საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

როგორ იქცნენ პაციენტები რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთიდან ლტოლვილებად და მომთაბარეებად

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:25 - 17 თებერვალი 2022 hits 9029

აყრა ან სიკვდილი მხოლოდ მესტიელების „არჩევანი“ არ არის. დიალიზის პრობლემამ მეზობელ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მცხოვრები პაციენტებიც ლტოლვილებად ან მომთაბარეებად აქცია. „მთის ამბები“ მაღალმთიან რეგიონებში დიალიზის სახელმწიფო პროგრამის ხელმისაწვდომობის მიზნით ადვოკატირების კამპანიას აფართოვებს და მესტიასთან ერთად, დიალიზის ცენტრის გახსნას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთშიც ითხოვს.

ტვიში - დიჟონი

გზა, ლეჩხუმის სოფელ ტვიშიდან ბურგუნდიის ქალაქ დიჟონამდე, გრძელი და რისკიანი გამოდგა. 2019 წელს, იძულებული გახდა, საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად, საფრანგეთში წასულიყო. მამას მერვეკლასელი შვილიც გაჰყვა. ლტოლვილებად ჩაბარდნენ - ბავშვთან ერთად უფრო ადვილიაო, ასე ურჩიეს. 50 წლის ლეჩხუმელი ალექსანდრე ნემსიწვერიძე, სამი წელია, საფრანგეთში ცხოვრობს - მშობლიური ლეჩხუმის დატოვება მას თირკმლის უკმარისობით გამოწვეულმა დიალიზის საჭიროებამ აიძულა.

„Io parlo telefono, basta così, si”, - ნაჩქარევად ემშვიდობება ვიღაცას ალექსანდრეს და, ესმა ნემსიწვერიძე და ძმის ამბების მოყოლას იწყებს. ესმაც ემიგრანტია, იტალიაში ცხოვრობს და მუშაობს. ერთხელ ძალიან ცუდად გამხდარა ალექსანდრე, მაშინ გაუგიათ, რომ ერთი თირკმელი უკვე გათიშული ჰქონდა, მეორე კი უკიდურესად დაზიანებული. ერთადერთი გამოსავალი დიალიზი იყო. კვირაში სამჯერ, ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს, ტვიშიდან ქუთაისში უნდა ევლო პროცედურაზე, მუნიციპალური ტრანსპორტით. ლეჩხუმში დაბრუნებას ყოველთვის ვერ ახერხებდა. ზოგჯერ ტრანსპორტს ვერ უსწრებდა. ზოგჯერ პროცედურის შემდეგ იმდენად სუსტად გრძნობდა თავს, წამოსვლა აღარ შეეძლო. ასეთ დროს მეორე დასთან რჩებოდა და მხოლოდ შაბათ-კვირას ბრუნდებოდა ტვიშში.  

ოჯახმა ვეღარც მის ამ მდგომარეობას გაუძლო და ვეღარც ხარჯებს - ესმა იხსენებს, რომ 15 აბ წამალში, რომელიც ყოველთვიურად სჭირდებოდა, 700 ლარს იხდიდნენ, - „თვითონ მუშაობა აღარ შეეძლო. მე ვუგზავნიდი ხოლმე. ოღონდ ცოცხალი მყოლოდა და თანხას ვინ დაეძებდა. წასვლაც ჩვენ ვაიძულეთ, ფაქტობრივად. ჩემს საკუთარ სიცოცხლესაც მივცემდი, რომ შემეძლოს. რამდენჯერ კომაში ჩავარდნილა და ნახევრად მკვდარი გადაუყვანიათ ქუთაისში. წნევა 300-მდე ასდიოდა. ფეხების გაუსაძლისი ტკივილი დაეწყო. „ვალინკების“ ბრალი იქნებაო, ეუბნებოდნენ. ამასობაში გადაადგილება გაუჭირდა. პირდაპირ გვითხრა ექიმმა, თუ გაქვთ შესაძლებლობა, წაიყვანეთო.“ ეს გაუსაძლისი ტკივილი კალცინოზის „დამსახურება“ აღმოჩნდა.

სანამ ჩაბარდებოდა, სასტუმროს ფული რომ აღარ ჰქონდა, მანქანაში ეძინათ მამა-შვილს. მაგრამ ამასაც გაუძლეს. ახლა უკვე თავშესაფარიც აქვს, დაზღვევაც, დიალიზზე სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს დადის. ფეხების სამკურნალოდ, ექთანი სახლში აკითხავს. 5 ოპერაცია გაუკეთა საფრანგეთის სახელმწიფომ, მათ შორის, გულის. მეუღლეც თან ჰყავს და მხოლოდ არასრულწლოვანი შვილის მხრებზე აღარაა პასუხისმგებლობის ტვირთი, მისი მთავარი საზრუნავი ახლა სწავლა და სპორტია. თუმცა ეს მაინც განაჩენია ალექსანდრესთვის, ვიდრე არ არსებობს გზა უკან, - „სოფლისა და სახლის სურათებს, ვიდეოებს მიგზავნიან ხოლმე. მეტირება ხანდახან, რომ ვუყურებ.

სიცოცხლე ტკბილია და მწარე, არაა ახლა სხვა გზა. ჩემი დები პატრონობენ სახლ-კარს. ყოველ ღამით მანდ ვარ, ფიქრებში, სიზმრებში. საბუთები რომ მოწესრიგდება, ცოტა ხნით მაინც ჩამოვალ. მერე თირკმელს რომ გადავინერგავ, დავბრუნდები. ყველაფერი კარგია აქ, მაგრამ ვერ გავჩერდები“.

სანამ დიჟონში წავიდოდა, ალექსანდრეს „დიალიზის მეგობრები“ დაიღუპნენ, ტვიშიდან და აღვიდან.

„ნეტა იქნებოდეს რამე რაჭა-ლეჩხუმის მხარეში, რომ ეშველოს ჩვენს ხალხს. რამდენია ჩემნაირ გაჭირვებაში ჩავარდნილი ადამიანი“, - გვეუბნება ალექსანდრე დამშვიდობებამდე.

ნასპერი - ქუთაისი

იური ახვლედიანი - 55 წლის. ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელი ნასპერი მისი ფაქტობრივი მისამართი 2013 წლამდე იყო. მას შემდეგ, იური დიალიზდამოკიდებულია, მისი ოჯახი კი გახლეჩილი.

უფროს შვილთან ერთად, რომელიც ახლა სტუდენტია, იური ქუთაისში ცხოვრობს, კვირაში სამჯერ დიალიზის რამდენიმესაათიან პროცედურას იტარებს. მეუღლე საბერძნეთში წავიდა სამუშაოდ. უმცროსი მეექვსეკლასელი შვილი წყალტუბოში, ბებიასთან იზრდება.

„გაჭირვებამ იცის ასე“, - წუხს იური, - „17 წელი პოლიციაში ვიმუშავე. ოფიცერი ვარ. თავიდან ქუთაისში ვმუშაობდი, მერე ცაგერში და მერე წყალტუბოში. ძირითადად ნასპერში ვცხოვრობდი. ახლაც იქ ვარ გულით. 2010 წელს დავტოვე პოლიცია. დაბრუნებას კი ვაპირებდი მერე, მაგრამ ინსულტი მომივიდა. მერე თირკმელები გამიჩერდა და ისე გამიხდა საქმე, ორივე თირკმელი ამოღებული მაქვს. ქუთაისში იმიტომ წამოვედი, ბიძია, მეტი გზა აღარ მქონდა. ყოველ შაბათს, ჩემი ავტომობილით, თუ ამინდი საშუალებას მაძლევს, ნასპერს ვუბრუნდები. მე იქაურობა არ მიმიტოვებია. ფიზიკურად აღარ შემიძლია, მაგრამ ჩემი ბიჭი მეხმარება და მეურნეობას ვუვლით“.

ცაგერის კლინიკა რომ მისნაირ პაციენტებს ემსახურებოდეს, იური ნასპერს არ დატოვებდა, ზამთრამდე მაინც. ნასპერისა და ცაგერის დამაკავშირებელი გზა დიდთოვლობისას შეიძლება ისე ჩაიკეტოს, სოფელში ვეღარც შეხვალ და ვეღარც გამოხვალ. იურისთვის დიალიზის ერთი პროცედურის გაცდენაც კი წარმოუდგენელია.

„გზა არ არის, კვალი არ არის. პატრონი არა გვყავს. მაგრამ სოფელს და რაიონს კი არა, ქვეყანას არ ჰყავს პატრონი. პირდაპირ მიყვარს მე თქმა. დარდიანი გავხდი, საუბარი აღარ მიყვარს. აი, აფთიაქიდან გამოვედი 20 წუთის წინ და 28 ტაბლეტ წამალში, ძვლები რომ არ დამეშალოს,  800 ლარი მივეცი. ერთი თვის სამყოფია ეს სულ. 6 თვე უნდა ვსვა. ეს ერთი წამალია, თორემ კიდევ რამდენი რამ მჭირდება. ზოგჯერ აქ რომ არ იყიდება, ან კიდევ უფრო ძვირია, საზღვარგარეთიდან ვაგზავნინებ. ეს მარტო ერთი წამალია, თორემ 100 დოლარი, 100 ევრო ისე მიდის ამ წამლებში, როგორც არაფერი.

რომ იტყვიან, კვერცხის ნაჭუჭში და ნემსის ყუნწში ვძვრები, რომ თავი გადავირჩინო და ვიცოცხლო კიდევ ცოტა ხანს.

როგორ არ უნდა შევიცვალო, რა ხასიათზე უნდა ვიყო? მე რომ იმდენი თანხა მქონდეს, რამდენიც თირკმლის გადანერგვას უნდა, შვილებს დავუტოვებ, თირკმელს კი არ გადავინერგავ. მივეჩვიე დიალიზს, ვივლი, სანამ ვიქნები, რა ვქნა. ათი წელია დავდივარ, კიდევ ათი წელიც რომ გავძლო, რას დავეძებ?!“.

ბუგეული - ქუთაისი - ბუგეული

აზა დათეშიძე, პროფესიით ლოგოპედია, რაჭაში, ამბროლაურთან ახლოს, სოფელ ბუგეულის სკოლაში საქმის მწარმოებლად მუშაობს. ერთ დღეს, სოფელში, საკუთარ სახლში რომ დაიძინა, რამდენიმე დღეში, ქუთაისში გაიღვიძა დიალიზის აპარატზე მიერთებულმა. 2020 წლის მარტი იწურებოდა. მას შემდეგ კვირაში სამჯერ, ქუთაისში უნდა ჩადიოდეს და პროცედურას იტარებდეს, რასაც აზა ვერ ახერხებს. 45 წლისაა, თანმხლები დაავადებები არ აქვს, დიეტასაც პირნათლად იცავს. ამით გათამამებული ექიმებს ეურჩება და გაჭირვებას ემორჩილება. ბუგეულიდან ქუთაისში და უკან 170 კილომეტრის გავლა იმდენად უჭირს, ურჩევნია გარისკოს და კვირაში ერთხელ ჩავიდეს, - შორს ვცხოვრობ. ბენზინი დღითიდღე ძვირდება და მხოლოდ ერთხელ დავდივარ. გზაშიც ცუდად ვხდები. ნახევრად მჯდომარე პოზაში 4 საათი ხარ მიერთებული აპარატზე. სისხლი გამოდის შენი ორგანიზმიდან და გაწმენდილი ბრუნდება უკან. აპარატი მავნე ნივთიერებებთან ერთად სასარგებლო ელემენტებსაც აცლის ჩვენს სისხლს. ანემია გვაქვს ხშირად. კვებაც თავისებური გვჭირდება. ყველაფერი არ გვეჭმევა და ესეც თანხებთანაა დაკავშირებული, - აზას მეუღლემ ერთი წლის წინ ცალი თვალი დაკარგა და აზა ცდილობს, ქმარს შორ გზაზე ხშირად სიარული ააცილოს.

აზას „დიალიზის მეგობრებიც“ დაიღუპნენ, ერთ-ერთს დილიაზისთვის შექმნილი ფისტულიდან სისხლდენა დაეწყო და ვიდრე ქუთაისში ჩაიყვანდნენ, გარდაიცვალა. აზა დარწმუნებულია, ამბროლაურში ნეფროლოგი რომ ჰყოლოდათ, მის გადარჩენასაც შეძლებდნენ.

ჭრებალო - ?

დიაბეტის ფონზე, ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეს ორი წლის წინ თირკმელების გათიშვა მოჰყვა. სხვა ქალაქში კვირაში რამდენჯერმე სიარული ვერ შეძლო. საცხოვრებლად გადასვლას დიალიზის მეორე სახეობა, პერიტონეული დიალიზის ფორმა არჩია. 50 წლის ნიკოლოზ კენჭაძე, ამბროლაურის მერის ყოფილი მოადგილეა და რაჭაში, სოფელ ჭრებალოში ცხოვრობს.

„კათეტერი ჩაუდგეს მუცლის ღრუში და პროცედურას უკვე სახლის პირობებში ვაკეთებთ, ყოველდღე. რთულია, მაგრამ უპირატესობა ის აქვს, რომ დღე არ გეკარგება. ღამით 12 საათზე რომ ჩავრთავთ აპარატს, დილის რვა საათამდე მუშაობს თავისთვის. ნიკას სძინავს ამ დროს, ეს ხელს არ უშლის“, - გვიყვება ნიკოლოზის მეუღლე, მაია, რომელიც ახლა ერთადერთი დასაქმებული ადამიანია ოჯახში.

ძვირადღირებული აპარატი, რომელიც სახლის პირობებში პერიტონეული დიალიზის ჩატარებას სჭირდება, ნიკოლოზ კენჭაძეს, 2021 წლის აგვისტოში, თბილისის ერთ-ერთმა კლინიკამ ათხოვა. აპარატით სარგებლობის ვადა დაახლოებით 5-7 წელია. შემდეგ კენჭაძის ოჯახის დღის წესრიგში ჰემოდიალიზზე გადასვლა ან თირკმლის გადანერგვა დადგება. არასტაბილურმა ძაბვამ ორი კვირის წინ აპარატი მწყობრიდან გამოიყვანა და შესაკეთებლად საზღვარგარეთ გაგზავნეს. აპარატის დაბრუნებას კიდევ ერთი თვე არ ელიან.

მანამდე მაია მეუღლეს ყოველ 6 საათში ერთხელ, დღითა და ღამით, სადიალიზო ხსნარს ხელით უსხამს, - „სერიოზულად ვფიქრობთ უცხოეთში წასვლაზე, რომ მომავლის იმედი გვქონდეს. მანამდე თუ რამე არ გვეშველა, ჩვენი პატარა ბიჭები რომ ფეხზე დადგებიან, ასეც ვიზამთ“.

სადმელი - ქუთაისი - სადმელი

დეკანოზი თომა რატიანი, 52 წლის, საკეციის მაცხოვრის შობის ეკლესიის მოძღვარი, რაჭა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი სადმელი.

2021 წლის ზაფხულიდან დიალიზზეა დამოკიდებული. ქუთაისში პროცედურაზე კვირაში სამჯერ უნდა დადიოდეს, მაგრამ ერთ დღეს ტოვებს. ჯანმრთელობასაც და სიცოცხლესაც საფრთხეში აგდებს, - „მე რომ იქ კვირაში სამჯერ ვიარო, ჩემს ვალს მრევლის წინაშე ვეღარ მოვიხდი. კვირაში ორი დღე დიალიზისთვის არის გადადებული, დაკარგულია. მივდივარ დილის 8 საათზე და საღამოს 8 საათამდე ვერ შემოვდივარ უკან. თავიდან ძალიან მიჭირდა, იყო პერიოდი, პროცედურის მეორე დღესაც ვერ ვახერხებდი ვერაფერს“.

ქუთაისში დიალიზზე მეუღლე მიჰყვება ხოლმე, რაჭიდან საჭესთან თვითონ ზის, უკან სახლისკენ მეუღლე ენაცვლება. ქუთაისის კლინიკებში დიალიზდამოკიდებული ადამიანები თავს მთელი იმერეთიდან, რაჭიდან, ლეჩხუმიდან, ქვემო სვანეთიდან იყრიან. შიგადაშიგ სამეგრელოდან და გურიიდანაც კი. ყველასთვის საერთო მთავარი პრობლემა საცხოვრებლიდან შორს მდებარე კლინიკაში სიარული და დიდი ხარჯებია.

თბილისი - წკადისი - ზესტაფონი - წკადისი - თბილისი

70 წლის გულიკო ენუქიძე თბილისში მცხოვრები დიასახლისია, ამბროლაურის სოფელ წკადისიდან. წელიწადის თითქმის ნახევარს, ყოველთვის მშობლიურ სოფელში ატარებდა, თუმცა შვიდი წელია, თირკმელების გათიშვამ თბილისურ კორპუსსა და საავადმყოფოს შორის გამოამწყვდია.

„განიცდიდა, უტირია, ისე არ მომკლათ, ერთხელ კიდევ არ წამიყვანოთ რაჭაშიო. როგორც და რამდენი ხანითაც მოხერხდება, თუნდაც ერთი ან ორი კვირა იყოს, ვცდილობ ხოლმე, რომ წავიყვანო წკადისში. ცოტა ხანიც ჰყოფნის, რომ სიცოცხლის ხალისი დაიბრუნოს.

ერთი დღეც რომ მისცე, აივნიდან რომ გადახედავს ეზოს, სადაც დაიბადა, გაიზარდა და სადაც მისი მშობლები ცხოვრობდნენ, მაშინვე გამოცოცხლდება ხოლმე, მორალურად ისვენებს, თითქოს ახალგაზრდავდება კიდეც. იქ რომ არ დამყავდეს ზაფხულობით, აქამდეც ვერ ვაცოცხლებდი, ალბათ“, - გულიკოს შვილი, ლაშა კობახიძე კარგად ხედავს, როგორ მოქმედებს დედის ჯანმრთელობაზე რაჭაში ყოფნა.

ის ერთი ან ორი კვირა, როცა წკადისშია, გულიკო დიალიზს ზესტაფონში იტარებს. ყველა პაციენტს თავისი გრაფიკი აქვს. გულიკოს სეანსი, როგორც წესი, დილის შვიდ საათზეა და პროცედურაზე რომ დროულად მივიდეს, 5-ზე მაინც უნდა დაიწყოს წასავლელად მზადება. იმ დღითაც და ზოგჯერ მეორე დღესაც, ენერგია ვერ აღუდგება ხოლმე. წნევა ხანდახან იმდენად უწევს, სოფლისკენ გზად შეიძლება სასწრაფოს გამოძახება გახდეს საჭირო. „როცა თავად აღმოვჩნდით ამ პრობლემის წინაშე, მერე გავიგე, რა დღეში არიან რაჭველები“, - იხსენებს ლაშა, - „სიცოცხლის გაწირვა ან სხვაგან გადასვლა უწევს ბევრს. ჩვენ კიდევ რა გვიჭირს. უყურადღებობისა და უპასუხისმგებლობის მსხვერპლია ეს ხალხი“.

ლენტეხი - თბილისი

ჯანმრთელობა ჯერ ვენებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა და თრომბმა შეურყია, მერე წითელი ქარი დაემატა, ბოლოს კი თირკმელები გაეთიშა. 70 წლის რობერტ გულბანმა ქვემო სვანეთი დატოვა და თბილისში, შვილთან გადასახლდა.

„საავადმყოფოდან საავადმყოფოში დავდიოდით. დიაგნოზის დასმაც დაგვიანდა. 5 წელია, დიალიზზეა. კვირაში სამჯერ, 4-4 საათი. იძულებული გახდა თბილისში გადასულიყო, ჩვენს შვილთან, მის ოჯახთან და 4 პატარა ბავშვთან ერთად ცხოვრობს“, - გვიყვება რობერტ გულბანის მეუღლე, ფაციკო ალავიძე, რომელიც ლენტეხში დარჩა, - „სული კბილით უჭირავს, ვიღაცამ უთხრა, ცაგერში ფიქრობენ დიალიზის ცენტრის გაკეთებასო და გადარეულია, ისე უხარია. ცაგერიც სხვა რაიონია ჩვენთვის, მაგრამ უფრო ახლოს ხომ იქნება?“

რაც თბილისში წავიდა, რობერტი ლენტეხში აღარ ყოფილა. ფაციკოს 2021 წლის მაისში მიელოიდური ლეიკემია დაუდგინეს. კვლევებისთვის და დიაგნოზის დასადგენად სესხი აიღო, რომელსაც ჯერაც იხდის - თვეში 100 ლარს. ერთი თვის სამყოფი მედიკამენტი 150 ლარი ღირს. მისი ერთადერთი შემოსავალი 300 ლარიანი პენსიაა, - „გაჭირვებულ კაცს აღმართში ქვა მიეწიაო, ასე დაგვემართა. იქით რობერტია ცუდად, აქეთ - მე. ცალ-ცალკე მოსავლელები ვართ, მაგრამ ჩვენ მაინც სხვანაირად მივხედავდით ერთმანეთს, ერთად რომ ვიყოთ. თან შაქარი მაქვს, ფეხი ვიტკინე და ამ წუთსაც მეზობელი მეხმარება, ფეხსაცმლის ჩაცმაც მიჭირს. ბუჭუნჭელას ფეხს არ დაადგამს, ისეთია ჩემი კაცი. მეც ასეთი ვიყავი. არც კი მჯერა, რომ ჩვენ ეს ყველაფერი დაგვემართა“.

ფაციკომ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, რომ ყოველთვიურად წამლისა და საჭირო ანალიზების დაფინანსებაში დაეხმარონ. პასუხს ჯერ კიდევ ელის.

სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მთაში ვერ აღწევს

დიალიზის სახელმწიფო პროგრამის ხელმისაწვდომობაზე პირველი რეპორტაჟი „მთის ამბებმა“ ზემო სვანეთიდან მოამზადა. რეპორტაჟს მოჰყვა მესტიაში დიალიზის ცენტრის გახსნის მოთხოვნით შედგენილი პეტიციაც, რომელიც 10 ათასზე მეტ ხელმოწერასთან ერთად გამოცემამ მთავრობის ადმინისტრაციაში, პარლამენტის თავმჯდომარესთან და სახალხო დამცველთან წარადგინა.

თუ ზემო სვანეთიდან ზუგდიდში უწევთ სიარული, რაჭველები, ლეჩხუმელები, ქვემო სვანები ძირითადად ქუთაისში, ან ზესტაფონისა და თერჯოლის კლინიკებში ცდილობენ აუცილებელი სამედიცინო მომსახურების მიღებას. ზოგი, მესტიელების მსგავსად, დედაქალაქში ეძებს თავშესაფარს, ზოგი კი საქართველოს ფარგლებს გარეთ.

არცერთ იმ მუნიციპალიტეტში, საიდანაც ამ სტატიის გმირები არიან, პაციენტებს დილიაზის ჩატარება არ შეუძლიათ. ადგილობრივ კლინიკებში არც შესაბამისი აპარატურა აქვთ და არც სპეციალისტები ჰყავთ.

რას აკეთებს სახელმწიფო პრობლემის მოსაგვარებლად - ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო კომენტარი, რომელიც პაციენტებმა მედიიდან მოისმინეს, ასეთი იყო - „დიალიზის ცენტრის გასახსნელად, ადგილობრივმა კლინიკამ განცხადებით უნდა მიმართოს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს. შემდეგ სააგენტო შეამოწმებს დოკუმენტაციას და კლინიკა პროგრამაში ჩაერთვება“.

„მთის ამბებმა“ სამინისტროს დამატებითი კომენტარი სთხოვა, თუმცა უწყებისგან პასუხი ვერ მივიღეთ.

მიუმართავთ თუ არა როდისმე რეგულირების სააგენტოსთვის? - ამ კითხვით ადგილობრივი კლინიკების დირექტორებსაც დავურეკეთ, თუმცა მათ რეგიონული ჯანდაცვის ცენტრთან გადაგვამისამართეს. ცენტრის დირექტორმა, ნუგზარ ბოლქვაძემ კი ჩვენს ზარებს არ უპასუხა.    

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი დავით ჩაკვეტაძე გვეუბნება, რომ დიალიზის ცენტრის გახსნის პერსპექტივა ცაგერში რეალურია, თუმცა კონკრეტული ინფორმაციის გაზიარებისგან თავს იკავებს.

„რამდენიმე ექიმთან გვაქვს მოლაპარაკება, რომ გადამზადდნენ სპეციალისტები. ზოგმა ადგილობრივმა უარი თქვა, რამდენიმე თვით უნდა წავიდნენ გადასამზადებლად და ეს არ შეუძლიათ. აპარატურის შეძენაში პრობლემას ვერ ვხედავთ. შესაბამისი ფართია კიდევ საჭირო. ადგილობრივ კლინიკაში ამ რესურსის მოძიება გაჭირდება. რამდენიმე საელჩოს დახმარების იმედიც გვაქვს. ყველაფრის თქმა არ შემიძლია, მაგრამ რამდენიმე თვეში ალბათ ისე გადაწყდება, რომ კონკრეტულ სამუშაოს შევუდგეთ”.

ონის, ამბროლაურისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში დღეს მხოლოდ იმის თქმა შეუძლიათ, რამდენი პაციენტი ჰყავთ რეგისტრირებული და რა დახმარებას გასცემენ.

დიალიზის სახელმწიფო პროგრამის მონაწილეებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები, ერთი კვირის განმავლობაში, კლინიკაში სიარულსაც კი არ ჰყოფნის.

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიას 8 პაციენტი ჰყავს რეგისტრირებული და თითოეულისთვის თვეში 200 ლარს გამოყოფს. 15 პაციენტია ამბროლაურში და თითოეული ყოველთვიურად 250 ლარს იღებს.

ონის მუნიციპალიტეტში აღრიცხული 4 პაციენტისთვის 150-150 ლარია გათვალისწინებული. 4 პაციენტი ჰყავს ლენტეხსაც, სადაც ყოველთვიური დახმარება 100 ლარია.

დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი 2021 წელს 53 650 000 ლარი იყო. 2022 წლის ბიუჯეტი, წლის დასაწყისში, 53 259 000 ლარია. პროგრამით ქვეყანაში 3400-მდე ადამიანი სარგებლობს.

„მთის ამბები“ დიალიზდამოკიდებული ადამიანების ამბებს ყველა მაღალმთიანი მუნიციპალიტეტიდან მოგიყვებათ.

ნინო ბაიდაური

Mtisambebi.ge-ს რეპორტიორი/ფოტოგრაფი. პროფესიით სოციალური ფსიქოლოგია. აშუქებს ადამიანის უფლებების, უმცირესობების და სოციალურ თემებს, ამზადებს ფოტორეპორტაჟებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში