საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

რას დაპირდა ეკონომიკის მინისტრი ხევსურეთის მოსახლეობას

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:51 - 28 აგვისტო 2019 hits 5873

უშუქოდ დარჩენილ სოფლებში მზის ელექტროსადგურების დამონტაჟება. იქ, სადაც ძველი ჰესები არსებობს, რეაბილიტაცია ან ახლის აშენება. ცვლილებები მიკროგრანტების სახელმწიფო პროგრამაში მესაზღვრეების მონაწილეობის დაშვების მიზნით, რაც აქამდე შეზღუდული იყო - შატილსა და როშკაში მყოფმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ადგილობრივებს რამდენიმე დაპირება მისცა.

„სხვადასხვა სოფელში სხვადასხვა გადაწყვეტით მივდივართ, ზოგან მზის პანელები გვაქვს, ზოგან მიკრო ჰესები. როშკაში ახალი მიკროჰესია ასაშენებელი. რაც ახლა მუშაობს, ამორტიზებულია. მომავალ წელს ახალი ჰესის პროექტირებას დავიწყებთ. თუ პროექტმა დაგვანახა, რომ ამის შესაძლებლობას წყალი იძლევა, გაისადვე დავიწყებთ მშენებლობას. მანამდე კი არსებულ ჰესზე ტურბინას შევცვლით. მთავრობას გამარტივებული შესყიდვის თხოვნით მივმართავთ, რათა საამისოდ დიდი დრო არ დაგვჭირდეს და იქ მომუშავე კომპანიამ (იგულისხმება შატილში ახალი ჰესის მშენებელი კომპანია) იყიდოს ახალი ტურბინა, ჩამოიტანოს, დაამონტაჟოს. თუ ამინდი ხელს შეგვიწყობს, ყველანაირად ვეცდებით, რომ ეს სამუშაო ნოემბრამდე დასრულდეს“, - განაცხადა თურნავამ. მისივე თქმით, 200 კვტ დადგმული სიმძლავრის მცირე ჰიდროელექტროსადგური - „ბიტეხი 1 ჰესი“ შენდება შატილში, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის ზრდასაც.

„შატილი ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. აქ ვახორციელებთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას, მათ შორის მიკროჰესის მშენებლობის პროექტს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჰესი ნოემბრისთვის ჩართული იყოს“, - აღნიშნა მინისტრმა.

უშუქოდ დარჩენილ სოფლებში მზის ბატარეების დამონტაჟებასთან დაკავშირებით კი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, რომელიც ხევსურეთში თურნავასთან ერთად იმყოფებოდა, აღნიშნა, რომ პროგრამის პირველი ეტაპი მხოლოდ მუდმივად მცხოვრებ ოჯახებს შეეხება, რომელთა სიაც მუნიციპალიტეტებისა და USAID-ის დახმარებით შეიქმნა. მეორე ეტაპზე კი, სახელმწიფომ შესაძლოა, მზის ბატარეები დროებით მცხოვრები ოჯახებისთვისაც გაითვალისწინოს. მინისტრის მოადგილემ ვერ დააკონკრეტა, მეორე ეტაპი როდის შეიძლება დაიწყოს.

„ჩვენ ვთხოვეთ გუბერნატორებს, მუნიციპალიტეტების მეშვეობით გადაემოწმებინათ USAID-ის მიერ მოწოდებული სია და თუ ვინმე მუდმივად მაცხოვრებელია გამორჩენილი, ამის შესახებ უნდა მოეცათ ინფორმაცია. ჩვენ სია განვაახლეთ, თითქმის ყველა დასახლებაში იყო ოჯახები გამორჩენილი“, - განაცხადა მზია გიორგობიანმა.

მიკრო და მცირე გრანტები იყო კიდევ ერთი თემა, რომელზეც მინისტრმა თურნავამ ხევსურეთში ისაუბრა. მან მოსახლეობას მოუწოდა, ისარგებლონ მიკრო და მცირე გრანტების პროგრამით, რომელსაც მთავრობა წელს დაიწყებს. მისი თქმით, გრანტები შეიძლება გაიცეს სხვადასხვა მიზნით - საოჯახო სასტუმრობის მოწყობის, მესაქონლეობის, მცირე მეურნეობებისა და სუვენირების წარმოების დასაწყებად. მისივე ინფორმაციით, გრანტის მაქსიმალური თანხა გაიზრდება და წინა წლებისგან განსხვავებით 15 000-ის ნაცვლად 30 000 ლარის გაცემა იქნება შესაძლებელი. ბიზნესგეგმების მიღება სავარაუდოდ, სექტემბრიდან დაიწყება.

როშკაში თურნავას შესჩივლეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს მიკრო და მცირე გრანტების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის უფლება არ აქვთ, არადა, ხევსურეთში მუდმივად მცხოვრებთაგან უმრავლესობა სწორედ მესაზღვრედ მუშაობს.

„ჩვენ შეიძლება, რაღაც საგამონაკლისო წესი დავუშვათ, კონკრეტულად საზღვრისპირა დასახლებებისთვის. აქ ობიექტური რეალობაა, რომ თქვენ შეიძლება პროექტი გრანტზე წარადგინოთ არა იმიტომ, რომ სასაზღვრო დეპარტამენტის თანამშრომელი ხართ, არამედ იმიტომ, რომ აქ გინდათ, რაღაც გაკეთდეს. იმ პირობით, რომ ტერიტორიულად საზღვრისპირა რეგიონია და აქ უმრავლესობა არის საჯარო მოხელე, შეიძლება დავუშვათ გამონაკლისი. მე ამ ინფორმაციას წავიღებ და მოვიფიქრებთ, როგორ გავაკეთოთ“, - განაცხადა მინისტრმა.

კიდევ ერთი საკითხი, რაც მიკროგრანტების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისას მთაში მაცხოვრებლებს პრობლემებს უქმნის, არის ის, რომ ადგილობრივებს მიწა ან სახლი საკუთრებაში არ აქვთ.

„სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისას შესაძლოა, მიწის დაურეგისტრირებლობა პრობლემა იყოს. ამასთან დაკავშირებით ძალიან კარგი იდეა გამოთქვა მხარის გუბერნატორმა. კერძოდ, რომ მაღალმთიან, საზღვრისპირა სოფლებში შესაძლოა, დავუშვათ გამონაკლისი, სპეციალური წესი, რომ ვიდრე მიწა საკუთრებაში დარეგისტრირდება, სხვა ტიპის მაიდენტიფიცირებელი ბაზა გამოვიყენოთ, მაგალითად ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარდგინების საფუძველზე, რომელიც დაადასტურებს, რომ ნამდვილად, ფიზიკურად აქ არის“, - თქვა ნათია თურნავამ. 

მინისტრი ადგილობრივებს ასევე დაპირდა, რომ ტურიზმის დეპარტამენტის ჩართულობით მსურველები საკომუნიკაციოდ, უცხო ენების შესასწავლად 3 თვიანი კურსების გავლასაც შეძლებენ. 

როშკაში გამართულ შეხვედრაზე ითქვა, რომ არხოტის ხეობის სოფელ ახიელში ამბულატორია აშენდება და მიკროჰესის ტურბინასაც შეცვლიან. „უკვე მოვნახეთ გოგო ახიელიდან, რომელსაც ექთნის განათლება აქვს და ამჟამად თბილისში მუშაობს. როდესაც ახიელში ამბულატორია აშენდება, სოფლის ექთნად  დავნიშნავთ და ის აქეთ გააგრძელებს ცხოვრებას და საქმიანობას. ბარისახოს ამბულატორიის რეაბილიტაცია კი წელს გვაქვს დაგეგმილი“, - აღნიშნა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ.

შატილსა და როშკაში მოსახლეობასთან შეხვედრისას ეკონომიკის მინისტრი ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტსაც შეეხო.

„უკვე რამდენიმე კვირაა, როშკაში სატესტო რეჟიმში ჩავრთეთ და საკმაოდ კარგი ხარისხით მუშაობს. ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ინტერნეტი დღეს ყველაფერია. თუ ბავშვების განათლება გვინდა, ისინი მსოფლიო განათლების სისტემას, ინფორმაციას, სიახლეებს არ უნდა იყვნენ მოწყვეტილები. თქვენ ძალიან დიდი ტურისტული პოტენციალი გაქვთ“, - თქვა მინისტრმა და ინტერნეტიზაციის პროქტში აქტიური ჩართულობისა და საქმის ბოლომდე მიყვანისთვის არასამთავრობო ორგანიზაციებს და დონორებს მადლობა გადაუხადა:

„ისე არ გამოვიდეს, რომ ეს ინტერნეტი მხოლოდ ჩვენი გაკეთებულია. კი, სამინისტრომ გამოყო 250 000 ლარამდე ამისთვის, მაგრამ ძალიან დიდი როლი შეასრულეს ჩვენმა არასამთავრობოებმა, ჩვენმა დონორებმა, მათ შორის ჩეხეთის საელჩომ. რომ არა თქვენი ჩართულობა, ჩვენ სურვილი კი გვექნებოდა, მაგრამ ბოლოში ამას ვერ გავიყვანდით. ვიცი, რომ ჩვენ კიდევ გვაქვს ერთობლივი გეგმები“.

ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში ინტერნეტით 76 სოფელი დაიფარება, მათ შორის 20-ზე მეტი ისეთი სოფელია, სადაც სატელეფონო კავშირი არ არის.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში