საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

როგორ დევნიან ტყიბულელ მეშახტეებს „ოცნება“ და „საქნახშირის“ რუსი მმართველი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

19:54 - 21 თებერვალი 2025 hits 3104
დავით მძინარიშვილის ფოტო
ახალი ამბები
დავით მძინარიშვილის ფოტო

„მოძრავი სტუდიის“ ამ გადაცემაში ტყიბულელი მეშახტეების პრობლემებზე გიამბობთ. 38 მეშახტე, განსხვავებული აზრის გამო, სამსახურიდან არჩევნების დამთავრებისთანავე დაითხოვეს. მეშახტეები გვიყვებიან, რომ მიწისქვეშ, 400 მეტრის სიღრმეზე ქვანახშირის მოპოვება უმძიმეს სამუშაო პირობებში უწევთ, საწარმოს ადმინისტრაცია კი განზრახ მალავს შახტში მშრომელების დაშავების ფაქტებს.

ხვიჩა გაბუნია, გათავისუფლებული მეშახტე: პირადად მე კომპანიისგან ვითხოვდი, რომ ახალი ტექნიკა შემოეტანათ, სპეციალური ტანსაცმელი მოეცათ, სასადილო, კვების საკითხი და საშხაპე მოეწესრიგებინათ, რაც კატასტროფულ მდგომარეობაშია.

რეზინის ჩექმასაც კი თვითონ მეშახტეები ყიდულობენ. ყოველ 6 თვეში ერთხელ მაინც უნდა გვიცვლიდნენ სპეცტანსაცმელს.

ბესიკ სეფერთელაძე, გათავისუფლებული მეშახტე: მე ტრანსპორტის უბანში ვმუშაობდი და ძირითადად, გაუმართავი ტექნიკით ვიყავით. სულ მაგაზე მქონდა ჩხუბი. ყველაზე დიდხანს ვიყავით ისეთ ადგილზე, სადაც ჰაერის ჭავლი შეედინება და თბილი ტანსაცმელი გვჭირდება. მე-3 წელი დაიწყო, ჩვენთან თბილი ტანსაცმელი არ მოსულა. არჩევნების დღეს, კომპანიის წარმომადგენელმა დამირეკა და მკითხა, ვის მივეცი ხმა. ყველამ კარგად იცოდა, ხმა ვის მივეცით.

დავით აბულაძე, „საქნახშირის“ ყოფილი თანამშრომელი: ჩემი ძმა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენელი იყო.

წინასაარჩევნოდ სამსახურიდან ხალხს მიგზავნიდნენ, ჩემი ძმისთვის მეთქვა, რომ ოპოზიციური გაერთიანებიდან წამოსულიყო. არჩევნების დამთავრებისთანავე ამის გამო გაგვათავისუფლეს მეც და ჩემი მეუღლეც.

რუსლან ბუცხრიკიძე, „საქნახშირის“ ყოფილი თანამშრომელი: „საქნახშირში მუშაობა 2010 წლის სექტემბერში დავიწყე. მას შემდეგ, 2024 წლის დეკემბრამდე აქ ვმუშაობდი. ჩემს მიმართ არასდროს ყოფილა მცირე საყვედურიც კი. შახტაში მუშაობამ ჩემს ჯანმრთელობაზე ძალიან ცუდად იმოქმედა. ხერხემალზე ორი ოპერაცია მაქვს გაკეთებული. ექიმები დიაგნოზში წერდნენ, რომ ეს პრობლემები მძიმე ფიზიკური შრომით იყო გამოწვეული. ყველას არ შეუძლია გაუძლოს იმ დახურულ სივრცეში მუშაობას. არის მაღალი დონის დამტვერიანება, რამდენიმე სახის გაზი და ეს ყველაფერი, როცა წლები მუშაობ, აუცილებლად უარყოფითად მოქმედებს. ადამიანს შახტაში მინიმუმ 2 წელი თუ აქვს ნამუშევარი, ყველას აქვს ჯანმრთელობის პრობლემა.

დავით აბულაძე: იყო შემთხვევა, ვიღაცამ რაღაც დაიზიანა მუშაობის დროს. ჩვენი ტრანსპორტით გადაგვიყვანია საავადმყოფოში, რომ სასწრაფო არ გამოგვეძახებინა და არ დაფიქსირებულიყო, რათა კომპანიას არ დაკისრებოდა პასუხსმგებლობა. საწარმოო შემთხვევა ან ტრავმა რომ დაფიქსირებულიყო, მერე შრომის ინსპექცია ჩამოვიდოდა, შემოწმება მოხდებოდა და ხელმძღვანელებს ასეთი რაღაცები არ აწყობდათ.

ხვიჩა გაბუნია: ჩემი ოჯახის წევრზე მაქვს გამოცდილი. როდესაც მეშახტეები მარცხდებიან, ადმინისტრაცია ამას მალავს. აგერ, გიორგი ბოლოს უსაფრთხოების მიმართულებით მუშაობდა და ძალიან კარგად იცის, რომ ადმინისტრაცია ამას ხშირად ჩქმალავს. თვითონ ერევიან ამ ყველაფერში და ცდილობენ, არ გახმაურდეს ეს ინფორმაცია. საწარმოო ტრავმები ზოგი მსუბუქია, ზოგიც საკმაოდ მძიმეა.

კონკრეტულად ჩემს, მე-6 უბანზე იყო დამარცხების რამდენიმე ასეთი შემთხვევა, უახლოესი ერთი წლის განმავლობაში, რომელიც ადმინისტრაციამ მიჩქმალა.

გიორგი აბულაძე: მე ცოტა ადრე, 2018 წლის 16 ივლისს დავშავდი, გაზი აფეთქდა. ძლიერი დამწვრობა მივიღე. თვენახევარი, თბილისში, დამწვრობის ცენტრში ვიწექი. საყლაპავი მილის დამწვრობა მქონდა, ხელები, სახე მთლიანად. გადავრჩი. რაც საავადმყოფოში ვიყავი მოთავსებული, მკურნალობის ხარჯები კომპანიამ და ჯანდაცვის სამინისტრომ გადაიხადეს. საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, შახტაში სამუშაოდ ვეღარ ჩავედი. ხელების ძლიერი ფიზიკური ტრავმირება დამრჩა, მყესები მოიხარა. კანი გათხელებულია და შეიძლება გასკდეს. მხედველობა ერთ თვალში 4% მაქვს და სიბნელის შიშიც დამიტოვა. დავიწყე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტად მუშაობა, საიდანაც ახლა, არჩევნების შემდეგ გამათავისუფლეს, რადგან ოპოზიციის წარმომადგენელი ვიყავი. არც პენსია მაქვს. ხელები არ უნდა გქონდეს, პენსია რომ დაგენიშნოსო.

ირაკლი ჩიხრაძე, „საქნახშირის“ თანამშრომელი: მე-7 წელია შახტაში ვმუშაობ და რასაც ვხედავ, პროფკავშირი და ადმინისტრაცია გაერთიანებული არიან მეშახტეების წინააღმდეგ. მე პროფკავშირში არასდროს გავწევრიანდები. პირიქით, უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი პროფკავშირი, გაწევრიანდეს ეს ხალხი და იდავონ სამართლიანად. ირაკლი პეტრიაშვილი (გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე) 20 წელია თავზე აზის ყველაფერს და რა გაკეთდა? არაფერი.

„საქნახშირიდან“ გასათავისუფლებელთა სიაში 300 კაცამდე იყო, მაგრამ ახლა შეჩერდა. ხმაური არ აწყობს არავის. 38 ოჯახს რომ მოაშორებ ტყიბულს, იძულებულს რომ გახდი, დატოვოს ეს პატარა ქალაქი, ამის გამო ვდგავარ ამ ბიჭების გვერდით.

სრული უსამართლობა, არანაირი გამოცდა არ იყოფილა, ეგ იყო დადგმული სპექტაკლი.

ხვიჩა გაბუნია: ბევრი ფიქრობს ემიგრაციაში წასვლაზე. მე პირადად არანაირი სიახლის მოლოდინი არ მაქვს. მამა, 36 წლის ასაკში, შახტაში დაიღუპა და ოჯახის ერთადერთი მარჩენალი ვარ. მყავს მეუღლე, ორი მცირეწლოვანი შვილი და პენსიონერი დედა. ვაპირებ, სამართლებრივად ვიდავო და ჩემი სიმართლე დავამტკიცო, რაშიც ეჭვი მეპარება ამ სასამართლოს პირობებში, მაგრამ მაინც.

ირაკლი ჩიხრაძე: არჩევანი რომ არაა, თორემ მართლა არავინ დაიწყებს შახტაში მუშაობას. სამსახურში, ადგილზე 6 საათზე მივდივართ. ამ ჯოჯოხეთში ფაქტობრივად 10 საათი ვართ. ჩვენი დროის დიდ ნაწილს აქ ვატარებთ. ოფისიდან გავდივართ და ერთი საათი ვუნდებით ტრანსპორტირებას, რომ სამუშაო ადგილამდე მივიდეთ. შემდეგ ჩავდივართ ქვემოთ, მიწაში და ამის შემდეგ 3-4 კილომეტრი კიდევ გასავლელი გვაქვს. ამ გზას სამსახურში არ გვითვლიან. თუ ტყიბულში ცხოვრობ, სხვა გასაქანი არაა. ადამიანებს ორი ოპერაცია აქვთ გაკეთებული. მოიწყვიტეს წელი. ყველას ისეთი პრობლემები გვაქვს. თუნდაც მე, 120 კილოგრამიან რკინებს დავათრევ. ჯოჯოხეთია. ასეთი ადგილიდან რომ გაგათავისუფლებენ...

მინდელის შახტის გასახდელი / დავით მძინარიშვილის ფოტო

მინდელის შახტის გასახდელი © დავით მძინარიშვილის ფოტო

ხვიჩა გაბუნია: სამწუხაროდ, კომპანიისთვის უფრო ფასობს ქვანახშირის ამოღება. ადამიანი მისთვის მეორეხარისხოვანია. თქვენ რომ ნახოთ, რა პირობებში მუშაობენ მეშახტეები, უმძიმესია. თუ რამეს იცავენ ეს ბიჭები და თუ რამეს ახერხებენ, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი, ცვლის უფროსების დახმარებით. ჩემი სურვილია, მედიამ, ასეთ რაიონებს, როგორიც ტყიბულია, ჭიათურა, ზესტაფონი, სამრეწველო რაიონებზე მაქვს საუბარი, მეტი ყურადღება დაუთმოს იქ არსებულ მდგომარეობას, ხალხის, მშრომელების გულისტკივილს.

რუსლან ბუცხრიკიძე: საზოგადოებამ ყურადღება გაამახვილოს იმაზე, რომ ტყიბულელები არ იყვნენ მხოლოდ შახტაზე დამოკიდებული და ერთადერთი შემოსავლის წყარო არ იყოს. შახტიდან ადამიანის განთავისუფლება არ უნდა გახდეს ქალაქიდან წასვლის მიზეზი. დღეს ასეთი ფონია ქალაქში, თუ შახტა გაჩერდა, ადამიანი იძულებული ხდება, თავის გადარჩენისთვის ქალაქიდან ან ქვეყნიდან წავიდეს.

ბევრი ადამიანია ისეთი, ვისაც ასეთი მძიმე ფიზიკური შრომა არ შეუძლია და იმ სტრესულ გარემოს ვერ უძლებს. აქ ცხოვრება მათთვის განაჩენია, რადგან შახტაში მუშაობა არ შეუძლიათ, ისინი ქალაქიდან უნდა წავიდნენ.

ერთ დღეს შახტა რომ გაჩერდეს, ეს არ უნდა ნიშნავდეს ქალაქის სიკვდილს.

ხელისუფლებიდან და კომპანიიდანაც ყოველთვის ყურადღება იმაზეა გამახვილებული, რომ დღეს შახტა სოციალური პროექტია და შახტის მუშაობა მათ ინტერესებში შედის იმიტომ, რომ ტყიბულის მოსახლეობა მშიერი არ იყოს. ამას პირდაპირ შანტაჟის ენით ამბობენ.

სინამდვილეში, შახტა ბიზნესისთვის მუშაობს და არა იმიტომ, რომ ის სოციალური პროექტია.

ხვიჩა გაბუნია: როდესაც ეს წარმოება იხსნებოდა ამ ქალაქში, 2005-2006 წლებში, მაშინ ამას მართლაც სოციალური პროექტის სახე ჰქონდა. მოხდა მინდელის და ძიძიგურის შახტების განახლება, ხელახლა ამუშავება. შახტებთან ერთად გაიხსნა  „გამამდიდრებელი ფაბრიკა“, აშენდა თბოელექტროსადგური, მაგრამ 2012 წელს, ამ ხელისუფლების მოსვლისთანავე, ეს პროექტი გაჩერდა. ამბობდნენ, რომ იყო წამგებიანი, არანაირი ელექტროენერგია აქედან არ გამომუშავდებოდა და ა.შ.

ჩემი სტუდენტობის პერიოდში, ტყიბულიდან მატარებელი დადიოდა. მართალია, დიდი ხანი უნდებოდა ქუთაისში ჩასვლას, მაგრამ სტუდენტებისთვის ეს ტრანსპორტი მისაღები იყო. დღეს გაჩერებულია. გაჩერდა სამკერვალო ფაბრიკაც, სადაც 400-მდე ქალი იყო დასაქმებული. მიყოლებით იკეტება ყველაფერი ამ ქალაქში.

დღეს შახტა სოციალურ პროექტს აღარ წარმოადგენს იმიტომ, რომ დღევანდელ ადმინისტრაციას და მიხაილ სოცკის ყველაფერი გამზადებული დახვდათ, ერთი თეთრიც აღარ დაუხარჯავთ კომპანიაში და ფაქტობრივად მუშაობს მაქსიმალურ ამოღებაზე, მაქსიმალურ მოგებაზე.

გიორგი აბულაძე: ამ ხელისუფლების ხელში არ ჩანს პერსპექტივა ტყიბულში და არც საქართველოში. წინა არჩევნებზე ჩამოსული იყო პრემიერ-მინისტრი, შახტაზე შეხვდა დასაქმებულებს, რა მოთხოვნები გაქვთო. დაასახელეს, რომ ცხრაჯვარზე საბაგირო გაგვიკეთეთო. კი, იქნებაო საბაგირო. აბა, სად არის? 5 წელი გავიდა მას შემდეგ.

ირაკლი ჩიხრაძე: კარგი მთავრობის პირობებში ტურიზმის განვითარება შეიძლება. ისეთი სოფლები აქვს ტყიბულს, სხვაგან არ მინახავს, მაგრამ გზა არაა, წყალი არაა. ტურისტს თუ პირობა არ შეუქმენი, როგორ უნდა მოვიდეს. რაც იყო და რაც გაკეთდა, აგერ, ცხრაჯვარის სალოცავია, ტურისტული და ულამაზესი ადგილი. გზა მიიყვანეს, მაგრამ ისიც ევროკავშირის დაფინანსებით. თუ რამე გაკეთდა ტყიბულში, ყველაფერი დონორების თანხებითაა და ამას თვითონ ადგილობრივი ხელისუფლებაც არ მალავს. ახლა აღარ უნდათ არავინ რუსეთის გარდა. ისეთი სოფლებია, თავისი მღვიმეებით, ჩანჩქერებით, მაგრამ გზა არა, წყალი არა. შახტამაც უნდა იმუშაოს იმიტომ, რომ ამ ქალაქს მეშახტეების ქალაქი ერქვა სულ. იმუშაოს უსაფრთხოდ, ადამიანს ჰქონდეს ნორმალური პირობები. ჯანმრთელობის, სიცოცხლის დაზღვევა და ა.შ.

დავით აბულაძე: საბოლოო გზა, გამოსავალი, მე ვფიქრობ, ქალაქიდან წასვლაა.

ამას წინათ, ბავშვი სკოლაში მიმყავდა და მეკითხება, მამა, კლასელებთან დაშორება მომიწევსო? ხმა ვეღარ ამოვიღე. ვერაფერი ვუთხარი. რომ დავრჩე, რა უნდა ვქნა? არაფერი. სხვა ალტერნატივა არ არის.

ხვიჩა გაბუნია: ახლა, ჩვენს შორის, ერთადერთი დასაქმებული ადამიანი ირაკლი ჩიხრაძეა. მის უკან ძალიან დიდი ფინანსური ვალდებულებები დგას, მაგრამ ჩვენს გვერდით დადგა. რაც შეეხება სხვა მეშახტეებს, ყველა შიშის ქვეშ არის. შახტის ადმინისტრაციამ შექმნა დასმენის ინსტიტუტი, სადაც, საუბედუროდ, რამდენიმე მეშახტეც არის გაერთიანებული. ცდილობენ, ისეთი ადამიანებიდან მოიპოვონ ინფორმაცია, რომლებიც პროტესტს გამოთქვამენ. ამიტომ, ეშინია ყველას, აღარ ენდობიან ადამიანები ერთმანეთს. 10 კაცი რომ დგას შახტაში, ყველამ იცის რომ იქიდან ერთი ან ორი ინფორმაციის გამტანია. მეშახტეთა 95%-ს, თითქმის ყველას საბანკო ვალდებულება აქვს. სამსახურის დაკარგვის შიშით კონტაქტზეც ვეღარ გამოდის. მე, როგორც კეთროვანი, ქალაქში ისე დავდივარ. შორიდან მეუბნებიან მეშახტეები, ხვიჩა, შენს გვერდით ვართ, მაგრამ ახლოს ვერ მოდიან.

თვიდან თვემდე მეშახტეს ნისიად გააქვს თავი. მაღაზიებში ყველა მეშახტეს გვაქვს ნისია. როდესაც მეშახტე ხელფასს იღებს, გაგიკვირდებათ და პროდუქტი იმ დღესაც ნისიად გამოაქვს მაღაზიიდან. ნისიას ისტუმრებს და ნისიით იწყებს ახალ თვეს. ეს არის უბედურება.

მინდა, მოვუწოდო ამ ადამიანებს, გავუძლოთ ბიჭებო, ყველამ ერთად. მალე დასრულდება იმედია ეს და შახტაზეც აუცილებლად მოვა ნორმალური ადმინისტრაცია, აუცილებლად იქნება ნორმალური ანაზღაურება.

25 წლის მეშახტე პავლე გამეზარდაშვილი, 2018 წლის 5 აპრილს, კიდევ ხუთ მეშახტესთან ერთად დაიღუპა. მამა, გურამ გამეზარდაშვილი შვილის საფლავზე  © დავით მძინარიშვილის ფოტო

რუსლან ბუცხრიკიძე: პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ ამ 15 წლის განმავლობაში, რა დროც შახტაში გავატარე, ვერ მოვახერხე, სხვა კუთხით განვვითარებულიყავი. სამწუხაროდ, გარდა მეშახტისა, დღეს სხვა პროფესია არ მაქვს. იმის თქმა მინდა, რომ თავიდან უნდა დავიწყო მუშაობა, რაღაც პროფესია რომ შევიძინო და ცხოვრება შევძლო. ჩემი ძალებით მხოლოდ ფიზიკურად მუშაობა შემიძლია. 2000 ლარით აქ თავი გაგვქონდა, თორემ ფუფუნებაზე, დასასვენებლად წასვლაზე და რაიმე ნივთების შეძენაზე ეს თანხაც არანაირად არ იყო საკმარისი. მე მაინც კმაყოფილი ვიყავი იმით, რომ საკუთარ ოჯახთან ვიყავი, იმ მიწაზე, სადაც დაბადებული და გაზრდილი ვარ.

სხვა ობიექტებთან ერთად, ბოლო პერიოდში „საქნახშირიც“ ხელში რუსებმა ჩაიგდეს.

„საქნახშირის“ მესაკუთრე 2019 წლის ბოლოს შპს „სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი“ გახდა, გენერალური დირექტორი კი შპს „კოალ ოფ ჯორჯია“. იმავე წელს „კოალ ოფ ჯორჯიას“ 50% წილი უსასყიდლოდ გადაეცა შპს „დათვს“, რომლის 90%-საც რუსეთის ფედერაციის მოქალაქე მიხაილ სოცკი ფლობს.

შპს „კოალ მენეჯმენტს“, რომლის 100%-ის მდლობელიც და დირექტორიც რუსეთის მოქალაქე მიხაილ სოცკია, საქართველოს მთავრობამ 2024 წლის 26 აგვისტოს, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ქალაქ ტყიბულში გადასცა მიწის ნაკვეთები და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები, 1 მლნ ინვესტიციის განხორციელების პირობით. 

ტყიბულის შახტებში 1250-მდე ადგილობრივი მუშაობს. ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელი მიზერულია. 1 ტონა ნახშირის მოპოვებაზე, კომპანია ადგილობრივ ბიუჯეტში მხოლოდ 1 ლარს იხდის.

ტყიბულის მუნიციპალიტეტი მაღალი სიღარიბით გამოირჩევა. რაიონში 16 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, მათგან 3095 საარსებო შემწეობის მიმღებია.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში