ბრძოლა მამაპაპისეული მიწისთვის
„55 წლის ვარ და რაც თავი მახსოვს, ბებია და ბაბუა სულ აქ ცხოვრობდნენ. მეც აქ გავიზარდე“, - გელა სოსელიას ბაბუა საირმის მოსაზღვრე სოფელ უდაბნოში 1947 წელს მეტყევედ მიავლინეს. მეტყევის სახლში გატარებული 3 წლის შემდეგ დაქორწინდა და თავისი სახლიც ჩადგა. ოჯახის გამრავლებასთან ერთად, ახალი სახლებიც აშენდა. „არ ცხოვრობდითო და აბა, ციდან ხომ არ ჩამოვვარდით და ხომ არ დავეცით კურორტს თავზე?! 31 წელია, რაც მე აქ ვცხოვრობ, ბაბუა 1950 წლიდან ცხოვრობდა. ამ პერიოდში ერთი კაცი არ მოსულა და არ უთქვამს, აქ რატომ ცხოვრობთო. მიწა არ გაგვიფორმებია, რად გვინდა, ვინ წაგვართმევსო“.
დრო შეიცვალა, შეიცვალა კანონებიც. 2019 წელს მიწის რეგისტრაცია კიდევ უფრო გამარტივდა. სახელმწიფომ მოქალაქეებს შესაძლებლობა მისცა, ნაკვეთი, თუ მას 2007 წლამდე ფლობდნენ, მაგრამ საბუთები ამა თუ იმ მიზეზით არ იძებნებოდა, მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე დაეკანონებინათ. გელამ მამაპაპისეული ნაკვეთისა და სახლის დარეგისტრირება გადაწყვიტა.
საჯარო რეესტრმა საკუთრება, 410 კვ.მ საბუთების წარდგენიდან რამდენიმე თვეში, საკითხის დეტალურად შესწავლის შემდეგ დაურეგისტრირა. მალევე შუამავალი მიუგზავნეს. გელას ნაკვეთი კურორტ საირმის სპა ცენტრიდან სულ რამდენიმე მეტრშია. ახალი შეთავაზება სწორედ კურორტის მეპატრონისგან მოდიოდა.
„ამ ადგილს თუ დათმობთ, გინდა თანხა მოითხოვე, ან სადმე ადგილს გამოგიყოფთ და იქ კოტეჯს აგიშენებთო. მე ვუთხარი, მაგაზე ჩემთან არ უნდა მოსულიყავი, ვერ შეველევი ამ ადგილს. მთელი ბავშვობა აქ მაქვს გატარებული და ამ საკითხზე არ შემაწუხოთ-მეთქი“,- უარის შემდეგ გელა ბაღდათის მერმა დაიბარა.
„თემურ კოხოძეს უნდა თქვენი მიწა კურორტის განვითარების მიზნით, თუ დათმობთ და მიყიდით, მორიგდებითო. მასაც ვუთხარი, მამაპაპისეულია, აქ თანხაზე არაა საუბარი, ვერ გავიმეტებ ამ დგილს, რომ გავყიდო-მეთქი“.
შემდეგი ზარი უკვე პროკურატურიდან იყო. აღმოჩნდა, რომ გელა სოსელიას წინააღმდეგ სატყეო სააგენტოს მოთხოვნით საქმე აღუძრავთ. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მისი ნაკვეთი სატყეო ფონდის კუთვნილებაა.
სახელმწიფო გელა სოსელიას თაღლითობას აბრალებს, იმ მიწის მიტაცებას, რომელზეც მისი ოჯახი ჯერ კიდევ იქამდე დასახლდა, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის გერმანელი და რუმინელი ტყვეების მიერ საირმეში პირველი სანატორიუმები აშენდებოდა; ბევრად იმაზე ადრე, ვიდრე კურორტი „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, მილიონერ თემურ კოხოძეს სიმბოლურ ფასად გადაეცემოდა.
პროკურატურა თაღლითობას და სახელმწიფოსთვის 156 000 ლარის ზიანის მიყენებას ედავება საირმეში მცხოვრებ ვალიკო მესხიასაც. „პროკურორმა გვითხრა, 100 წელი ცხოვრობდით მანდ, კაცი არ შეგხებიათ, ეს კერძო საკუთრება რა საჭიროაო. გამოუშვეს სატყეო სააგენტოს თანამშრომლები, აზომეს ჩვენი ნაკვეთი, ხეები დაათვალიერეს და ვითომ მიყენებული ზარალი გამოიანგარიშეს. არადა, კაკალი გვაქვს დარგული, 80 წლის ხეებია, ჩემმა წინაპრებმა სულ ზოლში დარგეს, თავისით კი არ ამოვიდა“ - მესხიებს, საირმის მეზობლად, ტაბოცეთში, რთული რელიეფის სოფელში სანიმუშო მეურნეობა აქვთ. ასე აგრძელებენ ისინი წინაპრების საქმეს. საირმის სულგუნსა და თაფლს სახელი სწორედ მათმა გვარმა გაუთქვა, რომელიც აქ მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ცხოვრობს, როცა იმერეთის ტყიან ფერდობებში ჩამჯდარ საირმეს კურორტის სტატუსიც არ ჰქონდა. ამ დამსახურებისთვის მათ ბაბუას ღირსების ორდენი გადაეცა. ოჯახს მთავრობასთან თავად ბაღდათის მერიამ ჯერ კიდევ 2015 წელს უშუამდგომლა, რომ მათთვის მიწის ნაკვეთი კერძო საკუთრებად დაერეგისტრირებინათ.
თითქოს საკუთრების პრობლემა საკმარისი არ იყო, მესხიებს მილიონერმა მეზობელმა ცილისწამებაზე უჩივლა, როცა მათი პრობლემების სათავედ მედიასთან თემურ კოხოძეზე მიანიშნეს.
„შეიძლება, ვიღაცას გაეცინოს, რაში აინტერესებს მილიონერს შენი ქოხი? მაგრამ, ის ქოხი ჩემთვის უფრო გემრიელია, ვიდრე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო. ჩვენთვის ეგრეა. ზოგს გაეცინება, ეს რაში უნდა იმხელა ქონების პატრონს, მაგრამ საერთო სურათს თუ შევხედავთ, მისგანაა შეზღუდვა, მეტი არავისგან“, - ამბობს ვეფხია მესხია.
„აი, შემოვღობე, ბაბუაჩემის იყო და 2 კაცი უდასტურებს, რომ ბაბუაჩემის იყო, კი, ლობიოს ერთად ვჭამდით... ნუ, ეგ ხომ ვიცით, როგორც ხდება და რაც ხდება, ხომ?! მე ყველაზე გვიან გავიგე, რომ ამ ადამიანების მიმართ გამოძიება იყო დაწყებული და ა.შ“, - კურორტ „საირმის“ მეპატრონეს, თემურ კოხოძეს ვკითხეთ, თვითონ ხომ არ უჩივლეს საირმის მცხოვრებლებს, თითქოს მათ მამაპაპისეული მიწა უკანონოდ ჰქონდათ რეგისტრირებული.
თემურ კოხოძე: არა მგონია, ჩვენ არ დაგვიწერია არაფერი. არა, არა, გამორიცხულია. მაგ ხალხზე როგორ დავწერ რამეს, მიუხედავად იმისა, რომ...
მთის ამბები: თქვემი კუთვნილი კომპანიის ხელმძღვანელი პირები არ უჩივიან ამ ხალხს?
თემურ კოხოძე: არა, არა, არა.
მთის ამბები: კიდევ ერთი საჩივარი, რომელიც „კურორტმა საირმემ“ ვეფხია მესხიას წინააღმდეგ შეიტანა, მათ საფუტკრეს ეხება, რომელსაც პატრონმა ნადირისგან დაცვის მიზნით, ეკლიანი მავთული შემოავლო.
ნაწყვეტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის აქტიდან: „კურორტ საირმეში გამოვცხადდი შეტყობინების საფუძველზე, სადაც დაგვხვდა „კურორტ საირმის“ წარმომადგენელი ოთარ გაჩეჩილაძე. მისი განმარტებით, მან აღმოაჩინა, რომ ნაკვეთი, რომელიც ეკუთვნის სატყეოს, არის თვითნებურად შემოკავებული დაუფლების მიზნით და აღნიშნულ ფაქტზე ითხოვს რეაგირებას“.
თემურ კოხოძე: ის ნაკვეთი არ არის შორს სასტუმროდან და ცოტა შორსაც რომ იყოს, იქ ხალხი ამოდის მერე, იწყება ცეცხლის დანთება, ღრეობა, მწვადის შეწვა და ამას დავდევთ, რომ ხანძარი არ გაჩნდეს“, - მილიონერი ბიზნესმენი საირმის ტყეს გადაწვისგან, იმ ხალხისგან იცავს, ვინც ამ ტყეს მე-19 საუკუნიდან მოყოლებული პატრონობს.
ციური ფიფიას, კურორტს დეპუტატი რომ დაეპატრონა, გულმა რეჩხი უყო და ეს 1900 წლით დათარიღებული დოკუმენტი სხვა საბუთებთან ერთად კოხოძეს საკუთარი ხელით გააცნო. ქუთაისის ეროვნული არქივის საუკუნის წინანდელი ჩანაწერები ადასტურებს, რომ ციური ფიფიას ბაბუა საირმესთან, სოფელ მამანეთში ცხოვრობდა. „უხმოდ ჩაიკითხა ყველაფერი. ვიფიქრე, აზრზე იყოს, ჩვენსას რამეს არ შეეხოს-მეთქი, მაგრამ მაინც კი წაიღო ყველაფერი“.
ციური ძველი სახლის აღსადგენად ბანკში სესხის ასაღებად მივიდა, სწორედ იქ შეიტყო, რომ მის სახლ-კარს ყადაღა ედო.
სისხლის სამართლის საქმე სულ 15 ოჯახის მიმართ აღიძრა. ყველა მათგანს თაღლითობას ედავებიან, რაზედაც სასჯელი 6-დან 9 წლამდე პატიმრობაა. პროკურატურის ზეწოლის შედეგად ექვსმა ბრალდებულმა არჩადენილი დანაშაული აღიარა. საპროცესო გარიგების შემდეგ მათ ნაკვეთები სახელმწიფოს დაუთმეს.
ვინც ბრალს არ დაეთანხმა, მათ გირაო შეეფარდათ. მაია ფიფიამ გირაოს თანხის გადასახდელად ბანკიდან სესხი აიღო.
ბაღდათის მერიის თანამშრომლებმა, ნუგზარ და ბესიკ კბილაშვილებმა გასცეს ცნობა, რომ ფიფიები, მესხიები და თოლორდავები დანამდვილებით საირმის მკვიდრი მოსახლეობა იყო და მამაპაპისეულ ნაკვეთებსაც ფლობდნენ. პირველები სწორედ სახელმწიფო მოხელეები დააპატიმრეს. ეს იყო პირველი და უმთავრესი, რამაც კერძო მოსაკუთრეების ნაწილს მიწის დათმობა აიძულა და დავის გაგრძელებაზე ხელი ააღებინა.
თოლორდავების მიმართ სახელმწიფოს იგივე პრეტენზია აქვს - თითქოს, მათი კუთვნილი ნაკვეთი სატყეო ფონდის საკუთრებაა.
არსებობს 2 დოკუმენტი, ორივე სატყეო სააგენტოს ეკუთვნის. პირველი, რომელიც გამოძიების დაწყებისთანავეა გაცემული, ამბობს, რომ ამ ხალხის მამაპაპისეული ნაკვეთები ტყით საერთოდ არ არის დაფარული ან მხოლოდ ნაწილობრივაა.
მეორე დოკუმენტი პირველს სრულიად ეწინააღმდეგება. მეორე ცხრილი სისხლის სამართლის საქმეში ბრალის წარდგენის შემდეგ გაჩნდა და ამბობს, რომ ეს მიწები ტყით სრულად არის დაფარული.
- პირველი დოკუმენტის თანახმად, გელა სოსელიას კუთვნილი ნაკვეთი ფართობით 1095 კვმ, 2011 წლის მდგომარეობით, საერთოდ არ არის ტყის ფონდში, მეორე წერილით სრულად ტყით არის დაფარული.
- ფიფიების 2800 კვმ ნაკვეთიდანაც, ტყის ფონდში, პირველი წერილით არცერთი კვადრატული მეტრი არაა; მეორე წერილით სრულად ტყის ფონდში ექცევა.
- პირველი წერილით, გოგა თოლორდავას კუთვნილი 1454 კვმ-დან ტყის ფონდში მხოლოდ მესამედი ექცევა, მეორე წერილით მთლიანად.
სატყეო სააგენტო არ განმარტავს, რატომ და რის საფუძველზე შეცვალა მონაცემები.
ბრალდებულთაგან ზურაბ თოლორდავა ის გამონაკლისი იყო, რომელსაც სასამართლომ გირაო არ შეუფარდა. მთელმა ბაღდათმა იცის, რომ ისტორიკოსის, სკოლის დირექტორის, მხარეთმცოდენობის მუზეუმის ხელმძღვანელის ბაბუა სოფელ მამანეთში 1900 წელს ჩამოვიდა და გუმბათიან სახლში 12 შვილი გაზარდა.
„რაიმე რომ დაგაბრალონ, წარმოუდგენელი, ასეთი განცდა მქონდა. ცხოვრებაში არ მქონია ამგვარი არაფერი. გაცხადებენ თაღლითად და აფერისტად. ამ ამბების შემდეგ დამეწყო ეს ყველაფერი, ჯანმრთელობის მდგომარეობა გამიუარესდა. ხომ განიცდი კაცი?! ჩემი დღეს და მოსწრება მასწავლებლად ვმუშაობ, შეხება არ მქონია პროკურატურასთან. გიბარებენ სასამართლოში და თაღლითობის მუხლს გიყენებენ“.
საირმის ტყე ერთი კაცის გამგებლობაში
მილიონერი თემურ კოხოძე საირმის ტყეს თითქმის მთლიანად, 13 202 ჰექტარს, ნახევარსაუკუნიანი იჯარით დაეპატრონა. „თითქმის“ იმიტომ, რომ მის მფლობელობაში ჯერ კიდევ არ შედის ადგილობრივი მოსახლეობის პატარა-პატარა ნაკვეთები, რომლებიც პროკურატურის ზეწოლისა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიუხედავად, არ დათმეს.
კოხოძის გაცხადებული მიზანი აქ სამონადირეო მეურნეობის მოწყობაა. მოსახლეობის გაცხადებული შიში კი იმას უკავშირდება, რომ მდიდარი მეზობელი მათ უამრავ პრობლემას შეუქმნის - პირველ რიგში, გადაადგილებას შეუზღუდავს.
პრობლემები სამომავლოც არ არის. კურორტის ადმინისტრაციას შეზღუდვები უკვე დაწესებული აქვს.
ვეფხია მესხია: „გრძელგორი ნათელი მაგალითია, ვერ მივდივარ, ვერ მოვდივარ ვერც მანქანით, ვერც ცხენით. იმას თუ მეტყვის, ჩემი გაჭრილია გზა და მანქანით შენ რატომ უნდა იაროო, ცხენით ხომ დავდიოდი მანამდე, ფეხით ხომ დავდიოდი. ახლა რატომ არ მაქვს უფლება, გავიარო. დაკეტილია ჭიშკარი. რომ სთხოვო, გამიშვი, გრძელგორში მივდივარო, არ გაგიშვებენ. კერძო საკუთრებაა, ვერ გაგატარებო. სხვა შესასვლელი არა აქვს“.
მიუხედავად იმისა, რომ ლიცენზიის ერთ-ერთი მთავარი პირობაა, საირმის ტყეში გადაადგილება არ შეიზღუდოს, შეზღუდვა არათუ მომავლის პერსპექტივაა, არამედ რეალობაა დღეს და არა მხოლოდ გლეხებისთვის, მედიისთვისაც. „კერძო ტერიტორიაა შემოსასვლელიდან მთლიანად“, - გვეუბნება კურორტის დირექტორი ირაკლი გორგოძე. ამ დროს „მთის ამბების“ ჯგუფი „კურორტ საირმის“ წინ, ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელ სახელმწიფო გზაზე დგას.
სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია სახელმწიფომ ისე გაყიდა, ადგილობრივი მოსახლეობა არაფრად ჩააგდო, კანონი კი მკაფიოდ ითხოვს, გადაწყვეტილებები მათი მონაწილეობით იქნას მიღებული.
ბაღდათის მერი გვიმტკიცებს, რომ ასეთი შეხვედრა გაიმართა და მას საირმის მკვიდრებიც ესწრებოდნენ: „საირმის მცხოვრებლებიც იყვნენ და საირმის თავზე არსებულ საძოვრებზე მოღვაწე მწყემსებიც. ჩანაწერებიც არის“.
ეს ჩანაწერები „მთის ამბებმა“ ბაღდათის მერიიდან, იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციიდან და გარემოს დაცვის სამინისტროდან წერილობით გამოითხოვა. სამი უწყებიდან ერთი მტკიცებულებაც კი ვერ მოგვაწოდეს, რაც დაადასტურებდა, რომ საჯარო განხილვები ნამდვილად შედგა და მასში ადგილობრივი მაცხოვრებლები მონაწილეობდნენ.
ნინო გუჯარაიძე, „მწვანე ალტერნატივის“ გარემოსდაცვითი მართლმსაჯულების პროგრამის კოორდინატორი: „დოკუმენტაცია ადასტურებს, რომ სააგენტოს ჰქონდა საჯარო განხილვების სიმულაციის მცდელობა. გარკვეულ პირებთან იყო შიდა შეთანხმება, რომ მოწვეული ყოფილიყვნენ მათთვის საჭირო ადამიანები, რომლებიც შექმნიდნენ საჯარო განხილვის იმიტაციას, როგორც ვფიქრობთ, იმ შემთხვევისთვის, თუ სადავო გახდებოდა. ეს გადაწყვეტილება მიღებულია საჯარო განხილვების გარეშე“.
ბაღდათის მერს ვკითხეთ იმის თაობაზეც, რატომ მონაწილეობდა მოლაპარაკებებში კერძო საკუთრების დათმობასთან დაკავშირებით, ბიზნესმენის სასარგებლოდ.
კახა ენუქიძე, ბაღდათის მერი: „არ გინდა სიკეთე რომ გაკეთდეს? სოსელიას არაფერი არ მოსთხოვეს. უბრალოდ, წინადადება შესთავაზეს, მისი ქონების სანაცვლოდ სხვაგან ფართი - ბინა თბილისში, ქუთაისში, ბათუმში. შესთავაზეს ასევე სხვა სიკეთე, თუ დათმობდა. არ დათმო იმ კაცმა, თქვა უარი და მორჩა. მერიის ინტერესში და ბაღდათის ინტერესში არ შედის ის, რომ რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია განხორციელდეს ბაღდათში. კოხოძე გადაყოლილია რაიონზე ზედ, თუ დაინახავენ და თუ მიხვდებიან“.
თემურ კოხოძე, კურორტ საირმის მეპატრონე: „მუნიციპალიტეტში 4 მილიონი ლარის ხელფასს არიგებს კურორტი „საირმე“. წარმოგიდგენიათ, ეს რას ნიშნავს? წარმოგიდგენიათ 14 000 მოსახლე რომ არის, იქ რას ნიშნავს 4 მილიონის დარიგება წელიწადში? დიახ, კურორტი რომ კიდევ განვითარდეს, კურორტი რომ არ წაიქცეს და არ დავკეტოთ, სამონადირეო მეურნეობაც უნდა გავაკეთოთ, სათხილამურო ტრასებიც უნდა გავაკეთოთ. დიახ, რომ არ დაგვიზიანონ, მწვადები არ შეწვან ტყეში და ხანძარი არ გააჩინონ“.
საფრთხეს ადგილობრივი მოსახლეობა პირიქით, სამონადირეო მეურნეობისგან ხედავს.
ვეფხია მესხია, ტაბოცეთის მკვიდრი: „ახლა სადაც ვდგავარ, ამ ბილიკის შიგნით არის ჩვენი ეზო. ამ ბილიკის გარეთ უკვე სამონადირეო მეურნეობაა. ეზოდან გამოდიხარ და... სანადირო მეურნეობაში ვცხოვრობ, ალყაში ვარ. სად თოფის სროლა და ნადირზე დევნა, ტყვიების წუილი და სად ცხოვრება ახლა და სად ტურიზმი, სად სეირნობა. საცხენოსნო ტურები მაქვს ზაფხულში, დავდივართ ამ გზებზე, ბილიკებზე. სილამაზეებს ვანახებ ხალხს და მე ვფიქრობ, რაღაც საფრთხის შემცველი არის“.
ვალიკო მესხია, ტაბოცეთის მკვიდრი: „ხანში მოხდა ასეთი ამბავი, ბუჩქი გაინძრა, ესროლა და მოკლა კაცი. დათვი ეგონა. ჩემი შვილიშვილები დადიან, დახეტიალობენ. ხან გირჩს ეძებენ, ხან თამაშობენ. საშიშროების მეტი რა არის. საქონელს ვერ გადავრეკავთ. ეს საძოვრები მამამ იმიტომ აირჩია აქ, კომუნისტები რომ დაგვდევდნენ, ყველა ადგილი იცოდა, სად არის საძოვარი, სად არის სურო, სად არის ძმერხლი, რომ გამოიკვებოს საქონელი. მონადირემ რა იცის ახლა, იქ საქონელია, თუ სხვა რაღაც. ესვრის და დააგდებს ძირს“.
საირმის ტყის ახალი ბატონი ამ საფრთხეებს კატეგორიულად უარყოფს და მოსახლეობის წინააღმდეგობას სულ სხვა მოტივით, ბრაკონიერობით ხსნის:
„აბსოლუტურად სხვა ადგილზე იქნება ნადირობა, სადაც ადამიანები არ დადიან. იცით ვის არ უნდა სამონადირეო მეურნეობის გაკეთთება? აი“, - კოხოძე ფოტოებს გვაჩვენებს, რომელზეც ვეფხია მესხია ცხოველს ატყავებს.
„არჩვია, გატყავებული არჩვია. აი, რატომ შემოღობა იქ, რომ მწვადები და ცეცხლი გააჩინოს ტყეში. ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ყველამ კარგად ვიცით, რით დამთავრდება მერე მანდ მწვადის შეწვა და ტყის გადაწვა. შეიძლება ამის მოკვლა? - არ უნდა მოკლა. ის თუ მოკალი, უკვე ბრაკონიერი ხარ“, - გვეუბნება კოხოძე.
„მთის ამბებმა“ ეს ფოტო თბილისის ზოოპარკის დირექტორს, ზოოლოგ ზურაბ გურიელიძეს და სახეობათა კონსერვაციის ცენტრი „ნაკრესის“ წარმომადგენელს ბეჟან ლორთქიფანიძეს აჩვენა.
ზურაბ გურიელიძე: „ეს არის შინაური თხა. ცუდი სურათია, მაგრამ ეჭვი არაა, რომ ეს არჩვი არ არის“.
ბეჟან ლორთქიფანიძე: „შემორჩენილი ბეწვის მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს შინაური თხაა, ეჭვგარეშეა“.
მთავრობის განკარგულებით, საირმის სამონადირეო მეურნეობა სარგებლის მომტანი უნდა იყოს ბაღდათისა და ვანის მოსახლეობისთვის - ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას, ტურისტებისთვის მიმზიდველი გახდეს.
დღეისათვის ქვეყანაში სულ 15 სამონადირეო მეურნეობაა. როგორია პრაქტიკა? - „მთის ამბებმა“ ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოიპოვა ინფორმაცია ველური ბუნების სააგენტოდან :
„ლიცენზიები სამონადირეო მეურნეობების მოსაწყობად გაიცემა მოთხოვნილ ტერიტორიაზე არსებული სანადირო ფაუნის ყოველგვარი წინასწარი აღრიცხვის და შეფასების გარეშე, პრაქტიკულად, ბრმად.
შედეგად, ბოლო ოც წელიწადში შექმნილმა სამონადირეო მეურნეობებმა არანაირი, თუნდაც მცირე პოზიტიური შედეგი არ მისცა ქვეყანას“.
ბეჟან ლორთქიფანიძე, „ნაკრესის“ წარმომადგენელი: „მე ვფიქრობ, ახლა სამონადირეო მეურნეობები იზოლირებული კლუბებია, რომლებშიც მხოლოდ პატრონი და პატრონთან დაახლოებული პირები ნადირობენ. ან, შესაძლებელია, მიხვიდე და უარმაზარი ფასი გადაიხადო იმისთვის, რომ ლეგალურად ინადირო. ამის შესაძლებლობა ძალიან ბევრ მონადირეს არ აქვს. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს დღევანდელ დღეს ის მოცემულობა, როცა მონადირეები გადიან და ბრაკონიერობენ იმ პირობებში, როდესაც დაცვა ძალიან შესუსტებულია სახელმწიფოს მხრიდან“
კაცი, რომელსაც არჩვი თხისგან ვერ გაურჩევია, ვალდებულებას იღებს საირმის ტყეში წითელ ნუსხაში შეყვანილი ორი სახეობა მოამრავლოს.
თემურ კოხოძე, საირმის სამონადირეო მეურნეობის“ მეპატრონე: „რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ, მათ შორის, ირმის დაღესტნიდან გადმოყვანაზე. როცა გვექნება იმ ირმის, ვთქვათ, თავისი საბუთები, გენეტიკა და ა.შ. მე არა ვარ ექსპერტი ამ საქმეში და ბოლომდე ვერ შევალ, თუმცა ვსწავლობ ახლა და ორ თვეში მეცოდინება კარგად. თუ გადმოვიყვან და ეს არ იქნება იმ გენეტიკის, რაც არის იქ გავრცელებული, მაშინ ტყეში გაშვების უფლება არა გვაქვს. მაშინ ის შემოღობილში უნდა გყავდეს და ტყეში ვერ გაუშვებ“.
ამ პროექტის განხორციელებისთვის ლიცენზიანტი ვალდებულია, არანაკლებ 4 მილიონი ლარი დახარჯოს.
ირაკლი მაჭარაშვილი, „საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის“ (საბუკო) დირექტორი: „სამონადირეო მეურნეობა და ლიცენზია რატომ შეიძლება უნდოდეს ადამიანს, ეგ კიდევ ცალკე ამბავია და საქართველოს კანონმდებლობის ცალკე ხაფანგია. დიდი ფართობის ტყის აღება მხოლოდ აუქციონზე სამეურნეო მეურნეობის ლიცენზიით ყიდვით არის შესაძლებელი. შეიძლება ამ შემთხვევასთანაც გვქონდეს საქმე“.
სამონადირეო მეურნობის ლიცენზია რომ ფიქციაა და სინამდვილეში ბიზნესმენს მხოლოდ ტყე სჭირდებოდა, ამას თავადაც არ უარყოფს.
თემურ კოხოძე: „იჯარით ვერ ავიღებდი იმიტომ, რომ კანონმდებლობა არ გაძლევს მაგის საშუალებას. გავიტანეთ აუქციონზე და ავიღეთ ლიცენზია, მივიღეთ ეს ტყე და მერე ტყუილად ხომ არ ავიღებდით, სამონადირეო მეურნეობის გასაკეთებლად და რეკრეაციული ფერმის გასაკეთებლად, უფრო სწორად. ეს ყველაფერი კომპლექსშია. მე არავითარ შემთხვევაში არ დავხარჯავ იქ ათეულობით მილიონს, თუ ვხედავ, რომ იქ ვიღაცებმა შეიძლება გადამიწვან ის ტყე და დამიტოვონ მხოლოდ სასრიალო ტრასა, ან გვერდით შეიძლება რაღაც ქოხები ამიშენონ. არ შევალ მაშინ“.
მთა და ბარი კოხოძეს
სასრიალო ტრასა, რომელსაც თემურ კოხოძე ახსენებს, მისი სხვა, ახალი პროექტის ნაწილია. 2024 წლის აპრილში, საქართველოს მთავრობამ მას საირმის თავზე, ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტებში 1000 ლარად თითქმის მთელი მთა გადასცა - ეს მიწაც ნახევარი საუკუნით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, აუქციონისა და ყოველგვარი კონკურენციის გარეშე.
„მაგას წაუღია მთელი გურიის მთებიც. საქართველოს იმნაირი მთავრობა ჰყავს, მე გამყიდის დღეს. ერთ მეტრ მიწას არ უტოვებს სოფელს, რომ წავიდეს და საქონელი მოაბალახოს, კოხოძე მილიარდებს იდებს ჯიბეში და იგრიალოს? არავინ არ აგრიალებს“
ვანის სოფელ უხუთში პირველად „მთის ამბებისგან“ გაიგეს მათი ტრადიციული საძოვრების 49 წლით გასხვისების შესახებ. ეს გადაწყვეტილებაც პრემიერმა კობახიძემ ისე მიიღო, ადგილობრივი მოსახლეობისთვის არაფერი უკითხავთ.
შალვა თევდორაძემ საზღვარგარეთ 5 წელი ფიზიკურად იმუშავა, რომ ოჯახიც ერჩინა და 5 სული ძროხაც შეეძინა. მთაში ჯერ სხვა მწყემსს მიეკედლა, როცა 40 სულამდე ავიდა, საკუთარი პატარა ხის ბინაც ჩადგა. ყველს და სულგუნს ზაფხულში მთაში ამზადებს და შემოდგომაზე ნაწარმი ბარში ცხენით ჩამოაქვს.
ვანის ალპურ საძოვრებს მიმდებარე სოფლების მკვიდრი მოსახლეობა ასობით წელია იყენებს. ეს საქმიანობა მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა.
„თუ ჩვენ აღარ მივეცით ამ ხალხს საერთო საძოვრებით სარგებლობის საშუალება, ჩავთვალოთ, რომ ეს სოფლები აღარ იარსებებენ, რაც არის ყოვლად დაუშვებელი“, - ამბობს ნინო ჩხობაძე, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, რომელიც წარმოშობით ვანიდანაა.
საინვესტიციო პირობის თანახმად, ახალ მიწათმფლობელს ევალება ამ მთაზე 750 ნომრიანი სასტუმროები და სათხილამურო ტრასები მოაწყოს.
ალპური საძოვრებით 4 მხარის ფერმერები სარგებლობენ. ვანის, ბაღდათის, ჩოხატაურისა და ადიგენის მოსახლეობას ტერიტორია საუკუნეების წინ აქვს განაწილებული. კოხოძისთვის გადაცემული 1400-მდე ჰექტარი იმერეთის საძოვრებს თითქმის მთლიანად მოიცავს.
თემურ კოხოძე: „იქ არის დაახლოებით 4 – 5 ათასი ჰექტარი სულ. საძოვრებისთვის სჭირდებათ ალბათ ათასი ჰექტარი. გაცილებით დიდი რაოდენობაა იქ. კურორტს შეიძლება დასჭირდეს 100 ჰექტარი, სადაც კურორტი განვითარდება. იქ, რა თქმა უნდა, საქონელს და ძროხას არ შევუშვებთ. ნორმალური გზა ექნებათ ასასვლელად, ზაფხულშიაც ავლენ და ზამთარშიც და თუ ვინმეს სურვილი ექნება, რომ მაგარი ფერმა გავაკეთოთ, მე მათთან ერთად მაგარ ფერმასაც გავაკეთებ და ყველანაირ პირობას შევუქმნით, რომ გაცილებით უკეთეს პირობებში იცხოვრონ და აკეთონ თავიანთი საქმე, მეწარმეები ვინც არიან“.
სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარება, სადაც მიწას მოიზომავ, ყველგან შესაძლებელი არ არის. მაგალითად, ვანის საძოვრებზე თოვლი დიდხანს არ ჩერდება და სათხილამუროდ თითქმის უვარგისია. გარდა ამისა, ექსპერტები ალპურ ზონაში ასეთი პროექტის განხორციელებას კანონსაწინააღმდეგოდ მიიჩნევენ.
ნინო ჩხობაძე, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი: „იქ კურორტის განვითარება, თავისი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელია. ის არ არის ზამთრის კურორტი, გამორიცხულია, რომ გამოყენებულ იქნას ამისთვის. კი, უნიკალური ადგილებია, ალპური ზონაა, მაგრამ ალპური ზონა როგორც ჩვენი, ასევე, საერთაშორისო კანონმდებლობით მოითხოვს სერიოზულ დაცვას. სამთო- სათხილამურო კურორტი ანადგურებს ალპურ ზონებს. ამიტომ, ნებისმიერი ქმედება და ჩარევა ხელუხლებელ ალპურ ზონაში, არის პრობლემა“.
„მთის ამბებმა“ საირმის საქმის გამოძიებაზე 3 თვე იმუშავა. ფილმის დასრულებამდე თემურ კოხოძემ მესამე სარჩელიც შეიტანა. ადგილობრივ მკვიდრ ვეფხია მესხიას მილიონერი ამჯერად ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გამოქვეყნებული პოსტისთვის ედავება. სოფლისთვის საკმარისი თავშესაქცევი იქნებოდა, რამდენი თავისუფალი დრო აღმოაჩნდა მდიდარი კაცის იურისტების არმიას, მაგრამ სამხიარულოდ საქმე აღარ წაუვიდათ.
ბრძოლის დასრულებას ვეღარ მოესწრო ზურაბ თოლორდავა, რომლის ჯანმრთელობა სწორედ ამ დავის დაწყების შემდეგ გაუარესდა. კაცი, რომელიც მთელი ცხოვრება თავის ქალაქს ემსახურა, ცხოვრების ბოლოს თაღლითად გამოაცხადეს, სიკვდილის შემდეგ კი ოჯახს შეუთვალეს, რომ ზურაბ თოლორდავას ბაღდათის საპატიო მოქალაქის სტატუსს მიანიჭებენ.