საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

2017 წლის ივლისიდან თუშეთს ინტერნეტი ექნება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:05 - 29 იანვარი 2017 hits 12823

თუშეთის ოცამდე სოფელს, მათ შორის: დართლოს, დიკლოს, შენაქოს, ომალოს, ზემო ომალოს, ბოჭორნას, ხახაბოს, დანოს, დოჭუს, ბეღელას, ჟველურთას, ვერხოვანს და კოკლათას 2017 წლის ივლისიდან ინტერნეტი ექნება.  

თუშეთში ინტერნეტის გაყვანის სამუშაოები მაისის ბოლოს დაიწყება, რადგან მანამდე თუშეთისკენ მიმავალი გზა არ იხსნება და იქ ფიზიკურად ვერ ავალთ. ვვარაუდობთ, რომ ყველაზე გვიან, 10 ივლისისთვის თუშეთში ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომი იქნება. ამ პროექტს საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია - „ინტერნეტსაზოგადოება“ აფინანსებს. პირველ ეტაპზე თუშეთში ინტერნეტს 80-მდე აბონენტი მიიღებს. აქედან 48 მცირე და საშუალო ზომის საოჯახო სასტუმროა. მომსახურების ფასი მინიმალური იქნება. ეს დონორის მოთხოვნაა, რადგან თუშეთში ინტერნეტის შეყვანა სოციალური პროექტია და არა კომერციული. ქსელს ოპერირებას არაკომერციული ორგანიზაცია  - „თუშეთის განვითარების ფონდი“ გაუწევს. დონორის მოთხოვნით ის მინიმალურ მოგებაზე იმუშავებს: ეს იქნება ის თანხა, რაც ქსელის შენახვისა და გამართული მუშაობისთვის იქნება საჭირო. სავარაუდოდ,  5 მგბ/წმ სიმძლავრის ინტერნეტის ფასი 25 ლარი იქნება,“ - უთხრა mtisambebi.ge-ს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ქსელის ოპერატორთა ასოციაციის აღამასრულებელმა დირექტორმა, უჩა სეთურმა.

პირველ ეტაპზე ინტერნეტის ქსელით თუშეთის ის სოფლები დაიფარება, სადაც უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობს და შედარებით მეტი საოჯახო სასტუმრო ფუნქციონირებს. მოთხოვნის შემთხვევაში, ქსელი კიდევ უფრო გაფართოვდება.

„მერაბ ქათამაძის (კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი. ავტ) მხარდაჭერა რომ არა, ეს პროექტი კიდევ დიდხანს ვერ განხორციელდებოდა. ინტერნეტით დაიფარება საჩაღმოს, ჭანჭახოვნის, პირიქითის ხეობები და გომეწრის ხეობის ნაწილი. რაც შეეხება წოვათის ხეობას, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ეტაპზე იქ არ არის მოსახლეობა, არ იქნება ინტერნეტით სარგებლობის საშუალება. შემდგომში, საჭიროებასთან ერთად მოხდება მისი ინტერნეტიზაციაც.

საოჯახო სასატუმროებს ძალიან სჭირდებათ ისეთი პლატფორმების გამოყენება, როგორებიცაა booking.com და tripadvisor.com. ინტერნეტი მათ ხელს შეუწყობს ტურისტების მოზიდვასა და ბიზნესის განვითარებაში.

ზოგი ფიქრობს, რომ ინტერნეტი ხელს შეუშლის თუშეთის ეკოცხოვრებას ან მდგრად განვითარებას, რაც მცდარი მოსაზრებაა“, - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „თუშეთის განვითარების ფონდის“ წარმომადგენელი ლევან სულაკაური.

თუშეთში, რომელიც საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 1900-2400 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, 52 სოფელია. მათი დიდი ნაწილი დაცლილია.

მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, მთელ თუშეთში  47 ადამიანი ცხოვრობს, 30 მამაკაცი და 17 ქალი. 37 ადამიანია რეგისტრირებული სოფელ ომალოში, რამდენიმე კი ბოჭორნაში, კვავლოში, შენაქოში, ჩიღოსა და წაროში.

თუშეთის სოფლებში აგეურთაში, ალისგორში, ბასოში, ბეღელაში, ბიქიურთაში, ბუხურთაში, გირევში, გოგრულთაში, გუდანთაში, დადიკურთაში, დანოში, დართლოში, დაქიურთაში, დიკლოში, დოჭუში, ეთელთაში, ვაკისძირში, ვერხოვანში, ვესტმოში, ვესტომთაში, ვეძისხევში, საბუეში, ილიურთაში, ინდურთაში, ინწუხში, იფცხორში, კოკლათაში, ნაციხარში, ორციხეში, ჟველურთაში, საგირთაში, საჩიღოლოში, ტბათანაში, ფარსმაში, ქუმელაურთაში, შტროლთაში, ჩიგლაურთაში, ცოკალთაში, ჭალაში, ჭეროში, ჭეშოში, ჭონთიოში, ხახაბოში, ხისოში, ჯვარბოსელსა და ჰეღოში ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით აღარავინ არის რეგისტრირებული.

ომალოს თემში ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ლადო კახოიძის ინფორმაციით, ამ ზამთარს თუშეთში მუდმივად 24 პირი ცხოვრობს, ომალოში, შენაქოში, კვავლოსა და ჯვარბოსელში.

თუშეთის გზა ღია მაისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის ბოლომდეა. უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო გზა 6 თვის განმავლობაში იკეტება ხოლმე და თუშეთში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი.

ომალო-ალვანის საავტომობილო გზა ერთ-ერთი ყველაზე რთული სატრანსპორტო მონაკვეთია საქართველოში. BBC–მ 2013 წელს ეს გზა ევროპის ყველაზე ექსტრემალური გზების ჩამონათვალში შეიყვანა.

საქართველოს მთავრობის მიერ თუშეთში, სოფელ ომალოში დაგეგმილია აეროდრომის მშენებლობაც.

გიორგი სეხნიაიძე

Mtisambebi.ge-ს მოქალაქე რეპორტიორი. აშუქებს თუშეთის ამბებს. სწავლობს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში