საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

შატილში ჰესის მშენებლობაზე ტენდერი ჩაიშალა, მოსახლეობა ზამთარში ისევ უშუქოდ დარჩება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:15 - 09 ივნისი 2019 hits 9391

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შატილში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა. სატენდერო პირობების მიხედვით, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი 200 კვ. დადგმული სიმძლავრის „ბიტეხი 1“ ჰესის მშენებლობას მდინარე არღუნზე გეგმავს. პროექტის ბიუჯეტი 3 089 000 ლარია. ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მხოლოდ შატილს უნდა მოხმარდეს.

შატილში ჰესის მშენებლობაზე ტენდერი 15 აპრილს გამოცხადდა. თავდაპირველად წინადადებების მიღების ბოლო ვადა 6 მაისი იყო.

ჰესის მშენებლობასთან ერთად, პროექტი შატილში 750 მეტრი სიგრძის ელექტროხაზის მშენებლობას ითვალისწინებს. ასევე, უნდა მოხდეს „ბიტეხი 1“-ის მიერთება შატილის მცირე ჰიდროელექტროსადგურთან. კომპანიამ ტრენინგი უნდა ჩაუტაროს ორ ადგილობრივ პირს, რომლებიც სადგურს ოპერირებას გაუწევენ. ჰესის მშენებლობა და ექსპლუატაციაში შესვლა 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა დასრულებულიყო. შესრულებული სამშენებლო სამუშაოების საგარანტიო ვადა 2 წელია.

ტენდერში მონაწილეობის მიღებით ორი კომპანია დაინტერესდა, შპს „ფერი“ და შპს „გროს ენერჯი ჯგუფი“.

„შატილში მისასვლელი გზა ტენდერის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე გაიხსნა. მხოლოდ მაშინ მოგვეცა ადგილზე ვიზიტისა და ტერიტორიის შესწავლის შესაძლებლობა, რაც აუცილებელია სრულფასოვანი სატენდერო წინადადების მოსამზადებლად. ამავე დროს, აგრეგატების მომწოდებლებთან მოლაპარაკების წარმოება გარკვეულ დროს მოითხოვს“, - ამ მიზეზებით, შპს „ფერის“ წარმომადგენელმა კახაბერ შევარდნაძემ სატენდერო წინადადების წარდგენის ვადის გაზრდა ითხოვა 2 კვირით, რაც დაკმაყოფილდა და 20 მაისის ჩათვლით გაგრძელდა.

ტენდერი მაინც არ შედგა. მასში მონაწილეობა არავინ მიიღო. კახაბერ შევარდნაძის განმარტებით, მათ აგრეგატების პოტენციური მომწოდებლებისგან მიიღეს შეთავაზება, რომელიც გულისხმობს აგრეგატების დაპროექტების, დამზადებისა და მოწოდების ვადას - 13 თვეს. კომპანია „ფერმა“ ენერგეტიკის განვითარების ფონდს ჰესის მშენებლობის ვადის გაგრძელება სთხოვა.

29 მაისს, ენერგეტიკის განვითარების ფონდმა, შატილში ჰესის მშენებლობაზე ტენდერი განმეორებით გამოაცხადა, იგივე ფასით. წინადადებების მიღება 14 ივნისს დაიწყება და 19 ივნისს დამთავრდება.

ცვლილებები შევიდა სატენდერო დოკუმენტაციაში. გაიზარდა სამშენებლო სამუშაოებისთვის დადგენილი ვადა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ჰესის მშენებლობა და ამუშავება 2020 წლის სექტემბრის ბოლომდე უნდა უზრუნველყოს. შემცირდა პრეტენდენტის გამოცდილებისთვის დადგენილი ვადა, 10 წლიდან 5 წლამდე.

კითხვაზე - რატომ ღირს 200 კვ. დადგმული სიმძლავრის ჰესის მშენებლობა ასე ძვირი, ენერგეტიკის განვითარების ფონდის სატენდერო კომისიის აპარატის მდივანი გიორგი კაკუშაძე განმარტავს, რომ ფონდმა პირველი ტენდერის გამოცხადებამდე ბაზრის კვლევა ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობა სამმა კომპანიამ მიიღო და შემდეგი ფასები შესთავაზეს: გროს ენერჯი ჯგუფი (საქართველო) 850 000 აშშ დოლარი; Hydro Power Generation srl (იტალია) 1 490 000 ევრო; Mokrohes Ar-Ge Inovasyon LTD. Sti (თურქეთი) 1 488 834 ევრო: „ამის გათვალისწინებით შესყიდვის ობიექტის საორიენტაციო ღირებულებად განისაზღვრა 3 089 000 ლარი“.

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი სახელმწიფოს 100 %-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული სააქციო საზოგადოებაა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მართავს.

შატილში არსებული მცირე ჰესი, რომელიც მდინარე შატილურაზე დგას, სიძველისგან დაზიანებულია. ზამთარში საკმარისი რაოდენობის წყალი არ მიეწოდება და ვეღარ მუშაობს. ბოლო 2 წელია შატილის მოსახლეობა მთელი ზამთარი თითქმის უშუქოდაა დარჩენილი. დილა-საღამოს მხოლოდ 1-2 საათით აქვთ სინათლე. ხშირად რამდენიმე დღე ან კვირა შუქი საერთოდ არ აქვთ. 2018 წლის ნოემბერში ხელისუფლებამ საზღვრისპირა სოფელი არც საწვავით მოამარაგა, რომ შატილში არსებული აგრეგატი საღამოობით მაინც ჩაერთოთ. შატილში წელს 30-მდე ადამიანმა გამოიზამთრა, მათ შორის არიან ბავშვები და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შატილის სკოლაში სამუშაოდ ჩასული მასწავლებლები.

შატილის თემში კიდევ რამდენიმე საზღვრისპირა სოფელია, სადაც ადამიანები ჯერ კიდევ ცხოვრობენ, თანაც მუდმივად - მუცო, არდოტი, ანდაქი და ხონე. შუქი მხოლოდ მუცოში მცხოვრებ სამ ოჯახს აქვს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში