ლევან დადვანი, მესტიაში მდებარე სასტუმრო „ლაჰილის“ მეპატრონე: „ბევრად ნაკლები ტურისტია ამ დროისთვის მესტიაში. საერთოდ, საშობაო არდადეგების შემდეგ, თებერვლამდე, ყოველთვის მცირდებოდა ტურისტების რიცხვი, მაგრამ რაც ახლა ხდება და როგორი სიხალვათეც არის თუნდაც სასრიალო ტრასებზე, წინა წლებში ასე ნამდვილად არ იყო. ტურისტები არ არიან, რადიკალური ცვლილებაა ამ საკითხთან დაკავშირებით. ევროპიდან ყოველთვის უფრო მეტი ტურისტი იყო, ვიდრე არის ახლა. სეგმენტის ჩანაცვლება მოხდა რაღაცნაირად.
ევროპელები გაქრნენ და რუსი ვიზიტორების რიცხვი რადიკალურად გაიზარდა.
თებერვალში ყოველთვის ჩამოდიოდა ხალხი იმიტომ, რომ სტუდენტური არდადეგები იწყება, მაგრამ ზამთრის სეზონზე წინასწარი ჯავშნები არ არის. რაც შეეხება ზაფხულის სეზონს, დიდი ტურისტული კომპანიები ერთი წლით ადრე მაინც აკეთებდნენ ჯავშნებს მსხვილ ჯგუფებზე. ახლა, აქ მოსვლამდე, ფოსტაზე წერილი მივიღე, რომ სექტემბრის თვეში გაგვიუქმდა 2 დიდი ჯგუფის ჯავშანი. ავსტრალიელები არიან. ზაფხულის სეზონისთვის წინასწარი ჯავშნებიც რადიკალურად შემცირებულია. ეს მარტივად არის გადასამოწმებელი. ყველას გვაქვს „ბუქინგის“ აპლიკაცია და შეიძლება გადაეხედოს ჯავშნებს. საერთო ზარალი ყველას გვექნება ერთი და იგივე. ამ მომენტში, შეიძლება ვიღაცამ იფიქროს, რომ თითქოს პანიკას ვთესავ, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, ცოტა ხანში სურათი მძიმე იქნება.
ახალი წლის შემდეგი დღეები იყო. სამთო-სათხილამურო კურორტზე ვიყავი სასრიალოდ და პოლონელი ტურისტები შემხვდნენ. გამიკვირდა, გამოველაპარაკე, რამდენი ხანია თქვენი ქვეყნიდან ხალხი არ მინახავს მეთქი. მითხრეს, ჩვენც დიდი ჯგუფი ვიყავით, მაგრამ საბოლოოდ ჩამოსვლა მხოლოდ ექვსმა გავრისკეთო. გასარისკი რა გაქვთ მეთქი? თქვენს ქვეყანაში მოვლენები როგორც ვითარდება, მაგის გამო სხვები არ წამოვიდნენო. მე უფრო ქვეყნის საგარეო კურსს დავაბრალებ იმიტომ, რომ აქციები მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში იმართება.
უფრო იმიტომ, რომ ქვეყანა იცვლის ორბიტას და იმ ქვეყანაში ჩასვლა, სადაც ქვეყანამ საგარეო კურსი შეიცვალა ჩრდილოეთით, ალბათ, ბევრს არ უნდა.
რამდენიმეს ვკითხე, საიდან ხართ მეთქი და აქედან ვართო, ბათუმიდან. ფაქტობრივად, ამ ზამთარს სვანეთში გვქონდა შიდა ტურიზმი. ქართველები იყვნენ და ბათუმიდან ამოსულები.
თუ ჩვენ რუსულ ბაზარზე და რუს ტურისტზე გავხდებით დამოკიდებული, რუსეთს ყოველთვის შეუძლია ტურიზმი გამოიყენოს ბერკეტად, რომელიც იქნება დამანგრეველი და შეიძლება საერთოდ ნულზე დავჯდეთ უცებ.
თუნდაც 2019 წლის 20 ივნისის ამბების (გავრილოვის ღამე) შემდეგ, რომ ჩაკეტეს ყველაფერი, მაშინ რუსულ ტურიზმს ჩვენზე დიდი ზეგავლენა არ ჰქონდა და ისე არ აისახა, მაგრამ შეგვიძლია, გავიხსენოთ 2016 წლის მოვლენები, თურქეთსა და რუსეთს რომ დაეძაბათ ერთმანეთთან ურთიერთობა და რუსეთმა თურქეთს უცებ რომ გადაუჭრა ტურისტების ხაზი, აიკრძალა თურქეთში დასვენება თუ გახსოვთ, ეს ძალიან დიდი დარტყმა იყო თურქეთისთვის.
სვანეთში, თითქმის ყველაფერი, ბიზნესს სესხით გვაქვს გაკეთებული. თუ ასე გაგრძელდა, ყველაზე ერთნაირი კატასტროფული შედეგი ექნება. სვანეთის მოსახლეობის 80% ამით არის დაკავებული. ან ყველა გადავრჩებით, ან ყველა ერთმანეთს გადავყვებით. აქ უნდა ვიმოქმედოთ შეთანხმებულად და ერთმანეთის გვერდზე დგომით, რაღაცნაირად სიტუაცია უნდა შევცვალოთ.
გელა მთივლიშვილი, ჟურნალისტი: სვანეთის მოსახლეობას, ლენტეხიდან მესტიამდე მოკლე გზის მშენებლობას, „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დაჰპირდა. „ქართული ოცნება“ და მისი პრემიერ-მინისტრები, 2016 წლიდან, ყველა არჩევნების წინ გვპირდებოდნენ, რომ ახალი, მოკლე გზითა და გვირაბით ლენტეხიდან მესტიაში საათნახევარში ამოვიდოდით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კი სამთო სათხილამურო კურორტებზე ავტომობილით ასვლა 2 საათში გახდებოდა შესაძლებელი. ლენტეხი-მესტიის გზისა და გვირაბის მშენებლობის პროექტის მოსამზადებლად, ტენდერამდე რამდენიმე დღით ადრე დაფუძნებულ ხორვატიული კომპანიის ფილიალს 5 მილიონი ლარი გადავუხადეთ. კომპანიამ პროექტი 2 წლის დაგვიანებით წარმოადგინა, მაგრამ გარემოსდაცვითი შეფასება მაინც ვერ გაიარა, პროექტი გაუქმდა. გარემოს დაცვის მინისტრის 2021 წლის 16 სექტემბრის ბრძანებით, ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი საავტომობილო გვირაბის მშენებლობის პროექტზე სკოპინგის დასკვნა ძალადაკარგულად გამოცხადდა. სანაცვლოდ, „ქართულმა ოცნებამ“ ლენტეხი-უშგულის გზის რეაბილიტაცია განახორციელა, რაზეც 100 მილიონზე მეტი დაიხარჯა. რა სარგებელი მისცა ამ გზამ ზემო სვანეთს, იმის გათვალისწინებით, რომ ის ნახევარი წლის განმავლობაში ჩაკეტილია.
ლევან დადვანი: შეიძლება ვთქვათ, რომ 2015-2017 წლამდე სვანეთის განვითარება ასე თუ ისე სწორი გზით მიდიოდა. საბაგიროებს აშენებდნენ, გზას უვლიდნენ, ამიერკავკასიაში ალბათ მოწინავეები ვიყავით ტურიზმის სფეროში. მაგრამ, მერე გავაჩერეთ თითქოს განვითარება სწორი მიმართულებით. როგორც იძახიან, ვბორძიკობდით. რაც შეეხება ლენტეხი-მესტიის გვირაბს, სასიცოცხლოდ მნიშველოვანია ტურიზმისთვის. ეს გვირაბი ყოველი არჩევნების წინ ამოტივტივდება, მერე ჩატივტივდება. იმის საჩვენებლად, რომ სიტყვა არ გატეხეს, დაიწყეს ლენტეხი-უშგულის გზის რეაბილიტაცია, რაც ცუდი ნამდვილად არ არის, კარგია, მაგრამ მარტივად დათვლადია ყველაფერი რიცხვებით. ლენტეხი-უშგულის გზით წამოხვალ თუ ზუგდიდის გზით ამოხვალ მესტიამდე, მაინც 7 საათზე მეტი გჭირდება. ლენტეხი-მესტიის გვირაბი საშუალებას მოგვცემდა, რომ ქუთაისიდან 2 საათში აქ ყოფილიყავი, რაც არა მარტო მესტიის მუნიციპალიტეტის წინსვლას გამოიწვევდა, ლენტეხის მუნიციპალიტეტსაც განავითარებდა, რომელიც ახლა ფაქტობრივად ჩიხია. თორემ ეს გზა, რაც გაკეთდა, ზაფხულში მართლაც ლამაზია, ტურისტების რაღაც ნაწილი გადანაწილდა იმ გზაზე, მაგრამ ამ გზამ რადიკალურად არაფერი შეცვალა.
ტურიზმი სადაც შედის, მერე იქ მოჰყვება განაშენიანება. ეს პროცესიც ვერ ვმართეთ. ქაოსური განაშენიანებით ვდგავართ საშიშროების წინაშე. ამ პრობლემის გადასაწყვეტად შემუშავდა მესტიის გენერალური განვითარების გეგმა. კარგი დოკუმენტი გამოვიდა, მაგრამ მტვერიც კარგად ედება საკრებულოს შენობაში, თაროზე.
დავით ჯაფარიძე, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი: სამწუხაროდ, სამი წლის განმავლობაში, რაც ამ მოწვევის საკრებულოა, მესტიის გენერალური განვითარების გეგმის განხილვა არ ყოფილა. ამის გამო მოსახლეობას თვითნებურად უწევს მშენებლობა, რაც უშგულშიც, მესტიაშიც და სხვა სოფლებშიც იერსახეს და ავთენტურობას ამახინჯებს. მერე ეს დიდ პრობლემებს ქმნის გადაადგილების მხრივაც, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია მესტიის რაიონი.
დაგვისვამს კითხვა, რატომ არ განვიხილავთ და არ ვამტკიცებთ ამ დოკუმენტს. გვიპასუხეს, რომ ცენტრიდან, თბილისიდან უნდა გადაწყდეს. 2010-2012 წლის პროექტებით რაც მოესწრო და გაკეთდა, სპეციალისტებმა იმუშავეს და მაქსიმალურად ეცადნენ, ტრადიციული არქიტექტურა შეენარჩუნებინათ. რაც ხელისუფლება შეიცვალა, ამ კუთხით არაფერი კეთდება, იმ გაკეთებულსაც ვაფუჭებთ და ვამახინჯებთ.
შალვა გულედანი, მესტიის მკვიდრი, ხეზე კვეთის ოსტატი: 2012 წლის შემდეგ მესტიაში რა შეიცვალა იცით? ისეთი საშინელი პროექტის სასტუმროები აშენდა, რომ შეხედავ, გეზიზღება. არ ჯდება ჩვენს ლანდშაფტში, ჩვენს ძველ კულტურაში.
ძეგლებს როგორ ექცევიან, ძველ მაჩუბებს ანგრევენ და მის ნაცვლად ამოჰყავთ რაღაც სიმახინჯეები. თქვენ ახსენეთ უშგული. უშგულს ახლა ვერ შეხედავ. რა იყო უშგული და რა გახადეს.
გელა მთივლიშვილი, ჟურნალისტი: მესტიის მუნიციპალიტეტი საქართველოში ყველაზე ღარიბ რაიონებს შორის პირველ ადგილზეა. ტურისტულად ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ რეგიონში მოსახლეობის 70% ღატაკებისთვის განკუთვნილ საარსებო შემწეობას იღებს. სიღატაკის ასეთი მაღალი მაჩვენებელი საქართველოს არცერთ მუნიციპალიტეტს არ აქვს.
ნარგის ნიგურიანი, მესტიის მკვიდრი, მასწავლებელი: ეს ისეთი ფოკუსია, დღემდე გაოგნებულები ვართ. ძალიან ცუდია თვითონ მოსახლეობის პოზიცია, ვინც დაუმსახურებლად იღებს შემწეობას. ეს მათ მორალზე მეტყველებს. ეს არის გაყიდული ადამიანი.
გელა მთივლიშვილი, ჟურნალისტი: ეს ხომ არ არის მთავარი მიზეზი, რაც გავლენას ახდენს ამომრჩევლის ნებაზე. 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე მეტი, 98,4% (62 ხმა) მიიღო მესტიის N25 უბანზე, სოფელ მურშკელში.
ნარგის ნიგურიანი: წლების წინ, სტიქიის შედეგად იქ ლანდშაფტი მთლიანად შეიცვალა და ამდენი ადამიანი საერთოდ არ ცხოვრობს. მოიყვანეს ალბათ სხვაგან განსახლებული ხალხი.
გელა მთივლიშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ 97% (66 ხმა) მიიღო N35 უბანზე, სოფელ იელში; 96,5% (139 ხმა) მიიღო N11 უბანზე, სოფელ იფარში; 90,7% (49 ხმა) მიიღო N12 უბანზე, სოფელ ადიშში; 86,5% (122 ხმა) მიიღო N34 უბანზე, სოფელ წვირმში; 84,3% (135 ხმა) მიიღო N22 უბანზე, სოფელ მუჟალში; 83,9% (172 ხმა) მიიღო N40 უბანზე, სოფელ იდლიანში; 83,5% (56 ხმა) მიიღო N17 უბანზე სოფელ ლახამულაში და ა.შ.
ნარგის ნიგურიანი: დახვეწილი თაღლითები არიან. არ იშურებენ არც სახელმწიფო ბიუჯეტს, არ ზოგავენ არც ნათესაობის ინსტიტუტს და ა.შ.
გელა მთივლიშვილი: განსხვავებული აზრის გამო სამსახურიდან გათავისუფლებული არაერთი ადამიანი ხართ აქ. თამუნა, მოგვიყევით, თქვენ რატომ გაგიშვეს სამსახურიდან.
თამუნა ავალიშვილი, მესტიის მერიის ააიპ-ის ყოფილი თანამშრომელი: გასული წლის 3 დეკემბერს გამოვედი სამსახურიდან და შევუერთდი იქ შეკრებილ ადამიანებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ არა ძალადობას, ჩვენ ვირჩევთ ევროპას. ეს იყო იმ სისასტიკის შემდეგ, რასაც სამწუხაროდ, ტელევიზორში ვუყურებდი, როგორ არბევდნენ დემონსტრანტებს თბილისში და სცემდნენ მათ.
ერთადერთი ვიყავი აქ დასაქმებულებს შორის. გამოვედი სრულიად შეგნებულად, დასავლური კურსის გადახვევის გასაპროტესტებლად. აქციიდან 2 დღეში დამირეკეს და მითხრეს, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის მერი მიშვებდა სამსახურიდან. პოლიტიკური ნიშნით გამომარჩიეს.
შალვა გულედანი: სვანეთში, მილიონობით კუბური მეტრი ხე-ტყე იჭრება. გამოზაფხულდება თუ არა, სატვირთო სატვირთოს მისდევს. თუ განგაშის ზარები არ შემოვკარით, 10 წელიწადში სვანეთში ხე-ტყე არ იქნება. თანაც, იჭრება ახალი ხე-ტყე. მე ვიყავი უბნებში შესული და იქ ნახავ საცოდაობას.
ნაკრძალად თუ არ გამოცხადდა სვანეთის ტერიტორია, ვგულისხმობ ტყეებს, მასობრივად ჩეხვის გამო, 10-15 წელიწადში სვანეთში იქნება საშინელება, სტიქიები და უბედურებები.
დავით ჯაფარიძე: შევეხები ასევე ერთ დიდ პრობლემას, რომელიც მესტიაშია. ეს არის სასმელი წყლით მომარაგება. 20 მილიონი დავხარჯეთო, მაგრამ წყალი არ მოდის.