საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

დაპირისპირება თუშებს შორის ახალი გზის პროექტის გამო

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

20:49 - 20 თებერვალი 2018 hits 20258

თუშეთთან დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო გზის მშენებლობის საკითხი თუშებს შორის დაპირისპირების საგანი გახდა. ქვემო ალვანის მოსახლეობა პანკისისა და ხადორის ხეობების გავლით ახალი გზის მშენებლობის წინააღმდეგია. ისინი არსებული გზის რეაბილიტაციას ითხოვენ, ზემო ალვანის მცხოვრებლები კი მთავრობის ინიციატივას მხარს უჭერენ.

ახმეტაში დღეს ძიბახევი-ხადორის ხეობის 6 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია/მშენებლობის პროექტის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის (გზშ) საჯარო განხილვა გაიმართა. საავტომობილო გზების დეპარტამენტი აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაციას იმ მიზნით გეგმავს, რომ სწორედ აქედან დაიწყება თუშეთთან დამაკავშირებელი ახალი გზა, რომელიც გაივლის ხადორის ხეობას და თუშეთში, შავწყალას ტერიტორიაზე გავა.

ამჟამად თუშეთთან ერთადერთი საავტომობილო გზა გვაქვს, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველიდან იწყება და მდინარე სტორის ხეობის გავლით, აბანოს უღელტეხილზე, ზღვის დონიდან 2950 მეტრზე გადის. გზის სიგრძე 72 კილომეტრია, თუმცა ამ გზის გავლას მაღალი გამავლობის მანქანით, დაახლოებით 4 საათი სჭირდება. თუშეთის გზა ერთ-ერთი ყველაზე რთული სატრანსპორტო მონაკვეთია საქართველოში. ამასთან, აბანოს უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო გზა ოქტომბრის ბოლოდან მაისის შუა რიცხვებამდე დაკეტილია.

სტატისტიკური მონაცემებით, რომელსაც დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია ითვლის, 2016 წელს თუშეთს 14 ათასამდე ვიზიტორი ეწვია. საოჯახო სასტუმროები და სხვა ტურისტული სერვისები ძირითადად სოფელ ომალოშია განვითარებული. ომალო თუშეთის ადმინისტრაციული ცენტრია, საიდანაც შენაქოსა და დიკლოსკენ, გომეწრის და პირიქითის ხეობებისკენ მიმავალი გზები იშლება.

თუშეთის ახალი გზა, რომლის აშენებასაც გზების დეპარტამენტი 2020 წლის ბოლომდე გეგმავს, ომალოს ნაცვლად, გომეწრის ხეობაში, სოფელ ვერხოვანთან შევა. თუშები, ვისაც ომალოსა და მიმდებარე სოფლებში ტურისტული ბიზნესი აქვს, საფრთხეს ხედავენ რომ დაზარალდებიან.

"ჩვენ გარეშე თუშეთის განვითარებაზე ნუ იფიქრებთ. ჩვენც ვიცით როგორ უნდა შევინახოთ ჩვენი ტერიტორია. ამდენი ბიზნესი წამოიწყეს თუშებმა, ცხენები გაამრავლეს, ჯიპები იყიდეს, სასტუმროები ააშენეს, მეორე გზა ამ საქმეს თუშებს სულ წაართმევს", - აღნიშნა საჯარო განხილვისას ქვემო ალვანში მცხოვრებმა არდალიონ ხააძემ.

"ეგ არის ზუსტად თქვენი კუჭისტკივილი. წოვათაში რვა ნასოფლარია გაპარტახებული. არ სჭირდება იმას აღორძინება? შემოდგომაზე მეცხვარეები ცხვარს რომ გაპარსავენ, მატყლს წოვათაში ტოვებენ, გზა არ არის, ვერ ჩამოაქვთ. ჩვენი თემის თუშებს გვჭირდება ეს გზა, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია. რომ ამბობენ, თითქოს ახალი გზა ხიფათის შემცველია, რატომ არ ამბობენ რა ხიფათზე საუბრობენ? ვითომ ქისტები შემოვლენო. ქისტები რა ჩვენი ძმები არ არიან? საქართველოს მოქალაქეები არ არიან? მე რომ ინდურთაში ჩემი წინაპრების სახლს ავაშენებ, სიამოვნებით გავუმასპინძლდები ჩემ სახლში ჩემ ქისტ ძმებს", - აღნიშნა ზემო ალვანში მცხოვრებმა დიმიტრი იმედიძემ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხადორის ხეობა - თუშეთის გზის მშენებლობის პროექტი ჯერ არ არსებობს, თუმცა ახალი, უსაფრთხო გზის გასაყვანად ეს მარშრუტია შერჩეული. დეპარტამენტის თავმჯდომარის გიორგი სეთურიძის განცხადებით, საპროექტო კომპანია ხადორი-თუშეთის გზის პროექტს მიმდინარე წელს წარმოადგენს.

 

ამ თემაზე:

რა არგუმენტები აქვთ პანკისი-თუშეთის გზის მშენებლობის მოწინააღმდეგეებსა და მომხრეებს

რატომ ითხოვენ მთიანი რეგიონების შემაერთებელი გზების მშენებლობის პროექტის შეჩერებას

თუშეთის გზაზე დაღუპული ახალგაზრდები და პატრულირების მოთხოვნა

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში