საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

როგორ გვატყუებენ პრემიერ-მინისტრები, რომ ლენტეხიდან მესტიაში საათნახევარში ავალთ

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

19:59 - 02 სექტემბერი 2021 hits 67897
ფოტოზე - პრემიერი კვირიკაშვილი სვანეთში ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად
პოლიტიკა
ფოტოზე - პრემიერი კვირიკაშვილი სვანეთში ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად

„მომავალი 4 წლის განმავლობაში, ამის პირობას ვდებთ ჩვენ, თქვენთან მოსასვლელი პირი არ გვექნება, პირდაპირ ვამბობ, თუ არ ავაშენეთ ლენტეხიდან მესტიისკენ მიმავალი გზა თავისი გვირაბებით. ამ გზას ექნება ასევე საზაფხულო გზა უშგულის გავლით, რომელიც ამ გზაზე მდებარე ყველა სოფლისთვის მნიშვნელოვანია. ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა როგორც ზემო, ისე ქვემო სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის განვითარებისთვის. ამას ექნება უდიდესი ზეგავლენა თითოეული თქვენგანის ოჯახის კეთილდღეობაზე. პირობას ვდებთ, ეს ყველაფერი უჩქარეს ტემპებში გაკეთდება“, - 2016 წლის 25 აგვისტოს, საპარლამენტო არჩევნებამდე თვენახევრით ადრე, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისთვის რომ დაგვეჯერებინა, ახლა ლენტეხიდან მესტიაში, გვირაბით, საათნახევარში უნდა ავდიოდეთ.

კვირიკაშვილმა ეს პირობა ლენტეხში დადო, სადაც საგანგებოდ შეკრებილ ამომრჩევლებს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მაჟორიტარობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე წარუდგინა.

იმავე წლის 16 სექტემბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე 22 დღით ადრე, კვირიკაშვილმა ქვეყნის სივრცითი მოწყობის პროექტის პრეზენტაციაზე თქვა, რომ ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი 38-კილომეტრიანი გზა და 6 კმ გვირაბი აშენდებოდა.

„ეს იქნება ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი 38-კილომეტრიანი გზა და 6 კმ გვირაბი. ამ გზის და გვირაბის აშენების შემთხვევაში სვანეთი აღარ იქნება მხოლოდ ზაფხულის მიმართულება. შესაძლებელი გახდება სვანეთში მგზავრობა ზამთარშიც და უამინდობაშიც, რაც გააუმჯობესებს სვანეთის მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს და გაზრდის სვანეთის მიმზიდველობას ტურისტებისთვის. ეს კი გაზრდის ტურისტთა რაოდენობას წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს და მესტიის და უშგულის გარდა დატვირთავს სვანეთის სამთო-სათხილამურო კურორტებს - თეთნულდს და ჰაწვალს. ბუნებრივია, შედეგად სვანეთში უნდა ველოდოთ ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნას, ახალ ინვესტიციებს და რაც მთავარია, ახალ სამუშაო ადგილებს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

გზები ლენტეხიდან მესტიამდე

ახლა, ქვემო სვანეთიდან ზემო სვანეთში, მესტიაში მოხვედრა და პირიქით, მესტიიდან ლენტეხში ჩასვლა ორი გზით არის შესაძლებელი.

ლენტეხიდან ჯერ ქუთაისში უნდა ჩახვიდე, იქიდან ზუგდიდში და შემდეგ ჯვარის გავლით მესტიაში მოხვდე. მანძილი 300 კილომეტრამდეა. გზის სირთულიდან გამომდინარე (ჯვარი-მესტიის მონაკვეთი), ამ გზის გავლას ავტომობილით დაახლოებით 6 საათი სჭირდება.

არის მეორე გზაც, რომელიც მოასფალტებული არაა და მაღალი გამავლობის მანქანით გადაადგილება მხოლოდ ზაფხულობით არის შესაძლებელი. ეს გზა ლენტეხიდან იწყება, მიუყვება ჩოლურისა და ლაშხეთის სოფლებს, გაივლის ზესხო-ყორულდაშის ხეობას და ზაგაროს უღელტეხილის გავლით, უშგულში გადადის. ამ გზას ლენტეხი-ლასდილი-მესტიის გზას უწოდებენ. ლენტეხიდან უშგულამდე 80 კილომეტრია, უშგულიდან მესტიამდე კი 48. თუმცა, ცუდი გზის გამო, ამ მანძილის დაფარვასაც დაახლოებით 6 საათი სჭირდება, ლენტეხიდან უშგულამდე 4 და უშგულიდან მესტიამდე 2. მესტიიდან მულახამდე ბეტონის გზა წინა ხელისუფლების დროს გაკეთდა. „ქართული ოცნება“ 9 წელია ხელისუფლებაშია და მულახიდან უშგულამდე დარჩენილი, 35 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია ვერ დასრულდა. რკინა-ბეტონის საფარი სოფელ კალამდე 2018 წელს მივიდა.

იმის გამო, რომ ზაგაროს უღელტეხილი ზღვის დონიდან 2642 მეტრზეა და ზამთარში თოვლის საფარი 2-3 მეტრს აღემატება, ქვემო და ზემო სვანეთის დამაკავშირებელი გზა, რომელიც უშგულზე გადის, შემოდგომიდან გვიან გაზაფხულამდე ჩაკეტილია.

6-7 თვის განმავლობაში გარესამყაროს იყო და არის მოწყვეტილი ამ გზაზე მდებარე სამი სოფელიც - ცანა, ზესხო და ყორულდაში. 2006 წლის შემდეგ, ცანაში მხოლოდ ზაფხულობითღა ცხოვრობს 8-10 ადამიანი, ზესხოში 2, ყორულდაში მთლიანად დაცლილია. მოსახლეობის 2002 წლის აღწერით, იქ ჯერ კიდევ ფიქსირდებოდა მუდმივად მცხოვრები 2 კაცი.

2002 და 2014 წლის საყოველთაო აღწერებს შორის პერიოდში, ლენტეხის რაიონის მოსახლეობა განახევრდა, დაბასა და 54 სოფელში 4400-მდე ადამიანი შემორჩა. საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს მთელს რაიონში მხოლოდ 48 ბავშვი დაიბადა, ანუ კვირაში მხოლოდ ერთი ბავშვი იბადება.

2015-2019 წლებში, კორონავირუსის პანდემიამდე, მესტიასა და უშგულს 760 ათასზე მეტი საერთაშორისო და შიდა ვიზიტორი ეწვია. ქვემო სვანეთში ვიზიტორების რაოდენობას არც საქსტატი ითვლის და არც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

სწორედ ქვემო სვანეთის ჩიხური მდგომარეობიდან გამოყვანა და წრიული ტურისტული მარშრუტების შექმნა იყო ლენტეხისა და მესტიის რაიონების დამაკავშირებელი ახალი, მოკლე გზის მშენებლობისა და უშგულის გავლით არსებული გზის რეაბილიტაციის მიზანი.

დაპირებები და ტენდერი

სვანეთის მოსახლეობას ლენტეხიდან მესტიამდე მოკლე გზის მშენებლობას, „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დაჰპირდა. სვანეთში წინასაარჩევნო შეხვედრისას ივანიშვილმა ამომრჩევლებს უთხრა, რომ იცოდა მოსახლეობის გასაჭირი და მესტია-ლენტეხს შორის უმოკლეს გზას გაიყვანდა.

მას შემდეგ, 9 წლის განმავლობაში, ლენტეხისა და მესტიის გვირაბით დაკავშირებას თითქმის ყველა საპარლამენტო თუ თვითმმართველობის არჩევნების წინ გვპირდებიან.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, 2016 წლის 21 თებერვალი, მესტია, თეთნულდი: „დღეს თეთნულდზე ფუნქციონირებს ერთი სათხილამურო ტრასა. ჩვენ ვგეგმავთ, წლის ბოლომდე, კიდევ სამი საბაგირო გზა შევიდეს ექსპლუატაციაში. ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაში. სოფელ მულახიდან თეთნულდის ბაზას დაუკავშირდება დამატებითი საბაგირო.

ასევე აუცილებლად გაკეთდება ქუთაისიდან ცაგერი-ლენტეხის გავლით სვანეთთან დამაკავშირებელი გზა, რომელიც ქუთაისის აეროპორტიდან ორი საათის სავალზე თეთნულდამდე მივა“.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, 2016 წლის 24 აგვისტო, მთავრობის სხდომა, თბილისი: „უნდა გამოვაცხადოთ, რომ ძალიან საინტერესო ახალი ფაზა იწყება კურორტ თეთნულდის განვითარების. სახელმწიფო აპირებს, საპარტნიორო ფონდის მეშვეობით, აქტიური მონაწილეობა მიიღოს კურორტ თეთნულდზე აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნაში. ეს იქნება რამდენიმე სასტუმრო, გასართობი ცენტრი, სპორტსკოლა, ალბათ, სავაჭრო ცენტრიც და რა თქმა უნდა, ამბულატორია. ეს არის მინიმალური ჩამონათვალი, რაც აუცილებელია, რომ კურორტმა იფუნქციონიროს.

ჩვენ ასევე გეგმაში გვაქვს ქუთაისი-თეთნულდის შემაერთებელი გზის მშენებლობა გვირაბების მეშვეობით, რათა ზამთარში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან საათნახევარი-ორი საათის ინტერვალით ტურისტებმა შეძლონ კურორტ თეთნულდზე ასვლა.

აუცილებლად უნდა გარემონტდეს ჯვარი-თეთნულდის გზაც იმისათვის, რომ სამეგრელოს მხრიდან იყოს ასევე ადვილი კურორტზე ასვლა“.

2016 წლის 5 აგვისტოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს უკვე გამოცხადებული ჰქონდა ელექტრონული კონკურსი ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის და გვირაბის მშენებლობის საპროექტო სამუშაოების შესყიდვისთვის. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 4 მილიონი ლარი იყო.

„აღსანიშნავია, რომ მესტიიდან ლენტეხის მიმართულებით, ლასდილის გავლით, ზამთარში გზა ჩაკეტილია დიდთოვლობის გამო. ბოლო პერიოდში ტურისტული ნაკადის ზრდის ფონზე, მიზანშეწონილი იქნება ორი ტურისტულად მიმზიდველი კუთხე - ლენტეხი და მესტია დაუკავშირდეს ერთმანეთს საავტომობილო გვირაბით, რაც საშუალებას იძლევა შეიკრას „ტურისტული წრე“ - ქუთაისი - წყალტუბო - ლენტეხი - მესტია - თეთნულდი - უშგული - ზუგდიდი - ანაკლია. აღნიშნული გზის საავტომობილო გვირაბის მშენებლობის შემდგომ, წელიწადის ნებისმიერ დროს შესაძლებელი იქნება მესტიისა და თეთნულდის ზამთრის კურორტებთან შეუფერხებელი გადაადგილება. შესაბამისად, შემცირდება გადაადგილების მანძილი და დრო“, - აღნიშნულია ტექნიკური დავალების შესავალ ნაწილში.

ჯერ სატენდერო წინადადებების მიღებაც კი არ იყო დაწყებული, არათუ პროექტის წინასწარი ვერსია ყოფილიყო მზად, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე 10 დღით ადრე, 2016 წლის 28 სექტემბერს, რეგიონული განვითარებისა და ინფსრასტრუქტურის სამინისტრომ გაავრცელა სარეკლამო ვიდეორგოლი: „დაგეგმილია ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი 6 კილომეტრიანი გვირაბისა და 38 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მშენებლობა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 200 მლნ. აშშ დოლარია.

პროექტირება 2016 წლის ოქტომბერში დაიწყება. უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები, სავარაუდოდ, 2018 - 2020 წლებში განხორციელდება. პროექტის დასრულების შემდეგ, ლენტეხი-მესტიის მიმართულებით, გადაადგილების დრო 1.5 საათით შემცირდება“.

საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე განთავსებულია ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ლენტეხი-მესტიის გზისა და გვირაბის მშენებლობა 2017 წელს უნდა დაწყებულიყო და 2020-ში დამთავრებულიყო. ბიუჯეტი 200 მლნ დოლარით არის განსაზღვრული. აღწერაში კი მითითებულია, რომ პროექტი ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი 40 კმ-იანი გზისა და მათ შორის, 5-6 კმ-იანი გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს.

ლენტეხი-მესტიის გზის მშენებლობის პროექტის შედგენის მიზნით, სატენდერო წინადადებების მიღება 2016 წლის 08 ოქტომბერს დაიწყო და 13 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდა. ტენდერში ორმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა: თურქული „თემელსუ ულუსლარარასი მუჰენდისლიქ ჰიზმეთლერის საქართველოს ფილიალმა“, რომელმაც საპროექტო სამუშაოების შესასრულებლად 3 650 000 ლარი მოითხოვა და ხორვატიული კომპანიის ფილიალმა საქართველოში სს „ინსტიტუტი იგჰ, სამოქალაქო მშენებლობის კვლევებისა და განვითარების საკითხებში“, რომლის შეთავაზებული თანხაც  3 973 600 ლარი იყო. გზების დეპარტამენტის კომისიამ თურქულ კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცა იმ მიზეზით, რომ დოკუმენტაცია მოთხოვნას არ შეესაბამებოდა. გამარჯვებულად ხორვატიული კომპანიის ფილიალი გამოცხადდა, რომელიც საქართველოში ამ კონკურსის გამოცხადების შემდეგ, 2016 წლის 26 სექტემბერს დარეგისტრირდა და რომლის დირექტორიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქე რობერტ პეტროსიანია. მანამდე ეს კომპანია საქართველოში წარმოდგენილი არ ყოფილა.

საქართველოში რეგისტრაციიდან ორ კვირაში ხორვატიული კომპანიის ფილიალს, ამ ტენდერის (ლენტეხი-მესტიის გზა და გვირაბი) მოგებამდე, უკვე ჰქონდა მოგებული ორი მსხვილი პროექტი: ბაღდათი - აბასთუმნის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო მომსახურების შესყიდვის ელექტრონული კონკურსი, ღირებულებით 3 369 991 ლარი და ზემო იმერეთი (საჩხერე) – რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა-რეკონსტრუქციის განსახორციელებლად ალტერნატიული მიმართულებების ანალიზისა და დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების შესყიდვის ელექტრონული კონკურსი 3 156 620 ლარით. აღნიშნული კომპანია ორივე კონკურსში სხვა მონაწილეებზე მეტ თანხას ითხოვდა სამუშაოების შესასრულებლად, მაგრამ ორივე შემთხვევაში გამარჯვება მაინც მან მოიპოვა.

ლენტეხი-მესტიის გზასთან დაკავშირებით ხორვატიული კომპანიის ფილიალთან ხელშეკრულება 2016 წლის 9 დეკემბერს გაფორმდა. პირობების მიხედვით, კომპანიას გზისა და გვირაბის მშენებლობის პროექტი და დასაბუთება 12 თვეში უნდა წარმოედგინა, რაც არ შესრულდა. ხელშეკრულების დადებიდან 2019 წლის ჩათვლით, დოკუმენტში ცვლილება 15-ჯერ შევიდა, ვადა რამდენჯერმე გადაიწია, 4 688 848 ლარამდე გაიზარდა შესყიდვის ღირებულება.

2019 წლის 7 მარტს გავრცელებულ განცხადებაში საავტომობილო გზების დეპარტამენტი წერს, რომ ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი  საავტომობილო გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის  მშენებლობის პროექტირება აქტიურ ფაზაშია. „საპროექტო გუნდმა მოახერხა გზის სიგრძის 80%-ის დაზუსტება. ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი გზის სავარაუდო სიგრძე 27 კმ-ია, ასევე დაგეგმილია 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა. გზის სიგანე 8 მეტრი იქნება, საიდანაც 6.5 მეტრი ასფალტ-ბეტონის საფარისთვისაა განკუთვნილი, დანარჩენი კი გვერდულებისთვის.

ლენტეხისა და მესტიის დამაკავშირებელი გზა, ლენტეხიდან დაიწყება, გაივლის ლასკადულას ხეობას, მთიან მასივს 9 კმ-იანი გვირაბით და ლაილაჭის ხეობის გავლით შეუერთდება ზუგდიდი-მესტიის გზას, ლეშგუანის დასახლებასთან.

ამ გზით, ზემო და ქვემო სვანეთი უმოკლესი გზით დაუკავშირდება ერთმანეთს. პროექტის დასრულების შემდეგ, ლენტეხი-მესტიის მიმართულებით გადაადგილების დრო დაახლოებით 1.5 საათით შემცირდება. ქუთაისის აეროპორტიდან 2.5 საათში შეეძლება ტურისტს ცაგერის გავლით მესტიაში მოხვედრა. ხოლო, ლეჩხუმს საშუალება ექნება განავითაროს არსებული ძალიან დიდი პოტენციალი, რაც რეგიონის სრულფასოვნად განვითრებას შეუწყობს ხელს“.

ხორვატიული კომპანიის ფილიალმა ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი გზის პროექტი გზების დეპარტამენტს 2 წლის დაგვიანებით, 2019 წლის 27 ნოემბერს წარუდგინა.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გოჩა ენუქიძემ კვლავ იყარა კენჭი მაჟორიტარ დეპუტატობაზე. ამ პერიოდისთვის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის საარჩევნო ოლქი უკვე გამსხვილებულია და მას მესტიის მუნიციპალიტეტიც დაემატა. არჩევნებამდე 21 დღით ადრე, 10 ოქტომბერს, მესტიაში, გოჩა ენუქიძის წარდგენისას, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ 2021 წლის პირველი ნახევრიდან დაიწყებოდა ლენტეხის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა.

2021 წლის 2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია დანიშნული. თუ „ქართული ოცნება“ არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას ვერ მოიპოვებს, შესაძლოა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები რეგიონებში მერობის კანდიდატების წარდგენისას ამომრჩევლებს ხვდებიან და დაპირებებს უხვად აძლევენ. 25 აგვისტოს მესტიაში, სვან უხუცესებთან შეხვედრაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა: „ჯამში ჯდება 100 მილიონი ლარი, ე.ი. ლენტეხი მესტიის დამაკავშირებელი გზა. მაგ გზას ჯამში 2 წელი სჭირდება, რომ დასრულდეს მთელი პროექტი. უშგულამდე უნდა დავასრულოთ უფრო ადრე, 2022-ში“.

მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე პრემიერის ეს განცხადება ამ შინაარსით განათავსეს: „მესტია-ლენტეხის გზის მშენებლობა, რომელიც ჯამში 100 მილიონი ლარი ჯდება, 2023 წელს, უშგულის გზის მშენებლობა კი 2022 წელს დასრულდება“.

პრემიერმაც და მთავრობის ადმინისტრაციამაც არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს. 100 მილიონამდე ლარი ლენტეხი-უშგული-მესტიის არსებული გზის რეაბილიტაციაზე იხარჯება. ეს მეორე გზაა, რომელიც ზესხო-ყორულდაშის ხეობის გავლით ზაგაროს უღელტეხილზე გადადის. გზების დეპარტამენტი ამ გზის რეაბილიტაციას 2017 წლიდან ახორციელებს. პროექტი 6 ნაწილად არის გაყოფილი. სამი პროექტი ლენტეხი-ლასდილის მონაკვეთზე ხორციელდება, (ჯამური ღირებულება 62 790 300 ლარია), სამიც მესტია-კალა-უშგულის მონაკვეთზე (ჯამური ღირებულება 33 822 600 ლარია). რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი ჯერ კიდევ 2016 წლის მარტში აცხადებდა, რომ ამ გზის ნახევრის რეაბილიტაცია 2016-ში დასრულდებოდა, მთლიანად კი 2017-ში. ჯავახიშვილმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მინისტრის თანამდებობა ისე დატოვა, ლენტეხი-უშგულის გზაზე სამუშაოები არც კი იყო დაწყებული.

რეაბილიტაცია როცა დაიწყო, ჯერ 2019 წელი თქვეს დასრულების ვადად, მერე 2020, ახლა 2022-ს ამბობენ. დღევანდელი მდგომარეობით, ლენტეხიდან მელეს ჩათვლით გზა მოასფალტებულია, მელედან რამდენიმე კილომეტრზე ბეტონის საფარია დაგებულია, ზესხო-ყორულდაშის ხეობაში გზის დიდი ნაწილი, ფაქტობრივად ნახევარზე მეტი რეაბილიტირებული არ არის და რამდენიმე მონაკვეთზე სამუშაოები არ მიმდინარეობს.  

რაც შეეხება ლენტეხი-მესტიის ახალი გზის პროექტს, „მთის ამბებმა“ დოკუმენტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მოიპოვა. პროექტის მიხედვით, გზა სათავეს იღებს ლენტეხის მუნიციპალიტეტიდან და მდინარე ლასკადულას ხეობით მესტიისკენ მიემართება. 14 კმ-ის შემდეგ გათვალისწინებულია საავტომობილო გვირაბის მოწყობა, რომლის სიგრძე 9 კმ-ია. გვირაბის გავლის შემდეგ 12 კმ სიგრძის საპროექტო მონაკვეთი ლაილაჭალას ხეობის გაყოლებით მესტიისკენ მიდის, სადაც მდინარე ენგურის გადაკვეთით, მესტიამდე მისასვლელ მოქმედ საავტომობილო გზას უერთდება.

2020 წლის 19 თებერვალს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, საავტომობილო გზების დეპარტამენტს შენიშვნებით უკან დაუბრუნა და ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა. სამინისტროს დასკვნით, ხორვატიული კომპანიის საქართველოს ფილიალის მიერ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში არაკვალიფიციურად არის მომზადებული.

გელა მთივლიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. პროფესიით იურისტია. აშუქებს ადამიანის უფლებებთან, ეთნიკურ უმცირესობებთან, კონფლიქტის ზონებთან და ტერორიზმთან დაკავშირებულ თემებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში