საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ცოტნე არაბულის ვიდეობლოგი ბარისახოდან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:02 - 01 აპრილი 2017 hits 10846

ცოტნე არაბული ბარისახოს საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეა. მისი კლასი ბარისახოში ყველაზე მრავალრიცხოვანია. სკოლის 65 მოსწავლიდან რვა მეთერთმეტე კლასშია. ცოტნე ჟურნალისტობას აპირებს. ამბობს, რომ უნივერსიტეტის მერე აუცილებლად დაბრუნდება ხევსურეთში.

„ჩვენ ყველაზე კარგად გვესმის და კარგად ვხედავთ, რა უჭირს ხევსურეთს. აქ კიდევ რა უჭირს და, ზემოთ (იგულისხმება ბარისახოს ზემოთ ხეობა) ყველას გვაქვს სოფლები, ვიცით, როგორი რთული პირობებია საცხოვრებლად. კარგია, რომ ამოქმედდა მთის კანონი, კარგია, რომ არსებობს ისეთი პროგრამა, როგორიც არის „აწარმოე საქართველოში“, იქნებ ბევრ ადამიანს გაუჩნდეს მთაში დაბრუნების სურვილი. ბოლო დროს მართლაც, შეინიშნება, რომ ვიღაცები მთაში ბრუნდებიან. თუმცა ჩვენს სკოლაში, როგორც ვიცი, მამაჩემის დროს 300-ზე მეტი ბავშვი იყო, ახლა კი 60–ზე ცოტა მეტი ვართ“.

ცოტნეს აზრით, მთაში მთავარი პრობლემა მიგრაციაა.

„ხევსურეთში მთავარი პრობლემა, ჩემი აზრით, მიგრაციაა, მაგრამ მიგრაციას იწვევს მრავალი სხვა პრობლემა: პირობების არქონა, უგზოობა, კომუნიკაციის არარსებობა:  ბარისახოში კი იჭერს ტელეფონი, მაგრამ არის სოფლები, სადაც დღემდე არ არის სატელეფონო კავშირი, მაგალითად, არხოტი რომ ავიღოთ, იქ დღემდე არც გზაა და არც ტელეფონი იჭერს.  

ამიტომაც არის, რომ მოსახლეობა მიდიოდა და დღესაც მიდის  ბარში. თუმცა ამ შემთხვევაში ვერ დაადანაშაულებ ვერც მოქალაქეს და ვერც სახელმწიფოს. ორივე აბალანსებს ერთმანეთს. ორივეს ჩართულობა მთის განვითარების პროცესებში არის ძალიან აუცილებელი: მოქალაქე და საზოგადოება უნდა იყოს აქტიური, თავისი აქტიურობით დააინტერესოს სახელმწიფო და სახელმწიფო იზრუნს მთაზე, რადგან მთის განვითარება არ ნიშნავს მხოლოდ განვითარებას მთისთვის, ეს ნიშნავს ქვეყნის განვითარებას.

სახელმწიფო ჩართულია მთის განვითარებაში, მაგალითად, არსებობს „მთის კანონი“. ჩემი აზრით, პირველ ყოვლისა, მნიშნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის  ხელშეწყობა და შემდეგ მიგრაციის შედეგად წასული ადამიანების დაბრუნებაზე ზრუნვა. ჯერ ფუძის შექმნა-შენარჩუნებაა მთავარი“.

როგორ ვხედავ ჩვენს მომავალს?

„მთავრია ვიყოთ აქტიურები. თუნდაც აქტიურად ვისაუბროთ ამ თემებზე, რაზეც ახლა ვსაუბრობდით. ჩვენ უნდა ვიაქტიუროთ იმისთვის, რომ ხელისუფლება დაინტერესდეს და დაფიქრდეს მთის პრობლემებზე.

ჩემი მომავალი, ბუნებრივია, მთას უკავშირდება და ასეც უნდა იყოს.

ჟურნალისტობას რატომ ვაპირებ? კამერა მიყვარს განსაკუთრებით. გადაღება და კამერასთან ურთიერთობა. ვფიქრობ, ჟურნალისტიკა არის პროფესია, რომელიც მხოლოდ კამერით არ შემოიფარგლება: მიდიხარ, ეცნობი, სწავლობ ამა თუ იმ რეგიონის კულტურა იქნება თუ ცხოვრება. მიმაჩნია, რომ ჟურნალისტიკა მრავალფეროვანი და საინტერესო პროფესიაა.   

ჟურნალისტიკა ის სფეროა, რომელიც საშუალებას აძლევს საზოგადოებას, ხელისუფლებას უთხრას თავისი სათქმელი. სწორედ ამიტომ არის, რომ საზოგადოებაც აქტიური უნდა იყოს. ჟურნალისტიკა კი ამ აქტიურობის საშუალებას იძლევა“.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში