საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

აყრა ან სიკვდილი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:27 - 30 ნოემბერი 2021 hits 29722
დედა-შვილი, ზაირა ფარჯიანი და მაია წერედიანი ინგოროყვას კლინიკაში
საზოგადოება
დედა-შვილი, ზაირა ფარჯიანი და მაია წერედიანი ინგოროყვას კლინიკაში

ამ რეპორტაჟის სამივე გმირი ზემო სვანეთში ცხოვრობდა. სიცოცხლის გადასარჩენად სამივეს დიალიზი დასჭირდა. ორი მათგანი სვანეთიდან აიყარა, ერთი დარჩა და 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოში დიალიზის სახელმწიფო პროგრამა 1996 წლიდან მოქმედებს, თუმცა ყველაზე მაღალმთიან რეგიონში სახელმწიფომ ადგილობრივი საავადმყოფო დღემდე ვერ უზრუნველყო აუცილებელი სამედიცინო ტექნიკითა და სპეციალისტებით.

76 წლის ზაირა ფარჯიანმა მთელი ცხოვრება ლატალში გაატარა. მაისში, როცა თბილისში ჩატარებული კვლევებით დაზუსტდა, რომ არცერთი თირკმელი აღარ მუშაობს და დიალიზის გარეშე ვეღარ იცოცხლებდა, დედა-შვილი იძულებითი არჩევანის წინაშე დადგნენ - დედას სვანეთი უნდა მიეტოვებინა და საცხოვრებლად თბილისში, შვილთან გადასულიყო, იტალიურ ეზოში. იუარა. მზად იყო მომკვდარიყო, შვილის საფლავს და სვანეთის მთებს, აქაურობას ვერ შეველევიო. ზაირა ფარჯიანს 39 წლის შვილი ჰყავს გარდაცვლილი. ოჯახმა როგორღაც დაითანხმა თბილისში წაყვანაზე. მაისიდან ის ინგოროყვას კლინიკის ნეფროლოგიის ცენტრის პაციენტია. ჰემოდიალიზს ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს იკეთებს.

ვერც აღდგომის და ვერც მარიამობის დღესასწაულზე შვილის საფლავზე ვერ გავიდა. ძალიან განიცდიდა. თბილისიდან მესტიამდე მგზავრობას 8 საათი სჭირდება. ყოველ მეორე დღეს დიალიზზე დამოკიდებული პაციენტისთვის, სვანეთში ასვლა და უკან დაბრუნება ფაქტობრივად შეუძლებელია სეანსის გაცდენის გარეშე. ეს კი სიცოცხლისთვის სახიფათოა.

ოჯახის წევრებმა შენიშნეს, რომ 29 ოქტომბერს უჩვეულოდ ღელავდა. ბოლო 16 წლის განმავლობაში პირველად ვერ ახერხებდა შვილის საფლავზე დატირებას. ნერვიულობის ნიადაგზე ინსულტი დაემართა. ექიმებმა გადაარჩინეს, თუმცა მეტყველების უნარი ნაწილობრივ დაკარგა.  

„დედას, იქ, სვანეთში, დიდი ეზო აქვს. აქ რომ გამოდის, ეზოში და ამ ნაცრისფერ კედელს უყურებს... ყველაფერს მე არ მეუბნება, მაგრამ ხომ ვგრძნობ. გამოდის, დაჯდება, უყურებს აქ ათასში ერთხელ შემოსულ მზეს. ვთხოვ, რაღაც ისეთი გავაკეთოთ, რაც თვითონ მოსწონს. წინდებს ქსოვს, თავისთვის, ჩვენთვის, შვილიშვილებისთვის. ქოთანში სვანური ვაშლი დათესა, ამოვა, გავზრდი და სვანეთში, ეზოში დავრგავო. რომ აღმოცენდა, ისეთი გახარებული იყო. უნდა, რომ განწყობა შეიქმნას, როგორც სვანეთში, მაგრამ, თქვენც ხედავთ, სად სვანეთი, რომ გამოდიხარ და მთებს უყურებ და სად აქაური მდგომარეობა. როგორც ჩანს, ესეც მოქმედებს, ემოციური ფონი იქმნება. მერე სახლში შემოდის, წნევა უწევს, ვარეგულირებთ. აი, ასეთ მდგომარეობაში ვართ. ტელევიზორში სვანეთზე გადაცემა რომ არის ან ვიდეო, სულ მოახლოება უნდა ამ კადრების. სკამზე რომ ზის, წამოდგება, ბავშვური საქციელია თითქოს, დიდი ტელევიზორია და ვერ ჰყოფნის. ახლოს მიდის და უყურებს აღტაცებული, ხელს კიდებს, აი, ეს არისო. ყველა ვართ გაჩუმებული, ყველა დედას ემოციებს ვუყურებთ“, - ინსულტის შემდეგ, ვიდრე მაიას კლინიკაში დედასთან შეხვედრის ნებართვას მისცემდნენ, ექიმებს უთქვამთ, იქნებ, რამე ისეთი უთხრათ, რაც ძალიან გაახარებსო - მაია დედას დაჰპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებს, ზაფხულში, სვანეთში დიალიზის ცენტრი რომ გაიხსნას.

მაიამ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს მისწერა და ჰკითხა, რატომ უწევთ დიალიზის საჭიროების მქონე ადამიანებს სვანეთიდან აყრა. სამინისტროდან არ უპასუხეს.

სვანეთიდან, უახლოესი კლინიკა, სადაც ჰემოდიალიზის გაკეთებაა შესაძლებელი, ზუგდიდშია. მესტიიდან ზუგდიდამდე 140 კილომეტრია. ერთი მიმართულებით მგზავრობას 3 საათამდე სჭირდება. ზამთარში, დიდთოვლობისას ან როცა გზა მოყინულია, უფრო მეტი. ზემო სვანეთში მუნიციპალური ტრანსპორტიც არ არის. ტაქსით მესტიიდან ზუგდიდამდე ერთი გზა 150 ლარი ღირს. ოჯახი დიდი შემოსავლით თუ არ არის უზრუნველყოფილი, ამ ხარჯების დაფარვა შეუძლებელია.

52 წლის ზაზა შუკვანი, 7 წლის წინ, მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად, ლენჯერიდან აიყარა და თბილისთან ახლოს, ვაზიანში გადასახლდა. ამის მიზეზიც მესტიის მუნიციპალიტეტში დიალიზის ცენტრის არქონაა. ჰემოდიალიზის გაკეთება ზაზასაც კვირაში სამჯერ უწევს. ვაზიანიდან ინგოროყვას კლინიკამდე, ორივე გზა 80 კილომეტრია. ზაზა ოთხ მიკროავტობუსს იცვლის კლინიკამდე მისასვლელად და სახლში დასაბრუნებლად. „აქაც ძალიან ვწვალობ, მაგრამ ცოცხალი ვარ“, - ეს ანუგეშებთ ზაზას ხანდაზმულ დედას, 80 წლის ზოია ილდანს და დას, სვანეთში რომ დარჩნენ, სახლსა და საფლავებს ვინ უპატრონებსო. ერთმანეთთან ყოველ საღამოს ფეისბუკით ლაპარაკობენ და ამით იმსუბუქებენ ოჯახის იძულებითი გაყოფით გამოწვეულ ტკივილს:

ზაზა: სხვა გზა რომ არსებობდეს, რაიმე გამოსავალი, ზუგდიდში რომ არ იყოს სასიარულო, ერთი წამით არ დავფიქრდებოდი წამოსვლაზე, მაგრამ რად გინდა. ზუგდიდში სიარული კი არა, აქ (ვაზიანში) ამოსვლა მეზარება დიალიზის მერე. მთელი ცხოვრება გზაში უნდა ვიყო, მარშუტკაში.

დედა: ზამთარ-ზაფხულ ვერ ივლი ზუგდიდში.

ზაზა: ვერა, რა თქმა უნდა. ბიჭებმა რამდენჯერმე გამოტოვეს სეანსი და აღარ არიან.

დედა: ამიტომაც არ მინდა, რომ ჩამოხვიდე. შენთან გატარებული ერთი საათიც ბევრს ნიშნავს ჩემთვის, მაგრამ რა ვქნა, რა ვქნა...“

ჰემოდიალიზით უზრუნველყოფასთან ერთად სახელმწიფო თირკმლის გადანერგვის ოპერაციასაც აფინანსებს. ზაზას თირკმელი დამ მისცა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ნება დართეს, რომ სვანეთში დაბრუნებულიყო, თუმცა შემდგომი გართულებების გამო, მალევე, ზაზას ახალგადანერგილი თირკმელი ამოაცალეს. დიალიზის გარეშე ისევ ვერ იცოცხლებს.

ლენჯერის მკვიდრი, 55 წლის დანიელ უდესიანი ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც სვანეთიდან ვერ წავიდა და რომ ეცოცხლა, დიალიზის გასაკეთებლად კვირაში სამჯერ ზუგდიდში დადიოდა. კორონავირუსის პანდემიის პირობებში, როცა ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, გადაადგილება უფრო გართულდა. მესტიიდან ზუგდიდამდე სიარულში პაციენტს ინფექცია შეეჭრა და გარდაიცვალა.

„10 წელი იკეთებდა დიალიზს. ყოველ მეორე დღეს, დილის 6 საათზე უწევდა ადგომა. ხან ვინ გამოივლიდა, ხან ვინ, ასე მგზავრობდა. იქიდანაც საღამოს, გვიან ამოდიოდა, 4 საათიანი დიალიზის კურსის ჩატარების შემდეგ. რთულია, ამხელა გზის დღეში ორჯერ გავლა. ავადმყოფს კი არა, ჯანმრთელ ადამიანსაც უჭირს. ზოგჯერ, ზუგდიდიდან მესტიისკენ ამომსვლელი ტრანსპორტიც არ იყო და იქ დარჩენა უწევდა ან ნაქირავებ ბინაში, ან საღამოს ნათესავთან უნდა მისულიყო. თებერვალში პანდემია რომ დაიწყო, ზუგდიდისკენ ტრანსპორტი რომ არ მოძრაობდა, იმის საშუალება ჩვენ არ გვქონდა, კერძო ტრანსპორტი აგვეყვანა და იმით ევლო, რამდენჯერმე გაუცდა კიდეც გადასხმა.

ბევრჯერ ყოფილა, რომ ჩემი მეუღლე 2 ლარით წასულა მესტიიდან ზუგდიდში. ბოლო წლებში ისე ჰქონდა მობეზრებული ეს მგზავრობა, ისე იყო გადაღლილი, დატანჯული, ძალას ვატანდი, რომ წასულიყო და ამოსულიყო. აღარაფერი მინდა, დამანებე თავი, მოვკვდები, შენც მოისვენებ და მეც დავისვენებო.

აი, აქამდე ჰქონდა უკვე საქმე მისული, ისე იყო გამწარებული ეს ბოლო წლები“, - ასმათ კორძაია იხსენებს, რომ გარდაცვალებამდე მისი მეუღლე არაერთხელ შეხვდა დეპუტატს, მერს, მესტიის საავადმყოფოში დიალიზის აპარატიც კი ნახა, რომელიც რამდენიმე წლის წინ იყიდეს და დღემდე ვერ აამუშავეს: „ექიმი-ნეფროლოგი არ გვყავსო. ბევრს ითხოვენო აქ წამოსასვლელად. საწყალს არ მოესწრო მისი დამონტაჟება და გაკეთება, არადა, როგორი იმედი ჰქონდა, ფიზიკურადაც და ეკონომიკურადაც ამოვისუნთქებთო. ჩემი სურვილია, ეს ტანჯვა-წამება არავის გამოეცადოს, რაც მე ამ 10 წლის განმავლობაში ვიწვალე“.

კიდევ უფრო მძიმეა იმ ადამიანების მდგომარეობა, ვინც მესტიის ზემოთ მდებარე სოფლებში ცხოვრობენ და დიალიზი სჭირდებათ. ისინი უშგულიდან, კალიდან, მულახიდან და სხვა სოფლებიდან ჯერ მესტიაში უნდა ჩამოვიდნენ, მესტიიდან როგორმე და რამით ზუგდიდში მოხვდნენ მაქსიმუმ 1-ელ საათამდე, დიალიზი გაიკეთონ, რომლის ერთ სეანსსაც 4 საათი სჭირდება, მერე ისევ მესტიაში დაბრუნდნენ, იქიდან კი მესტიის ზემოთ სოფლებში, რაც შეუძლებელია. ისეთი ადამიანებიც ვნახეთ, რომლებსაც თირკმლის დაავადებები აწუხებთ და გამოკვლევასაც კი არ იტარებენ, რადგან სვანეთში მის მკურნალობას ვერ შეძლებენ.

მესტიის საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ჩართოლანმა კარგად იცის, რა ტანჯვას და წვალებას გადიან ადამიანები, ვინც დიალიზზე დამოკიდებულები ხდებიან, მაგრამ მესტიაში ვერაფრით მოახერხეს, საავადმყოფოში ერთი კვალიფიციური ნეფროლოგი მაინც ჰყოლოდათ: „სამწუხაროდ, კადრების მწვავე დეფიციტია. ნეფროლოგად შესაძლებელია კარდიოლოგი და თერაპევტი გადამზადდნენ. კარდიოლოგი არ გვყავს, ონლაინრეჟიმში ვიღებთ კონსულტაციებს, სამივე თერაპევტი პენსიონერია და გადამზადება, რომელიც 8 თვიანი კურსის გავლას გულისხმობს, ვერ მოხერხდა.

თუ რამე განსაკუთრებული ზომები არ იქნა მიღებული და ეს კლინიკა კადრებით არ დაკომპლექტდა, ერთხელად მძიმე შედეგი შეიძლება დადგეს. სამთო კურორტია, ვიზიტორთა ნაკადი იზრდება და ექიმები არ გვყავს, ტრავმატოლოგიც მხოლოდ ზამთრის სეზონზე ჩამოგვყავს“. 

მესტიის საავადმყოფო მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და ბიუჯეტიდან ფინანსდება.

არ არსებობს ოფიციალური მონაცემები, ზემო სვანეთში მცხოვრებ რამდენ ადამიანს სჭირდება დიალიზი. მესტიის საავადმყოფოში თირკმლის გამოკვლევა არ ხდება.

„მთის ამბების“ ინფორმაციით, ამჟამად თბილისის კლინიკებში, ზემო სვანეთიდან დედაქალაქში საცხოვრებლად იძულებით გადმოსული 17 ადამიანი იღებს დიალიზის სერვისს.

დიალიზის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 1996 წლიდან ხორციელდება. 2021 წელს პროგრამის წლიური ბიუჯეტი 53 650 000 ლარია. პროგრამაში 3400 ადამიანია ჩართული.

ავტორები: გელა მთივლიშვილი, ლაშა ორჯონიკიძე, იაგო გოგილაშვილი

ამ თემაზე [გაგრძელება - ცვლილებები]

პეტიცია სვანეთში ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად

როგორ მოიქცევა მთავრობა, როცა ადამიანების სიცოცხლე მის ნებაზეა დამოკიდებული

როგორ იქცნენ პაციენტები რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთიდან ლტოლვილებად და მომთაბარეებად

სვანეთში, რაჭაში, ყაზბეგსა და თიანეთში დიალიზის ცენტრები გაიხსნება

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში