტესტს და მოთხოვნას, რომ ეს გზა არ გაიყვანონ, მე მიმაჩნია, რომ პანკისის ხეობიდან ამ გზის გაჭრა გეოლოგიური ან გარემოსდაცვითი კუთხით, რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებებს არ გამოიწვევს. ვერტმფრენებით ტურისტები ვერ ივლიან, ყველას ამისი შესაძლებლობა არა აქვს, ყველას არც ფეხით და ცხენებით გადაადგილება შეუძლია. თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ბუნებრივი სიმდიდრე სხვებმაც ნახონ და ამით ჩვენც, მოსახლეობამაც მივიღოთ სარგებელი, ცხადია გზა უნდა იყოს გაყვანილი, მითუფრო ამ გზას ძირითადად ხევებზე უნდა გაევლო.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში