საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ახადამდე სამანქანო გზის გაჭრის მოთხოვნით დუშეთის საკრებულოს პეტიციით მიმართეს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

11:33 - 11 ივლისი 2020 hits 12077

ფშავ-ხევსურეთის სათემო ორგანიზაციამ დუშეთის საკრებულოში პეტიცია წარადგინა. უკანაფშავის მოსახლეობა სოფელ ახადთან დამაკავშირებელი 3 კილომეტრიანი სამანქანო გზის გაჭრას ითხოვს.

ახადი უკანაფშავის თემში, ზღვის დონიდან 1920 მეტრზე მდებარეობს. სოფელი დუშეთიდან 71 კილომეტრითაა დაშორებული, უკანაფშავის ადმინისტრაციული ცენტრიდან - შუაფხოდან დაახლოებით 12 კილომეტრით. ახადს არასდროს ჰქონია სამანქანო გზა, არც ელექტროენერგია, სატელეფონო კავშირი, რაც მკაცრ კლიმატურ პირობებთან ერთად, კიდევ უფრო ართულებდა და ართულებს იქ ცხოვრებას. 15 წელია სოფელში მუდმივად აღარავის უცხოვრია.

გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე ახადში მაინც ბრუნდება რამდენიმე ადამიანი, რომლებიც მესაქონლეობას მისდევენ, ბოსტნეული მოჰყავთ. ისინი ახადში მუდმივად დამკვიდრებას და ძლიერი მეურნეობის გამართვას ფიქრობენ, მსურველები ახალგაზრდებიც არიან. წელს ახადში დაბრუნდა 24 წლის გიორგი თადიაურიც. ამ დროისთვის ახადში უკვე 10-მდე ადამიანი ცხოვრობს.

უგზოობის გამო მათ ხელი არ მიუწვდებათ სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზე. დუშეთიდან უკანაფშავში, ახადის ძირამდე მისასვლელად სასწრაფოს მანქანას დაახლოებით 2 საათი სჭირდება, სამკილომეტრიანი საფეხმავლო ბილიკით სოფელში ასაღწევად კი სულ მცირე ერთი საათია საჭირო.

უგზოობის გამო ახადში შეუძლებელია სასკოლო ასაკის ბავშვების, ბავშვიანი ოჯახების ყოფნაც. უკანაფშავის ერთადერთი სკოლა შუაფხოშია, ახადიდან 12 კილომეტრში. შუაფხო-მუქო-ვაკისოფლის სამანქანო გზის მონაკვეთი მდინარე არაგვის კალაპოტში გადის. მდინარის ადიდებისა და წყალმოვარდნის დროს, გზას წყალი ტბორავს ან მთლიანად მიაქვს და სოფლების ნაწილი (ვაკისოფელი, ჩალახევი, ელიაგზა, ახადი) ხშირად სწყდება გარესამყაროს. გაზაფხულსა და შემოდგომაზე ამ გზაზე გადაადგილება სახიფათოა. ახადთან დამაკავშირებელი საფეხმავლო ბილიკი კი მთლიანად ტყეზე გადის - ბავშვებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებშიც ვერ მოემსახურება სკოლის ტრანსპორტი. 

უგზოობის გამო ახადელები ვერ ახერხებენ საცხოვრებლად აუცილებელი და ღირსეული პირობების შექმნას, სახლების რეაბილიტაციას, სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას; ახადში მოყვანილი პროდუქციის (კარტოფილის, სხვა ბოსტნეულის, რძის ნაწარმის) სამანქანო გზამდე ჩამოტანა ცხენებითა და ვირებით უწევთ. არაერთი შემთხვევაა, როცა ციცაბო დაღმართზე, საფეხმავლო ბილიკიდან, პროდუქტებით დატვირთული ცხენი გადავარდნილა და დაზარალებულან.

უგზოობის გამო ვერც ტურისტების მიზიდვას ახერხებენ, არადა, სოფელს კარგი ტურისტული პოტენციალი აქვს. ახადიდან საფეხმავლო და საცხენონსო მარშრუტების დაგეგმვა და განხორციელებაა შესაძლებელი უკანაფშავში, თიანეთში, პანკისში, თუშეთსა და ხევსურეთში.

უგზოობა ხელს უშლის ელექტროენერგიის პრობლემის გადაწყვეტასაც.

ახადისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ქართველი სახალხო პოეტის, 1920-იანი წლების ანტისაბჭოთა პარტიზანული მოძრაობის მონაწილისა და „შეფიცულთა რაზმის“ წევრის მიხა ხელაშვილის სახლის აღდგენა და იქ მუზეუმის გახსნა. მოქალაქეთა არაერთი მცდელობის მიუხედავად,

უგზოობის გამო დღემდე ვერ მოხერხდა მიხა ხელაშვილის დანგრეული სახლისთვის პირვანდელი სახის დაბრუნება. გზის გაჭრის შემთხვევაში, მიხა ხელაშვილის სახლის აღდგენასა და იქ მუზეუმის მოწყობაზე „მთის ამბები“ იზრუნებს.

რამდენიმე დღის წინ, ფშავ-ხევსურეთის სათემო ორგანიზაციის მიერ, „ფშავ-ხევსურეთ-გუდამაყრის ხეობის ინტერნეტიზაციის“ პროექტის ფარგლებში, ახადში პირველად ჩაირთო მაღალი სიჩქარის Wi-Fi ინტერნეტი. ადგილობრივებს მთის წვერებზე სიარული აღარ უწევთ იმისათვის, რომ სიგნალი იპოვონ და ბარში მყოფ ახლობლებთან დარეკონ, ინფორმაცია მიიღონ, ახალი ამბები გაიგონ.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ პეტიცია მაქსიმუმ 2 თვეში უნდა განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში