საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ხევსური ახალგაზრდის ღია წერილი ხელისუფლებას - ვადა 15 აგვისტომდეა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:51 - 23 ივნისი 2019 hits 27063
ფოტო: TeteshKa Photography
საზოგადოება
ფოტო: TeteshKa Photography

25 წლის გიორგი ჭინჭარაული, რომელიც მეოთხე წელია რაც თბილისიდან პირიქითა ხევსურეთში, შატილში გადავიდა საცხოვრებლად, ღია წერილით მიმართავს მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორს შალვა კერესელიძეს, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერს, ზურაბ სეხნიაშვილს. ხევსური ახალგაზრდები ხელისუფლებას 15 აგვისტომდე სთხოვენ სამოქმედო გეგმის წარდგენას - შატილის ელექტროენერგიით მომარაგებასთან და მთაში მამაპაპისეული მიწების საკუთრებად რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაწყვეტად.

ღია წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„გუბერნატორ შალვა კერესელიძისა და პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის დანაპირები, როგორც ყოველთვის, დაპირებად დარჩა. შატილში კიდევ ერთ და ვინ იცის კიდევ რამდენ ზამთარს გავატარებთ უშუქოდ.

4 წლის წინ, როდესაც ჰესი გაფუჭდა, ჩვენდა საბედნიეროდ, საპარლამენტო არჩევნები დაემთხვა და იმ ზამთარს, შატილში გენერატორი გადმოიტანეს საწვავის მარაგით. მართალია არასაკმარისი დენი იყო, მაგრამ ყოველ საღამოს 4 საათით მაინც გვქონდა. მას შემდეგ სამი წელი გავიდა და შატილი აღარავის გახსენებია, გარდა, შარშან პრემიერ-მინისტრის სტუმრობისა და მისი არაფრისმომცემი დაპირებებისა. ასევე, შალვა კერესელიძის რამდენიმე ვიზიტისას დავინახეთ მისი არაკომპეტენტურობა და არსებითი საკითხების გულწრფელი განხილვის ნაცვლად, ტრაფარეტული და უტოპიური იდეები ქარის ელექტროსადგურებსა და ნორვეგიული კალმახის მოშენებაზე. ასევე, ჩვენს მერს, ზურაბ სეხნიაშვილს საერთოდ არ აინტერესებს არც ეს ხეობები, არც მოსახლეობა.

როცა ერთ-ერთმა მუცოელმა გუბერნატორსა და მაია ცქიტიშვილს სთხოვა, რამე ეღონათ თბილისი-შატილის რეისზე დანიშნულ მარშუტკასთან დაკავშირებით, რომ ის მუცომდეც ასულიყო, რადგან იმ ხეობიდან ადგილობრივებს შატილში ჩამოსვლა უძნელდებათ, სატელეფონო კავშირის უქონლობის გამო ვერც ადგილებს ჯავშნიან და ხშირად, ჩამოსულებიც ვერ ახერხებენ მარშუტკით ბარში წასვლას, სეხნიაშვილმა ადგილობრივი ორჯერ გააჩერა და უთხრა, რომ ეს მას ეხება, უშუალოდ რაიონის ხელმძღვანელობას და ამას თავად მიხედავდა. მიკროავტობუსი შატილს ისევ არ გასცდენია!

როცა არხოტში ჩადიხარ, მოსახლეობისთვის რაღაც მათხოვრული ჰუმანიტარული დახმარების გადასაცემად და ადგილზე ჩასული კითხულობ „სადა ვარ, ეს რა ადგილიაო“, კუთხე, რომელზეც სამსახურებრივად პასუხისმგებლობა შენ გეკისრება და ვერ იგებ სად ხარ, ერთი კითხვა მიჩნდება - სად ხართ ბატონო ზურაბ? ვინ ხართ და რას წარმოადგენთ გააზრებული თუ გაქვთ? თქვენს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულ ხეობას, არხოტს რომ ვერ იგებთ, წადით სახლში. დაუთმეთ თქვენი სავარძელი უფრო ენერგიულ, მოტივირებულ ახალგაზრდას, რომელსაც მოსახლეობასთან კომუნიკაციის უნარი მაინც ექნება.

შატილი, ოცდაათამდე ადამიანით, ყველაზე მრავალრიცხოვანი სოფელი პირიქითა ხევსურეთში, 21-ე საუკუნეში ელექტროენერგიას 4 წელია ითხოვს. სტრატეგიული სოფელი, სადაც პირიქითა ხევსურეთის ერთადერთი სკოლა-პანსიონი და ექიმი მუშაობს, რომელსაც ზაფხულობით უამრავი უცხოელი და ქართველი ვიზიტორი სტუმრობს, ოთხი წელია, ზამთარში ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. რატომ უნდა მქონდეს მე სახელმწიფოს იმედი რამეში? რატომ უნდა სჯეროდს ხალხს თქვენი?!

ინამუსეთ და ავარიული, ლამით ამოვსებული სათავო ნაგებობა მაინც გაწმინდეთ, რომ ამ ზამთარს ელექტროენერგიით უზრუნველყოფის მცირე შანსი მაინც გვქონდეს. თუ ახალი ჰესის მშენებლობას მომავალი წლის არჩევნებისთვის ინახავთ და ზამთრისთვის ძველსაც სათანადოდ ვერ მოამზადებთ, მოვითხოვთ:

სოფლის მომარაგებას საკმარისი შეშით და საწვავით. სოფელში, სადაც არიან ჩამოსული მასწავლებლები, მარტოხელა მოხუცები, ბარიდან ერთი რეისი შეშის ამოტანის ღირებულება 900 ლარიდან იწყება. იმის გამო, რომ შატილი დაცული ტერიტორიების ზონაშია, შეზღუდული გვაქვს ხის მოჭრა.

არ გვინდა გუბერნატორისა და მერის მიერ მოტანილი რამდენიმე კილოგრამი მაკარონი და წიწიბურა, არც ტკბილეულითა თუ ერთი ბოთლი ღვინით ჩვენი მომადლიერება და პოპულისტობა, მითუმეტეს როცა ათასობით ლარი იხარჯება თითო გადაფრენა გადმოფრენაში. მოვითხოვთ არსებითი საკითხებით დაინტერესებას, ეს თქვენს ინტერესებშიც უნდა შედიოდეს!

მაინც განამუსებთ, მაინც... თუ არადა, მოვა დრო და აქ რომ მოხვალთ ხალხთან შესახვედრად, გარეთ არავინ გამოვა. ვინ იცის, ისეც მოხდეს, რომ ზაფხულში ხევსურეთის სამანქანო გზაც დაიკეტოს. ჯერ გელოდებით რას მოიმოქმედებთ, მამაპაპისეული, საგვარეულო მიწების რეგისტრაციის უფლებას მოგვცემთ თუ არა. ხევსური ხალხი წინააღმდეგია ინფრასტრუქტურული სამუშაოებისა, გზისა, ჰესისა და ა.შ., თუ ჩვენ ხელში არ გვექნა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

პირდაპირ გეუბნებით, აგვისტოს 15-მდე ძვრა თუ არ იქნა, ჩვენ, ხევსური ხალხი მთიდან და ბარიდან, უღელტეხილზე დავცემთ კარვებს და კანონიერი გზით მშვიდობიან აქციას მოვაწყობთ.

 

ამ თემაზე:

რას სთხოვს ხევსურეთში დაბრუნებული ერთადერთი ახალგაზრდა მთავრობას

შატილში ჰესის მშენებლობაზე ტენდერი ჩაიშალა, მოსახლეობა ზამთარში ისევ უშუქოდ დარჩება

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში