საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

უარი ნამახვანჰესს - მრავალათასიანი აქციის ულტიმატუმი მთავრობას

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:18 - 02 მარტი 2021 hits 27444

საქართველოს მთავრობას 14 მარტამდე მისცეს ვადა, რომ უარი თქვას ნამახვანჰესის მშენებლობაზე, თურქულ კომპანია „ენკა რინიუებლზს“ დაატოვებინოს რიონის ხეობა და გააუქმოს ერთი წლის წინ მიღებული დადგენილება, რომლითაც „ენკას“ ნამახვანის ჰესების კასკადისთვის ლეჩხუმსა და ზემო იმერეთში, ასობით ჰექტარი 99 წლით გადასცეს.

28 თებერვალს ქუთაისში გამართული მრავალათასიანი საპროტესტო აქციის შემდეგ, შეჩერებულია ნამახვანჰესის სამშენებლო სამუშაოები, რომელსაც „ენკა“ მანამდე პოლიციის თანხლებით ახორციელებდა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული 80-მდე აქტივისტი სოფელ ნამოხვანში 24 საათის განმავლობაში მორიგეობს.

„28 წლის ვარ და ქუთაისში შეკრებილი ამდენი ადამიანი არ მინახავს. თითოეული ჩვენგანი უნდა გავხდეთ გარანტი იმისა, რომ შევძლოთ გაერთიანება და იმ საკითხების გადაწყვეტა, რაც ხალხს გვაწუხებს“, - ვიდრე ვარლამ გოლეთიანი მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერი გახდებოდა, ქუთაისის ერთ-ერთ სკოლაში გალობის ისტორიას ასწავლიდა. მასწავლებლად ახლაც მუშაობს - პანდემიის გამო გაკვეთილებს ონლაინ ატარებს და უმეტესად, ნამოხვანიდან ერთვება, კარვიდან, სადაც ოთხ თვეზე მეტია გადაცხოვრდა. 25 ოქტომბრიდან ღამეს რიონის ნაპირზე ათევენ. ვარლამი მშობლებთან და ძმასთან ერთად ქუთაისიდან და ტვიშიდან, მაკა შვილებით მექვენადან, როლანდიც ტვიშიდან და ლალი ნამოხვანიდან - სულ ცხრანი იყვნენ. რიონის ხეობის გადარჩენისთვის ბრძოლამ დააკავშირა. შეთანხმდნენ, რომ არ დაიშლებიან, ვიდრე ნამახვანჰესის მშენებლობა არ შეწყდება.

„126 დღეა ვდგავართ ნამოხვანში. გვინდოდა, ეს აქცია ხეობაში გაგვემართა. სამწუხაროდ, გარკვეული პროვოკაციული ჯგუფები ცდილობენ, რომ იქ მოხდეს დაპირისპირება ჩვენსა და პოლიციას ან თურქულ კომპანიას შორის. ჩვენ, როგორც განვითარებულ, კულტურულ ხალხს, არ გვჭირდება მათთან ფიზიკური შეხლა-შემოხლა. ეს არის ჩვენი სულისკვეთება, რითიც დავიწყეთ მოძრაობა რიონის ხეობაში და ასე მივალთ ბოლომდე“, - მიმართა ვარლამმა 28 თებერვალს, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ ათასობით მოქალაქეს. 

„რამდენიმე დეტალს მივაპყრობ თქვენს ყურადღებას. შეიძლება ბევრმა თქვენგანმა არ იცის ეს, რადგან ჯეროვნად და საკმარისად არ ხდება ამ თემის წამოწევა. რა არის ჩვენი პროტესტის ძირითადი მიზეზები:

ხეობა, რომელიც არის ჩვენი, ყველას საკუთრება, არცერთმა ჩვენგანმა არ ვიცოდით მისი გადაცემის შესახებ უცხოელი ინვესტორისთვის. ხელისუფლებას ვეკითხებით, რატომ არ ვიცოდით? თუ ეს პრობლემა არ არის, რატომ უნდა დაუმალო ხალხს ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი? ხეობა 99 წლით გადაცემულია თურქული კომპანიისთვის.

381 ჰექტარი გადაცემულია პირდაპირი მიყიდვის ფორმით ანუ სამუდამო საკუთრებაში, დანარჩენი აღნაგობის უფლებით. სახელმწიფო ვალდებულებას იღებს, რომ 15 წლის განმავლობაში კომპანიისგან 6.2 ცენტად იყიდის ელექტროენერგიას, წლიური 3 %-იანი ზრდით, რაც გულისხმობს, რომ დენის ტარიფი ჩვენთვის იმაზე ძვირი იქნება, რაც დღეს არის. ასევე, კონტრაქტის მიხედვით, კომპანია პასუხისმგებლობას იხსნის, რომ 15 წლის შემდეგ საერთოდ ელენერგიას მიჰყიდის სახელმწიფოს. აქედან ისმის კითხვა, სად არის ენერგოდამოუკიდებლობა?

გაგვიწიოს ხელისუფლებამ ანგარიში იმ ხალხს, ვინც აქ ვდგავართ, ათასობით ადამიანი და უკან წაიღოს თავისი დადგენილება, რომელიც არის უკანონო, არასწორი და ანტისახელმწიფოებრივი. აღიაროს თავისი დანაშაული. ეს არის ჩვენი მოთხოვნა. აღიარონ შეცდომა, დაგვიბრუნონ ხეობა და თურქული კომპანია გაუშვან აქედან.

თუ ხელისუფლება ამ ყველაფერს არ გაითვალისწინებს, იმას, რაც ახლა ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ხდება, მაშინ ეს ნიშნავს, რომ პირდაპირ დაპირისპირების პროვოცირებას ახდენს ჩვენსა და პოლიციას შორის, ჩვენსა და თურქულ კომპანიას შორის.

ჩვენ ლეგიტიმურად ჩავთვლით ჩვენს მოქმედებას, რომ უკვე ისინი გადმოდიან იერიშზე, არ ითვალისწინებენ ქართველი ხალხის პოზიციას და დავუპირისპირდებით შესაბამისად - ორი კვირის ვადაში მოვაწყობთ ქალაქის პიკეტირებას. დავაყენებთ მანქანებს და მივატოვებთ აქ, წავალთ სახლებში.

თუ ხვალ დილით კომპანია ისევ გადაწყვეტს, რომ აახმაუროს თავისი ტრაქტორი, რომელიც ტანკია ჩვენთვის, მაშინ ჩვენ გადავუდგებით იქ და ამის მერე იქნება ისევ თქვენი მობილიზება საჭირო. ერთ მოსვლას კიდევ გავიჭირვებთ და იქამდე დავრჩებით აქ, ვიდრე ერთ საათში არ გვეტყვიან პასუხს, როდის გადის კომპანია. თუ არა, მაშინ მოვიდეს ხელისუფალი აქ და მოაწყოს 7 ნოემბერი, გააკეთოს, გაბედოს და დაემსგავსოს მართლა ჯალათს, რომელსაც დღემდე ისეთი რაღაც არ მოუწყვია, რაც აქამდე ხდებოდა პოლიტიკური ნიშნით. აქვთ მათ გარკვეული ჩავარდნები, მაგრამ ამდენი ხალხის წინაშე ვფიქრობ, ისინი ვერ გაბედავენ, რომ სპეცრაზმმა სამართლიანი მოთხოვნების მქონე ხალხის რბევა დაიწყოს“, - აღნიშნა აქციაზე ვარლამ გოლეთიანმა.

ხალხმრავლობის მიუხედავად, საპროტესტო აქცია საკმარისად ვერ მოექცა ცენტრალური ტელეკომპანიების, მათ შორის ოპოზიციური არხების დღის წესრიგში. აქციის ორგანიზატორებმა ეს იმით ახსნეს, რომ ისინი პოლიტიკურ პარტიებს ემიჯნებიან და პოლიტიკოსებს მიკროფონს არ აძლევენ.

აქციაზე სიტყვით გამომსვლელებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც შეტევაზე ორიენტირებულ სამოქმედო გეგმას ემხრობოდნენ. „ჩვენ აქ რა უნდა ვიყოთ ძალიან შემწყნარებლური, რომელსაც სამწუხაროდ, ვხედავ. ამდენი ხალხი რომ მოგივა, მაშინ კუდით ქვა უნდა ასროლინო იმ კომპანიას, რომელიც რიონის ხეობას ანგრევს. ამდენ ხალხს არ უნდა მისცე უკან ისევ წასვლის საშუალება, უკმარისობის გრძნობა არ უნდა გააყოლო. ვართ ბრძოლის ველზე, დავამთავროთ ეს ჯოჯოხეთი. დავატოვებინოთ კომპანია „ენკას“ რიონის ხეობა. არავითარი 14 და 15. არაერთხელ მივეცით ჩვენ ორკვირიანი ვადა, რომლებიც ისე ამოიწურა, პასუხიც არ გვაქვს. ხელისუფლებას არ უნდა შევუქმნათ კარგი საძილე პირობები. რატომ? საქართველოს ტერიტორიები ისე გაყიდა, რომ ჩვენ აზრზეც არ ვიყავით. ამიტომ, ვიყოთ შემტევი. როცა გვხედავენ, რომ უკან ვიხევთ, მერე მოდიან უკვე.

არანაირი უკან დახევა. ბრძოლა მოვიგეთ ლენტეხში, როცა შეტევაზე გადავედით. ბრძოლა მოვიგეთ სვანეთში, ბრძოლა მოიგო პანკისმა

- განაცხადა მანანა საღლიანმა, რომელიც სვანეთში გიგანტური ჰესების წინააღმდეგ გამართული არაერთი აქციის ორგანიზატორი და მონაწილეა. ის, რამდენიმე წლის წინ, სწორედ ამის გამო გაათავისუფლეს მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურიდან.

„ჩვენ ვეთანხმებით ქალბატონ მანანას. როცა ამდენი ხალხი მოდის, ამას მოჰყვება დიდი პასუხისმგებლობა ჩვენთვის, ვისი სიტყვითაც ეს ხალხი აქ შეიკრიბა. არ შეიძლება ჩავაგდოთ ისეთ მდგომარეობაში, რასაც ვერ გავაკონტროლებთ.

ამდენნი ვართ. არ გვჭირდება ჩვენ არც სისხლისღვრა და არც ქვის სროლა. მოვალთ 14 მარტს,  თუ არ იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული. არ არის პრობლემა, არაფერს ვგმობთ, არანაირ კომპრომისზე საუბარი არ არის“, - განმარტა ვარლამ გოლეთიანმა.

ნამახვანჰესის პროექტთან მიმართებით მრავალი საფრთხის მიუხედავად, რაზეც პროფესიონალები საუბრობენ - კაშხლების სიმაღლე, გეოდინამიკური მდგომარეობა, მეწყრული პროცესები, კლიმატის შესაძლო ცვლილება, უარყოფითი ზეგავლენა ტვიშის მიკროზონასა და ტურიზმის განვითარებაზე, აქციაზე უფრო მეტი ყურადღება ანტითურქულ განცხადებებს დაეთმო, რომლის ტირაჟირებასაც ჩვენ არ ვახდენთ. აქციის მონაწილეებს შორის მრავლად იყვნენ რუსული პროპაგანდისტული, ულტრანაციონალისტური ჯგუფებიც. ქსენოფობიურ გამონათქვამებს რამდენიმე გამომსვლელი იქვე გაემიჯნა და ხაზი გაუსვა, რომ პროტესტის მთავარი სამიზნე საქართველოს ხელისუფლებაა.

ამ თემაზე:

რა საფრთხეს უქმნის ნამოხვანის კასკადი ტვიშის მიკროზონას

რატომ ითხოვს „მწვანე ალტერნატივა“ ნამოხვანის ჰესების მშენებლობაზე ნებართვის გაუქმებას

რიონის ხეობის დარაჯები

ჩემი საქციელი უღირსი იქნება, თუ ნამოხვანის ჰესებზე ხმამაღლა არ ვისაუბრებ - მეუფე სტეფანე

576 ჰექტარი 16 ლარად, 99 წლით - რიონის ხეობა ნამახვანჰესის კომპანიას გადასცეს

როგორ (ვერ) ჭყლეტს რიონის ხეობის დარაჯებს სახელმწიფო

რა პირობებს არღვევს ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია და რატომ მალავდა დარღვევებს მთავრობა

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში