საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ფეოდალ ენუქიძის გარეშე დამლაგებელსაც ვერ ნიშნავენ ცაგერში - მერობის კანდიდატი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22:01 - 29 ოქტომბერი 2021 hits 42249
ფოტოზე - ბესარიონ ბენდელიანი
პოლიტიკა
ფოტოზე - ბესარიონ ბენდელიანი

„ამ ქვეყანაში თვითმმართველობა არ არსებობს. ცაგერის რაიონის ბედი დამოკიდებულია ფეოდალ ენუქიძეზე და გუბერნატორზე. მათ გარეშე აქ დამლაგებელსაც ვერ დანიშნავს ვერავინ. ვერცერთი ლეჩხუმელი ვერ მანახებს ენუქიძის ერთ ფრაზასაც კი, მის მიერ წარმოთქმულს ლეჩხუმის მიმართ, ლეჩხუმის ინტერესებთან დაკავშირებით პარლამენტში. მე-5 წელია იქ ზის. ერთადერთი არის მისი პირადი ინტერესები, ბიზნესი, კადრები. ეს მდგომარეობა უნდა შეიცვალოს“, - აცხადებს ცაგერის მერობის კანდიდატი ბესარიონ ბენდელიანი „მთის ამბებთან“ ინტერვიუში.

მუნიციპალური ორგანოების 2 ოქტომბრის არჩევნებში ბესარიონ ბენდელიანმა ხმების 35.025 % დააგროვა, „ქართული ოცნებიდან“ მერობის კანდიდატმა, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა გიორგი ნემსაძემ 49.345 %. მესამე ადგილზე, 15.63 %-ით გავიდა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი მადონა ბენდელიანი.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მერის არჩევნების მეორე ტურის წინ, რომელიც 30 ოქტომბერს გაიმართება, არაერთხელ განაცხადა, რომ მაგალითად ქუთაისში, სენაკში, მარტვილში ოპოზიციის კანდიდატებს არაფერი აკავშირებთ იმ მუნიციპალიტეტებთან, სადაც ისინი კენჭს იყრიან. „ხატია დეკანოიძეს წარმოდგენა არ აქვს რა ხდება ქუთაისში. გავლით არის ნამყოფი და არავითარი ბმა ქუთაისთან და ქუთაისელებთან არ გააჩნია; სენაკში არაფერი გაუკეთებია კობა ნაყოფიას. არავითარი შემხებლობა, კონტაქტი, კავშირი არ ჰქონია სენაკთან. რა უნდა თემურ ჯანაშიას მარტვილში, რატომ მოდის, რა მოტივაციით? რა გაუკეთებია მარტვილისთვის, იცნობს საერთოდ?“

ბესარიონ ბენდელიანის თქმით, გიორგი ნემსაძესაც არაფერი აკავშირებს ცაგერთან: „ის არ არის ადგილობრივი, არ იცნობს ამ გარემოს. მე სულ მცირე რუკა არ მჭირდება, რომ დავიწყო ქორენიშიდან და ბოლო სოფელში ჩამოვიდე“.

პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატი პრიორიტეტებად დასაქმებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას და ადგილობრივ დონეზე ეფექტიან მმართველობას ასახელებს:

„არა კორუფციას და ნეპოტიზმს, სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტილებები ადგილობრივ დონეზე. კვალიფიციური მერია და საკრებულო. აუცილებელია ტურისტული პოტენციალის განვითარება. კურორტ „ლაშიჭალის“ პოპულარიზაცია, ადგილზე ინფრასტრუქტურის და საოჯახო სასტუმროების ხელშეწყობა, საგზაო, ტელე და ინტერნეტ კომუნიკაციების მოწესრიგება. საკურორტო ადგილია „ახალჭალა“ - განვითარების გეგმის შემუშავებაა საჭირო, საგზაო ინფრასტრუქტურის მოძიება, კერძო ინვესტორების მოძიების მხარდაჭერა, რაც საგრძნობლად დაეხმარება სოფლების - ჭალისთავის, ქვედა ცაგერის, ლუხვანოს, ზარაგულას, ჩქუმის, ქულბაქის განვითარებას. სოფლის მეურნეობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ. შეიძლება უსახელოურის, ცოლიკოურისა და ოჯალეშის მხარეში ერთი ღვინის ქარხანა მაინც არ იყოს?“

რაც შეეხება ნამახვანჰესის მშენებლობას, რომლის საპროექტო არეალიც წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებს მოიცავს, ბესარიონ ბენდელიანის თქმით, ის ამ ფორმით, არსებული ხელშეკრულების პირობებით, ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგია.

არჩევნების პირველ ტურამდე ერთი კვირით ადრე, 25 სექტემბერს, ცაგერში, ღამით, ბესარიონ ბენდელიანს საკუთარი სახლის წინ გაჩერებული ავტომობილი დაუცხრილეს. პოლიციამ გამოძიება დაიწყო, მაგრამ ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ. საქმე გაუხსნელია. მერობის კანდიდატი დარწმუნებულია, რომ მანქანის დაცხრილვის უკან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დგას.

ბესარიონ ბენდელიანი დაიბადა ცაგერის რაიონის სოფელ ჩხუტელში. არის 1991-1993 წლების, ასევე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს მონაწილე, ვეტერანი. 2002-2004 წლებში მუშაობდა ქალაქ თბილისის მერიის სპორტის საქალაქო სამსახურში, 2004-2010 წლებში შემოსავლების სამსახურში „ზაჰესი 2007“ საბაჟო ტერმინალის დირექტორის მოადგილედ, 2010-2014 წლებში იყო თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გლდანის რაიონიდან. 2011-2013 წლებში მეკლდეურობის ფედერაციის პრეზიდენტი; 2013-2014 წლებში ქალაქ თბილისის მიწის ლეგალიზაციის კომისიის თავმჯდომარე; 2014-2016 წლებში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში რეგიონული დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა. 2016-2020 წლებში ემიგრაციაში იმყოფებოდა აშშ-ში, 2017-2019 წლებში სწავლობდა პენსილვანიის შტატში ფერმერული მეურნეობის მენეჯმენტის მიმართულებით.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში