- თეა, ახლა როცა ამ ინტერვიუს ვწერთ, ვიცით, რომ ხვალ საქართველოს ტოვებთ, პირველ რიგში იმ მიზეზით, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალი გაქვთ წარდგენილი და სხვადასხვა წყაროდან ვიცით, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა თქვენს დაპატიმრებას აპირებს.
- ბრალი წაყენებული მაქვს შოვის ტრაგედიამდე 2 კვირით ადრე. შოვის ტრაგედიამ კიდევ უფრო გაამძაფრა მდგომარეობა. მე დავრეკე 112-ში და ჩემი ყოფილი პარტნიორი ვამხილე ჩემზე განხორციელებულ ძალადობაში. პოლიციამ ის ფაქტზე დააკავა და ბრალი წარუდგინეს. ამ საქმეში ბევრი საინტერესო დეტალია. იმის მაგივრად რომ სახელმწიფო მიცავდეს, ქალის უფლებებს იცავდეს და ოჯახური ძალადობის ფაქტი გამოეკვეთა, ამას მიჰყოლოდა, რატომღაც საქმეში მტკიცებულებები იმ რაოდენობით არ არის დამაგრებული, რა რაოდენობითაც იყო. ისე შეიკერა საქმე, რომ ბოლოს საკმარისი არ აღმოჩნდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს საერთოდ მოუხსნა გენდერული მოტივი. გაუგებარია მოსამართლე შორენა გუნცაძის განაჩენი. მე მსგავსი რამ, ქალის მიერ დაწერილი, ჯერ არ მინახავს. ძალადობაში მხილებულმა მერე აქეთ მიჩივლა და პროკურატურამ ბრალი წამიყენა.
- ჩვენ გავეცანით სისხლის სამართლის საქმის მასალებს. გამაოგნებელია თქვენი პარტნიორის მიერ თქვენს მიმართ ძალადობის ის ეპიზოდები, რაც საქმეშია აღწერილი. ამის მიუხედავად, თბილისის საქალაქო სასამართლომ ოჯახური და სისტემატური ძალადობა ცემად დააკვალიფიცირა, საქმეს გენდერული მოტივი მოუხსნა და თქვენს ყოფილ პარტნიორს ყველაზე მსუბუქი სასჯელი მიუსაჯა - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 180 საათით. ამ დროს საქმე ეხება უმძიმეს ძალადობას. კიდევ უფრო გამაოგნებელია, რაც მერე მოხდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის განაჩენი მთლიანად გააუქმა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შორენა გუნცაძემ და მრავალჯერ ძალადობაში ბრალდებული მამაკაცი გაამართლა. ეს ხდება უკვე 2024 წლის 28 დეკემბერს, როცა „ქართულმა ოცნებამ“ თავი არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა და იმ ადამიანების მასობრივი დევნა დაიწყო, რომლებსაც მოწინააღმდეგეებად მიიჩნევს. მიგაჩნიათ, რომ ამ განაჩენის შემდეგ რეჟიმმა ძალადობაში ბრალდებული პარტნიორის გამართლებით გაიადვილა გზა თქვენი დევნისთვის, რადგან მანამდე, 2023 წლის ივლისში თქვენ ბრალი წარგიდგინეს პარტნიორის არასრუწლოვან ბავშვზე ძალადობის საბაბით, რომელიც თითქოს 2 წლით ადრე მოხდა. ახლა საქმე სასამართლოში არსებითი განხილვის ეტაპზეა. თქვენი ყოფილი პარტნიორის მიმართ გამამართლებელი განაჩენი ხომ არ შეუწყობს ხელს თქვენს დამნაშავედ ცნობას?
- თქვენ მართალი ხართ. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი იყო წითელი ხაზი, რაც გადაკვეთა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ და რითაც ფაქტობრივად მწვანე შუქი აუნთო მეორე საქმეს, სადაც ბრალდებული ვარ, მოსამართლემ ჩემს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი თავისუფლად რომ გამოიტანოს. რეალურად ვარ დაზარალებული და სისტემამ ისე იმუშავა, გამოვყავარ მოძალადე. ბრალი წამიყენეს 2023 წლის 5 ივლისს, თუ სწორად მახსოვს და მას შემდეგ, მხოლოდ ერთი სასამართლო პროცესი ჩატარდა. თითქმის წელიწადზე მეტია სხდომა არ ჩატარებულა. ელოდებოდნენ, სააპელაციო სასამართლო როდის გამოიტანდა განაჩენს და მოძალადეს გაამართლებდა, რომ ჩემს მიმართ ანგარიშსწორებისთვის ყველა გზა გაეხსნათ.
- სულ მცირე მე რაც ვადევნებ თვალს, ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლება თავს გესხმით და მტრის ხატს ქმნის თქვენგან იმ თამამი განცხადებებებისა და კვლევების გამო, რაც მათ პროპაგანდისტულ პოზიციებსა და შესაძლო კორუფციულ სქემებს უპირისპირდება და ამხელს. ნამოხვანის ჰესების კასკადი, შოვის ტრაგედია, ითხვისის უბედურება, ვაშლიჯვრის მეწყერი, რიკოთის გზა და ა.შ.
შალვა პაპუაშვილმა თქვა 2023 წლის 8 აგვისტოს, შოვის ტრაგედიიდან რამდენიმე დღეში - „გვყავს ერთი, ორი, გეოლოგია ან ვინ არის პროფესიით, არ ვიცი, ვინც ამ დღეებში ტელევიზორში ხშირად ჩანდა, განსაკუთრებით ერთი ქალბატონი [თეა გოდოლაძე]. გვყავს ერთი ორი ასეთი ადამიანი, რომელიც კრიზისის დროს პანიკას ტეხს, აბსოლუტური ტყუილით.
„კურიერის“ ექსკლუზივი - თეა გოდოლაძე ოჯახურ ძალადობაშია ბრალდებული. ნიშანდობლივია, რომ თქვენს წინააღმდეგ არაზუსტი და მადისკრედიტირებელი ინფორმაცია სწორედ „ქართული ოცნების“ პროპაგანდიტულმა არხმა „რუსთავი 2“-მა გაავრცელა შოვის ტრაგედიიდან ორ კვირაში. პროფესიული ეთიკის საბჭომ „რუსთავი 2“-ს ამ სიუჟეტზე განზრახვა დაუდგინა, ანუ მათ განზრახ გაავრცელეს არასწორი ინფორმაცია თქვენს წინააღმდეგ.
ამას მოჰყვა რეჟიმის პროპაგანდისტული არხის „იმედის“ სიუჟეტი, უკვე 1-ელ ოქტომბერს:
„როგორ გეგმავდა თეა გოდოლაძე ტყიბულის დახურულ შახტში 500 ტონა ტროტილის აფეთქებას და აფეთქებით გამოწვეული ბიძგების შესწავლას - „იმედის კვირის“ ექსკლუზივი - ასეა დასათაურებული სიუჟეტი.
„ექსპერიმენტი შესაძლოა სახელმწიფოსთვის მძიმე შედეგით დასრულებულიყო. პროექტის წინააღმდეგი საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ამერიკის საელჩოც იყო - ერთადერთი, ვინც წლების განმავლობაში გეგმის ბოლომდე მისაყვანად იბრძოდა, თეა გოდოლაძე და მისი უცხოელი პარტნიორები არიან“. მესამე პროპაგანდისტული არხი პოსტივი პირდაპირ გიწოდებთ - უცხო ძალის ინტერესების გამტარი NGO წარმომადგენელი. ეჭვგარეშეა, რომ ეს მიზანმიმართული, სერიული კამპანია „ქართული ოცნების“ მიერ არის ორგანიზებული.
- პირველ რიგში, ეს იყო ჩემი დისკრედიტაცია. მათ სურდათ ჩემი გაშავება ნებისმიერი მეთოდით. შოვის ტრაგედიაზე განცხადებები პირველი შემთხვევა არ იყო, ყველაფერი უკავშირდება ჩემს კავშირებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, იმ პროექტებს, რომლებსაც მე ვახორციელებდი - სეისმური საფრთხის შეფასება არამხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში; ამერიკული დაფინანსება და რეკომენდაციები სამშენებლო ნორმატიული ბაზის, ტექნიკური წესების შეცვლასთან დაკავშირებით და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს მიმართული იყო იმ ქაოსის აღმოსაფხვრელად, რაც საქართველოში სამშენებლო კუთხით ხდება. თქვენ იცით, რომ ძალიან დიდი ფული იშოვება მშენებლობაში, ენერგოსექტორში. ეს მაფიოზური სტრუქტურებია.
ჩამოყალიბებული იყო ჯგუფი ჩემი პოზიციების გასანეიტრალებლად. მაშინ წინა პლანზე წამოწეული ჰყავდათ ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი მირცხულავა და მისი ჯგუფი. 2021 წლის ზაფხულში იყო ძალიან დიდი შეტევა, პროკურატურაშიც მივიდნენ. დაიწყეს შავი პიარის, კამპანიის აგორება ზოგიერთი მედიის გამოყენებით. ყველა ამ გამოცემის მიმართ მე ჟურნალისტთა ეთიკის საბჭოს მივმართე და ყველა შემთხვევაში ისინი გამტყუნდნენ.
- ხელისუფლება დღემდე ცდილობს ამტკიცოს და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, რომ შოვის ტრაგედიის თავიდან აცილება არ შეგვეძლო. თქვენმა უახლესმა კვლევამ კი, რომელიც ტრაგედიიდან ერთი წლის თავზე წარმოადგინეთ, გვაჩვენა, რომ 8 წუთი კი არა, 2 საათი გვქონდა ადამიანების გადასარჩენად.
- ეს რაც მონაცემებიდან ჩანს და ანალიზს ექვემდებარება. შეიძლება უფრო მეტი დროც გვქონდა. ასეთი პროცესები ერთი და ორი დღის განმავლობაში არ მიმდინარეობს. ეს არის მთელი ჯაჭვი, რომლის მონიტორინგიც უნდა ხდებოდეს. ქვეყანას მონიტორინგის სისტემები უნდა ჰქონდეს. ეს მანამდე უნდა გაკეთებულიყო. შოვის ტრაგედიის შემდეგ რაღაც ოდიოზური პროექტები დაიწყეს, რომ აი, მყინვარებს ახლა დავაკვირდებით. მყინვარების და საერთოდ, ბუნებრივი კატასტროფების მონიტორინგისთვის ადგილობრივი სპეციალისტები და 24 საათიანი მონიტორინგია საჭირო. აპარატურა ბევრი იყიდეს, ვერ იყენებენ, გამოყენება არ შეუძლიათ. ხომ შევამოწმეთ თბილისის წინასწარი შეტყობინების სისტემები, ვერეს ხეობის ტრაგედიის შემდეგ რომ დაამონტაჟეს. უამრავი თანხა გადავიხადეთ. მუშაობს? აქ მხოლოდ ფურცელზე ხდება რაღაც პროექტების შესრულება და რეალურად ეს თანხა, რასაც საერთაშორისო დონორები გამოყოფენ, ხალხს, ქვეყანას არ ხმარდება. რეალურად ქვეყანას ეს არ ხმარდება (თბილისში, მდინარე ვერეს ადიდების შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა. განადგურდა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, დაზარალდა 200-ზე მეტი ოჯახი და 1000-ზე მეტი ადამიანი. სტიქიამ თითქმის მთლიანად გაანადგურა თბილისის ზოოპარკი, ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა. სტიქიური უბედურება 13 ივნისს გვიან ღამით დაიწყო და 14 ივნისის დილამდე გაგრძელდა).
- თეა, შოვის ტრაგედიაზე ახალი კვლევის გამოქვეყნების შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები?
- ზუსტად ამ მხილების შემდეგ დაკითხვაზე დამიბარეს ქუთაისში, პოლიციაში. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, უნდოდათ, მიმეცა ჩვენება, რომ აპარატურის გარეშე, მხოლოდ ერთი სეისმური სადგურით შევძლებდით თუ არა ამ პროცესის პროგნოზირებას. ერთი სადგურით ვის შეუძლია პროგნოზირება? ამას სულ სხვა ტიპის აპარატურა, სხვა ტიპის მონიტორინგის სისტემები სჭირდება.
მონიტორინგის სისტემები უნდა იყოს ყველგან, სადაც გვყავს მოსახლეობა, სადაც რისკის ზონაა და ვიცით, რომ აქ ოდესმე მოხდება ტრაგედია და ეს ხალხი ფაქტობრივად მოსაკლავად გვყავს გაყვანილი.
ცნების დონეზეც არ ესმით როგორ უნდა გაიმართოს ეს სისტემა. სეისმური მონიტორინგის სისტემა გამართული რომ არის, მხოლოდ აპარატურის და ამერიკელების დამსახურებაა? ეს არის ადგილობრივი კადრი, რომელსაც 20 წელია ვზრდით.
გასული წლის სექტემბერში მამუკა მდინარაძე („ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი) გამოვიდა და თქვა, რომ მე ვიყავი გლობალური ომის პარტიის წევრი და აგენტი. ეს იყო სამთავრობო სტრუქტურების მიზანმიმართული აგრესია, რომ საქმიდან ჩამოვეცილებინე. მიგზავნიდნენ მესიჯებს, რომ ხელს ვუშლი სამშენებლო ბიზნესში, მთავრობასთან დაახლოებულ გეოლოგიურ ჯგუფს. უამრავი მტერი გავიჩინე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი განსხვავებული სისტემაა, ეს არ არის საბჭოთა უნივერსიტეტი. სამინისტროდან მივიდნენ რექტორთან და უთხრეს, რომ სეისმური მონიტორინგის ქსელი დაეთმო და მიეერთებინა სახელმწიფო სტუქტურებისთვის. 2019 წლიდან არის აგრესიული შეტევა ამ სამსახურის, ჩემს წინააღმდეგ.
- მახსოვს, საერთაშორისო სასამართლოში, როცა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით დავა მიმდინარეობდა, ჩვენმა იუსტიციის სამინისტრომ სწორედ სეისმური მონიტორინგის ცენტრის მონაცემები წარადგინა მნიშვნელოვან მტკიცებულებად, როდის და სად მოხდა აფეთქებები, როგორ დაიწყო დაბომბვა. ამერიკული მხარდაჭერა რომ არ გვქონოდა, ეს მონაცემები გვექნებოდა საერთოდ?
- ამერიკელების გარეშე არაფერი არ გვექნებოდა. 2008 წელს მე არ ვიყავი დირექტორი, ზურა ჯავახიშვილი იყო ამ სამსახურის ხელმძღვანელი და მე მისი მოადგილე. ერთობლივად დავამოტაჟეთ სეისმური სადგურები.
მახსოვს, როგორ ვიჯექით 2008 წლის შემდეგ ამერიკელ პარტნიორებთან ერთად და ვამუშავებდი მასალას, რომელიც უტყუარი მტკიცებულება იყო, რომ ომი საქართველოს არ დაუწყია. საქართველოში რუსეთმა ომი დაიწყო 7 აგვისტოს 11:40 საათზე. გვაქვს ყველა კასეტური ბომბის აფეთქების დრო, ადგილი და ა.შ. გორის დაბომბვის ყველა ეპიზოდი გვაქვს ჩაწერილი.
- დღეისათვის, როცა „ქართული ოცნების“ რუსული განზრახვა, რეჟიმი, სრულად გაშიშვლდა, მათ შორის, ჩვენი კოლეგის, მზია ამაღლობელის დაპატიმრების შემდეგ, ფიქრობთ, რომ რაც თქვენმა ცენტრმა ამ მტკიცებულებების შექმნით გააკეთა, შესაძლოა, პირდაპირ რუსეთის შურისძიების სამიზნე იყოთ?
- მსგავსი სისტემის, სეისმური სადგურების დამონტაჟება, ხელს უწყობს ხელოვნური აფეთქებების იდენტიფიკაციას. ეს არის ერთ-ერთი მიღებული და აპრობირებული მეთოდი, სეისმური მეთოდებით აფეთქების იდენტიფიკაცია, რაც რა თქმა უნდა ჩვენ განვახორციელეთ 2008 წლის ომის შემდეგ და წარვადგინეთ როგორც მტკიცებულება იმისა, რომ ომი საქართველოს არ დაუწყია.
კიდევ ერთი ფაქტორი -
2023 წლის ივნისში, საქართველომ და მე ვიყავი მასპინძელი, უმასპინძლა უკრაინის და ამერიკის შეერთებული შტატების სამეცნიერო გუნდებს, რათა ეს სისტემა განევითარებინათ უკრაინაში. როდესაც ჩვენ ამ ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრას ვმასპინძლობდით და გვინდოდა ქართული მოდელის გადაღება უკრაინაში, ზუსტად იმ დღეს წარმიდგინეს ბრალი.
სეიმოლოგია არ არის მხოლოდ მიწისძვრების მონიტორინგი.
- ამიტომაც ითხოვდნენ, რომ პირდაპირ სამთავრობო დაქვემდებარებაში და „ოცნების“ კონტროლქვეშ ყოფილიყო?
- განათლების სამინისტრომ ჯერ კიდევ 2019 წლის შემდეგ ფინანსური პრობლემები შეგვიქმნა. ბიუჯეტი შეგვიმცირდა და ამერიკული მხარდაჭერა რომ არა, სეისმური მონიტორინგის ცენტრი ვერ იფუნქციონირებდა. თუ ეს რეჟიმი დარჩა, რა თქმა უნდა, შეეხებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, წაიღებს ამ ცენტრს რომელიმე სამთავრობო უწყება და ის მოკვდება, როგორც მოკვდა წინასწარი შეტყობინებების სისტემები გარემოს ეროვნული სააგენტოს მართვის პირობებში.
- ქვეყნის დატოვების შემდეგ რას აპირებთ, შეწყვეტთ ბრძოლას თუ სხვა ფორმით გააგრძელებთ?
- ჩემთვის ეს პირველი გასვლა არ არის. მაგრამ უკვე რეალური საფრთხეა, რომ მე ამ ყვეყანაში შეიძლება ვეღარ დავბრუნდე ამ რეჟიმის პირობებში. მიფიქრია იმაზე, რომ დავრჩე და ბოლომდე თავი შევაკლა, ჩავჯდე ციხეში და ა.შ. მქონდა კომუნიკაცია ჩემს მეგობრებთან, ყველასთან... ციხეში ჯდომით ბევრს ვერაფერს შევცვლი. გაცილებით მეტი ვიცი და გაცილებით მეტი შემიძლია, ვიდრე ჰგონიათ. ამ ეტაპზე გარედან გავაგრძელებ ბრძოლას.