საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

რამ გააერთიანა ახალგაზრდები ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაციაში

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

23:03 - 26 მაისი 2020 hits 21597

სოფლებში მეგობრებისგან ნათხოვარი მანქანებით დადიან, არც ოფისი აქვთ, მაგრამ ეს აქტიურობაში ხელს არ უშლით. ხან მარტოხელა ხანდაზმულების დასახმარებლად მათივე ნაკვეთებში იყრიან თავს, თან მუშაობენ, თან გეგმავენ, თან მღერიან და აცოცხლებენ იქაურობას. ზოგჯერ დამფუძნებლების ეზოებში აწყობენ თათბირს. სულ რამდენიმე დღეა, რაც ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაცია დააფუძნეს და მათ ანგარიშზე არაერთი საქმეა - სოფელ ვედში, უმძიმეს პირობებში მცხოვრები კვანჭიანების ოჯახის დასახმარებლად ერთ კვირაში 30 ათასი ლარი შეაგროვეს და მალე ახალ სახლს აუშენებენ; საკრებულოში პეტიცია წარადგინეს, რომ მესტიაში ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას თავისუფალი ხალდეს სახელი ეწოდოს; იწყებენ კამპანიას სვანეთის სოფლების ინტერნეტიზაციისთვის და მუშაობენ სათემო რადიოს შესაქმნელად, რომელიც ზემო სვანეთის ყველა სოფელს დაფარავს.

თითოეულმა მათგანმა კარგად იცის, მოსახლეობას სოფლად რა პრობლემები აწუხებს, თვითონაც სვანეთის სოფლებში ცხოვრობენ, მაგრამ მაინც კარდაკარ დადიან და ადგილობრივებს ეკითხებიან, მათთვის ყველაზე სწრაფად რომელი პრობლემის გადაწყვეტაა მნიშვნელოვანი. ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაციის დამფუძნებლებმა პირველი შეხვედრები უშგულში, კალაში, იფრალში, წვირმსა და ლენჯერში გამართეს.

19 წლის შაკო ქოჩქიანი უშგულის თემში ცხოვრობს. აქ დაიბადა და სკოლაც აქ დაამთავრა. ახლა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ტურიზმის მიმართულების პირველი კურსის სტუდენტია.

„უშგულში 5 სოფელია - ლამჯურიში, მურყმელი, ჟიბიანი, ჩაჟაში და ჩვიბიანი. მე მურყმელში ვცხოვრობ ჩემს და-ძმასთან და მშობლებთან ერთად. სულ 8 ოჯახი ვართ, ადრე 45 კომლი იყო. მაშინ მე დაბადებულიც არ ვიყავი. სტიქიის გამო გადასახლებულან ქვემო ქართლში. ახლა ზაფხულობით ამოდიან. ზაფხულში უფრო კარგია აქ, ბევრი ახალგაზრდაა და ვერთობით.

პრობლემა ბევრია. კოშკებს და მაჩუბებს მიხედვა უნდა, ინგრევა. ახლა ერთ კოშკს აკეთებენ. სკოლაში სწავლის დონე დაბალია. ქალაქში რომ არ მევლო მასწავლებელთან მოსამზადებლად, ფაქტობრივად, სკოლაში ზოგიერთ საგანში არაფერი მისწავლია. სკოლამ რამდენჯერმე სცადა მასწავლებლების მოწვევა, მაგრამ არ მოდიან.

არადა, ხელფასი ნორმალურია, მთის კანონითაც ხომ ემატებათ დანამატი. ბევრ მშობელს სურს, თავის შვილს კარგი განათლება მისცეს, აქ კი ამის შესაძლებლობა არ არის. არც სპორტული დარბაზი გვაქვს. ფეხბურთის მოედანია და სტადიონის გარდა ყველაფერს ჰგავს. სპორტის სხვადასხვა სახეობაში ვარჯიში და სწავლა ბევრ ბავშვს და ახალგაზრდას უნდა, მაგრამ მასწავლებლები არ არიან, არც შესაბამისი ინვენტარია. უშგულს ამ კუთხით საერთოდ არ ექცევა ყურადღება. ინტერნეტიც ზოგან იჭერს, ზოგან არა, მხოლოდ მობილური. ბევრს არც აქვს, არადა აუცილებელია.

ჯანდაცვის მხრივ როგორი მდგომარეობაა? - ვკითხეთ შაკოს. „პირველად დახმარებას გაუწევენ ექიმი და ექთნები. აქ არც რაიმე აპარატი აქვთ და არც წამლები. ერთი საბჭოთა უაზი გვყავს. გადაუდებელ შემთხვევებში რისი გაკეთებაც შეუძლიათ, სასწრაფო დახმარება გამოიძახონ მესტიიდან. იქიდან აქამდე 1.5-2 საათის სავალია, ზამთარში უფრო მეტი დრო სჭირდება. ავადმყოფს უაზში მოათავსებენ და მიჰყავთ ხოლმე, რომ სადმე გზად შეხვდნენ სასწრაფოს და დრო მოიგონ. მაგრამ ის მანქანა ისეთი ძველი და გაუმართავია, აქაურებს უფრო მიჰყავთ ხოლმე საკუთარი მანქანებით. წინა წელს მოხდა, ჩემი კლასელი კოშკიდან გადმოვარდა. რამდენიმე ნეკნი ჰქონდა მოტეხილი. მესტიამდე ვერ ჩაიყვანდი იმ ე.წ. სასწრაფოს მანქანით. ვერტმფრენის გამოძახება მოუწიათ. ის ვერტმფრენიც დროზე რომ არ მოსულიყო და უცხოელი ექიმები იყვნენ აქ ტურისტებად, ისინი რომ არ ჩარეულიყვნენ, ალბათ, დაიღუპებოდა. სასწრაფოს ახალი მანქანა სჭირდება უშგულს. კარგი იქნება, სოფლის ამბულატორიაში მედიკამენტებიც რომ ჰქონდეთ და პირველადი დახმარების საშუალებები“.

პრობლემების კვლევასთან ერთად, სოფლებში ხალხთან შეხვედრების მიზანი ისიცაა, რომ ახალგაზრდებს ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაციის საქმიანობა გააცნონ.

23 წლის ევტეხი ფირცხელიანმა უკვე გამოთქვა სათემო ორგანიზაციაში გაწევრიანების სურვილი. ევტეხი სოფელ წვირმში ცხოვრობს. წვირმიდან სვანეთის მთების საუცხოო ხედები იშლება და ულამაზესი სოფელია, მაგრამ ტურიზმი განვითარებული არ არის, არცერთი მარკირებული ტურისტული მარშრუტი წვირმზე არ გადის. წვირმი იმითაც არის გამორჩეული, რომ სხვა სოფლებისგან განსხვავებით, მცირემიწიანობას არ უჩივიან. მიწა წელსაც ხარებით დაამუშავეს. აქამდე ზემო სვანეთში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა არ იყო, მესტიის მერიამ 326 ათას ლარად 6 ტრაქტორი რამდენიმე დღის წინ შეიძინა. ერთი ჰექტარი მიწის მოხვნა 500 ლარი ღირს.

„ახალგაზრდები ძირითადად მიწას ვამუშავებთ და საქონელს ვუვლით. კარტოფილი მოგვყავს. ტრაქტორი რომ ყოფილიყო, მეტ მიწას მოვხნავდით, მეტ მოსავალს მოვიყვანდით, შრომა შეგვიმსუბუქდებოდა, დროც ნაკლები დასჭირდებოდა. მძიმე სამუშაოა ხარებით, დამღლელი. მთელი დღე გუთანი ხელით უნდა ათრიო აქეთ-იქით. ამანაც მოაბეზრა ახალგაზრდებს თავი.

მეორე და მთავარი პრობლემა ის არის, რომ მესტიიდან 15 კილომეტრი ბეტონის გზაა, მერე 3 კილომეტრია გადმოსახვევიდან წვირმამდე. ეზარება ყველას ამ გზაზე შემოსვლა. აქაურებს ყოველდღიურად გვიწევს გადაადგილება და ბევრ პრობლემას ქმნის. რამდენიმე წელია რეაბილიტაციას ვითხოვთ. ჯერ არაფერია. გზა არ ვარგაო, სპეციალური მანქანა ვერ შემოვაო და არც ურნები დგას, არც ნარჩენები გააქვთ.

სკოლის მშენებლობა რამდენიმე წელია დაიწყო და დასრულება არ ეღირსა. სპორტული მოედნის გარდა არაფერი გვაქვს. იქ გავდივართ და ფეხბურთს ვთამაშობთ. კერძო პირმა გააკეთა. ინტერნეტიც დიდი პრობლემაა. ტელეფონის ინტერნეტს მოვიხმართ, ძვირი ჯდება. ძალიან გვინდა, რომ სოფელში ინტერნეტი იყოს“.

ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაცია ივნისიდან გეგმავს იმ სოფლების აღწერას, სადაც სატელეფონო კავშირი და ინტერნეტი საერთოდ არ არის ან ძალიან ცუდი სიჩქარე აქვს. რაჭის, ლეჩხუმის, ქვემო და ზემო სვანეთის სოფლების ინტერნეტიზაციისთვის ადვოკატირების კამპანიას მთის სათემო ქსელი მალე დაიწყებს. ასეთი პროექტი მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციასთან ერთად, უკვე განახორციელა ფშავ-ხევსურეთის სათემო ორგანიზაციამ. ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის 76 სოფელი ინტერნეტით დაიფარა, საქართველო-რუსეთის საზღვართან მდებარე 20-ზე მეტ სოფელში კი სატელეფონო კავშირი პირველად გახდა ხელმისაწვდომი. ინტერნეტიზაცია ამერიკულმა ორგანიზაცია ISOC-მა, საქართველოში ჩეხეთის საელჩომ და საქართველოს მთავრობამ დააფინანსეს.

მთის სათემო ორგანიზაციები ეკოტურიზმის ასოციაციასთან ერთად უკვე მუშაობენ დაცლის პირას მყოფ სოფლებში თემზე დაფუძნებული ეკოტურიზმის განვითარებაზე. დაგეგმილია ახალი ეკოტურისტული მარშრუტებისა და საფეხმავლო გიდების მომზადება.

ხანდაზმულებისა და შშმ პირების მხარდასაჭერად

ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის, ეკო და აგროტურიზმის განვითარების ხელშეწყობასთან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე ზრუნვასთან ერთად, ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაციის მიზანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და მარტოხელა ხანდაზმულების მხარდაჭერაა.

ხაიშის თემში, სოფელ ვედში მცხოვრები კვანჭიანების ოჯახის შესახებ „მთის ამბებმა“ რამდენიმე დღის წინ გიამბოთ. ელენე კვანჭიანი შშმ შვილთან ერთად საქონლის სადგომში ცხოვრობს. ძველი სახლი 10 წლის წინ დაენგრათ. დედა-შვილი უმძიმეს პირობებშია - გომურში წყალი ჩადის, დიდთოვლობის ან ძლიერი ქარის დროს, შესაძლოა, დაინგრეს. ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაციამ კვანჭიანების ოჯახის დასახმარებლად, „მთის ამბების“ მხარდაჭერით კამპანია დაიწყო და შემოწირულებებით ერთ კვირაში 30 ათასი ლარი შეაგროვა. სათემო ორგანიზაცია კვანჭიანებს მალე, ახალ, ოროთახიან სახლს აუშენებს (სველი წერტილით), რომელიც შშმ პირისთვის იქნება ადაპტირებული.

უკვე მოასწრეს 72 წლის ვალიდა აფრასიძის დახმარებაც სოფელ ეცერში. მასპინძელი აშკარად არ ელოდა იმდენ სტუმარს, ადრე დილით სათემოს წევრი ახალგაზრდები ხარებით, გუთნითა და თოხებით შეიარაღებულები რომ დაადგნენ. მთელი დღე იმუშავეს. ხარებს რუსლანი მიუძღოდა, გუთნის ჭერაში დათო და თემური ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. ნინო, ლალი, თამარი, რაშიბო და თამთა თან მიწას აფხვიერებდნენ, თან კარტოფილსა და ლობიოს თესავდნენ, ზაური ბოსტანს ეკალ-ბარდისგან ასუფთავებდა, ყველა ერთად კი მღეროდა - ეცერის ქვედა უბნიდან, რომელიც ხალხისგან თითქმის სრულადაა დაცლილი, მთელი დღე სვანური და ქართული სიმღერები ისმოდა.

„მსმენია, რომ უცხოელები აკეთებენ ამას. ტონისთან მოდიოდნენ მოხალისეები, ჩამოივლიდნენ ხოლმე და ვისაც სჭირდებოდა, ეხმარებოდნენ. მე ჩემს სახლში ასეთ ბედნიერებას არ მოვსწრებივარ. უაღრესად ამაყი და ბედნიერი ვარ დღეს, ზღაპარში მგონია თავი“, - ნამდვილ სტუმრებს მასპინძელიც ნამდვილი დახვდათ. ახალგაზრდები ჩქარობდნენ - კომენდანტის საათამდე სახლებში მიესწროთ, მაგრამ ვიდრე ეზოში დანთებულ ცეცხლზე დედალი არ მოიხარშა, სვანურ ღუმელში ხაჭაპური და კუბდარი არ დააცხო, წმინდა გიორგის მფარველობის, საქართველოს სადღეგრძელოები და დაღუპულთა შესანდობარი არ თქვეს, სოფლიდან არ გაუშვა.

ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაცია სამოქალაქო აქტივობების ცენტრის მხარდაჭერით დაფუძნდა. სამოქალაქო აქტივობების ცენტრი საქართველოში აშშ-ს საელჩოს დახმარებით ახორციელებს მთაში ახალგაზრდების გაძლიერების ხელშეწყობის პროექტს, რომლის მიზანია მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობის პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობა.

ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაციაში გაწევრიანება შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს, რომლებიც ორგანიზაციის მიზნებს იზიარებენ. გასაწევრიანებლად უნდა შეავსოთ ანკეტა და გაგზავნოთ, ან მიწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში