საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ყველა კანონიერი გზით ვეცდებით, ონის ჰესების კასკადი არ აშენდეს - რაჭის სათემო ორგანიზაცია

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:03 - 02 აპრილი 2020 hits 13788

რაჭის სათემო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის მიერ, ონის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე, ონის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემასთან დაკავშირებით. სათემო ორგანიზაციის განცხადებით, ისინი ყველა კანონიერი გზით ეცდებიან, რომ აღნიშნული პროექტი არ განხორციელდეს.

რაჭის სათემო ორგანიზაციის განცხადებას „მთის ამბები“ უცვლელად გთავაზობთ:

მინისტრმა აღნიშნული ბრძანება 2020 წლის 17 მარტს გამოსცა, იმ პერიოდში, როცა მოსახლეობის მთელი ყურადღება გადატანილია კორონავირუსისგან თავის დაცვასა და მასთან ბრძოლაზე, როცა ხელისუფლება მოგვიწოდებს, რომ სახლში დავრჩეთ; როცა მოსახლეობას ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში შეზღუდული გვაქვს შეკრების თავისუფლება, ასევე, შეზღუდულია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება.

რაჭის სათემო ორგანიზაცია ონის ჰესების კასკადის მშენებლობას ბევრი მიზეზის გამო ეწინააღმდეგება, მათ შორის უმთავრესია:

  • მშენებლობის შემთხვევაში დაგეგმილია ათასობით ძირი ხის მოჭრა;
  • მშენებლობის ტერიტორიაზე მეწყერი აქტიურ დინამიკაშია;
  • მდინარე რიონი 21 კილომეტრზე გვირაბებში უნდა მოაქციონ;
  • მდინარის რეჟიმის ცვლილება ზრდის სტიქიური პროცესების საფრთხეს;
  • გვირაბების მშენებლობა მათ შორის დაგეგმილია ბურღვა-აფეთქების მეთოდით, რაც ზრდის გეოდინამიკური პროცესების გააქტიურების რისკებს, მითუფრო მაღალი სეისმურობით გამორჩეულ და მიწისძვრით მნიშვნელოვნად დაზარალებულ რაჭის რეგიონში;
  • მაღალია უწერას მინერალური წყლების წყაროების დაკარგვის საფრთხე და ტურიზმზე ნეგატიური ზემოქმედება;
  • საპროექტო ზონაში და პროექტის ზეგავლენის ქვეშ ექცევა ქალაქი ონი და სოფლები: სორი, კომანდელი, ხურუთი, ლაგვანთა, ნაკიეთი და გლოლა.

მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, 2002-2014 წლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით ხალხი ყველაზე მეტად რაჭაშია შემცირებული. 2002 წელს, ონის რაიონში 9 182, ამბროლაურის რაიონში კი 16 225 ადამიანი ცხოვრობდა. 2014 წლის აღწერამ აჩვენა, რომ ონის მუნიციპალიტეტში 6 130 ადამიანი ცხოვრობს, ამბროლაურში 9 139. ბოლო აღწერის შემდეგ მოსახლეობა კიდევ შემცირდა. ბევრ სოფელში ხალხის რაოდენობა ერთ, ორ, სამ ან ათ ადამიანს აღარ აღემატება.

რაჭის სათემო ორგანიზაცია მოკლე დროში უზრუნველყოფს მოსახლეობის მაქსიმალურ ინფორმირებას ონის ჰესების კასკადის მშენებლობით მოსალოდნელ საფრთხეებზე, ხელს შეუწყობს მოქალაქეთა მობილიზებას და ყველა კანონიერი გზით შეეცდება, აღნიშნული პროექტი არ განხორციელდეს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში