საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

თუშეთში აეროდრომის მშენებლობისთვის საპროექტო სამუშაოები დაიწყო

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:36 - 25 ნოემბერი 2016 hits 9282

თუშეთის სოფელ ომალოში აეროდრომის პროექტირებისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად შპს „ტრანსპროექტი“ გამოცხადდა.

აეროდრომის პროექტირების შესყიდვის მიზნით გამარტივებული ელექტრონული ტენდერი შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“, რომლის 100% წილის მესაკუთრეც სახელმწიფოა, 2016 წლის 28 ოქტომბერს გამოაცხადა.

სატენდერო წინადადებების მიღება 2 ნოემბერს დაიწყო და 4 ნოემბერს დასრულდა. მასში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი - შპს „ტრანსპროექტი“ მონაწილეობდა. 10 ნოემბერს გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც მოქმედებს 2017 წლის 31 დეკემბრამდე. ხელშეკრულების ღირებულება 240 720 ლარს შეადგენს.

საპროექტო სამუშაოების ჩატარება ორ ეტაპად არის დაგეგმილი. პირველი ეტაპი გულისხმობს აეროდრომის ადგილმდებარეობის შერჩევას, შესწავლას და ანგარიშის მომზადებას, რაც 45 დღეში უნდა განხორციელდეს. აეროდრომის პროექტირების მეორე ეტაპი კი ითვალისწინებს დეტალურ პროექტირებას, რისთვისაც ორთვიანი ვადაა განსაზღვრული.

სოფელ ომალოში აეროდრომის პროექტირების დაწყების შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2016 წლის 27 ოქტომბერს, განაცხადა. პრემიერის თქმით, შიდა ავიაციის განვითარება ქვეყნის სივრცითი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

„ჩვენი მიზანია საქართველოში იყოს რაც შეიძლება მეტი მცირე აეროდრომი იმისათვის, რომ უპირველეს ყოვლისა, ჩვენმა მოსახლეობამ და რათქმაუნდა ტურისტებმა ისარგებლონ. ეს იქნება უფრო მეტი დასაქმებული ადამიანი და მეტი კეთილდღეობა თითოეული ჩვენგანის ოჯახში. ამ შემთხვევაში, ეს გულისხმობს თუშეთს, რომელიც საქართველოს მარგალიტია თავისი განსაკუთრებული კულტურული მემკვიდრეობით. ასევე, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტურიზმის განვითარებისა და ქვეყნის უსაფრთხოებისათვის“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა და იმედი გამოთქვა, რომ ომალოში ასაფრენი ზოლისა და აეროპორტის მშენებლობა უახლოეს მომავალში დასრულდება.

თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა თელავის რაიონის სოფელ ფშაველიდან იწყება. ომალომდე 72 კილომეტრია. მდინარე სტორის ხეობამდე გზა მოასფალტებულია. 8 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე მთავრობამ 2014 წელს 3 მილიონ 663 ათასი ლარი გამოყო.

სტორის ხეობიდან აბანოს უღელტეხილამდე საავტომობილო გზის დიდი ნაწილი კლდეებზე და მთებზეა გაჭრილი. სახიფათო პირობების გამო ბევრი ადამიანია გარდაცვლილი, რაზედაც გზის პირას დადგმული წარწერები, ფოტოები და ქვებიც მოწმობს.

თუშეთის გზა ღია მაისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის ბოლომდეა. უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო გზა 6 თვის განმავლობაში იკეტება ხოლმე და თუშეთში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი.

ომალო-ალვანის საავტომობილო გზა ერთ-ერთი ყველაზე რთული სატრანსპორტო მონაკვეთია საქართველოში. BBC–მ 2013 წელს ეს გზა ევროპის ყველაზე ექსტრემალური გზების ჩამონათვალში შეიყვანა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში