ბოდბის მონასტრის იმპერიასა და მის მმართველზე, იღუმენია თეოდორაზე, იგივე ქეთევან მახვილაძეზე „მთის ამბების“ მკითხველმა უკვე იცის. ჩვენ რამდენჯერმე გავაშუქეთ, რა ბრძოლა უწევთ წლების განმავლობაში სიღნაღის რაიონის სოფელ ქედელის მცხოვრებლებს თავისი საკუთრების შესანარჩუნებლად - მამაპაპისეული სახლებისა და მიწების გადასარჩენად.
მათი ბრძოლა ეკლესიასთან ხშირად მარცხით სრულდება. მონასტრის ეკონომიკა კი მათ თვალწინ ყოველდღიურად იზრდება. ადგილობრივი მოსახლეობის შევიწროების უკან იღუმენია თეოდორა დგას, ბიზნესლედი ანაფორაში.
დღეს გვინდა კიდევ ერთი განსხვავებული პერსპექტივიდან დაგანახოთ მონაზვნის ბიზნეს-კარიერა, მისი, როგორც საქმოსნის გაქანება, მარიფათი და უნარი. ამჯერად საუბარი სახელმწიფო ტენდერებს შეეხება.
2014 წელს, როცა ქეთევან მახვილაძე უკვე იღუმენია თეოდორა იყო, ანუ ღმერთისთვის უპოვარების აღთქმა ჰქონდა მიცემული, რომ მატერიალურ სიმდიდრეზე, პირად საკუთრებასა და ფულზე უარს ამბობდა, რამდენადაც მონაზვნის მიზანი მხოლოდ სულიერი სიმდიდრის დაგროვებაა, ის შპს „ინდუსტრიის“ მეწილე გახდა.
ქონება მან მამისგან მემკვიდრეობით მიიღო. მისი სატენდერო აქტივობა 8 წელიწადს გაგრძელდა.
2014-დან 2022 წლამდე იღუმენიას შპს-მ 24 ტენდერი მოიგო და სახელმწიფოსგან თითქმის 10 მილიონი ლარი მიიღო.
არადა, მანამდე ეს კომპანია გაკოტრების პირას იყო და სახელმწიფოს მხრიდან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა ჰქონდა დადებული. ვითარება რადიკალურად მას შემდეგ შეიცვალა, რაც საწარმო იღუმენიამ და მისმა ძმამ გადაიბარეს.
შპს „ინდუსტრია“ საპროექტო-ტექნოლოგიური საწარმოა, რომლის საქმიანობა მრავალდარგოვან საინჟინრო ზედამხედველობასა და სამუშაოების მართვას უკავშირდება. მარტივად რომ ვთქვათ, დიდი სამშენებლო ობიექტებისთვის ის წინასწარ დასკვნებს, სამომავლო სამუშაოების გეგმას და ხარჯთაღრიცხვას ამზადებს.
იმ პერიოდში, როდესაც შპს-ს თანამფლობელი იღუმენია თეოდორა იყო, მისმა კომპანიამ მოამზადა დასკვნა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალაფორეთის საჯარო სკოლის შენობაზე.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა სკოლის სრული რეაბილიტაციისთვის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება შპს „ინდუსტრიას“ 2019 წლის მაისში დაუკვეთა. ჩვენ წყალაფორეთში 7 წლის შემდეგ, ორიოდე კვირის წინ ჩავედით.
დანარჩენ სკოლებზე რამდენიმე წუთში მოგიყვებით, მანამდე, - რა მოხდა წყალაფორეთში.
როდესაც იქ სკოლის სრული რეაბილიტაცია გადაწყდა, შპს „ინდუსტრიის“ სპეციალისტებმა მოამზადეს შენობის მდგომარეობის შეფასების ანგარიში, სადაც ჩაწერეს, რომ სკოლის არსებული შენობის საძირკვლები და კონსტრუქციული ელემენტები იყო აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში და გამოცვლას მხოლოდ იატაკი, ფანჯრები და სახურავი საჭიროებდა. ანგარიშის მიხედვით, მხოლოდ ეზოში მდებარე სველი წერტილი და ავტოფარეხი უნდა დაენგრიათ.
სამშენებლო სამუშაოების შესრულება სააქციო საზოგადოება „იმერეთს“ დაევალა. სწორედ მათ მიერ გამოვლინდა, რომ საპროექტო ორგანიზაციის კვლევა უკიდურესად ზედაპირული იყო და რეალობას არ შეესაბამებოდა. სკოლის შენობის მზიდი კონსტრუქციები და საძირკველი იმდენად ამორტიზებული და ავარიული აღმოჩნდა, რომ რეაბილიტაცია ფიზიკურად შეუძლებელი იყო. შედეგად, მუნიციპალური განვითარების ფონდი იძულებული გახდა, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე სკოლის არსებული შენობა მთლიანად დაენგრია. პროექტის ავტორის მიერ დაშვებული კრიტიკული შეცდომის გამო რეაბილიტაციის ტენდერი ჩავარდა, სკოლის შენობა სრულად განადგურდა, ხოლო ადგილობრივი მოსწავლეები და მასწავლებლები უკვე მეოთხე წელია მეზობელი სოფლების სკოლებში დადიან.
იმ წლებში, როდესაც იღუმენიას კომპანიამ სახელმწიფოსგან თითქმის 10 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები მოიგო, სატენდერო დოკუმენტაციას ხელს აღმასრულებელი დირექტორის სტატუსით აწერდა მიხეილ ფაშიაშვილი. 2014 წელს ფაშიაშვილი ე.წ. „შსს-ს ტენდერების საქმეზე“ ქრთამის მიცემის ბრალდებით დააკავეს. მან ბრალი აღიარა, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა და მას შემდეგ, რაც იღუმენია თეოდორამ ბიზნესში წილი გაყიდა, კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელიც გახდა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, წყალაფორეთის სკოლა ერთადერთი არ არის, რომელიც იღუმენია თეოდორას კომპანიის მიერ შედგენილი უვარგისი დასკვნის გამო ჯერ კიდევ აუშენებელია, რამაც ათობით ბავშვის ცხოვრება გაართულა და ბიუჯეტს დამატებით ასობით ათასი ლარის გადახდა მოუწია.
იღუმენია თეოდორას ანგარიშზეა სამტრედიის მე-4 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის ჩაშლილი ტენდერიც. 2020 წელს სამტრედიის N4 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის ტენდერი შპს „გერმანულმა სამშენებლო კომპანიამ“ მოიგო. საპროექტო დოკუმენტაცია დამუშავებული იყო შპს „ინდუსტრიის“ მიერ. ანგარიშში საპროექტო ორგანიზაცია ცალსახად ამტკიცებდა, რომ საძირკველი და მზიდი კონსტრუქციები სრულად ექვემდებარებოდა აღდგენას. თუმცა, 2021 წელს, მოსამზადებელი სამუშაოების დასრულებისას გამოვლინდა წყალაფორეთის იდენტური სურათი - აღმოჩნდა, რომ შენობის ფუნდამენტი და მზიდი კედლები კატასტროფულად დეფორმირებული და ავარიული იყო.
„ინდუსტრიის“ მიერ საძირკვლისა და გეოლოგიური გარემოს არასათანადო შესწავლის გამო, რეაბილიტაციის პროექტი აქაც მთლიანად ჩავარდა, სამუშაოები შეჩერდა და სკოლის შენობა ექსპლუატაციისთვის უვარგისი აღმოჩნდა. შედეგად ბიუჯეტიდან ჰაერში გავისროლეთ 293 ათასი ლარი. თავად სკოლა კი, ნაცვლად იმისა, რომ 10 თვის ვადაში ჩაბარებულიყო, 6 წელი გაჭიანურდა.
ქუთაისის №9 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის გაჭიანურებაც იღუმენიას შპს-ს საპროექტო ხარვეზების ბრალია. არასათანადოდ და ზედაპირულად იყო მომზადებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. სკოლის რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება შპს „დამბასთან“ გაფორმდა. თითქმის სამმილიონიანი შეკვეთა 11 თვეში უნდა შესრულებულიყო, თუმცა ადგილზე შესულ მშენებლებს სიურპრიზები დახვდათ საპროექტო ორგანიზაციის მიერ დაშვებული უხეში სისტემური ხარვეზებისა და დანაკლისების სახით, რამაც სამუშაოების ნორმალური წარმოება თავიდანვე შეუძლებელი გახადა. შედეგად სკოლის რეაბილიტაცია 2 წლით გაჭიანურდა.
2019 წელს ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდის საჯარო სკოლის პროექტიც „ინდუსტრიამ“ მოამზადა. იმაზე არაფერს ვამბობთ, რომ დოკუმენტში სრული ქაოსი იყო - გორდი ერთ გვერდზე ზესტაფონის სოფლად იყო მოხსენიებული, მეორეზე ვანის, ხოლო მესამეზე - ზუგდიდის. მთავარი იყო დასკვნა, რომლის თანახმადაც საპროექტო არეალში რაიმე სახის უარყოფითი ფიზიკურ-გეოლოგიური პროცესები, როგორიცაა მეწყერი ან ჩაქცევა, არ აღინიშნებოდა, შენობის საძირკველი კი დამაკმაყოფილებლად შეფასდა.
სინამდვილეში, ჯერ კიდევ 2018 წელს რეგიონული ექსპერტიზისა და დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის კვლევებით დასტურდებოდა, რომ გორდში ჩამოწოლილი მეწყრის გამო სკოლა უმძიმეს ავარიულ მდგომარეობაში იყო. ამის გამო გორდის სკოლის პროექტში შენობის გამაგრებითი სამუშაოები დაამატეს, საჭირო გახდა კიდევ რამდენიმე ცვლილება და გათვალისწინებულზე ბევრად მეტი დრო.
იღუმენია თეოდორას კომპანიამ შეადგინა გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2 სოფლის, კალაურისა და კარდენახის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტებიც. დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ დაპროექტების ეტაპზე დაშვებული უზუსტობების გამო, სამუშაოების წარმოების პროცესში სისტემატურად ხდებოდა სახარჯთაღრიცხვო მოცულობების ცვლილება, ვინაიდან „ინდუსტრიის“ მიერ გათვლილი საპროექტო მოცულობები არ შეესაბამებოდა ობიექტების რეალურ პარამეტრებს. ამან კახეთშიც იგივე შედეგები იქონია - დამატებითი დროითი და ფინანსური რესურსების ხარჯვა.
აუდიტის დასკვნაში არაფერია ნათქვამი, რა გავლენა მოახდინა ფულის კეთების აზარტმა და უპასუხისმგებლობამ, რამაც ათობით ოჯახის ცხოვრებაზე იმოქმედა, რამდენი არასაჭირო კილომეტრი გაიარეს ბავშვებმა ამის გამო, რამდენი საათი გაატარეს გზაში, მათ შორის სოფლის სახიფათო, მოყინულ გზებზე ზამთარში. რა დამატებითი ტვირთი იყო ბიუჯეტისთვის სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტის შეძენა თუ ქირაობა და ამ ტრანსპორტის მძღოლითა და საწვავით უზრუნველყოფა. და საერთოდ, არის თუ არა ტენდერების მარათონში შეჯიბრი ღვთის სათნო საქმიანობა, აუდიტის დასკვნაში ამასაც ვერ ამოიკითხავთ.
თუ აქამდე იღუმენია თეოდორას საქმიანობა ბოდბეში, იქ მოწყობილი სასტუმროები, ფასიანი პარკინგები და ტუალეტები, რესტორნები და საცალო ვაჭრობა მონასტრის სარგებლით შეიძლებოდა გამართლებულიყო, ამით შეიძლებოდა ახსნილიყო ადგილობრივი მოსახლეობისთვის მამა-პაპისეული მიწების წართმევა, სახელმწიფო ტენდერები და უპასუხისმგებლოდ, უგულოდ შესრულებული სამუშაოები სულ სხვა საქმეა, მისი პირადი ბიზნესი, რომლითაც ბიზნეს ლედიმ, იღუმენია თეოდორამ თავის კრიალოსანზე 10 მილიონი ლარი ჩამოითვალა.
იღუმენიამ კომპანიაში თავისი 50%-იანი წილი, 2022 წლის ბოლოს, ძმას და ძმის შვილს, 50 ათას ლარად მიჰყიდა. ამის შემდეგ, ანუ მხოლოდ 2022-2026 წლებში საწარმოს მიერ მოგებული ტენდერების თანხამ 69 მილიონ ლარს გადააჭარბა. 2025 წლის მაისში კომპანია შესყიდვების სააგენტოს ე.წ. „თეთრ სიაშიც“, ანუ პრივილეგირებულთა შორის მოხვდა.