საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ყაზბეგში მშენებარე სასტუმროს მეპატრონეს გამგეობამ კორექტირებული პროექტი დაუმტკიცა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

19:39 - 31 მარტი 2017 hits 12039

ყაზბეგის ცენტრალურ მოედანთან სანებართვო პირობის დარღვევით მშენებარე სასტუმრო, რომელიც ალექსანდრე ყაზბეგის ძეგლიდან გერგეტის სამების და მყინვარწვერის ხედს თითქმის მთლიანად ფარავს, არსებული სახით დარჩება. გადაწყვეტილება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ მიიღო.

კერძო მესაკუთრე ელიზბარ ჯანუყაშვილი ყაზბეგის ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ალექსანდრე ყაზბეგის 21 ნომერში მრავალფუნქციურ შენობას - სასტუმროსა და კაფე-ბარს აშენებს.

ყაზბეგის მუნციპალიტეტის გამგეობის არქიტექტორულმა სამსახურმა ნებართვა ნაწილობრივ 3-სართულიანი შენობის მშენებლობაზე გასცა: მრავალფუნქციურ შენობას ორი სართული, 1-ქანობიანი სახურავი და ერთ მხარეს მანსარდა უნდა ჰქონოდა, მესაკუთრემ კი სრული 3-სართულიანი შენობა ააშენა.

სანებართვო პირობების დარღვევის გამო ყაზბეგის მუნციპალიტეტის გამგეობის არქიტექტორულმა სამსახურმა ელიზბარ ჯანუყაშვილი 2016 წლის 14 ნოემბერს 200 ლარით დააჯარიმა და მშენებლობა შეაჩერა. დაჯარიმების შემდეგ ჯანუყაშვილმა გამგეობას კორექტირებული პროექტი წარუდგინა. ახალი პროექტით, კომპლექსი მიწის ზედაპირიდან სამსართულიანია, მეოთხე სართულზე კი ღია ვერანდაა.

კორექტირებული პროექტის განხილვისთვის ყაზბეგის გამგეობაში სპეციალური კომისია შეიქმნა. კომისიას უნდა ემსჯელა და გადაეწყვიტა, მესაკუთრეს სანებართვო პირობების დარღვევით აშენებული მესამე სართულის დემონტაჟი დაევალებოდა თუ შენობის არსებული სახით შენარჩუნების უფლება მიეცემოდა.

8-კაციანი კომისიის გადაწყვეტილებით, რომლის შემადგენლობაშიც ძირითადად ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლები იყვნენ, ალექსანდრე ყაზბეგის 21 ნომერში მშენებარე სასტუმრო და კაფე-ბარი არსებული სახით დარჩება.

კომისიის წევრები იყვნენ:

გივი ქირიკაშვილი - ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებელი;

ზურაბ ზილინაშვილი - ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი;

ჯემალ სუჯაშვილი - ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის სამსახურის უფროსი;

ნუნუ ქუშაშვილი - ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსი;

ავთანდილ ფიცხელაური - გამგებლის რწმუნებული ყაზბეგში;

იოანე გელაშვილი - ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სნოს დეპუტატი ყაზბეგის საკრებულოში;

იაგო კაზალიკაშვილი - ალექსანდრე ყაზბეგის მუზეუმის დირექტორი.

როგორც ზურაბ ზილინაშვილმა „მთის ამბებთან“ საუბარში განაცხადა, ელიზბარ ჯანუყაშვილის მიერ წარდგენილ კორექტირებულ პროექტს კომისიამ მხარი ერთხმად დაუჭირა.

ყაზბეგის ცენტრში, ალექსანდრე ყაზბეგის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც ტურისტული თვალსაზრისით ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ადგილია, სასტუმროს ამ ფორმით მშენებლობას საზოგადოების ნაწილი უარყოფითად აფასებს.

ყაზბეგის ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობის შესახებ პოსტი სოციალურ ქსელ ფეისბუქში თავდაპირველად მომხმარებელმა ლავან ღამბაშიძემ გამოაქვეყნა. „თბილისს და ბათუმს რაც სჭირს გასაგებია უკვე. პრინციპში აღარც არაფერი ეშველება ამ ქალაქებს. მაგრამ იგივე გაუაზრებელი და მავნებლური ხელწერა სხვა ქალაქებსაც გადაედო. ეს არის სტეფანწმინდის ცენტრი. ტურისტულად მნიშვნელოვანი ადგილია. ფოტოებს იღებდა აქ ხალხი ადრე. ამ ადგილიდან ერთდროულად ჩანს ყაზბეგის ძეგლიც და მყინვარწვერიც.

სტეფანწმინდა რომ ლამაზია, იმიტომ კი არ არის ლამაზი, რომ ლამაზი სახლებით არის ნაშენები. არც კოშკები აქვს მესტიის მსგავსად. სტეფანწმინდა ლამაზია ამ ხედის გამო. იმიტომ, რომ ნებისმიერი სახლიდან და საჯარო ადგილიდან, როგორიც არის მაგალითად ეს მცირე მოედანი შეგიძლია ამ ულამაზესი მთის დანახვა. ამ ხედის ამოშენება სუიციდის ტოლფასია.

გასაგებია, რომ კერძო საკუთრებაა მაგრამ არსებობს საზოგადოების ინტერესებიც. უბრალოდ რომ გადათვალო, ამ მოედნიდან დანახული ხედი საქართველოს ყველა მოქალაქის იყო. ახლა კი ერთი კონკრეტული სასტუმროს(ალბათ) მეპატრონის და მასთან გაჩერებული სტუმრების არის მხოლოდ. ვფიქრობ არასამართლიანი შეფარდებაა და თუ მთავრობას შეეძლო რომ ეს უსამართლობა არ დაეშვა, ეს უნდა გაეკეთებინა. თუ ახლაც შეუძლია რომ ეს მშენებლობა შეაჩეროს, ვფიქრობ ასეც უნდა მოიქცეს. (რა თქმა უნდა შესაბამისი კომპენსაციის ფასად). მე პირადად, რომელსაც სტეფანწმინდა და ზოგადად ყაზბეგი ძალიან მიყვარს ამ ადგილას გავლისას მხოლოდ ერთი სიტყვა მადგას ხოლმე პირს: სამარცხვინო,“ - წერდა ღამბაშიძე საკუთარ პოსტში.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში