საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

576 ჰექტარი 16 ლარად, 99 წლით - რიონის ხეობა ნამახვანჰესის კომპანიას გადასცეს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

20:57 - 05 თებერვალი 2021 hits 25767
დავით ჭიპაშვილი, ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“
გარემოს დაცვა
დავით ჭიპაშვილი, ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“

საქართველოს მთავრობამ შპს „ენკა რინიუებლზს“, რომელსაც ნამახვანჰესის აშენება სურს, რიონის ხეობაში 576.3 ჰექტარი ფართობი, 99 წლით, იქამდე გადასცა, ვიდრე ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზე ნებართვები გაიცემოდა. მეტიც, რიონის ხეობის დიდი ნაწილი, პრემიერ-მინისტრმა გახარიამ, თურქულ კომპანიას, პირდაპირი ფორმით, მხოლოდ 16 ლარად ისე მიჰყიდა, რომ ჯერ კვლევებიც კი არ არსებობდა, შეიძლებოდა თუ არა საერთოდ ამ ტერიტორიაზე გიგანტური ჰესის მშენებლობა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზე, დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება 2020 წლის 28 თებერვალს გასცა.

ეკონომიკის სამინისტროს სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ ქვემო ნამოხვანი ჰესის მშენებლობის ნებართვა 2020 წლის 22 აპრილს დაამტკიცა.

ამ დროს, საქართველოს მთავრობას, წინსწრებით, 2019 წლის 21 ნოემბერს N2405 განკარგულებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება შპს „ენკა რინიუებლზისთვის“ აღნაგობის უფლებით და პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაუცია.

აღნიშნული განკარგულება არ არის განთავსებული საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე, არადა, 21 ნოემბერს მიღებული სხვა განკარგულებები gov.ge-ზე ხელმისაწვდომია. „ენკა რინიუებლზისთვის“ 576 ჰექტარი ფართობის გადაცემის შესახებ მთავრობის განკარგულება არც საკანონმდებლო მაცნეში იძებნება. წესით, განკარგულება საჯაროდ უნდა იყოს გამოქვეყნებული.

დოკუმენტი ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელმა დავით ჭიპაშვილმა გაასაჯაროვა. ნამახვანიჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული მასალები მან მთავრობის ადმინისტრაციიდან წერილობით გამოითხოვა.

განკარგულების მიხედვით, ძირითადად წყალტუბოს, ასევე, ცაგერისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში შპს „ენკა რინიუებლზს“ გადაეცა 5 763 023 კვ.მ ფართობი (576.3 ჰექტარი), მათ შორის 1 981 220 კვ.მ (198.12 ჰექტარი) ტყე.

განკარგულების მე-4 პუნქტის თანახმად, კომპანიამ, 99 წლის განმავლობაში, წლიურად მხოლოდ 16 ლარი უნდა გადაიხადოს ამ ფართობით სარგებლობის სანაცვლოდ.

„ეს განკარგულება მიუთითებს გადაწყვეტილებების მიღების მანკიერ პრაქტიკაზე. მთავრობამ ნამახვანჰესის აშენებაზე ტენდერიც ისე გამოაცხადა, არავინ იცის, მასში ვინ მონაწილეობდა. შემდეგ, უბრალოდ გამოგვიცხადეს, რომ ტენდერში გამარჯვებული არის ნორვეგიული „ქლინ ენერჯი“, რომელიც მანამდე ცნობილი იყო შუახევის ჰესის მშენებლობის „კარგი სახელით“. ვგულისხმობ, ჰესის გახსნიდან ორ თვეში 37 კილომეტრიანი გვირაბი რამდენიმე ადგილას რომ ჩამოინგრა. ამის მიუხედავად, მაინც გააფორმეს კონტრაქტი იგივე კომპანიასთან, უკვე ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით. კონტრაქტის პირობები, რა ვალდებულებები აქვს სახელმწიფოს აღებული, არ ვიცით, რადგან ხელშეკრულება კონფიდენციალურია. ახლა ვხედავთ, რომ „ენკა რინიუებლზს“, რომელიც იგივე „ქლინ ენერჯია“, მთავრობამ რიონის ხეობაში გადასცა 576 ჰექტარი ისე, რომ არ არსებობდა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, არც კვლევები. მეტიც, გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაში, რომელიც მიწების გადაცემიდან რამდენიმე თვის შემდეგ გაიცა, მითითებული იყო 30 პირობა, რომელთა უმეტესობა მშენებლობის დაწყებამდე ჩასატარებელ კვლევებს ეხებოდა“, - ამბობს დავით ჭიპაშვილი.

- რა აზრი აქვს კვლევის ჩატარებას, თუ მთავრობა მის გარეშე იღებს გადაწყვეტილებას და 576 ჰექტარს წინასწარ აძლევს კომპანიას ჰესის მშენებლობისთვის?

- რაც ნამახვანჰესის საქმეში რაღაც კვლევები დევს, რაზეც ირწმუნებიან, რომ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით არის ჩატარებული, სინამდვილეში ბუტაფორიაა, ფორმალური სახე აქვს იმიტომ, რომ გადაწყვეტილება მიღებული იყო ნებართვებამდე, ხელშეკრულებაც გაფორმებული ჰქონდათ და მიწებიც გადაცემული იყო.

ამიტომაც, ფორმალური იყო გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის ე.წ. საჯარო განხილვაც, როცა წინა დღეს შეცვალეს დრო, რომ მაქსიმალურად ნაკლები დაინტერესებული მხარე ჩართულიყო ამ პროცესში და შეხვედრის ადგილი შეარჩიეს სამშენებლო არეალიდან 50 კმ-ის დაშორებით, მათთვის არასასურველ ადამიანებს რომ ვერ მიეღწიათ.

კომპანიის მიერ წარდგენილი მთელი რიგი კვლევები სამინისტრომ ისე შეითანხმა, რომ არც გაუსაჯაროვებია. არადა, სამინისტროს ევალებოდა დოკუმენტები 3 დღეში გამოექვეყნებინა. არც ეს დოკუმენტებია საჯაროდ ხელმისაწვდომი, ისე, როგორც არ იყო მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის განკარგულება.

საქართველოს მთავრობა არღვევს გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ევროკავშირის ენერგოთანამეგობრობის ძირითად პრინციპსაც, რომლის წევრიც საქართველო 2016 წელს გახდა.

„როცა „ენკა რინიუებლზთან“ დადებული ხელშეკრულება კონფიდენციალურია და მიწების გადაცემის თაობაზე მთავრობის განკარგულება საჯაროდ, ელექტრონულად ხელმისაწვდომი არ არის, ბუნებრივია, ჩნდება გონივრული ეჭვი ამ პროცესში კორუფციული გარიგების თაობაზე.

სხვა შემთხვევაში, სრულიად გაუგებარია, რატომ უნდა იყოს სახელწიფოსა და კერძო კომპანიას შორის გაფორმებული კონტრაქტი კონფიდენციალური, რა მუხლი შეიძლება იყოს იქ ისეთი, რომლის ცოდნაც არ შეიძლება საქართველოს მოქალაქისთვის.

- დავით, აქამდე თუ არსებობდა საქართველოში ასეთი პრაქტიკა?

- სვანეთში ხუდონჰესზეც მსგავსი რამ მოხდა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქონება 1 დოლარად გადასცა, ვიდრე საერთოდ ნებართვა გაიცემოდა. ხუდონჰესზე ნებართვა დღემდე არ არის გაცემული, მაგრამ ტერიტორიის მესაკუთრე ის კომპანიაა. ეს არის იმ მანკიერი პრაქტიკის გაგრძელება, რასაც ადგილი ჰქონდა წინა ხელისუფლების პირობებშიც და ახლაც.

საერთაშორისო პრაქტიკაში ასეთი შემთხვევა არ არის. პირიქით, ყველა თანხმდება, რომ ენერგეტიკის სექტორის მონოპოლიური ბუნებიდან გამომდინარე, აუცილებელია დაცული იყოს გამჭვირვალობა, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა და მონაწილეობა.

წყალტუბოსა და ცაგერში, ის ადგილები, რაც მოსახლეობას ჰგონია, რომ მათი ტერიტორიებია, გარდა იმისა, ვისაც რეესტრში ჰქონდა რეგისტრირებული, უკვე კომპანიის საკუთრებაა, გამონაკლისის გარეშე.

ამას მოწმობს ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც, როდესაც ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქტივისტებს ჯერ კარვის დაშლა მოსთხოვეს. მერე, სხვა ადგილას, ერთ-ერთი აქტივისტის კუთვნილ ეზოში, რომელიც რეესტრში სამწუხაროდ არ აქვს გატარებული, პოლიცია მათ არ აძლევდა კარვების დადგმის საშუალებას და ეუბნებოდნენ, რომ ის ადგილიც კომპანიას ეკუთვნის.

- რა არის ის ძირითადი სარგებელი და ზიანი, რაც ნამახვანჰესმა შესაძლოა მოგვიტანოს?

- სარგებლის განსაზღვრა არის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რომელსაც კოდექსი კომპანიას პირდაპირ ავალდებულებს.

არც ნამახვანჰესის და არც რომელიმე სხვა ჰიდროელექტროსადგურის შემთხვევაში, ჰესის დანახარჯებისა და სარგებლის ანალიზი გაკეთებული არ არის. ამიტომ, ნებისმიერი მტკიცება, რომ ეს პროექტი არნახულ სარგებელს მოიტანს, არის მანიპულაცია და არაფერი აქვს საერთო სინამდვილესთან.

რაც შეეხება ზიანს, მოსალოდნელია ყველა მიმართულებით, როგორც ბუნებრივ გარემოზე, მათ შორის ტყის მასივებზე. ნამახვანჰესის პროექტი ითვალისწინებს 610 ჰექტარი ფართობის წყლის სარკის ზედაპირის შექმნას. დატბორვის ფართობი გაცილებით მეტი იქნება, რადგან ის ფერდობებსაც მოიცავს. შესაბამისად, წყლის ქვეშ აღმოჩნდება ტყის დიდი მასივი. სერიოზული ზემოქმედების ქვეშ მოექცევა ტვიშის მიკროზონა იმიტომ, რომ ორ რეზერვუარს შორის ხვდება. ასევე, ხვანჭკარის მიკროზონა და შესაძლოა, უსახელოურიც.

ზიანი არის კოლოსალური. ჩვენ არ ვიცით, რა წერია ხელშეკრულებაში, არ ვიცით რა ფასია განსაზღვრული, არ ვიცით სახელმწიფოს რა ვალდებულებები აქვს აღებული კომპანიის წინაშე. აქედან გამომდინარე, თუ შევადარებთ ნენსკრა ჰესს, ეს არის ყველაზე კაბალური ხელშეკრულება მთლიანად ენერგოსექტორში.   

- ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს თითქმის ერთი წლის წინ მიმართეთ, ცალკე „მწვანე ალტერნატივამ“ და ცალკე ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) დახმარებით. სასამართლოს ამ დრომდე არცერთი სარჩელის განხილვა არ დაუწყია...

- 2020 წლის დასაწყისში მივმართეთ. არაფერი ხდება მას შემდეგ. ეს არის სამწუხარო პრაქტიკა. დაახლოებით იგივე სიტუაცია იყო შუახევი ჰესის შემთხვევაში, სადაც საია ეხმარებოდა ადგილობრივებს. მათ სარჩელი ჯერ კიდევ 2014 წელს შეიტანეს შუახევი ჰესზე გაცემული ნებართვის გასაბათილებლად, მაგრამ მშენებლობა ისე დასრულდა, ჰესი ისე შევიდა ექსპლუატაციაში და გვირაბები ისე დაინგრა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება დღემდე არ მიუღია. რეალურად, სასამართლო ძალიან არაეფექტურია, როცა საქმე ჰესებს ეხება. ნაცვლად იმისა, რომ ასეთი საქმეები სწრაფად და ხარისხიანად განიხილონ, პროცესი ისე იწელება, რომ ბოლოს გადაწყვეტილებას აზრი არ აქვს.

კომპანია „ენკა რინიუებლზის“ განმარტებით, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ (სახელმწიფო საწარმო, რომლის შვილობილსაც წარმოადგენდა სს „ნამახვანი“) 2015 წლის 24 დეკემბერს გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის მშენებლობა-ოპერირება-ფლობის მიზნით. სს „ნამახვანს“ დასრულებული ჰქონდა განახლებული საბაზისო დიზაინი, შემოვლითი გზის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და გაცემული იყო დადებითი ეკოლოგიური დასკვნა და მშენებლობის ნებართვა.

ინტერესთა გამოხატვაში ინვესტორის შერჩევის მიზნით შექმნილმა შეფასების კომისიამ, შეისწავლა თითოეული პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და 2017 წლის 16 იანვარს გამარჯვებულად „CLEAN ENERGY GROUP GEORGIA“ LLC (გადარქმეული სახელი: შპს „ენკა რინიუებლზ“) გამოაცხადა.

2019 წლის 25 აპრილს, ინვესტორსა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმდა ნამახვანი ჰესების კასკადის პროექტის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების ხელშეკრულება, რომელიც მოიცავდა სს „ნამახვანის“ ქონების გამოსყიდვასაც.

შპს „ენკა რინიუებლზმა“ ჰესების კასკადის სამშენებლო/დეტალური პროექტის მომზადების მიზნით, განახორციელა პროექტის ოპტიმიზაციის სამუშაოები, რომლის შედეგად მიღებული იქნა გადაწყვეტილება ჰესების კასკადის თავდაპირველ პროექტში ცვლილებების შეტანის თაობაზე. კომპანიის მიერ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის წარდგენილი ქვემო ნამახვანი ჰესთან დაკავშირებული ცვლილებები - მათივე გადაწყვეტილებით დაექვემდებარა ხელახალ სანებართვო პროცედურას, განახლებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.  2020 წლის 28 თებერვალს გაიცა განახლებული გარემოსდაცითი გადაწყვეტილება, ხოლო იმავე წლის 22 აპრილს - განახლებული მშენებლობის ნებართვა.

„ენკა რინიუებლზის“ განცხადებით, მშენებლობის ნებართვის მისაღებად გათვალისწინებულია საჭირო მიწის ნაკვეთებზე სამართლებრივი უფლების მოპოვება. პროექტის მასშტაბებიდან და კერძო საკუთრებაში არსებულ ქონებებზე შეთანხმების მისაღწევად საჭირო გონივრული ვადის გათვალისწინებით, მშენებლობის ნებართვის  პირობად განსაზღვრულია კონკრეტული დამატებითი ვადა, ყველა კატეგორიის საჭირო მიწებზე უფლებების სრულად მოსაპოვებლად.

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების ნაწილი, საქართველოს მთავრობის განკარგულების  საფუძველზე, სასყიდლიანი პრივატიზების ფორმითა და ზოგიერთი მათგანის - აღნაგობის უფლებით, გადმოცემულ იქნა მკაცრად განსაზღვრული პირობებით: მიწებით სარგებლობა დასაშვებია მხოლოდ პროექტის განხორციელების მიზნებისთვის, გასხვისების უფლების გარეშე. აქვე, მიწების გადმოცემის პირობად განსაზღვრულია ნამოხვანი - ალპანა - მამისონის გზის, ნამოხვანი - ალპანას 28 კმ. მონაკვეთის მშენებლობა და მისი უსასყიდლოდ გადაცემა სახელმწიფოსთვის, რომ არაფერი ვთქვათ უმაღლესი გარემოსდაცვითი, უსაფრთხოების და სოციალური სტანდარტების განხორციელების ვალდებულებებზე.

აღსანიშნავია, რომ იმ გადმოცემულ სახელმწიფო მიწებზე, რომელთაც ჰყავდათ ფაქტობრივი მოსარგებლეები, ყველანაირი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, სახელმწიფოს მოთხოვნის თანახმად, გაცემული იქნა კომპენსაციები სხვა მესაკუთრეებისთვის განსაზღვრული განაკვეთების იდენტურად.

რაც შეეხება, ქვემო ნამახვანი ჰესის საპროექტო არეალში არსებულ კერძო საკუთრებაში/მფლობელობაშიარსებულ ქონებებს - 278 ოჯახიდან კომპენსაცია გაცემულია 257 ოჯახზე - 30 მლნ ლარის ოდენობით. ხოლო დარჩენილ მოსახლეებზე მიმდინარეობს ფორმალური პროცედურები.

აღსანიშნავია რომ კერძო პირების მფლობელობაში არსებული მიწების უმრავლესობა არ იყო რეგისტრირებული. თუმცა, კომპანიის საკომპენსაციო პოლიტიკის თანახმად, სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით, კომპენსაციები გაიცა იდენტური განაკვეთებით როგორც მესაკუთრეებზე, ასევე მფლობელებზე და ის მნიშვნელოვნად აღემატება საბაზრო ფასს“, - ნათქვამია „ენკა რინიუებლზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ თემაზე:

რატომ ითხოვს „მწვანე ალტერნატივა“ ნამოხვანის ჰესების მშენებლობაზე ნებართვის გაუქმებას

რა საფრთხეს უქმნის ნამოხვანის კასკადი ტვიშის მიკროზონას - ინტერვიუ ლევან ხმელიძესთან

რატომ გაასხვისეთ რიონის ხეობა 99 წლით? მეუფე სტეფანე მთავრობისგან განმარტებებს ითხოვს

რიონის ხეობის დარაჯები

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში