საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

როგორ გადაარჩინა „ოცნებამ“ ძალადობით საკრებულოს ახალ არჩევნებს დმანისი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:40 - 10 დეკემბერი 2021 hits 39344
რამიზ რამაზანოვი თანამდებობაზე არჩევის შემდეგ
პოლიტიკა
რამიზ რამაზანოვი თანამდებობაზე არჩევის შემდეგ

დმანისში საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩიეს „ნაციონალური მოძრაობის“ უკვე ყოფილი წევრი რამიზ რამაზანოვი. თანაპარტიელები მას ბოლო 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ, მის სახლთან კი უსაფრთხოების სამსახურის და პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. თუ რამაზანოვი დღევანდელ სხდომას არ დაესწრებოდა, ახალარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების ცნობა ვერ მოხდებოდა, რის გამოც დმანისში საკრებულოს წევრთა რიგგარეშე არჩევნები უნდა დანიშნულიყო.

დმანისის საკრებულოში 30 წევრია. 15 მანდატი „ქართულ ოცნებას“ აქვს, 13 „ნაციონალურ მოძრაობას“, ერთი - კახა ოქრიაშვილის პარტიას „პროგრესი და თავისუფლება“ და ერთიც ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილ დამოუკიდებელ დეპუტატს.

3 დეკემბერს საკრებულოს პირველი სხდომა ჩაიშალა, რადგან სხდომაზე მხოლოდ 15 წევრი გამოცხადდა. მანამდე „ქართული ოცნება“ არ დასთანხმდა ოპოზიციის შეთავაზებას, რომ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აერჩიათ.

რამიზ რამაზანოვზე ზეწოლის შესახებ ინფორმაცია მისმა თანაპარტიელმა ლევან მოსეშვილმა 8 დეკემბერს გაავრცელა. „ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კონტაქტზე არ გამოდიოდა. დილით სახლიდან სკოლაში რომ წავიდოდა, უკან მიჰყვებოდნენ, გაკვეთილების დროს სკოლაში ელოდებოდნენ და მერე ისევ სახლამდე მოჰყვებოდნენ. 8 დეკემბერს სკოლის ეზოში ვნახე, სადაც ის ფიზკულტურის გაკვეთილს ატარებდა.

მითხრა, რომ მასზე ზეწოლა იყო. მისი ნების საწინააღმდეგოდ წაყვანილი ჰყავდათ გუბერნატორის ადმინისტრაციაში, სადაც „ქართული ოცნების“ წევრებს და ახალდანიშნულ გუბერნატორს შეახვედრეს. უთხრეს, შენი საქმე ბიძინა ივანიშვილამდეა მისული და როგორ ბედავო.

ჩვენი შეხვედრის დროს, სკოლის ეზოს გარეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მანქანა იდგა. იქიდან უცნობი პირები გადმოვიდნენ, მოკიდეს რამაზანოვს ხელი და წაიყვანეს. არაფერი ვიცით მის შესახებ“, - უთხრა მოსეშვილმა ჟურნალისტებს. მისივე თქმით, სკოლასთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბოლნისისა და დმანისის წარმომადგენლის ავტომობილი იდგა.

საკრებულოს კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატის, ჰუსეინ ჰუსეინოვის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ რამიზ რამაზანოვმა მას უთხრა, რომ „ან ხმა უნდა მისცეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობის კანდიდატს, ან თავი უნდა მოიკლას“.

რამიზ რამაზანოვის სახლთან 9-10 დეკემბერს პოლიცია იყო მობილიზებული. რამაზანოვის ოჯახის წევრების თქმით, მათ არ იცოდნენ რამიზის ადგილსამყოფელი, თუმცა მასთან კონტაქტი ჰქონდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს არ განუმარტავს რას და ვისგან იცავდნენ რამაზანოვის სახლთან ან რატომ იყო იქ მობილიზებული პოლიცია საკრებულოს სხდომის წინა დღეებში, მას შემდეგ, რაც რამაზანოვზე ზეწოლის ფაქტი გახმაურდა.

რამაზანოვი სოფელ ორუზმანის საჯარო სკოლის დირექტორი იყო. 2 კვირის წინ, განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურმა სკოლა განმეორებით შეამოწმა, რის შემდეგაც რამაზანოვმა დირექტორის თანამდებობა საკუთარი განცხადებით დატოვა.

„სკოლაში აუდიტი პირველად თვითმმართველობის არჩევნებამდე შეუშვეს, მაგრამ ვერ გადაიბირეს. არჩევნების მერე განმეორებითი აუდიტი ჩატარდა და დაჭერით დაემუქრნენ, ოღონდ ისიც კი არ უთხრეს, რა დარღვევის გამო“, - აღნიშნავს ლევან მოსეშვილი.

რამაზანოვი მედიასთან გუშინ გამოჩნდა. სატელეფონო საუბარში გვითხრა, რომ საკრებულოს 10 დეკემბრის სხდომაზე მისვლას აპირებდა. ვკითხეთ, რატომ არ მიიღო მონაწილეობა 3 დეკემბერს დანიშნულ პირველ სხდომაზე: „მაშინ ისე იყო საჭირო, ახლა ასე გადავწყვიტე“.

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომას 16 დეპუტატი დაესწრო, მათ შორის რამაზანოვი. სხდომის დაწყებამდე მან განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. ის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩიეს.

„ზეწოლა არ იყო. უბრალოდ, დმანისში პოლიტიკურ ჩიხში ვიყავით. აქედან გამოსავალი ხომ უნდა იყოს? გადავწყვიტე, რომ ასეა საჭირო“, - თქვა რამაზანოვმა. იგი 2017 წლის მოწვევის საკრებულოს წევრიც იყო, ორუზმანის თემის მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“.

ზეწოლის გამო, 18 ნოემბერს გარდაიცვალა ბათუმის საკრებულოს ახალარჩეული წევრი ნუგზარ ფუტკარაძე. „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, ნუგზარ ფუტკარაძეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის დავალებით 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ იმის სანაცვლოდ, რომ პარტია დაეტოვებინა და საკრებულოში საქმიანობა დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გაეგრძელებინა. 24 ნოემბერს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა 45-წუთიანი ჩანაწერი, რომელიც ნუგზარ ფუტკარაძის მოსყიდვის მცდელობას ასახავს. ჩანაწერი ნუგზარ ფუტკარაძის მიერ არის გაკეთებული. ფუტკარაძის გარდაცვალებამდე ოპოზიციას ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა ჰქონდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო, მაგრამ პასუხისგებაში არავინ მიუცია.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში