საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

როგორ (ვერ) ჭყლეტს რიონის ხეობის დარაჯებს სახელმწიფო

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:27 - 09 თებერვალი 2021 hits 35001

რიონის ხეობაში, ტვიშიდან ნამოხვანამდე ერთადერთი ადგილი, სადაც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს ჯერ-ჯერობით აქციის გამართვას ვერ უშლიან, სოფელ ნამოხვანთან ახლოს, მდინარის ნაპირზე, ლალი ეფრემიძის პატარა ნაკვეთია. ნამოხვანი-ალპანას საავტომობილო გზის გასწვრივ, თითქმის 28 კილომეტრზე პოლიცია ადგილობრივ მცხოვრებლებს შეკრებას უკრძალავს იმ განმარტებით, რომ ტერიტორია თურქული კომპანია „ენკა რინიუებლზის“ კერძო საკუთრებაა.

7 თებერვალს, ვიდრე რიონის ხეობაში ნამახვანჰესის წინააღმდეგ ხალხი შეიკრიბებოდა, პოლიციის განსაკუთრებული მობილიზაცია მოხდა. ხეობის შესასვლელსა და გასასვლელში რეიდები მოაწყვეს. თითქმის ყველა მანქანას ამოწმებდნენ. რიონის ხეობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფებითა და პოლიციის ტრანსპორტით ისე იყო გადაჭედილი, რომ აქციის მონაწილეებს ლალი ეფრემიძის ნაკვეთამდე მისაღწევად ერთი კილომეტრის გავლა ფეხით მოუწიათ.

ნამახვანის ჰესების კასკადი, რომლის მშენებლობითაც თურქული კომპანია „ენკა რინიუებლზია“ დაინტერესებული, ორ ჰესს მოიცავს - ტვიში ჰესს 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ნამახვანი-ჟონეთის ჰესს - 333 მგვტ დადგმული სიმძლავრით. ტვიში ჰესის კაშხლის აშენება დაგეგმილია სოფელ ტვიშის მიმდებარედ. კაშხლის სიმაღლე 56 მეტრი იქნება. ტვიში ჰესისთვის დაახლოებით 1000 ჰექტარი ტერიტორია დაიტბორება. ქვედა ნამახვანი ჰესის სათავე ნაგებობისთვის 105 მეტრი სიმაღლის კაშხლის მშენებლობაა დაგეგმილი სოფელ ნამოხვანის ზემოთ, მდინარე რიონის ვიწრო ხეობაში. აქ 500 ჰექტარზე მეტი იტბორება. ქვედა ნამახვანის ჰესისთვის დაგეგმილია 4 400 მეტრის გვირაბის მშენებლობა (დიამეტრი 9 მეტრი), რომელშიც მდინარე რიონს მოაქცევენ.

ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შედეგად, ცაგერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში, მდინარე რიონის ხეობაში კულტურული მემკვიდრეობის 19 ძეგლი, აქედან 14 ეკლესია, ჰესების კასკადის უარყოფითი ზეგავლენის არეალში ექცევა.

სოფლები მოლეკურა, ქვედა ონჭეიში და მექვენა-ვანისჭალა, ასევე 13 არქეოლოგიური ობიექტი, რომელთა ნაწილიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე V-IV ათასწლეულს, ენეოლითის ხანას განეკუთვნება, მთლიანად წყლით იფარება.

საქართველოს მთავრობამ შპს „ენკა რინიუებლზს“ რიონის ხეობაში 576.3 ჰექტარი ფართობი, 99 წლით იქამდე გადასცა, ვიდრე ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზე ნებართვები გაიცემოდა. ჯერ კვლევებიც კი არ არსებობდა, შეიძლებოდა თუ არა საერთოდ ამ ტერიტორიაზე გიგანტური ჰესის მშენებლობა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე ამტკიცებს, რომ ნამახვანჰესის 105 მეტრიანი კაშხლის დანგრევის შემთხვევაში, ქუთაისს 20 მეტრიანი ტალღა დაარტყამს. მისივე თქმით, რიონის ხეობა გაგრა-ჯავის სეისმური რღვევის აქტიური მონაკვეთია: „რაჭის 1991 წლის მიწისძვრის დროს, რომლის სიმძლავრეც 7 მაგნიტუდა იყო, მიწა 80 კილომეტრზე გაირღვა. ეს პროცესები არ შენელებულა. არსებობს სერიოზული ალბათობა, რომ ისეთი მიწისძვრა, რომელიც რაჭაში მოხდა, ამ რეგიონშიც განმეორდეს, რასაც კაშხალი ვერ გაუძლებს“.

„ენკა“ აცხადებს, რომ გარკვეული ჯგუფები ნამახვანჰესის წინააღმდეგ მიზანმიმართულ სადეზინფორმაციო კამპანიას ეწევიან. იგივეს იმეორებს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათელა თურნავა: „პროექტს ეწინააღმდეგება სხვადასხვა ადამიანი, მათ შორის ჩვენი ტრადიციული ოპონენტები, ვინც უპირისპირდება ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას გარემოსდაცვითი ლოზუნგების ეგიდით, მაგრამ რეალურად გამოდის, რომ იმპორტს ლობირებენ. უამრავი კვლევა გაკეთდა, სეისმოლოგიურად და გარემოსდაცვითი თვალსაზრისითაც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო პროექტია. ნამახვანზე“ როდესაც ვსაუბრობთ, ესაა 1,500 გგვთ.სთ გამომუშავება, რაც ენერგიის მთლიანი მოხმარების 10%-ია, ესაა 800 მილიონი დოლარის ინვესტიცია და ჩვენ 2021 წელს, პოსტპანდემიურ პერიოდში ნამდვილად უნდა გავუფრთხილდეთ ასეთ მეგა პროექტებს”.

შპს „ენკა რინიუებლზს“ ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის განსახორციელებლად, ქვემო ნამახვანი ჰესის საპროექტო არეალში, ქონება 278 ოჯახიდან თითქმის სრულად აქვს გამოსყიდული. კომპანიის ინფორმაციით, 257 ოჯახს უკვე გადაუხადეს 30 მილიონი ლარის ოდენობით კომპენსაცია, დარჩენილ მოსახლეებზეც ფორმალური პროცედურები მიმდინარეობს.

მამაპაპისეული მიწა და საცხოვრებელი სახლი მექვენასა და ნამოხვანში მხოლოდ ორმა ადამიანმა არ გაყიდა - ლალი ეფრემიძემ და მაკა სულაძემ. ნაკვეთი, რომლის გაყიდვაზეც ლალიმ უარი თქვა, მის ოჯახს წლების წინ გადასცეს, რადგან მათ კუთვნილ მიწაზე მთავრობამ სოფელ ნამოხვანში, სკოლა ააშენა. ლალის ეს ნაკვეთი საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ აქვს, თუმცა მრავალწლოვანი კაკლები და სხვა ნარგავები მიუთითებს, რომ მიწას პატრონი ჰყავს და ამუშავებს. „ენკამ“ მფლობელს 80 ათასი ლარი შესთავაზა. ლალის უჭირს. ას დღეზე მეტია, უწყვეტად, დღისით ის ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზეა, სახლში გვიან ღამით ბრუნდება. ხაჭაპურებს აცხობს, 2-3 საათი თუ ასწრებს ძილს. ადრე დილით, გზაზე გამვლელ მანქანას ელოდება, რომ ნამოხვანიდან ქუთაისში გაჰყვეს, ბაზარში ხაჭაპური გაყიდოს და ისევ უკან, აქციაზე დაბრუნდეს. კვირაში რამდენჯერმე მორიგეობაც უწევს. საპროტესტო ადგილიდან ყველაზე ახლოს ის ცხოვრობს. ამიტომ, ღამით, როცა ძალიან ცივა და გარეთ უკარვოდ გაძლება ჭირს, რიონის ხეობის დარაჯები მის სახლში ფხიზლობენ. აქციის მონაწილეებს პოლიციამ კარავი 30 იანვარს დაუშალა. უთხრეს, რომ „ენკას“ კუთვნილ ტერიტორიაზე იდგა, რისი უფლებაც არ ჰქონდათ. ლალი თავისი მიწის დათმობას საკუთარი ნებით არ აპირებს.

მაკა სულაძე ნამახვანჰესის წინააღმდეგ ბრძოლის ვეტერანია. გიგანტური ჰესის მშენებლობას კომუნისტების პერიოდშიც აპირებდნენ, თუმცა პროექტი არ განხორციელდა. 2009 წელს ნამახვანჰესის იდეა პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააცოცხლა. მაკა იმ დღიდან იბრძვის. 5 წლის წინ, მექვენაში გაურკვეველი მიზეზით დაიწვა მისი საცხოვრებელი სახლი, რომლის გასხვისებაზეც მაშინაც უარს ამბობდა. საკუთარი ძალებით ახალი სახლი ააშენა და საოჯახო სასტუმროც მოაწყო. რიონის ხეობას ეკო, ღვინის და სპორტული ტურიზმის განვითარების კუთხით არაერთი პერსპექტივა აქვს, მაგრამ ადგილობრივებს და დარგის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ნამახვანჰესის მშენებლობის შემთხვევაში, ყველა ეს პერსპექტივა გაქრება. მაკამ „ენკას“ ბევრჯერ უთხრა მტკიცე უარი, რომ სახლს არ გაყიდის. ერთადერთი გზა, ინვესტორი მის ნაკვეთს რომ დაეუფლოს, ექსპროპრიაცია და იძულებით გაყვანაა.

7 თებერვალს გამართულ აქციაზე ასობით ადამიანმა მაკას მხარდაჭერა აღუთქვა, რომ თუ ხელისუფლება მისი სახლის ექსპროპრიაციას მოახდენს და მაკას, მისი შვილებისა და 87 წლის მამის იძულებით გასახლებას გადაწყვეტს, მათ ხალხი დაიცავს!

ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქტიურად იბრძვიან ლეჩხუმელი მეღვინეებიც. ტერიტორიების დატბორვის შედეგად ლეჩხუმში მოსალოდნელია კლიმატის შეცვლა, რის გამოც, შესაძლოა, ყველაზე ძვირფასი ქართული ვაზის ჯიშების, ცოლიკოურისა და უსახელოურის მიკროზონის ყურძნისა და ღვინის ხარისხი დავკარგოთ.

„ტვიშის თემის სოფლები ტვიშის მიკროზონად არის აღიარებული. ღვინო „ტვიში“ მხოლოდ აქ მოკრეფილი ცოლიკოურისგან მზადდება. 1 კილოგრამი ყურძნის ღირებულება 6 ლარია, 1 ლიტრი „ტვიში“ კი 30-40 ლარი ღირს. მაღალი მოთხოვნის გამო, ბოლო წლებში ხვამლის მიმდებარე სოფლებში მასობრივად შენდება ამ ჯიშის ვაზის ვენახები. ტვიშის უნიკალურობას ის მიკროკლიმატი განაპირობებს, რომელსაც ლეჩხუმის ამ სოფლებში ნიადაგი და ჰავა ქმნის. მთავრობა კი აცხადებს, რომ მთის სოფლებში ხალხის დაბრუნება სურს, მაგრამ ნამახვანჰესით გვანადგურებს“, - ამბობს რაფიელ ლომთაძე, მეღვინე ტვიშიდან.

კაშხლების მშენებლობის შემთხვევაში, წყლის ტემპერატურა რომ შეიცვლება, რაც ტენისა და ტემპერატურის სეზონურ და დღეღამურ რეჟიმზე ზემოქმედებას მოახდენს, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმაც დაადასტურა.

7 თებერვლის აქცია ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო ნამახვანჰესის წინააღმდეგ. ალბათ, ამიტომაც, „ენკას“ ბაზებს და ნამოხვანი-ალპანას გზიდან გადასასვლელ ყველა ხიდსა თუ ჩიხს, პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა იცავდა. ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა 106 დღიანი უწყვეტი პროტესტის, პოლიციის მიერ საპროტესტო აქციის ორჯერ დაშლისა და კარვის დადგმაზე უარის თქმით, მთავრობის მიერ „ენკასთვის“ რიონის ხეობის დიდი ნაწილის გადაცემისა და კაშხლის მშენებლობის ადგილზე აღმართული ჯვრის მოთხრის შემდეგ, განსაკუთრებული სოლიდარობა მოიპოვეს. კორონავირუსთან ბრძოლის საბაბით ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება კი არის შეზღუდული, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი არ მოძრაობს, საღამოს 9 საათის შემდეგ ქუჩაში ყოფნა იკრძალება და ადამიანებს 2 ათასი ლარით აჯარიმებენ, მაგრამ ყველა ამ ხელშეშლისა და რისკის მიუხედავად, კვირას ნამოხვანში აქციაზე იმყოფებოდნენ ზემო და ქვემო სვანეთიდან, რაჭიდან, ლეჩხუმიდან, გურიიდან, აჭარიდან, კახეთიდან, თბილისიდან, მცხეთა-მთიანეთიდან, შიდა ქართლიდან.

აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას ოთხი მოთხოვნით მიმართეს: გაუქმდეს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის N 2405 განკარგულება, რომლითაც რიონის ხეობაში 576 ჰექტარი ინვესტორ კომპანიას, „ენკა რინიუებლზს“ 99 წლით გადაეცა; მოგლეჯილი ჯვარი დაუბრუნდეს თავის ადგილს; გაბათილდეს ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზე გაცემული ნებართვა და მასზე დაფუძნებული დოკუმენტები; ინვესტორმა კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა.

„თუ უმოკლეს ხანში ეს ყველაფერი არ იქნება მთავრობისგან ოფიციალურად გაცხადებული, რომ ისინი წყვეტენ ამ ყველაფერს, მე ვაცხადებ, საქართველო მათ გამოუცხადებს დაუმორჩილებლობას, ეს იქნება მათთვის ძალიან მძიმე დღეები“, 

განაცხადა დეკანოზმა გიორგი ასათიანმა. სასულიერო პირი წარმოშობით დერჩიდანაა. რიონის ხეობის ამ სოფლის ქვედა ნაწილიც - სახნავ-სათესი მიწები ნამახვანჰესის წყალსაცავის ქვეშ ექცევა.

აქცია ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტელევიზიებისა და სააგენტოების მეშვეობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აქციის მიმდინარეობისას პოლიციამ ორი ავტომობილი შეაჩერა. ერთ-ერთი ავტომობილიდან ამოიღეს „ვინჩესტერის“ ტიპის რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და სნაიპერული შაშხანა, ხოლო მეორე ავტომობილიდან - ბეისბოლის ჯოხი და ბლაგვი საგანი, ე.წ. „დუბინკა“. შსს-ს განცხადებით, პოლიციამ ჩამორთმევის შემდეგ მფლობელებს განუმარტა, რომ აღნიშნული ნივთები აქციის დასრულების შემდეგ დაუბრუნდებოდათ.

მოძრაობას „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“, რომელიც ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციის ორგანიზატორია, მიაჩნია, რომ შსს-ს მიერ ამ განცხადების გავრცელების მიზანი, სამოქალაქო აქტივისტებისა და წინააღმდეგობის პროცესის დისკრედიტაცია იყო.

ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვების გასაუქმებლად ლეჩხუმისა და ზემო იმერეთის სოფლების მცხოვრებლები სასამართლოშიც დავობენ. 10 თვის წინ შეტანილი სარჩელის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ დრომდე არ დაუწყია.

ავტორები: ლაშა ორჯონიკიძე, გელა მთივლიშვილი

გელა მთივლიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. პროფესიით იურისტია. აშუქებს ადამიანის უფლებებთან, ეთნიკურ უმცირესობებთან, კონფლიქტის ზონებთან და ტერორიზმთან დაკავშირებულ თემებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში