„აპირებენ ქედის გაჭრას, ხეების გაჩეხვას. აქ არამდგრადი ნიადაგია. ამ ყველაფერს მოჰყვება ზვავი, მეწყერი, ქვების ცვენა და პრობლემები შეგვექმნება. მაღალი ძაბვის ხაზმა დასახლებულ პუნქტთან ძალიან ახლოს უნდა გაიაროს, მთელ ხეობას საფრთხეს უქმნის. გულ-სისხლძარღვთა, სიმსივნურ და სხვა დაავადებებს იწვევს“, - ამბობს ფასანაურის მცხოვრები ივანე აფციაური.
500 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის წინააღმდეგ ფასანაურის ცენტრში შეკრებილ მოქალაქეებს კომპანია „ენერგოტრანსის“ ტექნიკური დირექტორი ჯემალ ახალაია და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ჩოხელი შეხვდნენ.
ჯემალ ახალაიას თქმით, ხაზის სიგრძე 100 კილომეტრია და ის მცხეთის, დუშეთის და სტეფანწმინდის რაიონებში გადის. „პირველ ეტაპზე ხაზი იმუშავებს 110 კილოვოლტზე, თუმცა ეტაპობრივად მოხდება მისი გადაყვანა 500 კილოვოლტამდე. ეს მოსახლეობას არანაირ საფრთხეს არ უქმნის, ჩვენ ყველა საჭირო დოკუმენტი გვაქვს. სულ ორ საცხოვრებელ სახლთანაა ახლოს, მათ შორის, პროექტის მიხედვით, ერთი სახლიდან 50 მეტრით არის დაშორებული, მეორე სახლიდან 38 მეტრით. დაშორების რეკომენდირებული მანძილი კი 30 მეტრია“, - განაცხადა „ენერგოტრანსის“ წარმომადგენელმა.
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაჟა ჩოხელის თქმით, 500 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი აუცილებლად უნდა აშენდეს და მოსახლეობის მოთხოვნებიც შეძლებისდაგვარად უნდა გაითვალისწინონ.
პროექტის მიხედვით, 500-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი მთიულეთის გარდა ხევის ტერიტორიაზე, კერძოდ კი სნოს ხეობის სოფლებს, სნოს, ახალციხეს და კარკუჩასაც გაივლის. ხაზი რუსეთის ენერგოსისტემასთან დაკავშირების მიზნით შენდება. მშენებლობის პროექტს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, „ენერგოტრანსი“ და ფინურ-ინდური კონსორციუმი - ELEL-EMC-ს ახორციელებს. პროექტს გერმანიის განვითარების ბანკი 25 მლნ ევროთი აფინანსებს. პროექტის თანახმად, ხაზის მშენებლობა 2017 წლის მაისში უნდა დასრულდეს.
ხაზის მშენებლობის წინააღმდეგები არიან სნოს ხეობაშიც. მომავალ კვირაში სნოს ხეობის სამივე სოფლის მოსახლეობა საპროტესტო აქციის გამართვას აპირებს. მოხევეები ითხოვენ, ხაზმა ალტერნატიული მარშრუტით გაიაროს ისე, რომ ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას და სნოს ხეობის სოფლების დაცლა არ გამოიწვიოს.
ქსანი–სტეფანწმინდის 500-კილოვოლტიანი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის განთავსებაზე ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა 2016 წლის 27 მაისს დაამტკიცა. ყაზბეგის მცხოვრებლების შოთა ბუჩუკურის და ზაზა წიკლაურის მიერ, ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ დახმარებით დასკვნა სასამართლოშია გასაჩივრებული.