საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

რა საფრთხეს უქმნის ნამოხვანის კასკადი ტვიშის მიკროზონას - ინტერვიუ ლევან ხმელიძესთან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:37 - 03 ივლისი 2020 hits 10709

ზურგსუკან მასზე სიცილ-ხუმრობით იტყოდნენ ხოლმე, სულელიაო, რაკი ლეჩხუმის მივარდნილ სოფელში დაბრუნება, ვენახის გაშენება და იქ ტურისტების მიყვანა გადაწყვიტა. ახლა, როცა ჩანაფიქრი ნაბიჯ-ნაბიჯ რეალობად აქცია, ბევრი მიუტრიალდა დახმარების თხოვნით „დამაწყებიე რაცხა, პატარა მიდექი, ჩვენც ჩაგვრიე, ჩვენც გაგვაკეთებიე“. ლევან ხმელიძე ქორენიშში ბავშვობიდან გამოყოლილმა სიყვარულმა შვიდი წლის წინ დააბრუნა, ბაბუის გაშენებული 60 წლის ვენახი გასხლა, განაახლა და უკვე საექსპორტო ღვინისთვის მოსავალს ელოდება.

ლევანი ქუთაისში დაიბადა, ბავშვობა ლეჩხუმში ბებია-ბაბუასთან გაატარა. სკოლის დამთავრების შემდეგ ემიგრაციაში წავიდა. საქართველოში დაბრუნებულს ახალი ცხოვრების დასაწყებად გულმა ლეჩხუმისკენ გაუწია. ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად, მევენახეობა ქალაქურ ცხოვრებასა და მაღალანაზღაურებად სამსახურს არჩია. აწონ-დაწონა და რომ დაინახა, სხვებივით თოხით მიწასთან ჭიდილი წლიდან წლამდე საკმარის შემოსავალს ვერ მოუტანდა, მთავარ საქმიანობად სამი რამ დაისახა - მევენახეობა, რადგან სამოსახლო ტვიშის მიკროზონაშია; მეფუტკრეობა - ირგვლივ წაბლის ტყეებია და აგროტურიზმი - მოგზაურთა მოთხოვნადი მიმართულება.

რადგან ვაზი გრძელვადიანი კულტურაა, ლევანმა სწორება ათ წელზე აიღო. ნაპატივები ვენახის მოსავლიანობა ისე გაიზარდა, უკვე ხუთი წლის თავზე საკუთარი ხელით მოწყობილ „ხმელიძეების ღვინის მარანში“, „ქორენიშული“ ცოლიკაური ჩამოასხა და ექსპორტზე იაპონიაში გაიტანა. მისი გათვლით, კიდევ ხუთ წელიწადში, ჭიგოებზე მოკავებული ყლორტები ღონიერ ვენახად იქცევა და დიდი მოგების მომტან საექსპორტო მოსავალს მისცემს.

თუმცა, ახლა, ყველა ეს გეგმა და მოლოდინი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა რიონზე ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის გამო - უზარმაზარი ტერიტორიის დაგუბება მოსპობს იმ უნიკალურ კლიმატურ მახასიათებელს, რაც ტვიშის მიკროზონას აქვს და ლევანის ნაშრომ-ნაჯაფსაც ჩალის ფასს დაადებს.

ტვიში საქართველოში არსებული 18 მიკროზონიდან ერთ-ერთია. ის ლეჩხუმში, რიონის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს, სადაც მდინარე, ხვამლის მთასა და რაჭის ქედს შორის მიედინება. ამ მიკროზონაში სოფლები - ტვიში, ალპანა და ქორენიშია. ხარობს ცოლიკაური, რომელსაც მინერალებით მდიდარი მიწა და ზომიერი ჰავა განსაკუთრებულ საგემოვნო თვისებებს სძენენ. მისგან მევენახეები ტკბილის არასრული დადუღებით უმაღლესი ხარისხის თეთრ ნახევრადტკბილ ღვინოს ამზადებენ.

- რა საფრთხეს გიქმნით ნამოხვანის ჰესების კასკადი და გრჩებათ განვითარების შესაძლებლობა?

- ხშირ შემთხვევაში მთავრობას მოსახლეობის არ ესმის. ერთი მხრივ, ამ ხუთი წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის სამინისტრო თუ ხელს მიწყობს, რომ დავფუძნდე, განვვითარდე როგორც მეწარმე, ვაწარმოო ეკო პროდუქცია და დავსაქმდე აგროტურიზმის მიმართულებით, მეორე მხრივ, ენერგეტიკის სამინისტრო ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობით, ხელს შემიშლის.

თუ ნამოხვანის ჰესების კასკადი აშენდა, კლიმატს ისე შეცვლის, საქართველოს საგანძური, ლეჩხუმში, ტვიშის მიკროზონაში წარმოებული ცოლიკაურის ღვინო გაქრება.

კლიმატის ცვლილების ფონზე, ტენიანობა და ნალექი კიდევ უფრო მოიმატებს, შეცვლის გარემოს და გემური თვისებები რაც ვაზს აქვს, მჟავიანობა, შაქრიანობა, რითიც არის მდიდარი და ბუნებრივად ნახევარტკბილი, დაიკარგება. ეს მხოლოდ ჩემი აზრი არაა. თუ ვინმე მოვა და აგვიხსნის, რომ ასეთი გავლენა არ ექნება კასკადს, ან მისგან მიღებული სარგებელი უფრო მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის, მზად ვარ შევწირო ჩემი მეურნეობა. მაგრამ, არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა მთავრობასა და მოსახლეობას შორის. მშენებლობა ისე დაიწყეს, არ არის შეჯერებული პროფესიონალებისა და სახელმწიფოს პოზიცია. გუმათ ჰესის და ლაჯანურ ჰესის შემთხვევებში, უკუჩვენებები უკვე სახეზე გვაქვს - მაღალი ტენიანობის გამო, ის ხილი, რომელიც ჰესების აშენებამდე მოდიოდა, აღარ მოდის და მეწყრული ზონები გაჩნდა. ამის მაგალითზე, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რა შედეგს მოიტანს ლეჩხუმში, ტვიშში 57 მეტრის სიმაღლის და ნამოხვანში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, 105 მეტრი სიმაღლის კაშხლები. წარმოიდგინეთ კაშხალი, სამი 9 სართულიანი კორპუსი ერთმანეთს რომ დაადგა, ქუთაისის თავზე იქნება ეს ყველაფერი.

არავინ საუბრობს, რომ აღდგეს ტვიშის მარანი, კომუნისტების პერიოდში რომ ფუნქციონირებდა. დაახლოებით 250 ტონის გადამამუშავებელ ქარხანაზე იყო საუბარი. ოთხი სოფლიდან ქორენიში, ორხვი, ტვიში და მექვენის ჭალებიდან იბარებდნენ ყურძენს. მხოლოდ სოფელი ქორენიში 40 ტონა ყურძენს აწვდიდა ტვიშის მარანს. ეს იქნებოდა ფერმერის, მოსახლეს გარანტირებული შემოსავალი.

მარნის აღდგენის საქმეში კოოპერატივის შექმნა დაგვეხმარებოდა. 2016 წელს, კოოპერატივის ტრენინგები რომ გავიარე, მივხვდი, ეს არის ერთადერთი საშუალება მცირე მეურნეობების განვითარებისთვის. გამოვედი სოფელში, შევკრიბე მეზობლები, დავიწყე ქადაგება და ნახევარი საათის შემდეგ მივხვდი, 40 კაციდან სამმა გაიგო რაზე იყო საუბარი. ზოგს კოოპერატივი კოლექტივი ჰგონია. არ ესმით, რომ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს მიჰქონდა ყველაფერი, აქ ჩვენი შრომით შექმნილი დოვლათი ჩვენვე დაგვიბრუნდება. მერე ვინც დარჩა, იმ რამდენიმე თანასოფლელთან ერთად, დავაფუძნე მეფუტკრეობის კოოპერატივი. კოოპერატივების განვითარების სააგენტოს დროული დახმარებაც მივიღეთ. 200-ზე მეტი სკა გვაქვს, თაფლს ვაწარმოებთ და ჰიპერმარკეტებში ვაბარებთ.

- ლეჩხუმში ბიზნესი როგორ დაიწყეთ?

- 2016 წელს მონაწილეობა მივიღე კონკურსში „აწარმოე საქართველოში“. 6500 ლარიანი გრანტი აღმოჩნდა ზუსტად ის დროული, მიზნობრივი თანხა, რაც მცირე მარნის განვითარებას სჭირდებოდა. ტრენინგების შემდეგ, ბრენდირებული ღვინის ჩამოსასხმელად საჭირო ინვენტარი შევიძინე. მალე პირველი „ქორენიშულიც“ გავიდა იაპონიაში. 2016 წლის შემდეგ, ღვინის ყველა ფესტივალში ვიღებდი მონაწილეობას, რამაც სრულიად ახალი ხედვა და ახალი დასაქმების არეალი მომცა. ხშირად მოდიოდნენ დეგუსტაციისთვის; ღვინის ტურიზმის გიდები ტურისტების მიღებას მთავაზობდნენ. მალე პირველი სტუმრებიც მეწვივნენ იაპონიიდან. ლეჩხუმი იმდენად მოეწონათ, რომ დარჩენაც მოითხოვეს. მაშინ მე პირობები არ მქონდა და უარი ვუთხარი. აქედან გაჩნდა საოჯახო სასტუმროს მოწყობის იდეა. კოოპერატივების განვითარების ფონდმა დახმარება მოგვცა და 14 კაცზე სრული სერვისის მოწყობაში დაგვეხმარა. ასე დავაფუძნეთ საოჯახო სასტუმრო „ქორენიშული ვერანდა“. არამხოლოდ სასტუმრო, ტურისტული კომპანიაც დავააარსე. სოფელში, ჩემს სახლში მოვაწყე ოფისი. ისეთი ტურისტული პაკეტი შევქმენი, სადაც ვიზიტორს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის 5-6 დღეში დათვალიერებას ვთავაზობ. თან აგერ ვცხოვრობთ, ხვამლის მთის ძირში. ხვამლს თავისი ისტორიული დატვირთვაც აქვს როგორც საქართველოსთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის. მითოლოგიას თუ გავიხსენებთ, ოქროს საწმისი ხვამლს უკავშირდება.

- მორგებულია სოფლისა და მცირე ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები მთის რეალურ საჭიროებებს?

- სამთავრობო პროგრამების უმეტესობა ხარვეზიანია და არ პასუხობს მაღალმთიანი რეგიონების გამოწვევებს. კარგია, რომ გამინახევრდა ელექტროენერგიის გადასახადი. ასევე, თუ მექნებოდა საწარმო, მთის კანონით, გადასახადებიდან სრულად თავისუფალი ვიქნებოდი. სარწყავ სისტემას 50%-ით და ნერგს 70%-ით დამიფინანსებდნენ. ეს არის იდეალური პროექტი სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან. მაგრამ, ამ შეღავათებით მხოლოდ იმ შემთხვევაში ვისარგებლებ, თუ მექნება ერთი ჰქტარი ან მეტი ფართობი. ამხელა ნაკვეთები კი, ძირითადად, შიდა ქართლსა და კახეთში მომუშავე ფერმერებს აქვთ. მე მთიან, მწირმიწიან ლეჩხუმში ვცხოვრობ, სადაც 4000 კვადრატულზე სახლიც მაქვს და ვენახიც. პროგრამები მცირე მასშტაბზეც უნდა იყოს მორგებული, ჩვენთან რომ იმუშაოს.

- ქორენიშიც, მთის ბევრი სოფლის მსგავსად, თითქმის დაცლილია. ტვიშის მიკროზონაში ხართ, კარგი ყურძენი მოდის, აქაურ ღვინოს ფასიც აქვს, ფუტკრისთვისაც შესაშური ადგილია, მესაქონლეობის განვითარებაც შეიძლება. აქედან რატომ წავიდა ხალხი ქალაქში?

- მიტოვებული კი არის სახლები, მაგრამ არ არის ისეთი, უკან რომ არ ბრუნდებოდნენ ერთ ან ორ წელიწადში ერთხელ. 2000 წლისთვის ქორენიშში 150-მდე ადამიანი ცხოვრობდა. უფრო ადრე, აქ დაწყებითი სკოლა იყო, საშუალო სკოლა ტვიშში ფუნქციონირებდა, გვქონდა შიდა ტელეფონი, მოწესრიგებული გზა, წყალი, განათება. ახლა, 21-ე საუკუნეში, 2020 წელს ეს ინფრასტრუქტურა აღარაა. სოფლიდან ახალგაზრდების მიგრაციის მიზეზი, მხოლოდ ქალაქზე მიჯაჭვულობის პრობლემა არ არის. სიღატაკისა და გაჭირვებასთან ბრძოლის გამო მიდის ადამიანი, ელემენტარულად საკვები ფული რომ იშოვოს. ადგილზე მუშაობა იმიტომ არ ეზარებათ, რომ ცნობიერება დაბალია, მიზეზი სრული უიმედობაა. განვითარებისთვის მთავრობის მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მათ კი მოსახლეობა  მხოლოდ არჩევნების პერიოდში სჭირდებათ. მერე გაუთავებელი წინასაარჩევნო დაპირებები და ხვეწნაა პირობის შესრულებაზე. ეს ყველაფერი, ყველა ასაკის ხალხში, ახალგაზრდობაში კიდევ უფრო იწვევს იმის განცდას, რომ არავინ არაფრის გამკეთებელია.

- რა შეუწყობს ხელს მთის სოფლებში მოსახლეობის დაბრუნებას, რა პრობლემების გადაწყვეტაა ყველაზე მნიშვნელოვანი?

- არ არის გზა, არ არის ტრანსპორტი. ეს ცლის სოფელს. ყველას ხომ არა ჰყავს მაღალმთიან სოფლებში ჯიპები და ისეთი ავტომობილები, რომ უპრობლემოდ იარონ. პირველ რიგში, სოფელს რომ ადამიანი დაუბრუნდეს, საჭიროა შიდა გზების რეაბილიტაცია. მერე, მუნიციპალური ტრანსპორტის პრობლემა უნდა მოგვარდეს, რამოდენიმე სოფელს ერთი ავტობუსი მაინც.

მერწმუნეთ, საკუთარ მაგალითზე, 60 %-ის უკან დაბრუნება მოხდება პირველივე წელს. ფერმერთა ასოციაციის დახმარებით, 2017 წელს, სოფელში დავნიშნეთ მიკროავტობუსი. ქუთაისიდან პარასკევს მოდიოდა და კვირას მიდიოდა. რა მოგვცა ამან? სოფლის მიწების უმეტესობა დამუშავდა. ამოვიდნენ პენსიონერები, ყველა დაუბრუნდა სოფელს, ვინც ქუთაისში ცხოვრობდა. ასეთმა პატარა მაგალითმა ერთ წელიწადში სოფელში ისეთი მეზობლები დააბრუნა და მეურნეობა გამართეს თავისი ხელით, რომლებიც 10-15 წელი ვერ მოდიოდნენ. იმ ხალხს, ვინც ახლა ქუთაისში სამუშაოს გამოა წასული და რომლებსაც არ აქვთ ავტომობილები, შაბათ-კვირას სოფელში მათი დაბრუნება იქნება კერის გაღვივება და მეურნეობის გაცოცხლება. ეს ყველაზე დიდი ინვესტიციაა.

ვიდრე მიგრირებული თანასოფლელები ქორენიშში დაბრუნდებიან და ლევან ხმელიძის მაგალითს გაიზიარებენ, ლეჩხუმში ტვიშის უნიკალური ეკოსისტემა უნდა შენარჩუნდეს, რომ იქ მეურნეობის წარმოება ღირდეს. ლევანი არჩევნებზე იმ ძალას დაუჭერს მხარს, ვინც კაშხლების შენების წინააღმდეგია.

ავტორები: ლევან ონიანი, ქეთი მაღრაძე

„მთის ამბები“ ლეჩხუმის, რაჭის, ქვემო და ზემო სვანეთის, პანკისის სათემო ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს ადვოკატირების კამპანიას, რომლის მიზანი მთის სოფლებში, იაფი, მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნაა. 

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში