საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ცაში გამოკიდებული ახადის ახალმოსახლე - 24 წლის გიორგი თადიაური

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:08 - 27 ივნისი 2020 hits 32181

ციცაბო ფერდის ვიწრო და ნაშალ ბილიკზე მიმავალ მგზავრს დაზურგული ცხენის აღვირი მაგრად ჩაუბღუჯავს. ცდილობს, ფეხქვეშ დაგორებულ ქვებზე თავი შეიმაგროს. გიორგი თადიაური ამ ერთადერთი ბილიკის გავლით, ყოველდღე, ცხენით ეზიდება სანოვაგეს მამაპაპისეული სახლისკენ, სადაც დამკვიდრება და მუდმივმოსახლეობა განუზრახავს.  

უგზოობა, უშუქობასთან ერთად, მთავარი მიზეზია, რის გამოც, წლების წინ, გიორგის მშობლებმა სკოლის ასაკის ბავშვებით ახადი დატოვეს და მცხეთაში გადასახლდნენ. ახადელ ბავშვებს 12 კილომეტრით დაშორებულ შუაფხოს სკოლაში უნდა ესწავლათ, ამ მანძილის გავლა კი, დიდთოვლობისას, შეუძლებელი იყო. ახადში მარტო დარჩენილ ბებო-პაპასთან, მხოლოდ ზაფხულის არდადეგებზე ჩადიოდნენ.  

გიორგიმ მხოლოდ ახლა, 24 წლისამ შეძლო მონატრებულ სოფელში დაბრუნება. თან საქონელი წაიყვანა. ბანკიდან სესხი აიღო, პატარა ფერმა ორმოცდაათ სულამდე მოაძლიერა და ცარიელი მამაპაპისეული სახლის აღდგენაც დაიწყო. ჯერ კედლებს ამაგრებს და გადასახურად ამზადებს. საშენ მასალებს სამი კილომეტრით დაშორებული სამანქანო გზიდან ცხენითა და ვირით ეზიდება. სოფლის უგზოობა აწვალებს, რადგან ავდრის ნიაღვარი იმ ერთადერთ ციცაბო ბილიკსაც ურეცხავს, ადიდებული არაგვი კი სახელდახელო ხის ხიდსაც უსპობს.

„ბარგი რომ წამოვიღე მცხეთიდან, ფქვილი, ქატო, საჭმელი, სახლისთვის სხვადასხვა მასალები, ერთი პატარა სატვირთო მანქანა გამოვიდა. დაახლოებით ერთი კვირაა რაც აქ ვარ და ყოველდღე თითო გზას ვაკეთებ იმიტომ, რომ რთული გზაა. საცალფეხო ბილიკი ზოგან გადათხრილია და გადასავარდნია ცხენისთვის,“ - გვიყვება გიორგი და ცოტა ხნის წინ მომხდარ შემთხვევას იხსენებს, - „აგერ, ახლა საქონელი რომ მოგვიდიოდა, ორი სული გადაგვივარდა ბილიკიდან. ასეთ პრობლემებს ვაწყდებით, მაგრამ მაინც ვცდილობთ, სოფელი არ დავტოვოთ“.

ახლა არ უშინდება უგზოობას და დაწყებული საქმის დასრულებასაც აპირებს, მაგრამ იცის, რომ ეს პრობლემა მომავალში დიდ დაბრკოლებად ექცევა. აგროტურიზმის განვითარებას გეგმავს - უნდა, რომ მეურნეობა გააფართოვოს, რძის პროდუქტები აწარმოოს, მეფუტკრეობაც წამოიწყოს. წუხს, რომ მოწეული დოვლათის ჩამოტანა ცხენებით მოუწევს, - „შემოდგომით დაახლოებით 50 გუდა ყველი კეთდება. თითო ცხენს ორი გუდა ეკიდება. მე სამი ცხენი მყავს და დღეში ალბათ სამ გზაზე მეტს ვერ გავაკეთებ, ჩასვლა-ამოსვლა რთულია. იქ კარტოფილია ხოლმე ამოღებული 10-15 ტომარა, ერთი კვირა მაინც გვჭირდება ბარგობისთვის, ცხენებით რომ ჩავიტანოთ. ძალიან შრომატევადია, ადამიანიც იღლები“.

გიორგიმ დროდადრო ქალაქშიც უნდა ჩაირბინოს, დების ამბავი გაიგოს, რადგან ახადიდან ვერ ურეკავს. „სატელეფონო კავშირი არ არის. შუაფხოს რომ გამოცდები, ტელეფონი აღარ იჭერს. მაშინ ასე, მთის წვერებზე უნდა ამოხვიდე და სიგნალი ეძებო“. მობილურ კავშირზე წვდომა რომ იყოს კიდეც, ტელეფონს ვერ დატენი, არც ელექტროენერგიაა. ნატრობს, სოფელს მზის პანელები მაინც ჰქონდეს, ტელევიზორი და მაცივარი რომ ამუშაოს.

მზის პანელების ყიდვას საკუთარი მწირი სახსრებით ვერ შეწვდება, დაფინანსებას კი სამთავრობო პროგრამებით ვერ იღებს. მთის კანონით დადგენილი შეღავათები და მთის პროექტები მხოლოდ მუდმივ მცხოვრებლებზე ვრცელდება. გიორგი, უკანაფშავის სხვა მომთაბარეების მსგავსად, ამ პროგრამების მიღმა რჩება.

არ არის გზა და ვერ იზამთრებს ახადში, იქ მხოლოდ ექვს თვეს ატარებს. გზას კი, ხელისუფლება, არაერთი თხოვნის მიუხედავად, უსახსრობის მომიზეზებით არ აკეთებს.

ზამთარში რომ დარჩეს, ნახევარი წლის განმავლობაში, თოვლიანი ხეობების ტყვეობაში აღმოჩნდება, გარესამყაროსგან სრულად მოწყვეტილი, ელექტროენერგიის, სატელეფონო კავშირისა და საჭიროების შემთხვევაში, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გარეშე. გამოძახებული სასწრაფო დუშეთიდან მოდის, საიდანაც უთოვლო გზას ორ საათზე მეტი სჭირდება.

უკანაფშავის 10–ზე მეტი სოფელი, მათ შორის ბეტისჩრდილი, ქინო, ჭეშე, ნაკვალესავი, დაქიმათა, ნანიმათა, ბახია, ბოროლა და მუჯა უკვე ნასოფლარებია. ბინდაურთაში, მათურასა და ახადში მუდმივად აღარავინ ცხოვრობს. თხილიანაში 13 ოჯახია, შუაფხოში 9, მუქოში 4, უძილაურთასა და ვაკისოფელში სამ–სამი, ელიაგზაში, ჩალახევში, გოგოლაურთაში, ცაბაურთაში, ხოშარასა და ჭიჩოში თითო–თითო.

გიორგის გათვლით, მთის კანონით გამოყოფილი ასობით მილიონი სწორად რომ იხარჯებოდეს, მთის იმ სოფლებში მაინც, სადაც ადამიანები გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე ჯერ კიდევ შემორჩნენ, შუქი ექნებოდათ; სოფლებთან მისასვლელ გზას გაჭრიდნენ; ხეობის ცენტრში ამბულატორია მოეწყობოდა და ექიმი ეყოლებოდათ; საბავშვო ბაღის პრობლემასაც მოაგვარებდნენ, უკანაფშავში საერთოდ რომ არ აქვთ. ახლა ამაზე ხელისუფლება ფულს არ ხარჯავს, რადგან ბევრი ბავშვი აღარაა, ბავშვიანი ოჯახები კი ბაღის არარსებობისა და სკოლამდე დიდი მანძილის გამო, უკანაფშავიდან წავიდნენ.

თითო-ოროლა ახალგაზრდა ოჯახი ამ ბოლო დროს ისევ გამოჩდა უკანაფშავის სოფლებში. მათ მსგავსად, დაოჯახების მერე გიორგიც ახადში აპირებს ცხოვრებას და ბავშვების გაზრდას, ვიდრე სასკოლოები გახდებიან.

სოფლის მეურნეობა, გიორგის ხედვით, უმთავრესი საზრუნავი უნდა იყოს. არასწორად მიაჩნია, რომ მთიელები დღემდე უმეტესად ტურიზმზე იყვნენ დამოკიდებული, - „ის მხოლოდ დამატებით საქმედ შეიძლება გაიჩინო მეურნეობის გვერდით, რადგან ყოველთვის არსებობს კრიზისის რისკები, როგორც ახლა პანდემიის დროს ჩაიკეტა საზღვრები. აღარც ტურისტი შემოვიდა და შემოსავლის გარეშე დარჩნენ. პატარ-პატარა ტურებს მეც ვაწყობდი, პარალელურად ეს საქონელიც გვყავდა და ყველაფერი რომ გაჩერდა, მერე უფრო მეტი ყურადღება მივაქციე, მეტი პერსპექტივა დავინახე ამაში იმიტომ, რომ პროდუქციაზეც გაიზარდა მოთხოვნა და ჩემთვისაც ხალისი იყო, რომ უფრო მეტი შემექმნა და მეკეთებინა.“

კიდევ ერთი რამ, რაც ახალგაზრდებს მთაში ცხოვრებას გაუადვილებს, ინტერნეტია.

გიორგისთვის ინტერნეტი დახურულ სივრცეს გახსნის, ახლობლებს ყოველდღე დაელაპარაკება. სოციალური ქსელით ბევრ ადამიანს აჩვენებს ლამაზ, საყვარელ სოფელს, ტურისტებს მიიზიდავს და პროდუქტსაც ახადიდანვე გაყიდის.

„ინტერნეტი როცა გაქვს, არ ხარ სადღაც, მთებში ჩაკეტილი და ერთი სული არ გაქვს, აქედან წახვიდე და რაღაც ახალი შეიტყო, მშვიდობაა, არეულობაა თუ რა ხდება. უფრო მეტადაც გაძლებ და არ მოგწყინდება აქ.“

ეს ნატვრა ცოტა ხნის წინ ფშავ-ხევსურეთის სათემო ორგანიზაციამ აუხდინა. ფშავ-ხევსურეთ-გუდამაყრის 70-ზე მეტ სოფელში მაღალი სიჩქარის უკაბელო ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია. სათემო ორგანიზაციამ პროექტი მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციასთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.

გიორგის ახლა უკვე შეუძლია ყველას გააცნოს საკუთარი პროდუქტი, აჩვენოს მრავალფერი ახადი, ეროვნული გმირის მიხა ხელაშვილის ნასახლარი, სალოცავები, ნაციხარები, რომლებსაც დიდი ისტორია აქვთ, ტყე, ალპური მინდვრები და ტბები. შეუძლია სტუმრებს მრავალფეროვანი მოგზაურობა შესთავაზოს საფეხმავლო ბილიკებით თიანეთში, პანკისში, ხევსურეთსა და თუშეთში, თუმცა შეთავაზება შეთავაზებადვე დარჩება, თუ ის ერთი სამკილომეტრიანი გზა არ გაიჭრა, რომლითაც სტუმარმა ახადამდე მისვლა უნდა შეძლოს.

ფშავ-ხევსურეთის სათემო ორგანიზაცია და „მთის ამბები“ უკანაფშავის მცხოვრებლებთან ერთად ადვოკატირების კამპანიას იწყებენ #ახალისიცოცხლეახადს, რომლის მიზანიც ახადთან მისასვლელი სამანქანო გზის გაჭრაა.

ავტორები: ლევან ონიანი, ქეთი მაღრაძე

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში