საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

დართლო-ჩიღოს გზა რუსულმა კომპანიამ 2017 წლის 15 ოქტომბრამდე უნდა გაჭრას

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:33 - 25 ნოემბერი 2016 hits 4504

ახმეტის გამგეობის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, დართლო-ჩიღოს საავტომობილო გზის მშენებლობის გამო გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად საბოლოოდ საქართველოში რუსული კომპანია „ვლადნეფტპროდუქტის“ წარმომადგენლობა გამოცხადდა. გზის მშენებლობა 2017 წლის 15 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს.

მაღალმთიან თუშეთში მდებარე სოფლების დართლოსა და ჩიღოს დამაკავშირებელი V კატეგორიის საავტომობილო გზის მშენებლობის მიზნით, ელექტრონული ტენდერი ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2016 წლის 21 ივლისს გამოაცხადა.

დაახლოებით 6,5-7 კმ სიგრძის საავტომობილო გზის მშენებლობისთვის სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 736 316 ლარი იქნა გამოყოფილი. სატენდერო პირობების მიხედვით, სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპი 2016 წლის 10 ოქტომბრამდე უნდა დასრულებულიყო, მეორე ეტაპის განხორციელება კი 2017 წლის 10 მაისიდან 15 ოქტომბრამდე პერიოდში იყო დაგეგმილი. ამასთან, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებს ეთხოვებოდათ 2014 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 ივლისამდე პერიოდში მინიმუმ 3 000 000 ლარის ღირებულების გზების მოწყობისა და სამშენებლო სამუშაოების შესრულების გამოცდილება.

ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა ოთხმა კომპანიამ მიიღო, რომელთა საბოლოო შეთავაზებები შემდეგნაირი იყო: შპს „ინტეგრალი XXI“ - 550 000 ლარი; შპს „ორბიტა“ - 589 054 ლარი; შპს „გზამშენი 2005“ - 647 331 ლარი; შპს „ვლადნეფტპროდუქტის წარმომადგენლობა საქართველოში“ - 695 000 ლარი.

ახმეტის გამგეობაში შექმნილი სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, ტენდერში მონაწილე სამი პრეტენდენტი ეტაპობრივად იქნა დისკვალიფიცირებული ტექნიკური დოკუმენტაციის წარუდგენლობისა და არასრულყოფილების გამო, რის გამოც ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენა იმდენად გაჭიანურდა, რომ სამუშაოების შესრულების პირველი ეტაპის ვადები სრულად გადაფარა. იმავე სატენდერო კომისიის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „ვლადნეფტპროდუქტის წარმომადგენლობა საქართველოში“.

2016 წლის 2 ნოემბერს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განმხილველმა საბჭომ სრულად დააკმაყოფილა შპს „თბილისის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის“ საჩივარი და გააუქმა ახმეტის გამგეობის სატენდერო კომისიის ორი შემაჯამებელი გადაწყვეტილება (ოქმი №7 და №8), ვინაიდან იგი გარკვეულწილად შეუსაბამო იყო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნებთან. შესაბამისად, ელექტრონული ტენდერი ისევ „შერჩევა/შეფასების“ ეტაპზე დაბრუნდა.

ახმეტის გამგეობის სატენდერო კომისიამ ხელახლა გამოიკვლია შპს „ვლადნეფტპროდუქტის“ წარმომადგენლობისა და ამავე ტენდერში მონაწილე მეორე პრეტენდენტის - შპს „ინტეგრალი XXI“-ს ტექნიკური დოკუმენტაცია, რის შემდეგაც ტენდერში გამარჯვებულად კვლავ შპს „ვლადნეფტპროდუქტის“ საქართველოს წარმომადგენლობა მიიჩნია. მხარეთა შორის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება 2016 წლის 21 ნოემბერს გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, გზის მშენებლობის სამუშაოები 2017 წლის 15 ოქტომბრისთვის უნდა დასრულდეს.

ტენდერში გამარჯვებული საწარმოს დამფუძნებელი და 100 % წილის მესაკუთრეა რუსული კომპანია „ვლადნეფტპროდუქტი“, რომლის ადგილსამყოფელია ჩრდილოეთ ოსეთის (ალანია) ქალაქი ვლადიკავკაზი. საწარმოს კაპიტალის 100 %-ის მესაკუთრეა ლარისა ხადიკოვა, ხოლო დირექტორი ალან ფიდაროვი. კომპანიის წარმომადგენლობა (შვილობილი საწარმო) საქართველოში 2015 წლის 21 მაისს არის დარეგისტრირებული. მას გიორგი ახმეტელი ხელმძღვანელობს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში