საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ვარლამ გოლეთიანი ქუთაისის ტრადიციული მუსიკის სკოლიდან გაათავისუფლეს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22:31 - 07 ოქტომბერი 2022 hits 17105

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ხელმძღვანელი ვარლამ გოლეთიანი ქუთაისის ტრადიციული მუსიკის სკოლიდან გაათავისუფლეს. გოლეთიანი ამ სკოლაში გალობის ისტორიის მასწავლებლად 2020 წლის სექტემბრიდან მუშაობდა.

სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად, ააიპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი ვაჟა ჯუღელი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლას უთითებს. სკოლაში აღნიშნული პოზიცია არ გაუუქმებიათ და ამჟამად ვაკანტურია.

ვარლამ გოლეთიანს ქუთაისის სასულიერო აკადემია და სემინარია აქვს დამთავრებული. ის თეოლოგიის ბაკალავრია. ტრადიციული მუსიკის სკოლისთვის მანვე შექმნა სასწავლო პროგრამა.

„ჯერ სწავლა არ იყო დაწყებული. 7 სექტემბერს დამიბარეს მერიის შენობაში, სადაც ამ ააიპ-ის ოფისიც არის განთავსებული. ორგანიზაციის დირექტორი ვაჟა ჯუღელი შემხვდა. თავიდან შემომთავაზეს, გათავისუფლებაზე განცხადება მე თვითონ დამეწერა, რომ სიტუაცია თუ შეიცვლებოდა, ალბათ, დირექტივა თუ შეიცვლებოდა, უფრო ადვილად დამაბრუნებდნენ.

ჩავეძიე, ვინ დაგავალათ მეთქი ამ გადაწყვეტილების მიღება და მპასუხობდნენ, შენც ხომ იცი, რატომ და როგორც არისო.

არაფორმალურ საუბარში მითხრეს, რომ გუბერნიიდან მიიღეს ეს დავალება. პირადად იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის დავალებაა ჩემი გათავისუფლება. ნამოხვანის ჰესების წინააღმდეგ აქტიურობის გამო გამიშვეს სამსახურიდან. სხვა არანაირი მოტივი არ ჰქონდათ.

მითხრეს, მაშინაც პრობლემა იყო, როცა ვაქტიურობდი, მაგრამ მაშინ იმიტომ არ გაგიშვეს, რომ მედია ამბავს ატეხდა, ახლა კი ხელსაყრელ მომენტად მიიჩნიეს.

სამსახურის უფროსს ვუთხარი, რომ გათავისუფლებაზე განცხადებას მე არ დავწერდი. ამიტომ, თვითონ გამოსცეს ბრძანება“, - უთხრა ვარლამ გოლეთიანმა „მთის ამბებს“.

გოლეთიანი ამბობს, რომ „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ 600 დღიანი აქტიური პროტესტის პერიოდშიც კი ცდილობდა, გაკვეთილები არ გაეცდინა: „პანდემიის დროს, როცა დისტანციური სწავლება იყო, სადაც კარავი გვქონდა გაშლილი, იქიდან ვატარებდი გაკვეთილებს - ჟონეთიდან, გუმათიდან. დისტანციური სწავლება რომ არ ყოფილიყო, „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ პროტესტში მონაწილეობის გამო, ალბათ, ვერ შევძლებდი მასწავლებლად მუშაობის გაგრძელებას. ერთი პერიოდი მე თვითონ ვფიქრობდი, რომ წამოვიდოდი სკოლიდან, მაგრამ მომწონს ეგ საქმე და მაქსიმალურად ვცდილობდი, სამსახურს არ მოვწყვეტოდი. კვირაში ორი გაკვეთილის ჩატარება მიწევდა. მთელ ამ პერიოდში, მხოლოდ რამდენიმე გაკვეთილი ვერ ჩავატარე. არანაირი საყვედური ან რაიმე სხვა ზომა არ გამოუყენებიათ ჩემს მიმართ“, - აღნიშნავს ვარლამ გოლეთიანი. მისი ყოველთვიური ხელფასი 470 ლარი იყო.  

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ სამსახურიდან დისკრიმინაციული საფუძვლით გაათავისუფლეს. გოლეთიანი აპირებს, საქმის შესწავლის თხოვნით საქართველოს სახალხო დამცველს მიმართოს. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მან უკვე შეიტანა სარჩელი, რომლითაც გათავისუფლების თაობაზე ბრძანების გაუქმებას, სამსახურში აღდგენას და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურებას ითხოვს.

„მთის ამბებს“ რამდენიმე წყარომ ქალაქ ქუთაისის მერიიდან და იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციიდან დაუდასტურა, რომ ვარლამ გოლეთიანი სამსახურიდან ზვიად შალამბერიძის დავალებით გაათავისუფლეს.

„მთის ამბები“ მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა ააიპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორთან, ქუთაისის მერიის პასუხისმგებელ პირებთან და იმერეთის გუბერნატორთან დაკავშირებას, თუმცა მათგან განმარტება ვერ მივიღეთ.

მოძრაობამ „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ნამოხვანის ჰესების კასკადის წინააღმდეგ გამოსვლები 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო.

ნახეთ „მთის ამბების“ პირველი რეპორტაჟი - რიონის ხეობის დარაჯები

ბოლო წლების განმავლობაში, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა თვითორგანიზებული ჯგუფის მიერ დაწყებულ მოძრაობას ათასობით ადამიანი შეუერთდა და პროტესტი უწყვეტი სახით 20 თვის განმავლობაში გაგრძელდა.

ნამოხვანის ჰესების კასკადი ორ ჰესს მოიცავს - „ზემო ნამახვანი ჰესს“ 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და „ქვემო ნამახვანი ჰესს“ - 324 მგვტ დადგმული სიმძლავრით. „ზემო ნამახვანი ჰესის“ კაშხლის აშენება დაგეგმილია სოფელ ტვიშის მიმდებარედ. კაშხლის სიმაღლე 56 მეტრია. ჰესისთვის დაახლოებით 1000 ჰექტარი ტერიტორია დაიტბორება. „ქვემო ნამახვანი ჰესის“ სათავე ნაგებობისთვის 105 მეტრი სიმაღლის კაშხლის მშენებლობაა დაგეგმილი სოფელ ნამოხვანის ზემოთ, მდინარე რიონის ვიწრო ხეობაში. აქ 500 ჰექტარზე მეტი იტბორება. „ქვემო ნამახვანის ჰესისთვის“ დაგეგმილია 4 400 მეტრის გვირაბის მშენებლობა (დიამეტრი 9 მეტრი), რომელშიც მდინარე რიონს მოაქცევენ.

რატომ ითხოვს „მწვანე ალტერნატივა“ ნამოხვანის ჰესების მშენებლობაზე ნებართვის გაუქმებას

საქართველოს მთავრობამ ინვესტორ კომპანიას ჰესების მშენებლობისთვის რიონის ხეობაში 600 ჰექტარზე მეტი ფართობი გადასცა, 300-ჰექტრამდე საკუთრებაში, დანარჩენი 99 წლიანი იჯარით, 16 ლარად. კომპანიას ხეობის დიდი ნაწილი იქამდე გადაეცა, ვიდრე ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზე ნებართვები გაიცემოდა. ჯერ კვლევებიც კი არ არსებობდა, შეიძლებოდა თუ არა საერთოდ ამ ტერიტორიაზე გიგანტური ჰესის მშენებლობა.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ თავის წინააღმდეგობას მოსალოდნელი საფრთხეებით და მთავრობასა და ინვესტორს შორის დადებული ხელშეკრულების კაბალური პირობებით ხსნიდა.

იუსტიციის სამინისტროს უარყოფითი და გასაიდუმლოებული დასკვნა „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულებაზე

ჰესების კასკადის მშენებლობაზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები და ნებართვები ადგილობრივ მცხოვრებლებსა და  „მწვანე ალტერნატივას“ სასამართლოში აქვთ გასაჩივრებული. ორი წლის წინ შეტანილი სარჩელის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ დრომდე არ დაუწყია.

თურქულმა კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ საქართველოს მთავრობას გასული წლის სექტემბერში აცნობა, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტის განხორციელებაზე უარს ამბობდა და 2019 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებას წყვეტდა.

2022 წლის აპრილში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ „ნამახვანჰესი“, „ნენსკრაჰესი“ და „ხუდონჰესიც“ სახელმწიფოს მონაწილეობით უნდა აშენდეს.

 

ამ თემაზე:

როგორ (ვერ) ჭყლეტს რიონის ხეობის დარაჯებს სახელმწიფო

უარი ნამახვანჰესს - მრავალათასიანი აქციის ულტიმატუმი მთავრობას

ნამოხვანის ბლოკადა

„ნამახვანი ჰესის“ ისტორია - რა არის მთავარი პრობლემა

50-მდე სპეცრაზმელი რიონის ხეობის ერთი მცველის დასაკავებლად - სპეცოპერაცია სვანების უბანში

რატომ არ შეესაბამება „ნამახვანი ჰესის“ პროექტი ევროპულ კანონმდებლობას

რა ხდება ნამახვანჰესის გარშემო - მედიაციის გაუხმაურებელი დეტალები

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში