საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

არხოტს რამდენიმე დღეში ინტერნეტი და სატელეფონო კავშირი ექნება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:39 - 30 ივლისი 2019 hits 14265

„მთის სათემო ქსელის“ წარმომადგენლებმა პირიქითა ხევსურეთში, არხოტის ხეობაში ინტერნეტიზაციის ძირითადი სამუშაოები და ანძების დადგმა დაასრულეს. რამდენიმე დღეში, არხოტის სამივე საზღვრისპირა სოფელში - ახიელში, ჭიმღასა და ამღაში ინტერნეტი და სატელეფონო კავშირი პირველად გახდება ხელმისაწვდომი.

„15 კილომეტრს გავდივარ ფეხით, მეუღლესთან და შვილებთან რომ დავრეკო. აბა, აქ სკოლა არ არის და ბავშვებს არხოტში უსწავლელს ვერ დავტოვებ. ისინი დედოფლისწყაროში არიან. ზამთარში დასარეკში წასასვლელად ამ მანძილის გავლა ძალიან რთულია, მაგრამ თვეში ერთხელ მაინც, როგორმე უნდა დავუკავშირდე ოჯახს, ამბავი გავიგო“, - ამბობს ჯარჯი ცისკარაული, ახიელში მცხოვრები.

ვისაც ჯანმრთელობა ხელს არ უწყობს, რომ დასარეკად 15 კილომეტრი ფეხით იარონ, ბარში მყოფ ნათესავებს წერილით ეკონტაქტება. წერილს მესაზღვრეებს ატანენ, რომლებიც ორ კვირაში ერთხელ იცვლებიან. სასაზღვრო პოლიციას მესაზღვრეები ვერტმფრენებით გადაჰყავს, რადგან ოქტომბრიდან ივლისამდე არხოტთან დამაკავშირებელი ერთადერთი სამანქანო გზა დაკეტილია.

ინტერნეტი და სატელეფონო კავშირი არც მესაზღვრეებს აქვთ: „არსად იჭერს აქ ტელეფონი. ბარში მეუღლე და ორი შვილი მყავს, პატარები. კავშირი რომ იყოს, მოიკითხავ და დაწყნარებული იქნები, სამსახურებრივ მოვალეობას უკეთესად შეასრულებ. მოტივაციაც გაიზრდება, ახალგაზრდებმა აქ რომ იმსახურონ“.

მთის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტის დირექტორის უჩა სეთურის თქმით, „მთის სათემო ქსელი“ ინტერნეტს ტერღას და ტანიეს საგუშაგოებსაც მიაწვდის.

ფშავ-ხევსურეთის სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და მოხალისეებმა, არხოტის უღელტეხილზე ანძა ზღვის დონიდან 3000 მეტრზე დადგეს, ე.წ. ზეთუკას მთაზე კი 2700 მეტრზე. „ყველაფერი გათვლილი გვაქვს, რომ ზამთარში, დიდთოვლობის, ქარის, ნამქერის ან ყინვის დროს, ანძებსა და აპარატურას პრობლემები არ შეექმნას“, - აღნიშნავს უჩა სეთური.

ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტს „მთის სათემო ქსელი“ (ფშავ-ხევსურეთის სათემო ორგანიზაცია) საქართველოს მთავრობის, ამერიკული ორგანიზაცია „ინტერნეტსაზოგადოების“ (ISOC), საქართველოში ჩეხეთის საელჩოსა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ახორციელებს. მთის სათემო ქსელს განსაკუთრებულ დახმარებას უწევს სასაზღვრო პოლიცია. რთულად მისადგომ ადგილებში ტექნიკური ჯგუფისა და აპარატურის ტრანსპორტირება ვერტმფრენებით ხდება.

პირაქეთა ხევსურეთისა და უკანაფშავის 20-მდე სოფელში უსადენო ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია, შატილის თემის სოფლებში ინტერნეტიზაციის სამუშაოები კი აგვისტოდან დაიწყება.

მთის ინტერნეტით მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები 496 ოჯახი, 1291 მუდმივი მცხოვრები ისარგებლებს. ფიზიკური პირებისთვის წამში 10 მეგაბიტი სიჩქარის ინტერნეტის ყოველთვიური ღირებულება 25 ლარია, იმაზე იაფი, ვიდრე თბილისშია. Wi-fi ინტერნეტი ხელმისაწვდომი იქნება დათვიჯვრისა და არხოტის უღელტეხილებზეც.

პროექტი ითვალისწინებს ფიქსირებული IP სატელეფონო ქსელის მოწყობასაც 50 აბონენტისთვის. ფშავ-ხევსურეთ-გუდამაყრის ხეობის ინტერნეტიზაცია სექტემბერში უნდა დასრულდეს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში