საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

რიონის ხეობის დარაჯები

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22:09 - 07 ნოემბერი 2020 hits 45053

კოკისპირულად წვიმს, ტემპერატურა დაეცა, თუმცა მაინც არ ტოვებენ სოფელ ნამოხვანში, მდინარე რიონის ნაპირზე სახელდახელოდ მოწყობილ საგუშაგოს. 25 ოქტომბრიდან ღამეს კარვებში ათევენ. მაკა, მარიტა და ლალი რიონის ხეობის გადარჩენისთვის ბრძოლამ დააკავშირა. არ იშლებიან, ვიდრე ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობა არ შეწყდება და კომპანიის ტექნიკა ხეობას მთლიანად არ დატოვებს.

მაკა

„დაბადებიდან დამყვა ეს პრობლემა. როცა დავიბადე, მაშინ თქვეს, რომ აქ დაიბადა, მაგრამ ნამოხვანჰესის გამო, შეიძლება სხვაგან გაიზარდოს. კომუნისტების დროიდან არის ამ პროექტზე ლაპარაკი.

განსაკუთრებით პრობლემური გახდა წინა ხელისუფლების დროს, 2009 წელს, როდესაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააჟღერა, რომ კორეულ ფირმასთან ჰქონდა მოლაპარაკება ნამოხვანჰესის მშენებლობაზე. მაშინ ინვესტორებმა უარი თქვეს. ალბათ, გამოცდილები იყვნენ და მიხვდნენ, რომ აქ ამის განხორციელება არ შეიძლება. მერე მოიყვანეს თურქული კომპანია, მშენებლობა უნდა დაეწყოთ.

2012 წელს, მაშინდელი ოპოზიცია, დღეს რომ ხელისუფლებაშია, აღშფოთებული იყო, როგორ შეიძლებოდა ასეთი, გიგანტური ჰესების მშენებლობა. გვიგზავნიდნენ ოპოზიციურ ტელევიზიებს, მე-9 არხსა და მაესტროს. გვეუბნებოდნენ, რომ მხარს გვიჭერდნენ. ჩვენი ხმებიც და სიმპატიაც მოიპოვეს. იმ არჩევნების შედეგებს დიდი სიხარულით შევხვდი და ვიფიქრე, რომ ამოვისუნთქე. თურმე ძალიან შევცდი. 

დაიწყო მათი მმართველობა და ისევ დაიწყო ეს ჭირი და სატკივარი. ლამის ოჯახურ ტრაგედიად მექცა.

ჩემი ძმა გარდაცვლილია. მე ოჯახთან ერთად ქუთაისში ვცხოვრობდი, ოთხ შვილს ვზრდიდი. სოფელში მოხუცი დედ-მამა იყვნენ. მათთან ყოველდღიურად მქონდა ურთიერთობა. დედა წუხდა, „მაკა, ისევ მოვიდნენ. მთავაზობენ, რომ გადავსახლდეთ აქედან“.

ერთფურცლიანი კონტრაქტი ჰქონდათ, რომელშიც ეწერა, რომ ესა და ეს თავის საკარმიდამო ნაკვეთსა და სახლს ცვლის 35 კვმ ბინაში, ანაკლიაში ან ლაზიკაში, აუშენებელ ქალაქში. სოფელში თითქმის ყველას ჰქონდა ხელი მოწერილი.

დედა ხელს არ აწერდა. უნდა გაგასახლოთ, სოფელი დაიტბორება, სასაფლაოცო. როგორ დავუშვებდი, რომ დედაჩემისთვის ჩემი ძმის საფლავი მოეთხარათ და ეს ტკივილი მიეყენებინათ. ამისთვის ალბათ თავს შევწირავდი. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი.

კომპანიის წარმომადგენლები მემუქრებოდნენ, თუ კონტრაქტს ხელს არ მოაწერთ, მაშინ სასამართლოში გექნებათო საქმე. არ ვაწერთ ხელს და არ მივდივართ მეთქი აქედან.

2016 წელს, გაურკვეველი მიზეზით სოფელში სახლი დაგვეწვა, ერთ საათში ყველაფერი ჩაიფერფლა. ტრადიციად მქონდა, რომ პირველ იანვარს მეგობრის დაბადების დღეზე ვიკრიბებოდით. 2 იანვარს, სოფელში დედ-მამასთან ამოვდიოდით. პირველში მივედი თუ არა მეგობართან, სოფლიდან დამირეკეს, შენი სახლი იწვის და ვერაფერს ვშველითო. ერთადერთი, რამაც თავში გამიელვა, მშობლები გადამირჩინეთ მეთქი. საათნახევარში უკვე მექვენაში ვიყავი, ჩემს სოფელში. მთავარია მშობლები გადარჩნენ. ნახშირის გროვას უყურებდნენ.

დედაზე ძალიან იმოქმედა, ყველაფერი მის თვალწინ მოხდა. 45 წლის ნაშრომი გაქრა. სახლში შვილის უკანასკნელი ფოტო და ტანსაცმელი ჰქონდა, ყველაფერი დაიწვა.

თავი სახლთან ახლოს შევაფარეთ. ერთი კვირაც არ იყო გასული, კოლონამ გაიარა, 20 ჯიპი მაინც იყო - ინვესტორების, მთავრობის, ისევ ნამოხვანი ჰესის მშენებლობაზე.

დედა დაუძლურდა, ინსულტი დაემართა და მეტყველება დაკარგა. მაშინ ვთქვი, რადაც არ უნდა დამიჯდეს, აქ სახლს ავაშენებ, რომ დედამ დარჩენილი წლები თავის ჭერქვეშ გაატაროს მეთქი.

სამწუხაროდ, დედა გარდაიცვალა. მამა 87 წლის არის. აქ როცა ვარ, მას მარტო ვტოვებ. მამხნევებს, რომ ხეობა გადასარჩენია.

50 წლის ვარ. ყველაზე მთავარი რაც არის, ამ ხეობაში დავიბადე და გავიზარდე. პროფესიით ეკოლოგი არ ვარ, მაგრამ ბუნების ენა მესმის. რა თქმა უნდა ჩემს აზრს სპეციალისტები ამყარებენ, რომლებთანაც მე დიდი ხანია მაქვს ურთიერთობა და შეხება. ისე, ჩემი ახირებით არ ვჩივი. არ მემეტება ეს ხეობა გასანადგურებლად და ამ ომში ვარ მუდმივად. საბედნიეროდ, უკვე მარტო აღარ. ბრძოლის დროს ჩემი, მარიტას, ლალის, მამა ლევანის, ვარლამის და სხვების გზები გადაიკვეთა.

მარიტა

დიასახლისი ვარ. მიმუშავია სხვადასხვა სამსახურში, მაგრამ რაც ჩემი მეუღლე სასულიერო პირია, ძირითადად, ოჯახში ყოფნა მიწევს. საერთოდ არ ვარ სოციალურად აქტიური ადამიანი. ძალიან არ მიხარია მთელი ჩემი ოჯახი ამ პროცესში რომ ვართ ჩართული, უამრავი საქმე აქვს ყველას, შემოდგომაა თან. ახლა ვინც აქ არის, იმ საქმეებისგან მოწყვეტა ძალიან რთულია.

რაც არ უნდა ძლიერი ნერვების იყო, ისეთ კონფლიქტებში მიწევს შესვლა, ხმამაღალი, უსიამოვნო საუბარი, ამ მხრივ ძალიან დიდი დისკომფორტი მაქვს.

მე ხელფასს არავინ არაფერში მიხდის, პირიქით, მატერიალური დაინტერესება კი არა, მატერიალური პრობლემები მაქვს. მოგეხსენებათ, მატერიალური ხარჯიც არის, ოჯახმა ყველაფერს თავი დაანებოს და საერთო პრობლემაზე გადაერთოს. ისე მირეკავენ, აგერ, ჰესზე რაღაცას თხრიან და რას შვრებითო, გეგონება, პირადად ჩვენ გვეხებოდეს ან რამდენიმე ადამიანს. არ ვწუწუნებ. ყველა ადამიანს თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს.

სპეციალისტები როცა ჩამოდიან, ისინი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შემთხვევაში მოსალოდნელ ეკოლოგიურ და სეისმურ საფრთხეებზე ამახვილებენ ყურადღებას. ეს საფრთხეები ნამდვილად არის. ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი ბევრად ნაკლები სიმძლავრის მიწისძვრაზეა გათვლილი, ვიდრე მოხდა რაჭაში 1991 წელს; მაგრამ ჩემთვის ყველაზე მძიმე ტოტალური უსამართლობაა, რასთანაც ჩვენ გვაქვს საქმე.

ჩვენ კი არ უნდა ვთხოვდეთ, გეოლოგიური დასკვნა მოიტანონ, თვითონ უნდა მოჰქონდეს ხელისუფლებას და გვეუბნებოდეს, ეს იქნება საშიშროება, ეს არის სარგებელი. ხომ არ შეიძლება მოსახლეობა და მისი ცალკეული წარმომადგენლები ეხვეწებოდნენ, რომ გოლოგიური დასკვნა გვაღირსონ.

თავი რომ დავანებოთ სეისმურ საფრთხეებსა და გეოლოგიას, მეწყრებს, აქ რომ ჩამოწვება და მშენებლობაში ჩავარდება, ტალღა რომ მოწყდება და ქუთაისს დაარტყამს, პროექტში საერთოდ არ არის ნახსენები, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტისთვის შეიძლება იყოს ასეთი საფრთხე - დივერსია. თანამედროვე სიტუაცია აჩვენებს, რომ მაგალითად, მინგეჩაურის წყალსაცავს ემუქრება სომხეთის არმია, სამხედრო კონფლიქტია და დაცვა დგას, რამე რომ არ ჩამოვარდეს და არ წაიღოს ნახევარი აზერბაიჯანი. როგორ შეიძლება რომ ჩვენს კანონმდებლობაში საერთოდ არ იყოს გათვალისწინებული, ამხელა მშენებლობაა, ასეთი რთული რეგიონია, ასეთი რთული სიტუაციაა, ოკუპირებული აქვს რუსეთს ქვეყნის 20 %. თუ გავითვალისწინებთ, რომ დივერსიაა შესაძლებელი, მაშინ იქ უფრო მკაცრი მოთხოვნებია მშენებლობის მიმართ და არ უნდათ ამის გაკეთება.

შეხვედრების დროს იყო აბსოლუტურად უპასუხისმგებლო ზოგადი განცხადებები და გაღიმებული სახეები. გიღიმის ისე, რომ იდიოტად იგრძნო თავი, თითქოს ის არის ჭკვიანი და შენ ხარ შტერი.

მე, მაკა და ლალი ვართ სარჩელის ავტორები. სასამართლოში ვდაობთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინააღმდეგ, რომელმაც უხეშად დაარღვია მოქმედი კანონმდებლობა. კომპანიას ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზე ჯერ ნებართვა მისცა და შემდეგ დაავალა ადამიანების უსაფრთხოებასთან, გარემოს დაცვასთან და სხვა უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებული კვლევებისა და დოკუმენტების წარდგენა.

საერთოდ არ ჩატარებულა სერიოზული სეისმური, გეოლოგიური კვლევები. არ აქვთ ნარჩენების მართვის გეგმა, კლდეს რომ მოჭრის და რიონის კალაპოტში ჩაყრის, რადგან არ იციან სად უნდა გადაყარონ. სამინისტრომ იცოდა, რომ კანონს არღვევდა, გადააბიჯა ამ ყველაფერს, დაარღვია კონსტიტუციის მე-5 მუხლი.

არ გვძინავს, ჰესები ესიზმრება აქ ხალხს და შაქარი უწევს. ვზივართ აქ ცეცხლთან. სპეცრაზმით თუ მოინდომეს ჩვენი დაშლა, თორემ ისე დანებებას არ ვაპირებთ.

იმდენი ვიფიქრე, აქ დავმჯდარიყავი თუ არა და მერე ვთქვი, დავჯდები და მეცოდინება, რომ გავაკეთე, რაც გასაკეთებელი იყო.

ლალი

ახლა ღამის 2 საათია. ვუსმენდი და მეტირება ჩემს გულში. ჩემს მიწა-წყალს ვიცავ. 2012 წლიდან მოდის ეს სანერვიულო, მაშინ მშობლები ცოცხლები იყვნენ. ჯერ ისინი იბრძოდნენ, პენსიის ფულსაც ამაში ხარჯავდნენ, მერე მე. არ დავთმე ჩემი ნაკვეთი და ვიდრე ცოცხალი ვიქნები, ჩემი ნებით ხელს არ მოვაწერ.

დიდი თანხა შემოგვთავაზეს, მაგრამ არ დავთანხმდი. საკუთარი დედმამიშვილი დავკარგე, მაგრამ დამიბრუნდება, ის ნაპერწკალი გაუღვივდება, სიყვარული აქვს გულში და მიწას ვეღარასდროს დავიბრუნებდი. ეს უფრო ღირებულია.

არ მინდა, რომ ეს ხეობა დაიტბოროს, საფრთხის ქვეშ რომ ვიყოთ და მშვიდად ვერ დავიძინოთ. ამ პრობლემამ გამომიყვანა და გავათევ ღამეებს, სადამდეც შეგვეძლება.

იცით, როგორ დავრბოდი, რომ „ოცნება“ მოსულიყო ხელისუფლებაში. გვპირდებოდნენ, რომ გიგანტური ჰესები არ აშენდებოდა. კოორდინატორი ვიყავი ამ სოფელში და მიხაროდა. იმედით ვუყურებდი, რომ სოფელში ხალხს რაღაც პერსპექტივა ექნებოდა, ტურიზმი განვითარდებოდა. ეს კასკადი ყველაფერს კლავს!

 

კარვების გარშემო

კარვების შუაგულში დანთებული ცეცხლის პირას გამთენიამდე რჩება დეკანოზი ლევან გოლეთიანი. რიონის ხეობისა და ლეჩხუმის 28 სოფლის ერთადერთი მღვდელია. მარიტა მუსელიანი მისი მეუღლეა. მშობლებთან ერთად რიონის ხეობას მათი შვილები, ვარლამი და ანდროც დარაჯობენ.

„ბევრი ლაპარაკობს სასულიერო პირების საქმე არ არისო, აქ პოლიტიკაა და თავის საქმეს მიხედონო. გული გეტკინება, ისე იციან თქმა. ჩვენ ისეთს არაფერს ვითხოვთ და ისეთს არაფერს ვაკეთებთ, რომ დაუსაბუთებელი იყოს. იმაზეა ლაპარაკი, რომ არ შეიძლება ეს მშენებლობა. ეს ჩემი აკვიატება არ არის, ამას ექსპერტები ამტკიცებენ, სანდო სპეციალისტები, თორემ ვისაც ფულს გადაუხდიან და ამის გამო, რაღაც სისულელეს დაწერს იმ კვლევაში, მათ არ ვგულისხმობ.

მე აქ ვცხოვრობ და ამიტომაც ვზივარ აქ. ვიღაცა შორიდან რომ მელაპარაკება, 100-200 და 300 კილომეტრიდან, იმან რა იცის, მე რა მაწუხებს. მე არ მინდა კაშხლის ძირში ვიცხოვრო ჩემი ოჯახით, გასაკვირია ამაში რამე? ვინმე გარანტიას იძლევა, რომ მიწისძვრა არ იქნება, არ დაანგრევს იმ კაშხალს და არ წაიღებს ყველაფერს. ვიღაცას უნდა ფული აიღოს, ჩვენ სიცოცხლეს ვიცავთ ჩვენსას“.

მაკა სულაძეც შვილთან ერთადაა ნამოხვანში სახელდახელოდ მოწყობილ საგუშაგოში. კახა სტუდენტია, ონლაინლექციებში კარვიდან ერთვება, როცა ინტერნეტი ამის საშუალებას აძლევს - „მთავარია, როგორმე შევაჩეროთ ეს მშენებლობა, რომელიც დამაზიანებელია აქაურობისთვის, მთელი ხეობისთვის, ბუნებისთვის, ეკოტურიზმისთვის, ყველაფრისთვის. გვიღირს ეს ბრძოლა ამად“. მაკას და მის შვილებს სოფელ მექვენაში ახლა საოჯახო სასტუმრო აქვთ. ტურისტებს, რომლებსაც ისინი პანდემიამდე მრავალი ქვეყნიდან მასპინძლობდნენ, იქაურობა განსაკუთრებით მოსწონთ. თუ ხეობას წყალი დაფარავს, ადგილზე განვითარების შესაძლებლობები მოისპობა.

რიონის ხეობის გადარჩენისთვის - ასე ჰქვია გვერდს ფეისბუქში, სადაც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი, საზოგადოებას ინფორმაციას ყოველდღიურად აწვდის. ვარლამი 27 წლისაა, ქართულ ფოლკლორს ასწავლის და გალობს, ტვიშში მშობლებთან და ძმასთან ერთად ცოლიკოურის ჯიშის ვაზს აშენებს.

„ჩემი პროტესტი არ ეხება მხოლოდ ნამოხვანს. საქართველოში დაგეგმილია 134 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა. გვიჩნდება კითხვა, სტრატეგიულად საით ვითარდება სახელმწიფო, რა არის მისთვის პრიორიტეტი.

ყველა მდინარეზე, ყველა ღელეზე, ყველა ნაკადულზე დადგმული ჰესი ვერ იქნება ამ ქვეყნის მომავალი. კაპიტალისტებსა და ბიზნესმენებს მხოლოდ მატერიალურ მოგებაზე აქვთ სწორება. იქ არ არის გათვალისწინებული ის სოციალური საკითხები, ადგილობრივი ძირძველი მოსახლეობის ინტერესები, ძეგლები, ტრადიციები, ადათები, ყოფითი საკითხები, რისი მოშლაც არ შეიძლება იმიტომ, რომ ეს არის სახელმწიფოებრიობის გარანტი.

ამას თუ მოვშლით, აუცილებლად გამოიწვევს მნიშვნელოვან რღვევას.

მე არ ვიცი, პირადად რომ არ შემხებოდა ცხოვრებაში ეს პრობლემა, არ ვყოფილიყავი ამ ხეობასთან დაკავშირებული, შეიძლება არც მებრძოლა ამის წინააღმდეგ იმიტომ, რომ ინფორმაცია არ მქონოდა. ზუსტად ესეც არის ჩვენი მიზანი, რომ პროტესტის ამ ფორმით, გულწრფელად მივიტანოთ ადამიანებამდე ჩვენი წუხილები.

თუ კაშხლები აშენდა, რიონის ხეობა, რომელიც ლეჩხუმის ამ მონაკვეთს მოიცავს, წყლით იფარება, 45 კილომეტრიდან 30 კილომეტრი. რამდენიმე სოფელი, მაგალითად, დერჩი, ორხვი, პრაქტიკულად მეწყერზე დგას და ეს შეტბორება, პირდაპირ ამ სოფლების ქვევით იქნება. ვაზი, რომელიც ლეჩხუმის ამ სოფლებში მოსახლეობის შემოსავლის მთავარი წყარო გახდა და რომელზეც იმედს ვამყარებთ, რომ ეკონომიკურად გამართულები ვიყოთ, ვეღარ მოგვცემს იმ ხარისხის ყურძენს, რომ ადგილწარმოშობის ღვინო „ტვიში“ ჩამოვასხათ.

საფრთხე ემუქრება ქუთაისს. აქ ჩვენს ჯდომას არ ექნება არანაირი ძალა და ფასი, თუ ეს არ გახდა სახალხო პროტესტი“, - ვარლამი ამბობს, რომ ვერ მოასწრეს ნამოხვანი-ალპანას გზაზე ჩანჩქერის გადარჩენა, რომლის მიმდებარე ტერიტორიაც ჰესების კასკადის მშენებელმა კომპანიამ უკვე მთლიანად გადათხარა, თუმცა 25 ოქტომბრის შემდეგ, სამუშაოები შეჩერებულია.

ყველაზე ძვირფასი ქართული ჯიშების ცოლიკოურისა და უსახელოურის ყურძნისა და ღვინის ხარისხის დაკარგვის საფრთხე, ნამოხვანის ჰესების კასკადის მიმართ, ლეჩხუმელების წინააღმდეგობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ტვიშის თემის სოფლები ტვიშის მიკროზონად არის აღირებული. ღვინო „ტვიში“ მხოლოდ აქ მოკრეფილი ცოლიკოურისგან მზადდება. 1 კილოგრამი ყურძნის ღირებულება 6 ლარია, 1 ლიტრი „ტვიში“ კი 30-40 ლარი ღირს.

ტვიშსა და სოფელ ოყურეშს ხვამლის მთა ყოფს. ხვამლის მეორე მხარეს უსახელოურის ჯიშის ყურძენი მოდის. მცირე რაოდენობით მოიპოვება და მისგან უმაღლესი ხარისხის, ნახევრადტკბილი წითელი ღვინო მზადდება. 1 ლიტრი „უსახელოური“ დაახლოებით 70-90 ლარი ღირს. მისი საექსპორტო ფასი უფრო ძვირია და 130-150 ლარს აჭარბებს. ამ ღვინოზე დიდი მოთხოვნაა ევროპის ქვეყნებსა და ჩინეთში.

„ტვიშსა“ და „უსახელოურზე“ მაღალი მოთხოვნის გამო ბოლო წლებში ხვამლის მიმდებარე სოფლებში მასობრივად შენდება ამ ჯიშის ვაზის ვენახები. ტვიშისა და უსახელოურის უნიკალურობას ის მიკროკლიმატი განაპირობებს, რომელსაც ლეჩხუმის ამ სოფლებში ნიადაგი და ჰავა ქმნის. კაშხლების მშენებლობის შემთხვევაში წყლის ტემპერატურის ცვლილება რომ ტენისა და ტემპერატურის სეზონურ და დღეღამურ რეჟიმზე ზემოქმედებას მოახდენს, ეს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმაც დაადასტურა საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით.

„ჩვენთვის სარგებელი ზუსტად ეს ვაზი და ღვინოა. მხოლოდ ბოთლში ჩამოსხმაზე არ ვსაუბრობ.  ყველას აინტერესებს ღვინო ტვიში და უსახელოური სად და როგორ მოდის. წინა წელს, ვიდრე კორონავირუსის პანდემიის გამო საზღვრები ჩაიკეტებოდა, მხოლოდ 400 ტურისტი მე მსტუმრობდა სოფელში. მიდიოდნენ სხვა მევენახეებთანაც. ასეთი ღვინო თუ არ გვექნება და ეს ბუნება, ჩემს სანახავად აქ არავინ ჩამოვა“, - იმ იმედით, რომ ხელისუფლებას პროტესს შეასმენენ, ბექა ლაჭყეპიანი თავისი სანერგედან დღისით ვაზს ამზადებს გადასარგავად, საღამოს კი, ნამოხვანში, რიონის ხეობის მცველებს უერთდება.

ნამოხვანის ჰესების კასკადის შესახებ

ნამოხვანის ჰესების კასკადი ორ ჰესს მოიცავს - ტვიში ჰესი 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ნამოხვანი-ჟონეთის ჰესი - 333 მგვტ დადგმული სიმძლავრით.

ტვიში ჰესის კაშხლის განთავსება დაგეგმილია სოფელ ტვიშის მიმდებარედ. კაშხლის სიმაღლე 56 მეტრი იქნება. ტვიში ჰესისთვის დაახლოებით 1000 ჰექტარი ტერიტორია დაიტბორება.

ქვედა ნამოხვანი ჰესის (იგივეა რაც ნამოხვანი-ჟონეთის) სათავე ნაგებობისთვის 105 მეტრის კაშხლის მშენებლობაა დაგეგმილი სოფელ ნამოხვანის ზემოთ, მდინარე რიონის ვიწრო ხეობაში. წყალსაცავის სრული მოცულობა 167.5 მლნ მ3, სარკის ზედაპირის ფართობი კი 510 ჰექტარი იქნება. ქვედა ნამოხვანის ჰესისთვის დაგეგმილია 4 400 მეტრის გვირაბის მშენებლობა (დიამეტრი 9 მეტრი), რომელშიც მდინარე რიონს მოაქცევენ. ჰესის მთლიანი ტერიტორიის უმეტესი ნაწილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს, ხოლო წყალსაცავის კუდი ხვდება ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ქორენიშსა და ორხვიში.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თურქულ კომპანიას შპს „ენკა რინიუებლზი“ 2020 წლის 28 თებერვალს მისცა დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება - მდინარე რიონზე ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზე.

2020 წლის 22 აპრილს ეკონომიკის სამინისტროს „სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ“ ქვემო ნამოხვანი ჰესის მშენებლობის ნებართვა გასცა.

დოკუმენტის თანახმად, კომპანიას უფლება აქვს ჰესების კასკადის სამშენებლო სამუშაოები მხოლოდ ნებართვით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემდეგ აწარმოოს. კომპანიას საექსპერტო დასკვნების წარდგენა დაევალა. მანამდე მხოლოდ მოსამზადებელი და მიწის სამუშაოების ჩატარება შეუძლია. „ენკა რინიუებლზის“ მოთხოვნილი დოკუმენტები ჯერ არ წარუდგენია, თუმცა რიონის ხეობაში რამდენიმე მონაკვეთი მთლიანად გადათხარა, განადგურებულია ნამოხვანის ჩანჩქერი, აშენებულია 500 კაცზე გათვლილი დროებითი ბანაკი, შენდება ბეტონის ქარხანა და ჰესების მშენებლობისთვის საჭირო გზები და ხიდი. კომპანიიდან ვერ მივიღეთ განმარტება, რის საფუძველზე განახორციელა აღნიშნული სამუშაოები.

ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტის ავტორები ის კომპანიები არიან, რომელთა მიერ შეფასებული და აშენებული შუახევი ჰესის გვირაბი გახსნიდან ორ თვეში ჩამოინგრა.

ავტორები: ლაშა ორჯონიკიძე, გელა მთივლიშვილი

 

ამ თემაზე:

რატომ ითხოვს „მწვანე ალტერნატივა“ ნამახვანის ჰესების მშენებლობაზე ნებართვის გაუქმებას

რა საფრთხეს უქმნის ნამახვანის კასკადი ტვიშის მიკროზონას - ინტერვიუ ლევან ხმელიძესთან

ნამოხვანში კაშხლის ადგილას ჯვრის დადგმის შემდეგ კომპანიამ ხეობიდან ტექნიკა გაიყვანა

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში