საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

თუშეთის გზის სამუშაოებს 2020 წლამდე შპს „გერალი“ შეასრულებს

16:27 - 04 თებერვალი 2017 hits 14365

თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზის მიმდინარე და პერიოდული შეკეთების სამუშაოებს 2020 წლის 1 იანვრამდე შპს „გერალი“ განახორციელებს. კომპანიამ საგზაო სამუშაოების შესყიდვის მიზნით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გაიმარჯვა.

ელექტრონული ტენდერი ფშაველი-აბანო-ომალოს 72 კილომეტრი სიგრძის საავტომობილო გზის მიმდინარე მოვლა-შენახვისა და პერიოდული შეკეთების მიზნით, 2016 წლის 20 ოქტომბერს გამოცხადდა, სატენდერო წინადადებების წარდგენა კი 5-დან 10 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. შესყიდვის საწყისი სავარაუდო ღირებულება 1 262 106 ლარით იყო განსაზღვრული.

ტენდერში ორი პრეტენდენტი მონაწილეობდა - შპს „გერალი“ და შპს „თუშეთგზა“, რომლის 100 % წილის მესაკუთრეც ახმეტის მუნიციპალიტეტია. საბოლოოდ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „გერალი“ (საიდენტიფიკაციო კოდი - 400022131).  

სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან 2016 წლის 27 დეკემბერს გაფორმდა. მისი ღირებულება 1 236 791 ლარს შეადგენს. საგზაო სამუშაოებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხიდან 2016 წელს დაიხარჯა 5 000 ლარი; 2017 წელს დაიხარჯება 410 000 ლარი, 2018 წელს - 410 000 ლარი, ხოლო 2019 წელს - 411 791 ლარი.

უნდა აღინიშნოს, რომ შპს „გერალი“ ასევე 2020 წლამდე განახორციელებს საავტომობილო გზის მოვლა-შენახვისა და პერიოდული შეკეთების სამუშაოებს შემდეგ მონაკვეთებზე: თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალი, თბილისი (გლდანი)-თიანეთი, თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორი, სასადილო-ორხევი-ხევსურთსოფელი, ორხევი-სიონი. ამ შემთხვევაში სამუშაოების ღირებულება 5 000 000 ლარზე მეტია.

2016 წლის განმავლობაში შპს „გერალმა“ შეასრულა: ქალაქ თბილისის მასშტაბით ჭების ნიშნულზე გასწორებისა და სავალი ნაწილის აღდგენის სამუშაოები, ქალაქ თელავში, „მაწანწრის ხევში“ გაბიონის მოწყობის სამუშაოები, დაბა თიანეთში შიდა გზების მოასფალტებისა და ორმული შეკეთების, თიანეთის სოფლების - ჭურჭელაურების, არტანი-ლაშარისა და ღულელები-მაგრანეთის გზების რეაბილიტაციის და სხვა სამუშაოები.

შპს „გერალი“ სამეწარმეო რეესტრში 2011 წლის 7 ივნისს არის დარეგისტრირებული. კომპანიის დირექტორი და 100 % წილის მესაკუთრეა ლევან წიკლაური.

თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა თავისი ექსტრემალური პირობებიდან გამომდინარე ერთი მხრივ თუშეთში ტურისტების მიზიდვის ერთ–ერთ ძირითადად საშუალებად ითვლება, მეორე მხრივ კი გზის მდგომარეობა ხშირად იმდენად გაუარესებულია, რომ ტურისტებს აფრთხობს.

2016 წელს თუშეთი ტურისტული სეზონის ჩავარდნის საფრთხის წინაშეც დადგა. გზა უხარისხოდ იყო გაწმენდილი და უსაფრთხოდ გადაადგილებას მაღალი გამავლობის მანქანები და გამოცდილი მძღოლებიც ვერ ახერხებდნენ. გზა არაერთხელ ჩაიკეტა კიდეც რამდენიმე დღით. ტურისტების გარდა თუშეთში ასვლას ვერც ის ადამიანები ახერხებდნენ, რომლებიც მთაში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწევიან.

ბოლო 5 წლის განმავლობაში თუშეთის გზის "მოვლა - პატრონობას" შპს "თუშეთგზა" ახორციელებდა. კომპანიას არასაკმარისი და ძველი ტექნიკა აქვს, რომელიც მწყობრიდან ხშირად გამოდიოდა და მის შეკეთებას რამდენიმე დღე სჭირდებოდა.

სტორის ხეობიდან აბანოს უღელტეხილამდე საავტომობილო გზის დიდი ნაწილი კლდეებზე და მთებზეა გაჭრილი. თუშეთის გზა ღია მაისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის ბოლომდეა. უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო გზა 6 თვის განმავლობაში იკეტება ხოლმე და თუშეთში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი.

სახიფათო პირობების გამო ბევრი ადამიანია გარდაცვლილი.

2016 წლის 10 ოქტომბერს, თუშეთის გზაზე, თორღვას აბანოს მიმდებარე ტერიტორიაზე, „ლენდკრუიზერის“ მარკის ავტომობილი დაახლოებით 60 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა. ავტომობილით ისრაელის მოქალაქეები მგზავრობდნენ. ისინი თუშეთიდან ბარში ბრუნდებოდნენ. შემთხვევის შედეგად 5 და 10 წლის ბავშვები ადგილზე დაიღუპნენ, საავადმყოფოში მოათავსეს მათი მშობლები, ასევე 7 და 11 წლის ბავშვები.

12 სექტემბერს, გვიან ღამით, თუშეთში, სოფელ დართლოდან ჭეშოსკენ მიმავალი გზიდან „მიცუბიში პაჯეროს“ მარკის ავტომობილი მდინარე ალაზანში გადავარდა. უბედური შემთხვევის შედეგად 21 წლის თემურ გოგოთიძე ადგილზე დაიღუპა, სამი ადამიანი კი დაშავდა.

9 მაისს, თუშეთის გზაზე, ე.წ. ცოდვიაანთ ხევთან ზვავი ჩამოწვა და ქვეშ ორი მამაკაცი მოიყოლა. ერთ–ერთი მათგანი, ახმეტის რაიონის სოფელ ქისტაურში მცხოვრები 27 წლის ლევან ტ–შვილი ადგილზე გარდაიცვალა, 44 წლის მამაკაცი კი დაშავდა.

2014 წლის სექტემბერში, თუშეთის გზაზე, ე.წ.  „ბოთლის წყალთან“ „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა დიდი სიმაღლიდან ხევში გადავარდა. მანქანაში 4 ადამიანი იჯდა. ოთხივე მათგანი, 21 წლის თემო ბუღრიძე, 38 წლის ბესიკ კიტოშვილი, 39 წლის თევდორე ბუღრიძე და 40 წლის რამაზ აშაძე ადგილზე დაიღუპნენ.

ომალო-ალვანის საავტომობილო გზა ერთ-ერთი ყველაზე რთული სატრანსპორტო მონაკვეთია საქართველოში. BBC–მ 2013 წელს ეს გზა ევროპის ყველაზე ექსტრემალური გზების ჩამონათვალში შეიყვანა.

თუშეთში, რომელიც საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 1900-2400 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, 52 სოფელია. მათი დიდი ნაწილი დაცლილია.

მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, მთელ თუშეთში  47 ადამიანი ცხოვრობს, 30 მამაკაცი და 17 ქალი. 37 ადამიანია რეგისტრირებული სოფელ ომალოში, რამდენიმე კი ბოჭორნაში, კვავლოში, შენაქოში, ჩიღოსა და წაროში.

თუშეთის სოფლებში აგეურთაში, ალისგორში, ბასოში, ბეღელაში, ბიქიურთაში, ბუხურთაში, გირევში, გოგრულთაში, გუდანთაში, დადიკურთაში, დანოში, დართლოში, დაქიურთაში, დიკლოში, დოჭუში, ეთელთაში, ვაკისძირში, ვერხოვანში, ვესტმოში, ვესტომთაში, ვეძისხევში, საბუეში, ილიურთაში, ინდურთაში, ინწუხში, იფცხორში, კოკლათაში, ნაციხარში, ორციხეში, ჟველურთაში, საგირთაში, საჩიღოლოში, ტბათანაში, ფარსმაში, ქუმელაურთაში, შტროლთაში, ჩიგლაურთაში, ცოკალთაში, ჭალაში, ჭეროში, ჭეშოში, ჭონთიოში, ხახაბოში, ხისოში, ჯვარბოსელსა და ჰეღოში ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით აღარავინ არის რეგისტრირებული.

ომალოს თემში ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ლადო კახოიძის ინფორმაციით, ამ ზამთარს თუშეთში მუდმივად 24 პირი ცხოვრობს, ომალოში, შენაქოში, კვავლოსა და ჯვარბოსელში.

ამ თემაზე:

2017 წლის ივლისიდან თუშეთს ინტერნეტი ექნება

ყაზბეგი-ხევსურეთი-თუშეთის გზას ხორვატიული კომპანია დააპროექტებს

დართლო-ჩიღოს გზა რუსულმა კომპანიამ 2017 წლის 15 ოქტომბრამდე უნდა გაჭრას

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში