საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მაღალმთიანი დასახლების სტატუსი კიდევ 15 სოფელს მიენიჭება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:29 - 02 მარტი 2018 hits 12772

მაღალმთიან დასახლებათა ნუსხას სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, შიდა და ქვემო ქართლის რეგიონების 15 სოფელი დაემატება. გადაწყვეტილება მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მეშვიდე სხდომაზე მიიღეს. ეს სოფლებია საკირე, ტაძრისი, ხანი, ლიჩი, მუხურა, მელუშეეთი, ბეგიაური, მანდაეთი, წყალშავი, ზვარე, ჩრდილი, საწისქვილო, გედსამანია, ღოღეთი და ბრდაზორი.

მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მდივნის ოთარ კონჯარიას განცხადებით, საბჭომ ასევე მოიწონა პროექტი „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2018-2022 წლების სტრატეგია“, რომელიც განსაზღვრავს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკას მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ძირითადი მიმართულებების შესახებ.

სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ წარადგინა 2017 წლის ანგარიში „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური შეღავათებით სარგებლობის თაობაზე.

მინისტრის ინფორმაციით, 2017 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან კანონით გათვალისწინებული შეღავათების გასაწევად, სულ 66 160 379.56 ლარი გამოიყო. აღნიშნული შეღავათებით ისარგებლა 7 272-მა ოჯახმა, რომელთაც 2017 წლის განმავლობაში შვილი შეეძინათ; 69 803-მა პენსიონერმა; 14 150-მა სოციალური პაკეტის მიმღებმა; 574-მა ექიმმა და 989 ექთანმა; 11 395-მა პედაგოგმა; 295-მა სპორტის სფეროში დასაქმებულმა მწვრთნელმა; 77 973-მა ოჯახმა - მოხმარებული ელექტროენერგიის შეღავათით. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებმა ოჯახებმა, ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით მიიღეს 15 კუბური მეტრი შეშით სარგებლობის უფლება. საჯარო სკოლებისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები უზრუნველყოფილი იყო ვაუჩერის გაზრდილი ოდენობით. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებმა პირებმა და მეწარმე სუბიექტებმა ასევე ისარგებლეს გადასახადებთან დაკავშირებული შეღავათებით.

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონი საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის 16 ივლისს მიიღო, რომელიც ეტაპობრივად შევიდა ძალაში. კანონის ამოქმედების შემდეგ, მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლებში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეებისთვის სხვადასხვა სახის სოციალური და საგადასახადო შეღავათები იქნა დაწესებული.

მაგალითად, გაიზარდა პენსიისა და საარსებო შემწეობის ოდენობა, სახელფასო დანამატები დაუწესდათ ექიმებს, ექთნებს და საჯარო სკოლების მასწავლებლებს, ახალდაბადებულ ბავშვზე 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურად გაიცემა ფულადი დახმარება არანაკლებ 100 ლარის ოდენობით, ხოლო მესამე და ყოველ შემდგომ ბავშვზე - 2 წლის განმავლობაში არანაკლებ 200 ლარი.

საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრაზე შეღავათები იქნა შემოღებული საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებული პირებისთვის, რომლებსაც ჰყავთ არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილები.

მაღალმთიანი საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები 10 წლით გათავისუფლდნენ საშემოსავლო გადასახადის, იურიდიული პირები კი მოგების გადასახადისაგან.

საქართველოში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ამ დროისთვის 1715 დასახლებას (ქალაქი, დაბა, სოფელი) აქვს მინიჭებული.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში