საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ყაზბეგის ჩაკეტვის რისკი არ არსებობს, მესტიაში კორონავირუსის შემთხვევები გაიზარდა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:02 - 12 აგვისტო 2020 hits 4195

„ვრცელდება ჭორები, რომ მთავრობა ყაზბეგში შეზღუდვების დაწესებას აპირებს, მაგრამ არანაირი რისკი არ არსებობს. ყაზბეგში, ისევე როგორც ლარსის გამშვებ პუნქტზე, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად კონტროლდება. არავინ აპირებს ყაზბეგში რაიმე შეზღუდვების დაწესებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეის მონაცემებით, საერთაშორისო გადაზიდვების 54 205 მძღოლს ჩაუტარდა ტესტირება, რომელთაგანაც ვირუსი 788 ადამიანს დაუდასტურდა: „შეიძლება გვეგონოს, ეს არ არის დიდი ციფრი, მაგრამ ქვეყანაში უკონტროლოდ შემოსული ერთი ასეთი ადამიანი, შესაძლოა, ყოფილიყო უდიდესი გამწვავების შედეგი. ეს ის მიმართულებებია, რომელიც დიდი ყურადღებით და სიფრთხილით უნდა ვაკონტროლოთ“.

ყაზბეგში დარიალის სასაზღვრო-გამტარი პუნქტის 7 თანამშრომელს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა. „ყალიბდება ახალი კლასტერი, რომელიც დაკავშირებულია ლარსის საბაჟოსთან. ჩვენი ჯგუფი, გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ხათუნა ზახაშვილის ხელმძღვანელობით, ყაზბეგშია და კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს. იქაც ისახება გეგმა, რათა სწრაფად მოხდეს ეპიდაფეთქების ლოკალიზება“, - განაცხადა 11 აგვისტოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრი მესტიაში დაწესებულ შეზღუდვებსაც გამოეხმაურა.

„მესტიაში ვირუსის აფეთქებას ალბათ მივუსწარით, თუმცა სრულად სურათი ჯერ კიდევ არ გვაქვს. მე როგორც ვიცი, 1000 ტესტია ჩამოტანილი, რომლის პასუხებიც ჯერ არ ვიცით, თუმცა ამ 1000 ნიმუშის გარეშე, ინფიცირების 14 შემთხვევა გვაქვს.

დღის ბოლომდე გვეცოდინება ამ 1000 ტესტის შედეგები და გვექნება საბოლოო სურათი, რა ხდება სვანეთში.

დღეის მდგომარეობით შეიძლება ითქვას, რომ პირველი სწრაფი რეაგირების ნაბიჯები იყო საკმაოდ ეფექტიანად გადადგმული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყო გადაადგილების შეზღუდვა და იმ შეზღუდვების აღსრულება, რომლის დაწესებაც მოგვიწია, მიუხედავად იმისა, რომ გვესმის, რომ ეს შეზღუდვები როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე სტუმრად ჩასულ ტურისტებს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა არის ყველაზე მაღალი ფასეულობა. ჩვენ ვამბობდით, რომ ვირუსი არსად წასულა და გვმართებს დიდი ყურადღება და სიფრთხილე, იმისთვის, რომ ის წარმატება, რომელიც აქამდე მოვიტანეთ, უნდა გავაგრძელოთ. ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ვირუსის რისკების ეფექტიანი მართვის გარეშე არანაირი ეკონომიკური აღდგენა არ იქნება. ეს ერთმანეთთან დაკავშირებული თემებია“, - განაცხადა გახარიამ.

მისივე ინფორმაციით, სვანეთიდან საკარანტინე ზონებში 919 მოქალაქეა გადაყვანილი.

მესტიის მუნიციპალიტეტში, COVID-19-ით ინფიცირების 16 შემთხვევა 10 აგვისტოს დადასტურდა, რის გამოც ზემო სვანეთი ჩაიკეტა. გადაადგილება შეზღუდულია როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ასევე, მესტიის მუნიციპალიტეტიდან. აკრძალულია სოფლებს შორის მიმოსვლაც. მუნიციპალიტეტში შესვლა შეუძლია მხოლოდ ადგილობრივ მცხოვრებს, გამოსვლის შემთხვევაში კი მოქალაქეები ორკვირიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან. დაბა მესტიაში, ლენჯერსა და უშგულში ფუნქციონირების უფლება მხოლოდ აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის საკვებ დაწესებულებებს აქვთ.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, საკარანტინო პერიოდი 28 დღეა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მესტიაში, ლენჯერის თემში კორონავირუსით ინფიცირების 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

„აქედან, 5 დადასტურდა უკვე თბილისში მყოფ ოჯახის წევრებში, ნათესავებში. დანარჩენი არის თვითონ სვანეთში დადასტურებული. 400-ზე მეტი ტესტი იქნა ჩატარებული გუშინ და იქიდან დღეს 12 ახალი დადასტურებული შემთხვევაა. გუშინ აღებული ტესტებიდან 600-მდე ჩასულია ქუთაისში და დაწყებულია ანალიზები, 400-ზე მეტი ტესტი ჩატანილია ზუგდიდში და დაწყებულია ანალიზი. ჯამში გუშინ 1000-ზე მეტი ადამიანის გამოკვლევა მოხდა. გამოკვლევები დღესაც მიმდინარეობს. გუშინ 4 სოფელში იყო, დღეს კიდევ გაფართოვდება გამოკვლევების არეალი. მინდა, ყველამ კარგად იცოდეს, თუ ასეთი კერა ქვეყნის რამდენიმე წერტილში გაჩნდება, დაავადების შეკავება შეუძლებელი გახდება,“ - აღნიშნა იმნაძემ.

12 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1278 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 1058, გარდაცვლილია - 17, კარანტინის რეჟიმშია - 7718 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის - 245 პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში