საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

რაჭას ჰესების კასკადი კი არა, დიდი ეროვნული პარკი ესაჭიროება - WWF-ის კავკასიის ოფისი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

13:02 - 14 მაისი 2020 hits 22019
ფოტოზე - გიორგი სანადირაძე, WWF-ის კავკასიის ოფისი დირექტორი
გარემოს დაცვა
ფოტოზე - გიორგი სანადირაძე, WWF-ის კავკასიის ოფისი დირექტორი

საერთაშორისო ორგანიზაცია ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისი აცხადებს, რომ ონის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგია, რადგან რაჭა და მდინარე რიონი ამისათვის მართებული ადგილი არ არის, ჰესების კასკადის პროექტი კი არ შეესაბამება საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკის პრინციპებს. WWF-ის კავკასიის ოფისის განცხადებით, დღემდე ვერ მოხერხდა რაჭის დაცული ტერიტორიების დაარსება და რჩება შთაბეჭდილება, რომ მას ხელისუფლების ტექნოკრატიული ნაწილი ბლოკავს.

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის ზოგადი პოზიცია ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით ცნობილია: მართებული ჰესი – მართებულ ადგილზე. „მართებული ჰესი“ ნიშნავს – უახლესი, ბუნებისადმი დამზოგავი და მინიმალური ზიანის მომტანი ტექნოლოგიებით აშენებულს, ხოლო „მართებულ ადგილზე“ ნიშნავს – ადგილის შერჩევისას სტრატეგიული დაგეგმარების შედეგებისა და მდგრადი განვითარების სამივე შემადგენელი კომპონენტის გათვალისწინებას – არამხოლოდ ტექნიკურ-ეკონომიკურის, არამედ და თანაბრად სოციალურ-კულტურულის და ეკოლოგიურის.

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი ეწინააღმდეგება ჰესების ყველა იმ პროექტს, რომელთა დაგეგმვა და განვითარება არ შეესაბამება საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკის პრინციპებს.

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის ოფისის მოსაზრებით, ჰიდროენერგეტიკული რესურსების გამოყენება უნდა ემყარებოდეს საფუძვლიან სტრატეგიულ გარემოსდაცვით და სოციალურ შეფასებებს;

აუცილებელია ჩვენი ქვეყნის ჰიდროენერგეტიკული რესურსების გამოყენების დაგეგმვისა და ცალკეული პროექტების განვითარებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება;

ახალი ჰესების მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, სრულყოფილად უნდა იქნას განხილული ყველა შესაძლო ალტერნატივა, განახლებადი ენერგიის სხვა წყაროების ჩათვლით, რათა მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან ბუნებისთვის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის საზიანო გადაწყვეტილებები;

ჰესები არ უნდა შენდებოდნენ „არამართებულ ადგილებზე“ და ზემოქმედებას არ უნდა ახდენდნენ მაღალი კონსერვაციული ღირებულების მქონე ეკოსისტემებზე. შესაბამისად, აუცილებელია მაღალი კონსერვაციული ღირებულების მქონე მტკნარი წყლის ეკოსისტემების დაცვის მიზნით პრიორიტეტების განსაზღვრა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი გათვალისწინება.

ცნობილია, რომ საქართველოს ჰიდროენერგოსექტორი, წინა ხელისუფლებიდან მოყოლებული, მდგრადი განვითარების ზემოთხსენებულ ფუნდამენტურ პრინციპებს უგულებელყოფს:

ჰიდროენერგეტიკა ვითარდება სპონტანურად – სტრატეგიული გეგმის გარეშე და სრულიად არასაკმარისი, მოძველებული მეთოდოლოგიით შექმნილ გარემოზე ზემოქმედების შეფასებებზე დაყრდნობით. ეკოლოგების განსხვავებული აზრი მუდამ იგნორირებულია და ერთადერთ შემაკავებელ ფაქტორად ადგილობრივი მოსახლეობის მკვეთრი, ზოგჯერ გააფთრებული პროტესტიღა რჩება:

სწორი დაგეგმარების – მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით/პირობებში ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს, ადგილობრივი მოსახლეობის და ეკოლოგების თუ ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტების აზრი თავიდანვე უნდა იყოს გათვალისწინებული.

კიდევ ერთი ფუნდამენტური რამ უნდა გვახსოვდეს, როცა ჰესებზე ვსაუბრობთ: რა ინვესტიციაც გინდა მოჰქონდეს მას, ჰესი დროებითი ნაგებობაა, ბუნება კი მუდმივია და ხანგრძლივვადიანი ხედვით მას უამრავჯერ მეტი სარგებელი მოაქვს ადამიანისთვის, ვიდრე ნებისმიერ ტექნიკურ-ინფრასტრუქტურულ წარმონაქმნს. თუმცა, გასაგებია, რომ ქვეყანას ეკონომიკური განვითარება ესაჭიროება და ამისათვის მოკლე და საშუალოვადიანი გეგმებიც მნიშვნელოვანია: საქართველოს აქვს მდიდარი ჰიდროენერგეტიკული რესურსები და ქვეყანამ ამით უნდა ისარგებლოს, ოღონდ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ – მართებული ტექნოლოგიების გამოყენებით – მართებულ ადგილზე.

რაჭა და მდინარე რიონი კი ამ თვალსაზრისით მართებული ადგილი არ არის:

  1. რეგიონში ზოგადად სეისმურად მეტისმეტად მგრძნობიარე გეოეკოლოგიური ბალანსია, რაც ზრდის მოვლენების შესაძლო კატასტროფული განვითარების რისკს;
  2. რიონის ჭალებს საერთაშორისო ეკოსისტემური მნიშვნელობა აქვს (ადგილსამყოფელების / ჰაბიტატების ეს ტიპი ბერნის კონვენციის შესაბამის ნუსხაშია შეტანილი);
  3. მდინარე რიონი მაღალი კონსერვაციული ღირებულების მქონე ეკოსისტემაა – ის ერთ-ერთია მსოფლიოს იმ რამდენიმე მდინარიდან, სადაც ჯერ კიდევ ხდება გლობალურად კრიტიკული გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ზუთხისებრთა სახეობების ბუნებრივ პირობებში გამრავლება. ამ თვალსაზრისით კი მდინარე რიონი ერთადერთი და შეუცვლელია შავი ზღვის აუზის აღმოსავლეთ სანაპიროზე. მდინარე რიონზე დამატებითი ჰესების კასკადის მშენებლობა და ოპერირება კიდევ უფრო მეტ საფრთხეს შეუქმნის ზუთხისებრთა ისედაც შემცირებულ სატოფო ადგილებს და საბოლოოდ, ზუთხისებრთა დაცვასა და შენარჩუნებას;
  4. ეჭვგარეშეა, რომ აუნაზღაურებელი ზიანი მიადგება გენეტიკურ მრავალფეროვნებას, რომელიც ამ რეგიონში უნიკალური აგრო-ბიომრავალფეროვნებით და გნებავთ, ბუნებრივ-კულტურული მემკვიდრეობითაა გამოსახული, სახელდობრ – ვაზის უიშვიათესი, მსოფლიოსთვის უნიკალური ჯიშებით. ყველაფერ ამასთან, რაჭის ტურისტული პოტენციალი ერთი-ათად შემცირდება.

ჰესების მშენებლობისათვის, ასევე, სრულიად უმართებულო ადგილი იყო თერგის ისტორიული ხეობა (შენაკადებიანად), სრულიად შეუფერებელი მასშტაბით ხორციელდება ჰესების მშენებლობა მესხეთში, დაუშვებელი იყო (და არის), თუნდაც მცირე ჰესების მშენებლობა აჭარის ისეთ მდინარეებზე, როგორიცაა კინტრიში, აჭარისწყლის შენაკადები და სხვა (მცირე ჰესები ცალკე დიდი პრობლემაა – ჰესები, რომლებიც არაფერს მატებენ ენერგოსისტემას, ბიომრავალფეროვნებას, ტურისტულ პოტენციალს კი დიდად აზიანებენ).

მდგრადი განვითარება ზოგადად იმასაც ნიშნავს, რომ ეკოლოგიური ბალანსი შენარჩუნებული უნდა იყოს ქვეყნის მასშტაბითაც: ტექნიკურ-ეკონომიკურ განვითარებას ვერ შეაჩერებ – სწრაფი თუ ნელი ტემპით ეკონომიკა მაინც განვითარდება, ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტები მაინც აშენდება. რა არის ამის საპირწონე ბუნებრივი ბალანსის შენარჩუნების თვალსაზრისით? მსოფლიოს წამყვანი ეკოლოგები მიიჩნევენ, რომ ესაა დაცული ტერიტორიების ქსელები, რომლებიც უნდა შედგებოდეს კლასიკური დაცული ტერიტორიებისგან, სათემო თუ კერძო დაცული არეებისგან და მათი დამაკავშირებელი ეკოლოგიური დერეფნებისგან.

კონვენცია ბიომრავალფეროვნების შესახებ გვეუბნება, რომ დღეს (2020 წლისთვის) ქვეყნების სახმელეთო ტერიტორიის საშუალოდ 17% მოცული უნდა იყოს დაცული ტერიტორიებით. თუმცა ბოლო გამოკვლევები აჩვენებს, რომ ესეც არაა საკმარისი: იმისათვის, რომ პლანეტის სიჯანსაღე უზრუნველვყოთ, მისი ფართობის ნახევარი უნდა დავიცვათ („Nature Needs Half“). ბიომრავალფეროვნების კონვენციის მოთხოვნის შესაბამისად შექმნილი და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული (დადგენილება N343, 2014 წლის 8 მაისი) 2014-2020 წწ. საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმის მიზანი გაცილებით უფრო მოკრძალებულია: დღეისთვის დაცული ტერიტორიები უნდა ფარავდეს საქართველოს საერთო ფართობის 12%-ს, ანუ კონვენციის 17%-დან კი არა, ჩვენ მიერვე დასახული და მთავრობის მიერ დამტკიცებული მიზნისგანაც ძალიან შორს ვართ (დღეს დაახლოებით 9% გვაქვს).

ეს ჩამორჩენა გასაკვირი არ არის:

რაჭას ჰესების კასკადი კი არა, დიდი ეროვნული პარკი ესაჭიროება – ბუნებაც დაცული იქნება, მიწაც არ გასხვისდება (ტყე, საძოვარი), ხალხიც დაკმაყოფილდება შეშით თუ სხვა ბიოლოგიური რესურსებით და, ამასთან, ადგილობრივები პარკში დასაქმდებიან და ეროვნული პარკი (როგორც „ბრენდი“) ათასობით ტურისტს მოიზიდავს.

პარკი დაიგეგმა, შემდეგ ხელისუფლების ტექნიკური ნაწილის მოთხოვნით გადაიგეგმა და მაინც დღემდე არ დაარსდა. ამავე მდგომარეობაშია რამდენიმე სხვა დაცული ტერიტორიაც: ჩვენ ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ხელისუფლების ტექნოკრატიული ნაწილი ბლოკავს დაცული ტერიტორიებს სისტემის განვითარებას საქართველოში.

მიუხედავად ამისა, იმედს არ ვკარგავთ, რომ არსებული შეფერხება დროებითია და საქართველოს დაცული ტერიტორიების დაგეგმვისა და დაარსების სამუშაოები წარმატებით გაგრძელდება“.

წერილს ხელს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის დირექტორი გიორგი სანადირაძე აწერს.

 

ამ თემაზე:

რა საფრთხეს უქმნის ონის ჰესების კასკადი უწერას მინერალურ წყლებს

მდინარე რიონი დაცულ ტერიტორიებში ვერ მოხვდა - ვის ინტერესებს ეწირება რაჭის ბუნება

ყველა კანონიერი გზით ვეცდებით, ონის ჰესების კასკადი არ აშენდეს - რაჭის სათემო ორგანიზაცია

გარემოს დაცვის მინისტრმა ონის ჰესების კასკადის მშენებლობაზე ნებართვა გასცა


Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში