ხელში ტელეფონი უჭირავს და ვიღაცას ელაპარაკება. „ეზოში არიან შესულები, რა უფლებით? რას დაძრწიხართ“? - ისევ ჩვენ მოგვიბრუნდა.
- ჰკითხე, რომელი ტელევიზიაა. როგორ ამოვიდნენ, გზა ხომ არ არის? - ქალის ხმა ისმის ტელეფონიდან. მამაკაცი მოგვიახლოვდა. აგრესიულია.
- სახლის მეპატრონეა? - ვეკითხები მე. მომეცი ტელეფონი, დაველაპარაკები.
- არა, ასე ელაპარაკე.
- „მთის ამბებიდან“ ვართ, კონჭკათში ფეხით ამოვედით. გზაზე ვდგავართ ქალბატონო. თქვენი სახლის ღობესთანაც კი არ მივსულვართ ახლოს, არათუ ეზოში შევსულიყავით - ვხედავ, მამაკაცს ბრაზი უფრო მოერია, საუბარი შემაწყვეტინა და ბურტყუნით წავიდა.
შორიდან სახლის გადაღების შემდეგ, სოფლის ცენტრისკენ მივიწევთ. გვინდა, დაღუპულის ოჯახს მივუსამძიმროთ. იქნებ, რამე დახმარებაც სჭირდებათ. პროფესიული მოვალეობის შესრულებასთან ერთად, გურიაში ამ მისიითაც ჩავედით. მომზადებულები ვართ, აღჭურვილობა და ექსტრემალურ პირობებში მუშაობის გამოცდილებაც გვაქვს. ჭუმბურიძეების სახლისკენ მიმავალ ბილიკზე მამაკაცები ჯგროდ დგანან - „იქ არაფერი გესაქმებათ, ქვემოთ დაბრუნდით“.
არაფერს ვამბობთ, სიტუაციის დაძაბვას მაქსიმალურად ვერიდებით. ვბრუნდებით.
მწყობრიდან გამოსული საბჭოთა წარმოების ძველი ტრაქტორი შუა გზაშია ჩარჩენილი. კონჭკათამდე გუშინ ამოსულა, ოღონდ იმ გზას გაწმენდილი არ ჰქვია, ტრაქტორმა გაიარა.
ოზურგეთი - ურეკის გზიდან, ხვარბეთის გავლით, კონჭკათამდე 6 კილომეტრია. მაღალი გამავლობის ავტომობილით ვართ, ზამთრის ახალი საბურავებით, მაგრამ დაახლოებით 1.5 კილომეტრში მანქანით მოძრაობა ვეღარ შევძელით. ყოველი აღმართის ავლის შემდეგ, თოვლის სიმაღლე სულ უფრო იზრდებოდა. დაახლოებით 4 კილომეტრი ფეხით ვიარეთ. უკანა გზაზეც ამდენივე.
„გაზი არაა, დენი არაა, გზა არაა. ზემოთ კიდევ უფრო დიდი თოვლია. ბევრი სახლია დანგრეული. ახლა ახლობელთან მივდივარ ოზურგეთში, იქ უნდა დავრჩე. დავტოვე სახლი და წამოვედი. ახლოს გორაა. რომ მოწყდეს, დავიმარხები აქ“, - გვითხრა გზად შემხვედრმა გია ქუტიძემ.
ხვარბეთსა და კონჭკათს შორის, გზაზე, თოვლში, სახანძროს ძველი, საბჭოთა მანქანა იყო შევარდნილი. მაშველებს დიალიზდამოკიდებული პაციენტი ოზურგეთში გადაჰყავდათ. გოგიტა ტუღუში დიალიზის პროცედურას კვირაში სამჯერ იტარებდა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კი საავადმყოფომდე ვერ ჩააღწია, რაც მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხეში აგდებდა. მაშველები თოვლში გაჭედილი ვეებერთელა ავტომობილის ამოსაყვანად კონჭკათიდან ახალგაზრდებს ელოდნენ ნიჩბებით და ტრაქტორს ბუქსირებისთვის.
„მადლობა მაშველებს!“, „ნუ აღონებთ ამ კაცს კითხვებით“, - იქ მყოფებმა დიალიზდამოკიდებულ პაციენტზე მიგვითითეს, რომელიც მაშველების მადლიერი კი იყო, მაგრამ უკმაყოფილებას გამოთქვამდა სტიქიის მე-5 დღის ბოლოს, თოვლისგან გაუწმენდავი გზის გამო.
ოზურგეთში საღამოს დავბრუნდით. გადაღებული ვიდეომასალის დასამონტაჟებლად და გამოსაქვეყნებლად ერთ-ერთ კაფეში გავჩერდით. მზირი იქაც იყო. ტელეფონით გვიღებდა, ვიდრე შევნიშნავდით. მერე გაქრა. არ გამოვედევნეთ.
გურიაში ყოფნის მეორე დღეს, 27 თებერვალს, გვინდოდა, ჭანჭათში ავსულიყავით. „ქალია გარდაცვლილი. დედამისი სოფელ ნაგომარში ცხოვრობს. უგზოობის გამო ვერ მიდის, რომ შვილი დაიტიროს. გარდაცვლილს ჰყავს ბავშვი, 14 წლის. ისიც ბებიასთან ერთად არის, ნაგომარში. ის მაინც შეიცოდეთ. როგორმე იქნებ გაიწმინდოს გზა, რომ გარდაცვლილამდე მივიდნენ დედა და შვილი“, - წერდა გიორგი მარგველიანი, გურიაში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად საგანგებოდ შექმნილ ჯგუფში „მოხალისეები გურიისთვის“.
ჭანჭათი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტშია, აკეთის თემში. შუხუთიდან გადავუხვიეთ თუ არა, აცანისა და მამათის გზის დასაწყისში პოლიციის ეკიპაჟი დაგვხვდა - „გზა დაკეტილია, ტექნიკა და სამხედროები მუშაობენ. ხელი არ უნდა შევუშალოთ. ვერ გეტყვით, როდის გაიხსნება“.
ჩვენამდე, ღამით, აკეთსა და აცანაში შეაღწიეს მოხალისეებმა და სტიქიის ზონაში მყოფ ადამიანებს პირველადი დახმარება გაუწიეს, სურსათი და მედიკამენტები გადასცეს, ორი ადამიანი გამოიყვანეს კიდეც. ეს ამბები მედიაშიც ფართოდ გაშუქდა და დილით, სოფლებში შესასვლელი მთავარი გზა, რომლის ნაწილიც ოფროუდერებს გახვეტილი ჰქონდათ, გადაკეტილი დაგვხვდა.
გარესამყაროს მოწყვეტილი ათობით სოფელი გურიაში სტიქიის მე-6 დღეს
ჯგუფში „მოხალისეები გურიისთვის“ ხალხს ვეკითხებით, რომელია ისეთი სოფლები, სადაც გზა ჯერ კიდევ არაა და გარესამყაროს არის მოწყვეტილი.
- ლანჩხუთის სოფელი ორმეთი;
- ჯუმათი, ნაურმები;
- ორმეთი; აქედან გუშინ ბებო ჩამოვიყვანეთ თვითნაკეთი საკაცით, - იქვე პასუხობს კობა კახიძე.
- მამათი;
- ჭანჭათი;
- ლანჩხუთი, ზემო აკეთი. ისევ არ გაწმენდილა გზა. მოხუცები არიან, საკვების, წამლების, შუქის გარეშე;
- ჭანჭათი, ლანჩხუთის რაიონი. დღემდე არ არის გზა. სახლებს გადათოვლა სჭირდება და ვერ მიდიან ერთმანეთთან. გარდაცვლილია სოფელში (არა სტიქიის გამო) და ვერ მიდის მისი შვილი გარდაცვლილამდე. ადამიანებს დაენგრათ სახლები და არ ვიცით, სად აფარებენ თავს. ზომლეთსა და გაგურს შორის არის ეს სოფელი;
- ჩოხატაურში ხიდისთავი. არც წყალი აქვთ, არც ელექტროენერგია, საკვებიც უთავდებათ. ეკლესიასთან რამდენიმე ოჯახია ჩარჩენილი. გზა არ არის;
- პირადადაც მოწერილი მაქვს, ქვემო ნატანები, სრულად მოწყვეტილია;
- ჩოხატაურში სამი სოფელი - დიდი ვანი, შუა სურები და სურები;
- ზედა ბახვი, ოზურგეთი;
- სოფელი აჭი. ერთი კვირაა, რაც გარესამყაროს არის მოწყვეტილი 2 ოჯახი, ვერულიძეები;
- კონჭკათში ისევ არ არის გაწმენდილი ცენტრალური გზა, არც არავინ მოსულა;
- ოზურგეთის რაიონი სოფელი ძიმითი, კოხის უბანში არის გარდაცვლილიც;
- სოფელი ჭანჭათი. არა გზა, არა სინათლე, არა საკვები, არა წყალი, სახლები თავზე დაენგრათ, პირუტყვი დაიხოცა, უბედურად დარჩენილები არიან, ტირიან, შველას ითხოვენ. დაეხმარეთ, გთხოვთ;
- ვაკიჯვარი. ორი დღეა მამაჩემს თავისით გაჰყავს გზა ჭიშკრამდე. ძალიან დიდი თოვლია. შიდა გზა თუ არ გაიწმინდა, ცენტრალურამდე ვერ გამოვა. პურის გარეშეა დარჩენილი. მარტო ცხოვრობს.
- ოზურგეთი, ჯუმათი. არავინ მოსულა ჯერ;
- ოზურგეთი, სოფელი ბახვი, ფამფალეთი, ოქროსსქედი;
- ოზურგეთი - შრომა, ნატანები, დონაური, ეკალდიდი. ტელეფონიც გაეთიშა დედას, ვეღარ ვუკავშირდები. გთხოვთ, დროულად გაწმინდოთ გზა.
- სოფელი ჯუმათი, განსაკუთრებით მონასტრის მხარე, ნაურმევი, ძირჯუმათი, ლაშე, ჭოკლაური. უკვე მეშვიდე დღეა არ აქვთ შუქი, არ არის გზა გაწმენდილი საერთოდ;
- ოზურგეთი, სოფელი ზედა ძიმითი, თირის უბანი. არ არის გზა, წყალი და შუქი. თოვა რაც დაიწყო, გზა არ არის გაწმენდილი, ტრაქტორს არ გაუვლია;
- ოზურგეთის რაიონი, ჭანიეთური (ბაილეთის თემსაბჭო). კონჭკათის მოსაზღვრე სოფელია. ხალხმა აქა-იქ საფეხმავლო ბილიკები გაჭრა. შუქიც არ აქვთ;
- ლანჩხუთის რაიონი სოფელი ორმეთი. 85 წლის მამა ნოდარ ქარჩავა და დედაჩემი არიან მარტო გამოკეტილები, საჭმელი და წამლები აქვთ, მაგრამ აივანი ჩამოიგრა, ვერ აღებენ კარს. აივანზე შეშა გვქონდა მომარაგებული, წვიმისა და თოვლის დროს ეზოში რომ არ გასულიყვნენ. იმ აივნის გაგრძელებაზეა ღუმელის ოთახი, სადაც თბებიან. მეშინია ოთახის და მთლიანი სახლის სახურავი არ ჩამოინგრეს, ძველია. მთავარია სახლის გადმოთოვლა, თუ ვინმეს დახმარება შეგიძლიათ. იქ ახალგაზრდები არ არიან, შუკაში ცხოვრობენ და გზაა გასაწმენდი;
- ოზურგეთი, სილაური - მოწყვეტილია 7 დღეა. ამ ხნის მანძილზე არაა შუქი, არცერთხელ არ ყოფილა ტრაქტორი. ჯუმათთან და რამდენიმე ახლომდებარე სოფელთან ერთად ყველაზე დიდი თოვლია. არის მეწყრული სოფელი, სადაც შარშან მსხვერპლიც იყო;
- სოფელ ჭანჭათში, არც გზაა, არც გაზი, არც შუქი, არც წყალი. სახლი ჩამოენგრა ვლადიმერ მამუკაშვილს, დაიხოცა პირუტყვი. სანამ ადამიანებიც დახოცილან, იქნებ, მიაქციოთ ყურადღება.
- თხინვალს ვიხვეწები მერამდენე დღეა, ჩემი ოჯახი კილომეტრის მოშორებითაა დასახლებიდან ცალკე, ოღონდ გზა მიიყვანეთ, ოღონდ მიაღწიეთ. პირველ რიგში ესაა აუცილებელი;
- ჭანიეთი - ძალიან გთხოვთ, არც ცენტრალური გზა არის. გუშინ სამაშველო დახმარება გამოიძახეს, თუმცა მათაც ვერ შეძლეს, იქით სჭირდებოდათ დახმარება;
- ყველაზე სასწრაფო რაც არის, ის ადგილები რომ გაითვალისწინოთ. მიცვალებულების დაკრძალვაში რომ დაეხმაროთ, გაკვალონ გზა როგორმე;
- ზემო სურებში მიცვალებულსაც ვერ კრძალავენ;
- სოფელი სილაური. გარდაცვლილია სოფელში და გზა არ არის, ვერ ასაფლავებენ ფიზიკურად;
- თხინვალი და ნაღობილევი, გზა საერთოდ არ არის გაწმენდილი;
- ლანჩხუთის რაიონი, ჩოჩხათი, წიაღობანი, ტელეფონიც აღარ აქვს არავის, კავშირი არ არის არავისთან;
- მერამდენე დღეა თხინვალს ვიძახი. ვინმემ მოინდომეთ, იქ გზა რომ გაიწმინდოს. გუშინ მაშველები ძლივს მივიდნენ, საავადმყოფოში ორი ადამიანი რომ გადაეყვანათ ფილტვების ანთებით. სოფელ მერიის გადასახვევამდე 2 საათი დასჭირდათ, გზა საერთოდ არაა;
- ლანჩხუთის რაიონი სოფელი ჩანჩეთი. ფეხით რთულია გადაადგილება, მანქანაზე ხომ საუბარი არ მაქვს, წარმოუდგენელია;
- ოზურგეთში, სოფელი ზემო ნატანები, ჯაფარეულა. გარდაცვლილი ჰყავს ოჯახს და პატრონიც ვერ მიდის;
- სოფელი ნაგომარი. იქნებ, გაწმინდოთ გზა, რომ დედამ შვილი დაიტიროს. გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალი, მათემატიკის მასწავლებელი, მთელი გურიის სიამაყე;
- ბაილეთში, ჭანიეთურში ახვიდეთ იქნებ. ხალხი ვერ გეხმიანებათ, არც გზაა, არც შუქი და ვერ გამოდიან კონტაქტზე. რამდენიმე მარტოხელა ადამიანია, რომლებსაც დახმარება დასჭირდებათ, ზვავსაშიშროების ქვეშ არიან. იქნებ, მოიკითხოთ ეს ადამიანები.
400-ზე მეტი კომენტარი და გარესამყაროს მოწყვეტილი ათობით სოფელი 26 თებერვლის მდგომარეობით, სტიქიის მე-6 დღეს.
ჯუმათი - მზირი აქაც არის
ჯუმათისკენ მივდივართ. ერთი გზა ლანჩხუთის სოფელ ლესადან ადის. ბაღლეთის, ნინოშვილის, გულიანისა და იანეთის შემდეგ, ჯუმათია. მეორე გზა ოზურგეთიდანაა, ბაილეთის გავლით. ლესაში გვეუბნებიან, რომ მანქანით იანეთამდე ავალთ, იქიდან ფეხით უნდა შევუყვეთ. გზაში მოხალისეები გვხვდებიან. გვაფრთხილებენ, რომ გზა გაწმენდილი არ არის და ნინოშვილამდეც ვერ ავალთ. ჯუმათთან მიახლოებას მეორე გზიდან ვცდილობთ. ლანჩხუთიდან ოზურგეთში გადმოვდივართ. მეგობარი მოხალისეები გვაბარებენ, რომ ხათუნა ჩხარტიშვილს 10 ლიტრი ბენზინი გავუყოლოთ. სოფელში შუქი არ აქვთ, გენერატორისთვის საწვავი ამოეწურათ და ტელეფონები მაინც დატვირთონ, რომ კავშირი შეინარჩუნონ. ამავე სოფელში ფეხმოკვეთილი და ფეხმოტეხილი ადამიანები არიან, რომლებიც ვერ გადაადგილდებიან. მათთვის პროდუქტს ვყიდულობთ და მივდივართ. ბაილეთის მერე, მდინარე სუფსას რომ გადაკვეთთ, ჯუმათის აღმართი იწყება. იქამდე ნამყოფია ტრაქტორი. ციცაბო აღმართზე ნაკვალევს ფეხით ავუყევით. თოვლის სიმაღლე 2 მეტრს აღწევს, ჭიშკრები და ღობეები ფაქტობრივად არ ჩანს. 3-4 კილომეტრის შემდეგ ჩხარტიშვილების უბანს მივადექით.
„როგორც მხედავთ, ასე მძინავს, ტანსაცმლით. მეშინია, ჩამოინგრევა სახლი და იქნებ, გავასწრო. 3 მეტრამდე თოვლია. ახლა დამჯდარია, მაგრამ 2.80 გავზომეთ. დასველდა უკვე თოვლი, მძიმე გახდა. სახლს წკაპა-წკუპი გააქვს, წიწკინებს.
ერთი კვირაა გადაუღებლად თოვს. გზა ჯერ არ არის, არც შუქია. დიდმა თოვლმა იცისო, ეგრე თქვეს. სანთელიც არ გვქონდა მომარაგებული. ოზურგეთამდე ჩააღწიეს ბიჭებმა და სანთელი არ იშოვება. მოუმზადებლები შევხვდით სტიქიას“, - გვეუბნება 80 წლის ზორგები ჩხარტიშვილი.
- იყო ვინმე ამოსული ადგილობრივი ხელისუფლებიდან ან „ქართული ოცნების“ ცენტრალური მთავრობიდან?
- ჩემამდე არავინ არ მოსულა, რა გითხრათ, აბა. იქნებ, ბიჭებსაც შევეკითხოთ. იქნებ, იყო ვინმე. არაო, აგერ, ხელს იქნევენ, არავინ ყოფილაო“.
„მთელი კვირაა შუქი არ გვაქვს, არც წყალი. ბიჭები რაღაც მანქანის აკუმულატორით მიტენიან ტელეფონს. მეუღლე მყავს, ცალი ფეხი მოკვეთილი აქვს. შაქარი აქვს და წევს. მეშინოდა ახლა, სასწრაფო რომ დამჭირდეს, რა უნდა ვქნათ. აბსოლუტურად არავინ ამოსულა, არავის მოვუკითხივართ. ელემენტარულად, პური თუ გინდათ, ადამიანმა რომ ჩაი დალიოს, არავინ მოსულა საერთოდ. გუშინწინ ბიჭები გავუშვი ოზურგეთში, ბებო, ფქვილი გვითავდება მეთქი. დილით 8:15 საათზე წავიდნენ ბაღნები. აქედან ოზურგეთამდე 15 კილომეტრია. საღამოს მოვიდნენ დახოცილები, 10 კგ პურის ფქვილი მომიტანეს.
დღეს ჩემმა დამ დამირეკა ბათუმიდან, თალაკვაძე იყო ტელევიზორში და გურიაში ყველაფერი კარგად არის მოწესრიგებულიო. ზემოთ არ ამოსულა, ენახა ერთი როგორაა მოწყობილი ყველაფერი, როგორ უჭირს ხალხს.
აქ თითქმის ყველა მოხუცებულია, ჩემი ტოლი ხალხია“, - ჯუმათში ნანო ნიქაბაძეც თამამად ამბობს სათქმელს, გურიის სხვა სოფლების მცხოვრებლებისგან განსხვავებით.
ვჩქარობთ. გვინდა, ოზურგეთში დაღამებამდე დავბრუნდეთ, რომ მასალის გამოქვეყნება შევძლოთ. ქვემოთ დაშვებამდე ერთ-ერთ ჩვენს რესპონდენტს ტელეფონზე სოფლის რწმუნებულის თანაშემწე ურეკავს და ეუბნება: „რა გალაპარაკებს მაგათთან? ხომ იცი, სოციალურ დახმარებას იღებ და გინდა, რომ დაკარგო?!“
ჯუმათის აღმართზე, თოვლმავალ ბურანზე ამხედრებული პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და ოზურგეთის მერის ძმა, არჩილ თალაკვაძე შეგვხვდა, - „სოფელში ელექტრომონტიორი მიმყავს, რომ შუქი ჩართოს“.
დაგვიანებული რეაგირება
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, შინაგან საქმეთა სამინისტრო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი და სხვა სახელმწიფო უწყებები ჯერ კიდევ 18 თებერვალს გააფრთხილა, რომ დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობა და პრობლემები იყო მოსალოდნელი. გურიაში ძლიერი თოვა 21 თებერვალს დაიწყო. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას სულ მცირე 4 დღე ჰქონდა მოსამზადებლად, რომ დიდთოვლობა სტიქიაში არ გადაზრდილიყო. მუნიციპალიტეტებმა ტექნიკის მობილიზება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს, რაც გურიის სოფლებში თოვლის სიმაღლემ 2 მეტრს მიაღწია ან გადააჭარბა კიდეც და ათობით დასახლება გარესამყაროს მოწყდა, სახლები ჩამოინგრა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა (112) მოქალაქეებს 25 თებერვალს გაუგზავნა sms შეტყობინება - „დასავლეთ საქართველოში 27 თებერვლამდე შენარჩუნდება რთული მეტეოროლოგიური პირობები. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ“.
ამავე დღეს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გამარტივებული შესყიდვის წესით შეიძინა სამი თოვლმავალი, რაშიც 252 ათასი ლარი გადაიხადა. 25-26 თებერვალს საქართველოს სხვა რეგიონებიდან გურიაში ჩაიყვანეს ტრაქტორები. 26 თებერვალს პროცესში ჩართეს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებიც.
გარესამყაროს მოწყვეტილ იმ სოფლებში, სადაც „მთის ამბების“ ჟურნალისტები ვიყავით, სამხედროები არსად შეგვხვდნენ. საკვებისა და მედიკამენტების გარეშე დარჩენილ ადამიანებს, ძირითადად, მოხალისეები ეხმარებოდნენ. უმეტესად, სწორედ მოხალისეებს გადმოჰყავდათ პაციენტები გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გასაწევად კლინიკებში ან სასწრაფო სამედიცინო დახარების ჯგუფებამდე.
მოხალისეებმა შექმნეს ვებგვერდიც, სადაც რუკაზე ასახეს სტიქიისგან ჩაკეტილ სოფლებში მოყოლილი მოქალაქეებისა და მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია. მოხალისეთა მხარდასაჭერად და დაზარალებულთა დასახმარებლად „ნანუკას ფონდში“ 382 ათასი ლარი შეგროვდა. მოხალისეების შტაბები გაიხსნა გურიის სამივე მუნიციპალიტეტში. მოხალისეები სოფლებში არსებული მძიმე მდგომარეობის ამსახველ ვიდეოებს აქტიურად აქვეყნებდნენ სოციალურ ქსელებში.
„ქართული ოცნების“ მთავრობის საკოორდინაციო შტაბმა მოხალისეებს 25 თებერვალსვე შეუტია და მოუწოდა მათ, საკოორდინაციო შტაბის გარეშე არ დაეგეგმათ აქტივობები, არ შეეშალათ ხელი შტაბის მუშაობისთვის და არ გაევრცელებინათ გადაუმოწმებელი ინფორმაცია.
„მოგეხსენებათ, რომ სტიქიიდან გამომდინარე, დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით გურიისა და აჭარის რეგიონებში, არის საკმაოდ მძიმე სიტუაცია. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მოსახლეობის დასახმარებლად, მათ შორის, მობილიზებულია მაქსიმალური ადამიანური რესურსი, მძიმე ტექნიკა, ხდება პრიორიტეტების განსაზღვრა და დავალებების გადანაწილება შესაბამისი მიმართულებით.
მსგავს რთულ ვითარებაში, დამატებით, დიდ პრობლემებს ქმნის არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ძირითადად სოციალური ქსელის მეშვეობით ხდება. არასწორი ინფორმაცია კი იწვევს უსაფუძვლო პანიკას, დაბნეულობას მოსახლეობაში, ასევე მნიშვნელოვნად აფერხებს საკოორდინაციო შტაბის მუშაობას.
ასევე, უაღრესად კონტრპროდუქტიულია ეგრეთწოდებული მოხალისეობრივი ინიციატივების გამოჩენა შტაბთან კოორდინაციის გარეშე.
უკვე დღეს, გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც თავად მოხალისეების დასახმარებლად გახდა საჭირო მძიმე ტექნიკის გამოყენება და სამაშველო სამუშაოები“, - ნათქვამია განცხადებაში.
სასაზღვრო პოლიციის ძველი, საბჭოთა წარმოების ვერტმფრენი, რომელსაც მთავრობა სამაშველო ღონისძიებებშიც იყენებს, გურიაში 28 თებერვალს გამოჩნდა. „ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გურიის სოფლები ვერტმფრენიდან დაათვალიერეს. ამავე ვერტმფრენით, 1-ელ მარტს, მაშველებმა ჩოხატაურის სოფელ სურების მცხოვრები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გეოფიზიკოსი ზურაბ ჯავახიშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს რეაგირება დაგვიანებული იყო: „ასეთი ტიპის ბუნებრივი მოვლენები უფრო მეტ საშუალებას გვაძლევს, რომ დროულად ჩავერთოთ, დროულად მივიღოთ გადაწყვეტილებები. სახელმწიფო სტრუქტურებმა მოქმედება რამდენიმე დღის შემდეგ დაიწყეს, როცა თოვლის საფარი საკმაოდ დიდი იყო და შველა უკვე გართულებული“.
„არაფერი გაკვეთილი არ გამოგვიტანია არც ვერის ხეობის, არც შოვის, არც ნერგეეთის ტრაგედიებიდან, არც წყალდიდობიდან, რომელიც 2023 წელს მოხდა გურიაში და ადამიანები დაგვეღუპნენ. სახელმწიფო ცხოვრობს სტიქიიდან სტიქიამდე. სტიქიის დროს ვიწყებთ „ფაფხურს“.
უცებ ვიწყებთ რაღაცის კეთებას, იმის მაგივრად, რომ წინასწარ მოვემზადოთ“, - გვეუბნება გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი და ორგანიზაციის „მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრები“ ხელმძღვანელი, ნინო ჩხობაძე.
„ვუყურებდით მონაცემებს, რომ თურქეთში დიდთოვლობაა. წამოვიდა ეს ციკლონი მთლიანად საქართველოს მიმართულებით. უკვე მზაობა უნდა ყოფილიყო ყველგან. უცებ ხომ არ მოუთოვია 2 მეტრი? ჯერ იყო 30 სმ, მერე იყო 50 სმ. 30 სმ-ზე გზის გაწმენდა ხომ უფრო იოლია, ვიდრე 2 მეტრზე? რატომ არ დავიწყეთ მოქმედება. მუნიციპალიტეტებს, თითქმის ყველას, ვისაც დღეს უჭირთ, აღმოჩნდა, რომ მძიმე ტექნიკა არ აქვთ. ხალხი არა ჰყავთ მომზადებული“, - ჩხობაძე ამბობს, რომ ამ დიდთოვლობას მეწყრული პროცესების გააქტიურება და წყალდიდობები მოჰყვება:
„ეს მიწა დასველდება საშინლად და წამოვა მეწყერები. უკვე უნდა შევქმნათ ჯგუფები, რომლებიც დააკვირდებიან სოფლებში და საფრთხის დანახვის შემთხვევაში, მაშინვე უნდა დავიწყოთ ევაკუაცია. ისევ ტექნიკაა საჭირო იმიტომ, რომ მეწყერს „ლაფატკებით“ ვერ მოუვლი. თუ წყალმოვარდნები დაიწყო, რაც არის მოსალოდნელი, ნაპირები რა მდგომარეობაშია, გაწმენდილია თუ არა ხევები. ეს ყველაფერი გასაკეთებელია“.
გარემოს ეროვნული სააგენტოს 2024 წლის საინფორმაციო ბიულეტენის თანახმად, მხოლოდ გურიაში გეოლოგიურად საშიშია ათობით სოფელი, მათ შორის, კონჭკათიც.
1-ელ მარტს, გვიან საღამოს, მოხალისე ზუკა ჩიკვაიძემ დაწერა, რომ კონჭკათში კუბო აიტანეს იური ჭუმბურიძისთვის.
„ეს ისტორია ყველას გექნებათ გაგებული. დღეს რა რიცხვია, გახსოვთ? აქაური მუნიციპალიტეტი რატომ არ შეწუხდა? მანქანით ბოლომდე ახლაც ვერ ავედით, ბოლო 1.5 კმ ფეხით ვიარეთ“.